ისაბელ ალიენდეს „სულების სახლში“

გიორგი ლობჟანიძე

ელისაბედ ყვავილაშვილის მიერ ესპანურიდან თარგმნილმა ისაბელ ალიენდეს „სულების სახლმა“, რომელიც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ თავის ცნობილ და ბევრი ჩემნაირი მკითხველისათვის უკვე საყვარელ სერიაში „დიდ ოდისეაში“ დასტამბა, ჩემზე მაგიური შთაბეჭდილება მოახდინა. ვფიქრობ, ეს შთაბეჭდილება არა იმდენად რომანმა, რამდენადაც მისმა შესანიშნავმა ქართულმა თარგმანმა გამოიწვია, რადგან ისაბელ ალიენდეს ეს რომანი, როგორც არ უნდა შეგვიტყუოს ნაწარმოების სიუჟეტურმა მდინარებამ, ტექსტის დრამატულობამ თუ ლიტერატურული კომპოზიციის ოსტატურად ფლობის უნარმა, მაინც „მეორეული ლიტერატურაა“: ასეთ „მარკესს“ ბოლო დროს, მგონი, თვითონ ცოცხალი მარკესიც კი ვეღარ გვთავაზობდა.

ალიენდეს რომანი თითქმის ყველა პასაჟში გაგახსენებთ „მარტოობის ას წელიწადს“, ზოგჯერ კი ისე იმეორებს მარკესის ამ შედევრის რიგ ეპიზოდს (მაგალითად, წითელი ჭიანჭველების შემოსევას), რომ გაოცებული რჩები, 1982 წელს, როცა ეს რომანი ესპანურად გამოიცა, რატომ არ ჰქონდა შესაბამისი რეაქცია გაბრიელ გარსია მარკესს, რომელსაც თავისუფლად შეეძლო ისაბელ ალიენდე პლაგიატში დაედანაშაულებინა.

დიდი მწერალი ასე არ მოიქცა, რადგან, სავარაუდოდ, ჩათვალა, რომ ისაბელ ალიენდე უბრალოდ პლაგიატორი კი არა, მისი შექმნილი ლიტერატურული სკოლის თავისებური გამგრძელებელი და მემკვიდრე იყო, რომლის პოპულარობაც ხელს კი არ შეუშლიდა მარკესის სიდიდეს, პირიქით,  ამ სკოლის თავისებურებებს კიდევ უფრო გაამკვეთრებდა და გამოკვეთდა.

ამას გარდა, შესაძლოა მარკესის კეთილგანწყობაში გარკვეული როლი ითამაშა პოლიტიკურმა კონიუნქტურამაც, რადგან ისაბელ ალიენდე, მართალია, სხვა ლათინოამერიკული ქვეყნის, ჩილეს (და არა მარკესის სამშობლოს, კოლუმბიის), მაგრამ მთელ ლათინურ ამერიკაში ანგარიშგასაწევი პოლიტიკური და საზოგადოებრივად აქტიური ოჯახის ერთ-ერთი შთამბეჭდავი წარმომადგენელია.

ისაბელ ალიენდეს მამა, დიპლომატი ტომას ალიენდე, იყო ბიძაშვილი 1970 წელს ჩილეს პრეზიდენტად არჩეული სალვადორ ალიენდესი, რომელიც მოკლეს ავგუსტო პინოჩეტის მოწყობილი სამხედრო პუტჩის დროს.

მოგვიანებით, მწერალი იხსენებდა, რომ ბიძას ძალიან იშვიათად, მხოლოდ დასვენების ან არდადეგების დღეებში თუ ხედავდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მის ხსოვნას მაინც დიდ პატივს მიაგებს, რადგან მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ მიხვდა, რა დიდი და ლეგენდარული პიროვნება იყო სალვადორ ალიენდე.

ისაბელ ალიენდე დედის მხრიდანაც თავის სამშობლოში ცნობილი და დაფასებული ოჯახის შვილია. დედამისი, ფრანსისკა ლიონა, დონია პანჩიტა, ავგუსტინ ლიონა კუევასისა და ისაბელ ბაროს მორეირას ქალიშვილი იყო.

ოჯახზე ასეთ დიდ ყურადღებას იმიტომ ვამახვილებთ, რომ „სულების სახლი“ საოჯახო საგაა, რომლის პერსონაჟთა პროტოტიპებადაც სწორედ მწერლის ოჯახის წევრები, მისი უახლოესი ადამიანები გვევლინებიან, ხოლო წიგნის ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურაში, ესტებან ტრუებას სახეში, როგორც ამბობენ, ძნელი არ არის თვითონ ჩილეს ყოფილი პრეზიდენტი სალვადორ ალიენდე ამოვიცნოთ.

