იუსტიციის უმაღლესი საბჭო - ვინ გვიცავს მცველებისგან?

პუბლიკა

„სისტემის მსხვერპლი გახლდათ გირგვლიანი და არა ისე, როგორც დღეს ხატავენ, რომ ეს ლამის თავიდან ბოლომდე მურუსიძის გაკეთებული იყო, იმხელა აჟიოტაჟია აწეული“ (ბიძინა ივანიშვილი).

როგორ მიემართება ერთმანეთს სისტემა, მოსამართლე და სამართლიანობა? შესაძლებელია თუ არა, რომ მოსამართლის არაკომპეტენტურობა და არაკეთილსინდისიერება მხოლოდ სისტემის ნაკლოვანებებს მივაწეროთ? ვის ან რას აკისრია პირველადი პასუხისმგებლობა  მართლმსაჯულების სისტემის გაუმართაობაზე?

სისტემასა და ადამიანს შორის არსებობს რეფლექსური მიმართება – ადამიანები ქმნიან სისტემას და თავად სისტემა ქმნის ადამიანებს. ვის ან რას აკისრია პირველადი პასუხისმგებლობა მართლმსაჯულების სისტემის ისეთ ფორმაზე, როგორითაც იგი დღესდღეობით არსებობს? – მას, ვისაც აქვს პირველადი ვალდებულება მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და კვალიფიციურობის უზრუნველყოფაზე – იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

საქართველოს კანონმდებლობა ექსპლიციტურად მიუთითებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებობის მიზეზსა და მის ინსტიტუციონალურ გამართლებას, როგორც სასამართლოს, ასევე ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის, მართლმსაჯულების ხარისხის, მისი  ეფექტიანობის  ორგანიზების მიზანი წარმოადგენს.[1]

სახელმწიფოს კონსტიტუციური მოწყობის დოქტრინა და ლიბერალურ-დემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმის გამოცდილება  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებობის საჭიროებას, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლების პოლიტიკური შტოებისგან სასამართლო ხელისუფლების, როგორც ნეიტრალური არბიტრის დაცვისა და ბუნებრივად წამოჭრილი ინტერესთა კონფლიქტის დაძლევის აუცილებლობას უკავშირებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ნორმატიული თვალსაზრისით, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ დაწესებული შემაკავებელი და გამაწონასწორებელი მექანიზმია. თუმცა რა ხდება მაშინ, როდესაც კანონის უზენაესობის პრინციპისა და მოსამართლის ინსტიტუციონალური თუ ინდივიდუალური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული საფრთხე თავად შემაკავებელ-გამაწონასწორებელი მექანიზმიდან მომდინარეობს? გარეშე გავლენებისგან დაცვამ და ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობის გარკვეულმა ხარისხმა, თავად მართლმსაჯულების სისტემის შიგნით კონკრეტული პირების ხელში ძალაუფლების კონცენტრაციას დაუდო სათავე. სწორედ ამის გამოძახილია სამოქალაქო სექტორში დამკვიდრებული, სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოებრივი განწყობების ამსახველი ტერმინი – „კლანური მმართველობა“.

ახალბედა დემოკრატიულ სისტემაში ფორმირებული პოლიტიკური სისტემები, რომლებიც განიცდიან ლიბერალური და ინსტიტუციონალური პოლიტიკური ცნობიერების დეფიციტს, განსაკუთრებით, პოსტსაბჭოთა სივრცეში, ავტორიტარული ელემენტებით ხასიათდებიან. დოქტრინაში ამგვარად ორგანიზებულ პოლიტიკურ რეჟიმს „ჰიბრიდული“ ან, ე.წ. „რბილი ავტორიტარიანიზმი“ ეწოდება. ასეთ პოლიტიკურ რეჟიმებში საჯარო ხელისუფლების განხორციელების ნებისმიერ დონეზე პირველადი მნიშვნელობა გავლენიანი პირების ან პირთა ჯგუფების (ავტორიტეტების) ინტერესებს ენიჭება. ავტორიტეტები როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური მექანიზმების გამოყენებით ცდილობენ საკუთარი პოზიციებისა და გავლენის სფეროების შენარჩუნებას. რბილ ავტორიტარიზმში მნიშვნელოვანი დატვირთვის მქონე თანამდებობაზე გამწესება, პოსტის შენარჩუნება და კარიერული წინსვლა ავტორიტარული პირებისადმი გამოვლენილი ლოიალობის ხარისხზეა დამოკიდებული.

