რამდენს ხარჯავს სახელმწიფო განათლებაზე და როგორ პასუხობს ბიუჯეტი განათლების სისტემაში უთანასწორობის აღმოფხვრას

პუბლიკა

განათლების კოალიციამ „გლობალური კამპანია განათლებისთვის (GCE)“ მხარდაჭერით განათლების დაფინანსების კვლევითი ანგარიში მოამზადა.

კვლევის ფარგლებში შეისწავლეს 2015-2021 წლებში განათლებისთვის გაწეული ხარჯი და შეეცადნენ, გაეცათ პასუხი კითხვაზე – რამდენად ზრუნავს განათლების უფლების დაცვაზე სახელმწიფო.

გიორგი ჭანტურია, განათლების კოალიციის დირექტორი: დაფინანსების საკითხები დიდწილად განსაზღვრავს განათლების პოლიტიკას. შესაბამისად, პოლიტიკის დაგეგმვისას, მნიშვნელოვანია როგორც ეფექტიანობის, ისე ხარჯთეფექტურობის პრინციპების გათვალისწინება.

ამ მიმართულებით განათლების კოალიცია უკვე წლებია აქტიურად მუშაობს. ჩვენი პირველი ანგარიში ამ მხრივ 2015 წელს მომზადდა და იმ დოკუმენტშიც კი, ხაზგასმული იყო, რომ სისტემის განვითარებისათვის აუცილებელია დაფინანსების გაზრდა.

სამწუხაროდ, ეს პრობლემა კვლავ აქტუალურია და დაფინანსების ზრდის არაერთი დაანონსებისა, დღემდე განათლებაზე ბევრად ნაკლები თანხა გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მშპ-სთან შეფარდებით, ვიდრე ეს განვითარებულ ქვეყნებშია.

2022 წელს განხორციელებულ კვლევაზე განათლების მკვლევარი, სიმონ ჯანაშია მუშაობდა.

სიმონ ჯანაშია: დოკუმენტების შესწავლამ აჩვენა, რომ განათლების უფლების დაცვაზე ყურადღება არ არის გამახვილებული.

მხოლოდ იშვიათ შემთხვევებშია განათლების დაფინანსება სპეციალურად ორგანიზებული მათთვის, ვისაც განსაკუთრებული საჭიროება აქვს. მაგალითად, სპეციალური დაფინანსებაა გამოყოფილი ინკლუზიური განათლებისთვის და, ასევე, იქ, სადაც უმცირესობების ენებზე მიდის სწავლება; ყველა დანარჩენ შემთხვევაში მსგავს გადაწყვეტილებებს ვერ ვხედავთ. სოციალურად დაუცველი ჯგუფები, პრინციპში, განათლების პოლიტიკის ფოკუსი არაა. განათლების პოლიტიკის მიღმა არიან დარჩენილნი. არ ჩანს პროგრამები, რომლებიც მცირეშემოსავლიანი ოჯახების ბავშვებს დაეხმარება.

არის რაღაც ბენეფიტები, რომლებიც საყოველთაოა და სოციალურად დაუცველი ბავშვებიც სარგებლობენ – უფასო წიგნები; შესაბამისად, სახელმძღვანელოების ყიდვა აღარ უწევთ. შეიძლება, იყოს ეპიზოდური პროგრამებიც; მაგალითად, პანდემიის დროს მოკლევადიანი პროგრამა, რომელიც ინტერნეტზე შეღავათს გულისხმობდა.

შეიძლება, არსებობდეს ტრენინგი მასწავლებლებისთვის – როგორ გამოვიყენოთ იაფი ტექნოლოგიები ბუნებისმეტყველების სწავლებისას, რაც შეიძლება მიემართებოდეს შედარებით ღარიბი სკოლების ბავშვთა კეთილდღეობის ამაღლებას, მაგრამ, ზოგადად, დაფინანსება ისეა ორგანიზებული, რომ ჩანს,  ეს პრიორიტეტი არაა.

განათლების მიღების გზაზე პრობლემა მხოლოდ შემოსავალი არ არის ხოლმე; აუცილებლად გასათვალისწინებელია სახლში ბავშვის მხარდაჭერის შესაძლებლობები – მშობლების განათლება; რამდენად აქვთ შესაძლებლობა, რომ ბავშვს მიაქციონ ყურადღება. თუ ბავშვს ასეთი მხარდაჭერა არ აქვს, სკოლამ უნდა აიღოს ის თავის თავზე, თუმცა ასეთი ტიპის პროგრამებს განათლების პოლიტიკაში ვერ ვხედავთ.

  • სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის მხრივ უთანასწორობა ყველაზე მკაფიოა, ხომ?

სკოლამდელ განათლებაში დიდი უთანასწორობაა რეგიონების მიხედვით. ზოგ რეგიონებში მეტია დაფინანსება, ზოგში – ნაკლები. ცენტრალური ბიუჯეტი მაინც და მაინც არ ეხმარება რეგიონებს, რომ უთანასწორობა აღმოფხვრას ამ კუთხით. სკოლებში მიდიან ბავშვები, რომელთა სასკოლო მზადყოფნა განსხვავებულია. ამას ემატება სოციალური პრობლემები და ამის გამო, უფრო ხშირად, უთანასწორობა სკოლებში არათუ ნარჩუნდება, ღრმავდება კიდეც.

  • სკოლის როლი როგორი უნდა იყოს ამ დროს?

სკოლამ უნდა იზრუნოს სხვადასხვა გამოცდილების ბავშვის მიერ მეტ-ნაკლებად მსგავსი შედეგების მიღწევაზე,  იმ უთანასწორობის კომპენსირებაზე, რომელიც სკოლის გარეთ არსებობს  – მაგალითად, თუ იცი, რომ ბავშვების ნაწილი სახლში ვერ უთმობს დროს სწავლას, შეიძლება, შეიმუშაოს გახანგრძლივებული პროგრამა, რომ ასეთ ბავშვები დარჩნენ სკოლაში – იყოს კვება, დამხმარე მასწავლებელი და ა.შ. ეს იქნება კომპენსაცია იმის, რომ მშობლები დაკავებულები არიან ან შეიძლება არ აქვთ საკმარისი განათლება საიმისოდ, რომ ბავშვებს დაეხმარონ.

სკოლა ამას ვერ აკეთებს და წინასასკოლო საფეხურზე არსებული უთანასწორობა ნარჩუნდება ან შეიძლება ღრმავდება კიდეც.  ეს განაპირობებს იმ ცუდ შედეგებს, რომლების გვაქვს დაწყებით საფეხურზე – როცა მოსწავლეების ერთი მეოთხედი ელემენტარულ კომპეტენციებს არ ფლობს იმისთვის, რომ ზოგადად ისწავლოს.

  • სკოლამდელი განათლება ყველაზე მეტად რომელ რეგიონში არაა ხელმისაწვდომი?

ადგილობრივი ბიუჯეტის პროცენტებს თუ შევხედავთ, კახეთში თუ ბიუჯეტის 14% ეთმობა სკოლამდელ განათლებას, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ეს მაჩვენებელი 5%-ია. ძალიან დიდი განსხვავებაა. სხვა კვლევებიდან ვიცით, ასევე, რომ ჩართულობა ძალიან განსხვავებულია ქართულენოვან და არაქართულენოვან ჯგუფებში.

  • რამდენია იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც შეიძლება დამატებით მხარდაჭერას საჭიროებდნენ?

მოსახლეობის წილი, რომელიც ცხოვრობს აბსოლუტურ სიღარიბეში, სხვადასხვა სტანდარტით სხვადასხვაა. საქართველოში არსებული სტანდარტის მიხედვით, 2021 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 17%-ია აბსოლუტურ სიღარიბეში. სხვა საერთაშორისო სტანდარტებით, 46% ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. ამ ოჯახებში შედიან ბავშვებიც. მათ სჭირდებათ დახმარება – ეს ნიშნავს არა მხოლოდ ნაკლებ ხელმისაწვდომობას საგანმანათლებლო რესურსებზე, არამედ მშობლების ნაკლებ შესაძლებლობას, რომ ბავშვებს მისცენ საკვები. ამასთანავე,  ხშირად ბავშვებს უწევთ ერთმანეთის მოვლა, რაც იწვევს სკოლის გაცდენაც. ასეთ დროს ამ ბავშვებს, როგორც წესი, აქვთ შეზღუდული წარმოდგენა თავიანთ შესაძლებლობებზე და არ ცდილობენ, გააგრძელონ სწავლა სკოლის შემდეგ.

მთელი ჯაჭვია სოციალური შეზღუდვების, რომლებიც იწვევს განათლების შესაძლებლობების შეზღუდვას, შემდგომ – კარიერის შეზღუდვას, შემოსავლების შეზღუდვას და ა.შ.

ანუ, შენ თუ დაიბადე ღარიბ ოჯახში, დიდი ალბათობით გააგრძელებ ამ სიღარიბეში ცხოვრებას. თუ განათლება არ გეხმარება, გამოხვიდე იმ სოციალური ჯგუფიდან, რომელშიც დაიბადე, მაშინ განათლება ვერ ასრულებს თავის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას, როგორიცაა ადამიანის სოციალიზაცია და შესაძლებლობების გაზრდა, რომ მან თვითონ გადაწყვიტოს, როგორ გარემოში უნდა ცხოვრება, რა იქნება მისი საზოგადოებრივი როლი და მომავალი.

  • რა არის მიზეზი? რატომ არ ზრუნავს ქართული განათლების პოლიტიკა განათლების უფლების რეალიზაციაზე?

ერთია იდეოლოგიური მხარე. თუ ადამიანები განათლებას უყურებენ, როგორც შესაძლებლობას მაშინ კი – ზოგს მეტი აქვს, ზოგს ნაკლები და ამაში პრობლემას ვერ ხედავენ. თუ განათლებას უყურებენ, როგორც უფლებას, მაშინ ზრუნავენ იმაზე, რომ ეს უფლება დაცული იყოს და იმაზეც, რომ შენი პოლიტიკა კიდევ დამატებით შეზღუდვებს არ ქმნიდეს ამ უფლებების განსახორციელებლად. მე ეჭვი მეპარება, რომ გადაწყვეტილების მიმღებნი განათლებას ისე უყურებენ, როგორც უფლებას.

ეს ჩანს ყველა დონზე – სკოლა, უმაღლესი. უმაღლესის დონეზე საერთოდ არ განიხილება, როგორც უფლება. საუბარია, ხოლმე, რომ, ვისაც უნდა ისწავლის, ვისაც უნდა, არ ისწავლის; რაც ნაკლები ისწავლის, უკეთესი იქნება ყველასთვის.