ალბათ, ამითაც იყო შეპირობებული ის არნახული პოპულარობა, რომელიც ისაბელ ალიენდეს ესპანურენოვან სამყაროში თავისი ამ პირველივე რომანის გამოქვეყნებამ მოუტანა გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში. რომანი დღემდე ოცდათხუთმეტ ენაზე ითარგმნა, ხოლო 1993 წელს დანიური წარმოშობის რეჟისორმა ბილე ავგუსტუსმა მის მიხედვით გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი მერილ სტრიპის, ჯერემი აირონსის, იუნონა რაიდერის, ანტონიო ბანდერასისა და გლენ კლოუზის მონაწილეობით.

ამ თანავარსკვლავედმა ფილმი უმალ გახადა პოპულარული, ხოლო ისაბელ ალიენდეს სახელი კიდევ უფრო გაუთქვა.

ფაქტი ის არის, რომ ისაბელ ალიენდეს მწერლური სამყარო უაღრესად კინემატოგრაფიულია. აქ მკითხველი თითქოს თვალით ხედავს ყველა პერსონაჟს, რომლებიც ძალიან ცოცხლად და შთამბეჭდავად გამოიყურებიან.

ოღონდ, არის ბევრი მხატვრული თავისებურება, რაც ალიენდეს რომანს არა კინოხელოვნებასთან, მით უმეტეს საავტორო კინოსთან, არამედ სერიალთან უფრო ანათესავებს. მერე რა, რომ არსებობს მაღალი ხარისხის სერიალებიც, რომლებსაც მაყურებელი არასდროს დაელევა, კინო მაინც კინოა და სწორედ ამით განსხვავდება მარკესის მწერლური ოსტატობა (რომელსაც ალიენდე ძალიან ცდილობს, რომ დაემსგავსოს) ისაბელ ალიენდეს მთლიანი ხედვისაგან.

ამიტომაც მის ზურგსუკან მიკერებული იარლიყი „მარკესი კაბაში“, (რაზეც ამბობენ, რომ ქალბატონ ალიენდეს თითქოს დიდად არ სიამოვნებს და ასე მხოლოდ სწორედ ზურგს უკან ბედავენ მის მოხსენიებას) სინამდვილეში მისთვის გადამეტებული პატივია.

აქ მწერლობის სხვადასხვა რეგისტრის განსხვავებაზე ვლაპარაკობთ, თორემ, ცხადია, ისაბელ ალიენდეს რომანი სულაც არ არის ხელწამოსაკრავი წიგნი და მარტო ის, რომ თუკი კითხვას დაიწყებ, ამ ვეებერთელა ოპუსს, სანამ ბოლომდე არ ჩაამთავრებ, მანამდე ვერ მოსწყდები, უკვე თავისთავად მეტყველებს ამ ნაწარმოების სიკეთეზე.

ალიენდე არაჩვეულებრივი მთხრობელია და  ამ ნიჭის მადლით მკითხველს ისე იყოლიებს ამბის (უფრო სწორად ნაირგვარი ამბების) სხვადასხვა პერიპეტიებში, რომ სულის მოთქმის საშუალებასაც კი აღარ გაძლევს.

ემჩნევა, ადამიანს ყველა ასაკში უყვარს ზღაპრები და ლათინოამერიკული ლიტერატურის „მაგიური რეალიზმი“, როგორც კლასიკური ზღაპრის თანამედროვე ვერსია, ამიტომაც არის ჩვენთვის ასეთი მიმზიდველი, ბევრი რამის მიუხედავად, საერთოდ, ხოლო ისაბელ ალიენდეს შემთხვევაში, მიუხედავად მარკესის უნუგეშო ეპიგონობისა.

ქართული თარგმანის სანაქებოდ კი უნდა ითქვას, რომ ეს არის ძალზე მაღალმხატვრული ნამუშევარი, სადაც ელისაბედ ყვავილაშვილი ქართულის ნიუანსების ისეთ ფაქიზ დახვეწილ შეგრძნებებს ამჟღავნებს, რომ ამის მიღმა პიროვნულ ნიჭიერებასთან ერთად აუცილებლად იგულისხმება დიდი მთარგმნელობითი სკოლა, რომელსაც საფუძველი ოთარ ნოდიას მიერ დაარსებული „მთარგმნელობითი კოლეგიით“ ჩაეყარა 1980-იან წლებში და რომლის შესანიშნავი წარმომადგენელიც ქალბატონი ელისაბედ (დოდო) ყვავილაშვილიც არის.

აქვე უნდა საგანგებოდ მივუთითოთ რედაქტორის, რუსუდან კოტეტიშვილის უზადო ნამუშევარზეც, რომელიც მთლიანობაში კეთილსინდისიერების ნიმუშია და რამდენიმე აქა-იქ გაპარული კორექტურა თუ მოუქნელი კონსტრუქცია ამ საერთო შთაბეჭდილებას ვეღარაფერს აკლებს.

ის, რომ რომანის ზოგი წინადადება მეტისმეტად გრძელია და ჩახლართული, მთარგმნელის ნაკლი სრულებითაც არ არის. ეს თვითონ ისაბელ ალიენდეს მანერა თუ სისუსტეა, რომელიც ამხელა რომანის მთელ მონაკვეთებში ვეღარ ინარჩუნებს სათანადო მწერლურ ოსტატობას და ტექსტში ხშირად გამოერევა ხოლმე ის, რასაც მე „ფრაზულ ჟურნალიზმს“ ვეძახი.

ეს არის მწერლური სტილისაგან სრულიად განსხვავებული ჟურნალისტური „წყალი“, რომელიც სხვადასხვა ფორმით იჩენს თავს წიგნის სხვადასხვა მონაკვეთში.

მაგალითად, მწერალს ზოგჯერ აშკარად ავიწყდება, რომ რომელიმე პერსონაჟის ამა თუ იმ თვისებაზე უკვე გველაპარაკა რომანის დასაწყისში და სადღაც ნაწარმოების შუაში, როგორც სიახლეზე, ისე მოგვითითებს ამავე თვისებაზე.

არის კიდევ ერთი საჩოთირო თავისებურებაც, რაც გამოარჩევს ალიენდეს ამ ნაწარმოებს: იმას, რაც შეიძლება მოკლედ ითქვას, ან საერთოდ მკითხველმა იგულისხმოს, მწერალი საგანგებოდ „გვიღეჭავს“, დაუსრულებლად ატრიალებს უხვსიტყვაობის მორევში და ამითაც ჰგავს წიგნი სერიალს: მეტისმეტად ბევრი „ახლო კადრით“, რომელიც შეიძლებოდა შორი ხედით გაცილებით მიმზიდველი და იდუმალი ყოფილიყო.

გარდა ამისა, ალიენდეს „სულების სახლი“ აშკარად იდეოლოგიზებული ნაწარმოებია. აქ თანამედროვე ჩილეს სახეც ჩანს და ჩანს ისიც, თუ რა სააზროვნო ტენდენციებია მოდური დღეს ამ ქვეყნაში. ცხადია, ისე, როგორც ამას მწერალი მიიჩნევს, თორემ საერთოდ, ჩილეს ობიექტური პოლიტიკურ-სოციალური სურათის აღდგენა მხოლოდ ამ წიგნის მიხედვით ძალიან გაჭირდება.

გაჭირდება იმიტომაც, რომ თუნდაც ტრადიციისა და თანამედროვეობის ჭიდილი ჩილეში პატრიარქალური შეხედულებებისა და ფემინიზმის დაპირისპირების მაგალითზე რომანში საკმაოდ ტლანქად და, მე ვიტყოდი, ზედაპირულად არის ასახული.

ამ ფონზე გაუგებარია, წიგნზე მინაწერის მიხედვით, რატომ ეძღვნება წიგნი მწერლის ბებიას, დედას და ამ ამბის გმირ დანარჩენ არაჩვეულებრივ ქალებს, მაშინ, როცა ნარატივის ცენტრალური ფიგურა აშკარად მამაკაცია, რომლის გარშემოც ბრუნავს ამ არაჩვეულებრივი ქალების მთელი ჯამაათი.

პირველი მინაწერისაგან განსხვავებით კი აშკარად უფრო გასაგები და მრავლისმეტყველია მეორე ეპიგრაფი – შესანიშნავი (მამაკაცი) პოეტის პაბლო ნერუდას ლექსის სტრიქონები:

„მაინც რამდენს ცოცხლობს ადამიანი?

ათას წელს თუ მხოლოდ ერთ წელიწადს?

ან იქნებ ერთ კვირას, ან რამდენიმე საუკუნეს?

რამდენ ხანში კვდება ადამიანი?

სამუდამოდ რას უნდა ნიშნავდეს?“

ნერუდას დასმულ ამ რიტორიკულ შეკითხვებზე რომანი მართლაც შესანიშნავად სცემს პასუხს და მთელი წიგნის მიხედვით იგულისხმება, რომ ჩვენ არამხოლოდ ჩვენს კონკრეტულ ტყავში, ჩვენს ეპოქასა და სოციალურ გარემოში ვცხოვრობთ, არამედ ჩვენი ბებიებისა და პაპების, მეორე მხრივ კი, ჩვენი შთამომავლების ეპოქებშიც.

ყველაფერი, როგორც ნაჭდევი, ცოცხალი ადამიანის სულზე არის ასახული და მის მისტიკურ ასაკს განაპირობებს.

ბოლოს მინდა გითხრათ: მიუხედავად აქ გამოთქმული არც თუ სასიამოვნო შენიშვნებისა, ისაბელ ალიენდეს რომანის ქართული თარგმანი კარგი საჩუქარია ყველა იმ მკითხველისთვის, ვისაც დიდი ტექსტების, კერძოდ კი ლათინური ამერიკის მაგიურ რეალიზმს მიკუთვნებული წიგნების კითხვა ენატრება.