ტერმინში – „კლანი“ – მოვიაზრებთ სასამართლო სისტემაში „მოღვაწე“ ურთიერთდაკავშირებულ პირთა ვიწრო ჯგუფს, რომელიც ფლობს ფორმალურ თუ არაფორმალურ ბერკეტებს საიმისოდ, რომ ზეგავლენა მოახდინოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე, შელახოს მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობის ხარისხი და სასამართლო სისტემის ფუნქციონირება კლანისადმი ერთგულების პრინციპს დაუქვემდებაროს.

ამ ვიწრო ჯგუფს ხშირად შეხება აქვს სხვადასხვა პოლიტიკურ თუ პარტიულ ინტერესთან და, რიგ შემთხვევაში, აფილირდება კიდეც მასთან.  დღესდღეობით სასამართლო სისტემაში არ არსებობს აზრთა ჭიდილი სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე. ჯანსაღი დისკუსია ჩანაცვლებულია გავლენიანი ჯგუფის მიერ გამოხატული პოზიციით. ყველა ძირითადი შიდაინსტიტუციონალური საკითხის გადაწყვეტა „კლანთან“ შეთანხმების გზით არის შესაძლებელი. მოსამართლეთა კორპუსში არ არსებობენ პირები, რომლებიც ოპონირებას გაუწევდნენ შიდა გავლენებით ბოროტად მოსარგებლე მოსამართლეებს და სასამართლო სისტემაში, ჯანსაღი კონკურენციის გაჩენით, შიდადემოკრატიულ პროცესებს წაახალისებდნენ.

„არავინ არის ამ მოსამართლეებს შორის, ვინც კლანს წინააღმდეგობას გაუწევს. ერთი მოსამართლე იყო, შავაძე, და აღარ დანიშნეს თანამდებობაზე. არავინაა, ვინც ხმას ამოიღებს და ამაში ვგულისხმობ პირდაპირი მნიშვნელობით ხმის ამოღებას – ვინც თამამად გამოვა და გააპროტესტებს იმას, რაც ხდება სისტემაში“ – აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი.

მოსამართლეები, რომლებიც განმსჭვალული არიან ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებების რწმენით, აქვთ პროფესიული სინდისი, კვალიფიციურად და კეთილსინდისიერად უძღვებიან სამოსამართლეო საქმიანობას, არ ექვემდებარებიან მართლმსაჯულების სისტემის შიგნით მოქმედი გავლენიანი პირების ინტერესებს, დილემის წინაშე დგანან: გარკვეულ კომპრომისზე წავიდნენ „კლანთან“ მიმართებით, არ აიმაღლონ ხმა მართლმსაჯულების სისტემის მიზანმიმართული დეინსტიტუციონალიზაციის ფაქტებზე და დაიტოვონ სამოსამართლეო ფუნქციების კეთილსინდისიერად და კომპეტენტურად განხორციელების შესაძლებლობა; ან ზედმიწევნით დაიცვან საკუთარი პრინციპები, არ ითანამშრომლონ „კლანთან“, საზოგადოების ფართო წრეებს განუცხადონ მართლმსაჯულების სისტემის მანკიერებები და ეჭვქვეშ დააყენონ სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელების პერსპექტივები.  იმ მოსამართლეების უმეტესობა, რომლებიც სწორად აღიქვამენ სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს, ხშირ შემთხვევაში, თავს არიდებს ძლევამოსილ მანკიერ სისტემასთან ღია დაპირისპირებას და დუმილს და საკუთარი უფლებამოსილების ღირსეულად განხორციელებას ამჯობინებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და „კლანის“ მჭიდრო კავშირს ხელს უწყობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების მოქმედი წესი. დღეს არსებული მოწესრიგებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რვა მოსამართლე წევრს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია დამსწრეთა ხმების 2/3-ით ირჩევს, ხოლო თუკი კანდიდატმა ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო, კვალიფიციური უმრავლესობის სტანდარტს უბრალო უმრავლესობის სტანდარტი ენაცვლება. მსგავსი მოწესრიგება ეწინააღმდეგება  ინკლუზიურობისა და საყოველთაო კონსენსუსის ლოგიკას. სავსებით შესაძლებელია, რომ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის უმცირესობამ მთლიანად დააკომპლექტოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები, ხოლო განსხვავებული აზრის შემთხვევაში, გადაწყვეტილება უმცირესობის აზრის სრული უგულებელყოფის პირობებში მიიღება.

