გიორგი გიგაშვილის წარმატება რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე 

დავით ბუხრიკიძე

22 წლის წლის პიანისტმა გიორგი გიგაშვილმა, რომელიც არტურ რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა მეჩვიდმეტე საერთაშორისო კონკურსში საქართველოს სახელით მონაწილეობდა, მეორე პრემია და ვერცხლის მედალი მოიპოვა. 

ორმოცამდე კონკურსანტს შორის, რომლებიც 14 მარტიდან 31 მარტამდე ტელავივის ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში უკრავდნენ, გიორგი გიგაშვილმა ჟიურისა და მსმენელის დიდი მოწონება და ვერცხლის მედალი დაიმსახურა. გარდა ამისა, ქართველ პიანისტს კიდევ არაერთი  სპეციალური პრიზი და პრემია გადაეცა:

მეორე ადგილი, ვერცხლის მედალი და მოშე მაიერის პრიზი; 

მსმენელთა სპეციალური პრიზი;

ებრაელი კომპოზიტორის ნაწარმოების საუკეთესო შემსრულებელი;

კამერული მუსიკის საუკეთესო შემსრულებელი;

 ისრაელის კონსერვატორიების ფავორიტი პიანისტი;

ახალგაზრდა ჟიურის I ადგილი პრიზი.

რუბინშტეინის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული 18 წლის კანადელი პიანისტი, კევინ ჩენი გახდა, რომელიც ჟიურის თავმჯდომარემ ოქროს მედლით დააჯილდოვა. მან მოცარტის N27 საფორტეპიანო კონცერტი და ჩაიკოვსკის N1 საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა. 

ფინალი სამი ეტაპისგან შედგებოდა: 27 მარტს, პირველ ეტაპზე, გიორგი გიგაშვილმა შეასრულა ბეთჰოვენის საფორტეპიანო ტრიო ჩელოსა და კლარნეტისთვის. მეორე ეტაპზემოცარტის მეოცე კონცერტი (დო მინორი, K 466) დაუკრა ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის, ხოლო 29 მარტს, დიდ ფინალშისერგეი პროკოფიევის საფორტეპიანო კონცერტი N3 (c-dur, op. 26).

ფინალურ ეტაპზე, კონკურსში ექვსი პიანისტი მონაწილეობდა: გიორგი გიგაშვილი (საქართველო), ელიას ჩეჩინო (იტალია), პარკ ჩაიონგი (სამხრეთ კორეა), იუკინე კუროკი (იაპონია), ალბერტო ფერო (იტალია), კევინ ჩენი (კანადა). ყველა მათგანი ფინალში ასრულებდა ერთ კამერულ ნაწარმოებს (კამერული ტრიო ან კვარტეტი) და კლასიკურ საფორტეპიანო კონცერტს ორკესტრის თანხლებით.

მეოცე საუკუნის ერთერთი გამოჩენილი პიანისტის, არტურ რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი 1974 წელს დაარსდა და ყოველ სამ წელიწადში ერთხელ იმართება. თავის დროზე, გასული საუკუნის 90-იან წლებში სწორედ რუბინშტეინის სახელობის კონკურსში გაიმარჯვა ალექსანდრე კორსანტიამ, ხოლო 2008 წელს ხატია ბუნიათიშვილმა მესამე პრემია დაიმსახურა.

ამ კონკურსში დიდი წარმატების შემდეგ ლოგიკურია, რომ გაიზარდა ინტერესი ახალგაზრდა ქართველი პიანისტის კონცერტების მიმართ. მას უკვე ეპატიჟებიან მუსიკალური იმპრესარიოები მსოფლიოში ცნობილ ორკესტრებთან თუ დირიჟორებთან შემდგომი თანამშრომლობისათვის.