იმან ჰუმაიდან იუნისის რომანი - გაფრთხილება

გიორგი ლობჟანიძე

თანამედროვე არაბული ლიტერატურა რომ ტოლს არაფრით არ უდებს დღევანდელი მსოფლიოს არცერთი ქვეყნის ლიტერატურულ პროდუქციას, სპეციალისტებმა დიდი ხანია ვიცით, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი მკითხველიც არაბულიდან თარგმნილი ყოველი ახალი ნაწარმოებით რწმუნდება ამ სასიამოვნო ჭეშმარიტებაში.

თუნდაც ამ ცოტა ხნის წინათ გამომცემლობა ინტელექტის მიერ დასტამბული ლიბანელი მწერლის იმან ჰუმაიდან იუნისის რომანის („ასო „ბ“ სიტყვებში: „ბინა“, „ბეირუთი“..“) დარეჯან გარდავაძის შესანიშნავი თარგმანიც რომ ავიღოთ, ვფიქრობთ, ეს წიგნიც მსოფლიო ლიტერატურულ რადიუსს შემოწერს, რადგან არცერთ ქვეყანაში და მათ შორის არც საქართველოში, მკითხველს გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს.

ლიბანი არაბული ქვეყნებიდან ალბათ ყველაზე მეტად ჰგავს საქართველოს თავისი გეოგრაფიული მდებარეობითაც და, სხვათა შორის, ხალხის ხასიათითაც, რომელთა დიდ ნაწილსაც ქრისტიანი არაბები წარმოადგენენ.

აქამდე უშუალოდ ლიბანური წარმოშობის არაბი მწერლებიდან ჩვენში ყველაზე პოპულარული იყო მეოცე საუკუნის მოდერნისტი ავტორი ჯიბრან ხალილ ჯიბრანი, რომლის არაერთი თხზულებაა თარგმნილი ქართულად და ზოგი მათგანი განსაკუთრებული სიყვარულითაც სარგებლობს.

ვფიქრობ, ჩვენი მკითხველისათვის ასეთივე სასიამოვნო აღმოჩენა იქნება, სრულიად განსხვავებული მწერლური ყაიდისა და მიმართულების, მაგრამ ასევე უნიჭიერესი მწერალი ქალის იმან ჰუმაიდან იუნისის ეს რომანი, რომელსაც ქართული საზოგადოება არაბული დედნიდან მართლაც უზადოდ შესრულებული თარგმანით გაეცნობა.

იმან ჰუმაიდან იუნისი 1956 წელს დაიბადა ლიბანის მთიანეთში. განათლება ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტში მიიღო სოციოლოგიის განხრით და ამის შემდეგ საკუთარი შესაძლებლობები ანთროპოლოგიასა და ჟურნალისტიკაშიც მოსინჯა, როცა წამყვან ლიბანურ გაზეთ „ ას-საფირში“ ყოველკვირეულ რუბრიკას წარმართავდა.

თუმცა ნამდვილი პოპულარობა სულ სხვა სფეროში – ლიტერატურაში მოიპოვა და ის უკვე აღიარებული არაბი ავტორია, როგორც ლიტერატურულ, ისე სამეცნიერო-აკადემიურ წრეებში.

დღემდე გამოქვეყნებული აქვს ოთხი რომანი და ოთხივე ამ ნაწარმოებს დიდი ინტერესით თარგმნიან და იკვლევენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

იმან ჰუმაიდანის ყველა ლიტერატურული ქმნილების მთავარი თემა ლიბანის თხუთმეტწლიანი სამოქალაქო ომია, რომლის უაზრო სისასტიკის თვითმხილველი და მოწმეც თვითონ მწერალია. სწორედ ამ ომის გამო გახდა იძულებული, ემიგრაციაში წასულიყო და დღეს იგი პარიზში ცხოვრობს, სადაც აქტიურად აგრძელებს საქმიანობას, როგორც ლიტერატორი, რომელსაც ომის გამოცდილებები უკვე სულ სხვა განზომილებაში – ლიტერატურულ სივრცეში გადააქვს და ამ გამოცდილებათა სიღრმისეულ და არაერთგვაროვან ანალიზს გვთავაზობს.

ყველასათვის ცნობილია, რომ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარი განსაკუთრებულად დრამატული ახლო აღმოსავლეთის რეგიონისათვის გამოდგა და იქაურობა რამდენიმე დიდი საერთაშორისო კონფლიქტის ეპიცენტრად იქცა.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონფლიქტი კი სწორედ ლიბანის ტერიტორიაზე განვითარდა. ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა და მათ შორის ის, რომ ამ პატარა ქვეყანას მოსახლეობის ეთნიკური, რელიგიური და კონფესიური სიჭრელე გამოარჩევს. აქ ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობენ მარონიტი ქრისტიანები, შიიტი და სუნიტი მუსლიმები, დრუზები… 1948 წლიდან არაბ-ისრაელის კონფლიქტის შედეგად ლიბანში ასი ათასობით პალესტინელი ლტოლვილი გადავიდა, რამაც ისედაც ამღვრეული ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა.

მთელი ამ ჭრელი მოსახლეობის განსხვავებულმა პოლიტიკურმა მიზნებმა, ამ რეგიონის მიმართ უცხო სახელმწიფოთა დიდმა ინტერესმა თუ მათმა აშკარა თუ ფარულმა ჩარევამ ლიბანი საბოლოოდ მრავალწლიან და მრავალფაზიან სამოქალაქო ომამდე მიიყვანა.

წიგნის მთარგმნელი დარეჯან გარდავაძე თავის ლაკონიურ, მაგრამ უაღრესად ტევად შესავალ წერილში მოკლედ მიმოიხილავს ლიბანის სამოქალაქო იმის პერიპეტიებსაც და სავსებით სწორად შენიშნავს, რომ ამ ქვეყანაში სამოქალაქო ომის დასაწყისად 1975 წლის 13 აპრილს პალესტინელებსა და ადგილობრივ მარონიტ ქრისტიანთა თემის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება ითვლება.

პირველ შეტაკებებში პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია და ფალანგისტების ქრისტიანულ-დემოკრატიული მემარჯვენე ნაციონალისტური პოლიტიკური პარტია (ქათაიბ) დაუპირისპირდა. შემდეგ უკვე პალესტინელებთან ალიანსში ლიბანელი მუსლიმები და მემარცხენეები აღმოჩნდნენ – ლიბანის ნაციონალური მოძრაობა თავისი პროგრესული სოციალისტური პარტიით, დრუზი ქამალ ჯუმბლატის (1917-1977)  მეთაურობით; იმედის პოლიცია შიიტი ლიდერის მუსა ალ-სადრის (1928-1978) ხელმძღვანელობით და კომუნისტები. 1976 წელს სირიამ თავისი არმიის ნაწილები შეიყვანა ლიბანში მიმდინარე სამოქალაქო ომში ქრისტიანი მარონიტების მხარდასაჭერად. ომის მიმდინარეობისას ისრაელის თავდაცვის არმიამ ლიბანის ტერიტორიაზე განახორციელა სამხედრო ოპერაციები -1978 წლის 14 მარტს და 1982 წლის 6 ივნისს უკვე ფართომასშტაბიანი შეჭრით ლიბანში, როცა ისრაელის სამხედრო ნაწილები შევიდნენ ლიბანის ტერიტორიაზე, მათ შორის, დედაქალაქ ბეირუთში, რამაც დიდწილად განაპირობა ომის შემდგომი ბედი. 1982 წლის ოქტომბერში დასავლეთ ბეირუთში გაეროს ეგიდით აშშ-ის, საფრანგეთისა და იტალიის შერეული სამშვიდობო ძალების შენაერთი განლაგდა.

ლიბანის სამოქალაქო ომი ოთხ ეტაპად მიმდინარეობდა (1975-1977, 1978-1981,1982-1983;1984-1990) და ფაქტობრივად დასრულდა 1989 წლის 22 ნოემბერს, როდესაც ხელი მოეწერა ტაიფის შეთანხმებას, რომლის რატიფიცირებაც ამავე წლის 4 ნოემბერს მოხდა და ამ შეთანხმებით ლიბანის პარლამენტში მუსლიმთა და ქრისტიანთა კვოტები გათანაბრდა.

სამოქალაქო ომის დაწყებამდე ლიბანს მისი მშვიდობიანი საერთაშორისო პოლიტიკის გამო ახლო აღმოსავლეთის შვეიცარიად მოიხსენიებდნენ, ხოლო მის დედაქალაქ ბეირუთს ფრანგული არქიტექტურისა და ხმაურიანი ღამის ცხოვრების, ემანსიპირებული, კოსმოპოლიტური ქალაქური ატმოსფეროს, ფუფუნებისა და სალონური ელემენტების გამო – ახლო აღმოსავლეთის პარიზად და ლას-ვეგასად. თხუთმეტწლიანმა სამოქალაქო ომმა ამ ქვეყნის სამხედრო და ეკონომიკური ინფრასტრუქტურა და 100 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ადამიანებს აუნაზღაურებელი ტკივილი, ტრავმა და უსაშინლესი მოგონებები დაუტოვა.
ამ ყველაფერზე რომანის შესანიშნავად მთარგმნელი დარეჯან გარდავაძე წიგნის შესავალში ასე დაწვრილებით იმიტომ მოგვითხრობს, რომ ქართველ მკითხველს მკაფიო წარმოდგენა შეუქმნას ლიბანის უახლესი პოლიტიკური ისტორიის სპეციფიკურ პერიპეტიებზე, თორემ იმან ჰუმაიდან იუნისისათვის ომი მხოლოდ და მხოლოდ ფონია, რომლის მეშვეობითაც ის კრავს სრულიად ახალ მხატვრულ სინამდვილეს.

ამ სინამდვილის გაგება კი, კონკრეტული ფაქტების ცოდნის გარეშეც, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ უნდა გაჭირდეს, მით უმეტეს, საქართველოში, სადაც სამოქალაქო ომისა თუ ომების ასევე ხანგრძლივი და სრულიად ნეგატიური გამოცდილება გვაქვს.

ჩვენი გამოცდილება, ჩემი აზრით, ასევე ქალი მწერლის ნაირა გელაშვილის ერთ რომანში „ჩემი ჩიტი, ჩემი თოკი, ჩემი მდინარე“ ყველაზე სრულყოფილად აისახა.

ობიექტურად იმან ჰუმაიდან იუნისის ეს რომანი მხატვრული თვალსაზრისით მკრთალი ლანდიც ვერ არის ნაირა გელაშვილის ზემოხსენებული რომანისა, მაგრამ გამოცდილებათა მსგავსება და (თუნდაც ერთმანეთისაგან სრულებით განსხვავებული) სინამდვილის მხატვრული ასახვის მანერა ამ პარალელს მკითხველის გონებაში ძალაუნებურად წამოატივტივებს.

თანაც მწერლების სქესს ასე ხაზგასმულად იმიტომ აღვნიშნავ, რომ ომის სქესთა აღქმა დიდად განსხვავდება და ალბათ იმ ცნობილ მოსაზრებაშიც არის რაღაც სიმართლის მარცვალი, რომელიც ამტკიცებს, რომ ლიტერატურაში აქამდე აღწერილი ომები სულ მამაკაცთა ომები, მამაკაცების თვალით დანახული კონფლიქტები იყო და სიღრმისეულად არავინ ინტერესდებოდა, რა დღეში აგდებდა ქალს ომი, როგორ ანგრევდა და ცვლიდა მის ცხოვრებას, მაშინ როდესაც მამაკაცის სიცოცხლეს ის, უბრალოდ, სპობდა.

ფიზიკური განადგურება ტრაგედიაა, ცხადია, მაგრამ მწერლობისთვის უფრო საინტერესო უნდა იყოს, რა ხდება ქარიშხლის შემდეგ, როგორ სწორდებიან წელში გადრეკილი ხეები და ბალახები, რა აძლევთ ძალას მათ იმისას, რომ „სიკვდილის“ შემდგომ აღდგნენ და სიცოცხლე გააგრძელონ ანდა როგორ გრძელდება ეს სიცოცხლე.

ამიტომაც ამბობს იმან ჰუმაიდან იუნისის რომანის ერთი მთავარი პერსონაჟი, მაჰა, ნაწარმოების ფინალში:

„ამბობენ, ომი დასრულდაო, მე კი ჩემი ისტორია ჯერ არ დამიმთავრებია…“.

და ეს ალბათ ყველა იმ ადამიანის გზავნილია, ვინც ომი გამოიარა და მის საშინელებას ცოცხალი გადაურჩა.

იმან ჰუმაიდან იუნისის რომანის მთავარი თემაც სწორედ ეს არის და ამ თემის გაშლას მწერალი მარჯვედ ახერხებს რომანის ოთხი მთავარი პერსონაჟის მონათხრობის ფონზე. ოთხივე ეს პერსონაჟი ქალია, ოღონდ განსხვავებული სოციალური წრის, სხვადასხვა ეთნოსისა და რელიგიური აღმსარებლობის ადამიანები. ისინი ერთმანეთის გვერდით, ერთი კორპუსის სხვადასხვა ბინაში ცხოვრობენ, ომის გამო ორად გაყოფილი ლიბანის დედაქალაქის, ბეირუთის, სწორედ ამ გამყოფ ხაზზე.

ოთხივე ქალი – ლილიანი, ვარდა, კამილია და მაჰა – „თავის ომს“ მოგვითხრობს და როგორც დარეჯან გარდავაძე წიგნის შესავალში აღნიშნავს: „ოთხივე ეს ისტორია სუბიექტური ემოციების სარკეა და ამ სარკეში ოთხი ქალი უმაკიაჟოდ, შეულამაზებლად, ნამდვილი სახით ეჩვენება და თავს ამახსოვრებს მკითხველს, დაუფარავად ესაუბრება მას თავის ყველაზე დაფარულზეც. ყოველ მათგანს მოყოლის ტავისი სტილი და მანერა აქვს…“.

დარეჯან გარდავაძის, როგორც მთარგმნელის სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ მას ეს განსხვავებული თხრობის მანერა შესანიშნავად აქვს მოძებნილი ოთხივე პერსონაჟის შემთხვევაში და ისე ოსტატურად გამოჰკვეთს მათ თავისებურებებს მონათხრობის ინტონაციებით, ერთმანეთისაგან განსხვავებული ლექსიკური პლასტებითა თუ ამ პერსონაჟთა ყურადღების საგნებითა და ამ საგნებისადმი მათი დამოკიდებულებით, რომ ეს ოსტატობა, გარდა მთარგმნელის ლიტერატურული ნიჭიერებისა, იმ უტყუარ შთაბეჭდილებასაც უქმნის გემოვნებიან მკითხველს, რაც პირადად ჩემთვის დიდი ხანია ცნობილია: დარეჯან გარდავაძემ სიღრმისეულად იცის დედნის ენა, ურთულესი არაბული, და, რაც მთავარია, სრულიად ბუნებრივად ზის თავისი მშობლიური ქართულის სტიქიაში.

არადა, ტექსტი, რომელიც ქართულად ასე ძალდაუტანებლად იკითხება, სათაურიდანვე დიდ პრობლემას უქმნის მთარგმნელს, რაზეც თვითონ დარეჯან გარდავაძეც ამახვილებს ყურადღებას.

საქმე ისაა, რომ იმან ჰუმაიდანის რომანის სათაურში „ბეირუთი“ და „ბინა“ არაბულად ასო-ბგერა ბ-ზე (არაბულ ბა’-ზე) დაწყებული სიტყვებია: „ბაირუთ“ და „ბაით“, ოღონდ ბაით სახლია და არა ბინა. ამ სპეციფიკის გამო, ინგლისელ მთარგმნელს, სათაურიდან სიტყვა „სახლის“ ამოგდება მოუწია და ინგლისურად სათაური გამართა, როგორც: B as in Beirut. დარეჯან გარდავაძემ კი ზუსტად მიაგნო იმას, რომ ქართული „სახლი“  სინონიმით ჩაანაცვლა და ამით ყველანაირად პირნათელი დარჩა.

ახლა, როცა ეს მიგნება ხელისგულზე გვიდევს, ვინმეს შესაძლოა, უბრალო რამედ მოეჩვენოს, რადგან ყველაფერი გენიალური სინამდვილეში ძალიან მარტივია; მაგრამ, ასევე სინამდვილეში, ეს მოჩვენებითი „სიმარტივე“  განსაზღვრავს ხოლმე პროფესიული დონის, სიღრმისა თუ პატიოსნების ხარისხს და ასეთი მიგნებების მიღმა იგულისხმება სწორედ საკუთარი საქმისათვის ძალზე მრავალწლიანი თავდადებაც.

რომანის სათაური კი ასოციაციურია და ემოციურად კრავს ამბებს, რომელთაც ამ რომანის გმირები მოგვითხრობენ. ომს გარიდებული ლილიანის სასკოლო ასაკის ვაჟი, ქარიმი, ასო „ბ“-ს დანახვაზე, თავისდაუნებურად, ამბობს: „ბ“, როგორც ეს სიტყვა „ბეირუთშია!“

  • დიახ! – უპასუხებს დედა.

– ასო „ბ“ სიტყვებში: „ბეირუთი“, „ბინა“…

ეს პასაჟიცა და, საერთოდ, რომანის მთელი პათოსიც ომის მიერ გაჩანაგებული სამშობლოსა და სახლის (ბეირუთისა და ბინის) ხელახალი ძიებაა. სამშობლოსი, რომელიც წვრილმან ადამიანურ ვნებებს, პოლიტიკურ ინტრიგებსა და უცხო სახელმწოფოთა მზაკვრულ ინტერესებს გადაჰყვა და რომლის შვილებმაც ამ მყუდრო, ლამაზი ბინის შენარჩუნება და მოვლა ვერ მოახერხეს.

ამიტომ: იმან ჰიმაიდან იუნისის ეს რომანი იქნებ გაფრთხილებასავითაც ჟღერდეს უკვე ქართველი მკითხველისათვის, რადგან ტექსტი ლიბანური საზოგადოების პირუთვნელი ჩვენებით სინამდვილეში ჩვენზე გვიყვება და უმძიმეს გამოცდილებას გვიზიარებს.