დემოკრატიული ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობისგან სრულადაა დაცლილი პრეზიდენტის კვოტით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნის პროცედურა. ამის ფონზე კი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, „კლანთან“ აფილირებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ირაკლი შენგელიას ნათესავი – თამარ ღვამიჩავა განამწესა. თამარ ღვამიჩავას ფიგურა კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვს, რომ მართლმსაჯულების სისტემა კონსტიტუციური და რესპუბლიკური იდეალების რეალიზების რწმენას კი არა, პიროვნული კავშირების გამტკიცებისა და არაფორმალური გავლენის სფეროების გაფართოების დაუოკებელ წყურვილს ეფუძნება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში ძალაუფლების კონცენტრაციას და, ამდენად, ინდივიდუალური მოსამართლის ავტონომიაზე მართლმსაჯულების სისტემის შიგნით მოქმედი გავლენიანი ჯგუფების ნეგატიურ ზეგავლენას ხარვეზიანი და არაოპტიმალური საკანონმდებლო მოწესრიგებაც უწყობს ხელს. არსებული ნორმატიული რეალობის პირობებში, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მხოლოდ მოსამართლეთა უმრავლესობის ინტერესებს ასახავს და მასში არ არის წარმოდგენილი უმცირესობის ინტერესების გამტარებელი პირი. გარდა ამისა, მოქმედი კანონმდებლობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია:

  • მოსამართლეთა თანამდებობრივ სარგოზე გასცეს დანამატები, თუმცა არ არსებობს კონკრეტული საკანონმდებლო კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია გასცეს დანამატები;
  • დააწინაუროს მოსამართლეები, უკონკურსოდ იმავე ან ზემდგომ ინსტანციაში განამწესოს მოსამართლე. მიუხედავად საკანონმდებლო ჩანაწერისა, საბჭოს დღემდე არ შეუმუშავებია მოსამართლეთა დაწინაურების ცხადი, გამჭვირვალე და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული სისტემა, მათ შორის, არც შეფასების წესი;
  • დასაბუთებისა და, ამდენად, მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმის არარსებობის პირობებში, უარი განაცხადოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის პარლამენტის წინაშე წარდგენაზე;
  • ყოველგვარი დასაბუთების გარეშე თანამდებობაზე ნიშნავს პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოთა თავმჯდომარეებს, რომლებიც აღჭურვილნი არიან რიგი ფუნქციური და ორგანიზაციული უფლებამოსილებით.

სასამართლო სისტემაში კადრების შედინების კონტროლი, ინდივიდუალური მოსამართლისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების პრეროგატივა, საჭირბოროტო საკითხებზე დისკუსიის არარსებობა, განსხვავებული აზრის ჩახშობა, ძალაუფლების კონცენტრაცია  – ყოველივე ეს მოქმედ, მათ შორის, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, სასამართლო სისტემის შიგნით არსებული გავლენების მიმართ დაუცველს ხდის.

ანგარიშვალდებულ ხელისუფლებას, მისდამი სკეპტიკურად განწყობილი სულისკვეთებით მოქმედი სამოქალაქო სექტორი და ამავე განწყობით შექმნილი ნორმატიული ჩარჩო აყალიბებს. როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური წყაროები, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში ავტორიტარული მართვის არსებობასა და მის ყოვლისმომცველ მასშტაბებზე მიუთითებენ. სისტემური რეფორმების გატარების აუცილებლობა აქსიომაა. ამ რეფორმების განხორციელების ფუნდამენტური პრინციპი კი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში არსებული ძალაუფლების დეცენტრალიზაცია და ინდივიდუალური მოსამართლეების ავტონომიურობის ხარისხის ზრდა უნდა იყოს. სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ლეგიტიმურია მოსამართლის კეთილსინდისიერებისა და კვალიფიციურობის მოთხოვნა, თუმცა მოსამართლეებს ყოველთვის ვერ მოვთხოვთ გამოიჩინონ გმირობა და ღიად დაუპირისპირდნენ ავტორიტარული სისტემის მმართველებს. მეტიც, პრაგმატული თვალსაზრისით ასეთი ნაბიჯი კონტრპროდუქტიულიც კი შეიძლება აღმოჩნდეს, ვინაიდან, როგორც აქამდე არაერთხელ მომხდარა, არსებობს საფრთხე, რომ ბნელი სისტემის ნათელი წერტილების მიმართ, სისტემა აამოქმედებს კოლექტიური თავდაცვის მექანიზმს, გაატარებს „სადამსჯელო ღონისძიებებს“, რითაც მათ მთლიანად ჩამოაშორებს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესს. ეს კი, ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებების რეალიზების ხარისხს, კიდევ უფრო შეამცირებს.

[1] „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტი.