ინტერნეტი, ონლაინპლატფორმები, ტელესკოლა - კვლევა ონლაინსწავლებაზე

ლიკა ზაკაშვილი

ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა ჩაატარა კვლევა, რომელიც დისტანციურ სწავლებასა და მასში არსებულ გამოწვევებს ეხებოდა.

კვლევის მიზანი პანდემიის დროს განათლების სისტემაში დანერგილი და განხორციელებული სიახლეების ეფექტურობის შეფასება იყო.

კვლევის პროცესში გამოიყენეს თვისებრივი კვლევის მეთოდი. 40 რესპონდენტთან ჩატარდა სიღრმისეული ინტერვიუ. გურიაში 20 პედაგოგი გამოიკითხა, თბილისში – 9. გურიიდან 5 სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი იყო, თბილისიდან – 3, ასევე იყო მონაწილეობდა ორი ექსპერტი თბილისიდან.

კვლევის მიგნებების ჩამონათვალი ვრცელია. ძირითად ნაწილში საუბარი იყო დისტანციური სწავლების დანერგვის ნაწილში გამოცდილების არქონის გამო გამოწვეულ სირთულეებზე.

ერთ-ერთი მთავარი ბარიერი, რესპონდენტების თქმით, ინტერნეტზე წვდომა იყო.

„კვლევის შედეგების მიხედვით, მოსწავლეთა საკმაოდ დიდ და პედაგოგების შედარებით მცირე ნაწილს ინტერნეტის შესაძენად არ ჰქონდა ფინანსური შესაძლებლობა. შესაბამისად, დაბალი იყო ფიქსირებულ ინტერნეტთან წვდომის ხარისხი, ფიქსირებული ინტერნეტის არქონის გამო. სკოლის საზოგადოების დიდი ნაწილი სარგებლობდა მობილური ინტერნეტით, რის გამოც დაბალი იყო ინტერნეტის მიწოდების ხარისხი,  ის ხშირ შემთხვევაში არ იყო საკმარისი სასწავლო პროცესში online პლატფორმების გამოყენებისთვის, რომ არაფერი ვთქვათ დამატებით ხარჯებზე.

ინტერნეტთან წვდომის თვალსაზრისით, პრობლემები შეიქმნა უფრო მეტად რეგიონში მოქმედ საჯარო სკოლებში. გარდა იმისა, რომ გურიის ბევრ სოფელში არ დაწყებულა ინტერნეტიზაციის პროცესი, მხარის რელიეფური მახასიათებლები საკმაოდ არახელსაყრელ პირობებს ქმნის ფიჭური კავშირგაბმულობისთვის“, – ვკითხულობთ კვლევაში.

ამავე კვლევის მიხედვით, პრობლემას წარმოადგენდა ტექნიკის ფლობასთან დაკავშირებული საკითხები.

„კვლევის შედეგებიდან გამომდინარე ქვეყნის დედაქალაქში მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში შედარებით მაღალი იყო, ვიდრე გურიის რეგიონის სკოლებში. სოფლების სკოლის პედაგოგების თქმით, იყო შემთხვევები, როცა 10 მოსწავლიდან ვერ ერთვებოდა 5 სასწავლო პროცესში“.

„ზოგ მასწავლებელს კომპიუტერიც არ ჰქონდა, მეზობლიდან ერთვებოდა. ტრენინგებზე ლაპარაკიც ზედმეტია. გყავდა 3 მასწავლებელი, რომლებსაც არ ჰქონდა ლეპტოპი, ვერც განვადებით გამოიტანეს და ყველაფერს მეზობელთან აკეთებდნენ“, – (პედაგოგი)

„პირველკლასელებისთვის კი დარიგდა ლეპტოპები, მაგრამ გაუფრთხილებლობის გამო ზოგს გაფუჭებული აქვს. ვერც გაკეთება მოახერხდა, ვერც გამოცვლა. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ყველა ბავშვს სახლში ჰქონდეს კომპიუტერი. არიან ოჯახები, რომლებსაც არანაირი შემოსავალი არ აქვთ. არც ხელფასი აქვთ, არც პენსია. მე მყავს ოჯახი, რომესაც საერთოდ არანაირი შემოსავალი არ აქვს და ნაწარმს ყიდიან. ხან ვფიქრობდი მატერიალურად დავეხმარები-მეთქი“. (პედაგოგი)

„მე არ მქონდა კომპიუტერი, მქონდა ტელეფონი, და გაკვეთილებს ვერ ვატარებდი“. (პედაგოგი)

„ჩემს სკოლაში პირველიდან მერვე კლასის ჩათვლით ყველა გაკვეთილს ყველა მოსწავლე ესწრებოდა, ეს სახელმწიფოს დამსახურებაა და იცით რატომ? იმიტომ, რომ ამ ბავშვებს აქვთ ბუქები“. (დირექტორი)

ამავე კვლევაში საუბარია სხვადასხვა პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებულ პრაქტიკაზე.  კვლევაში წერია, რომ კომუნიკაციისთვის რესპონდენტები მოსწავლეებსა და მშობლებთან კომუნიკაციისთვის მეტწილად facebook messenger-ს იყენებდნენ. მას შემდეგ კი რაც სამინისტრომ Microsoft Teams-ის გამოყენებაზე გასცა რეკომენდაცია, ამ რესურსზე გადაერთნენ.

„თუმცა, გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი დაბრკოლება, კერძოდ, პროგრამა იყო სრულიად ახალი მასწავლებლებისთვის და ფუნქციების შესწავლას დიდი დრო სჭირდებოდა. Teams ითხოვდა მაღალი სიჩქარის მქონე ინტერნეტს, რომელთანაც წვდომა განსაკუთრებით გურიის რეგიონის უმეტესი სოფლის პედაგოგს არ ჰქონია. ამიტომ პედაგოგთა ნაწილმა სასწავლო პროცესი Facebook messenger-ის გამოყენებით განაგრძო“, – ვკითხულობთ კვლევაში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ პედაგოგები, რომლებიც სასწავლო პროცესში მთავარ ინსტრუმენტად Microsoft Teams-ს იყენებდნენ, პროგრამას დადებითად აფასებდნენ და მიიჩნევდნენ, რომ მისი დახმარებით სასწავლო პროცესის წარმართვა გაცილებით გამარტივდა, რადგან პროგრამა გამოირჩეოდა ფუნქციათა მრავალფეროვნებით, რაც მოსწავლეებისთვის საინტერესო ახალი გამოწვევა იყო.

კვლევას საინტერესო მიგნებები აქვს პროექტ „ტელესკოლასთან“ დაკავშირებითაც.

პროექტი „ტელესკოლა“ რესპონდენტების უმრავლესობის მიერ პოზიტიურად ფასდება. მასწავლებელთა უმრავლესობა პროექტის ფარგლებში გასულ გაკვეთილებს იყენებდნენ, როგორც დამატებით რესურსს. პედაგოგთა გარკვეული ნაწილის შეფასებით პროექტი ქმნიდა, ე.წ. შაბლონს online-გაკვეთილისთვის, ეს კი ეხმარებოდა მასწავლებელს, „ესწავლა“, თავად როგორ დაეგეგმა საგაკვეთილო პროცესი.

„რესპონდენტთა უმრავლესობა მოსწავლეებს, და განსაკუთრებით იმ ბავშვებს, რომლებიც ვერ ერთვებოდნენ საგაკვეთილო პროცესში, აძლევდა რეკომენდაციას, თვალი ედევნებინა „ტელესკოლის“ გაკვეთილებისთვის, თუმცა, პედაგოგების თქმით, მათ არ ჰქონდათ მონიტორინგის მექანიზმები, შესაბამისად, ნაკლებად ფლობდნენ ინფორმაციას, რეალურად უყურებდნენ თუ არა მოსწავლეები ზემოაღნიშნულ პროექტს.

რესპონდენტთა ნაწილის შეფასებით „ტელესკოლის“ გაკვეთილები უინტერესო იყო მოსწავლეებისთვის, რადგან არ ჩანდა საგნების შიგნით თემების ლოგიკური ბმა, საკითხები კი ხშირად აცდენილი იყო იმ თემებს, რომლებსაც მოსწავლეები სკოლებში სხვადასხვა სახელმძღვანელოთი გადიოდნენ“, – ნათქვამია კვლევაში.

კვლევის მონაწილეებმა ასევე შეაფასეს მოსწავლეთა შეფასების სისტემა. ბევრი რესპონდენტისთვის განმავითარებელი შეფასების წერის პროცესი საკმაოდ დამღლელი და სტრესული იყო.

„კვლევაში მონაწილე სკოლების წარმომადგენლების უმრავლესობამ სემესტრის ბოლოს განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენა, რომელშიც მეტწილად გათვალისწინებული იყო შემოდგომის სემესტრის ნიშანი და განმავითარებელი შეფასება. რესპონდენტთა ნაწილის შეფასებით, შეფასების ამგვარი სისტემა არ იყო სამართლიანი, რადგან მასში მეტწილად გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა დასწრება და არა სხვა კომპლექსური საკითხები“.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ დისტანციური სწავლის პროცესში სსსმ მოსწავლეებისა და მათი მშობელთა მხრიდან იკვეთებოდა პესიმისტური განწყობები და ისინი, მიუხედავად ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობისა, მაინც არ ერთვებოდნენ საგაკვეთილო პროცესში.

კვლევის ავტორებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც ონლაინპლატფორმების მომზადებაში სკოლის მასწავლებელთა და დირექტორთა გადამზადებას გულისხმობს. ასევე რეკომენდაციებში საუბარია მოსწავლეთა ინტერნეტპაკეტებით უზრუნველყოფაზე. ვრცლად კვლევის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების გასაცნობად გადადით ბმულზე.