კახეთის მეღვინეობის კარგი და ცუდი ამბები

ქართული მეღვინეობა კახეთის გარეშე წარმოუდგენელია. კახეთი არის ლოკომოტივი და ეს ასე იყო მუდამ. გარდა დიდი (საქართველოს მასშტაბით) სავენახე ფართობებისა, ვაზის ჯიშების სიმრავლითაც ჩვენი ქვეყნის ეს კუთხე უპირველესია. სწორედ ამიტომაც, არასწორი და უსამართლოა რეტროგრადული მოსაზრება, როკახეთის მეღვინეობისთვის საბჭოთა კავშირის წლები მთლიანობაში თითქოს დადებითად უნდა შეფასდეს.

ეს სიმართლე თუნდაც იმიტომ არაა, რომ საბჭოური გეგმური ეკონომიკისა და მოსავლის რაოდენობაზე აქცენტის გამო კახეთის ათეულობით ვაზის ჯიშიდან ფართო მოხმარებაში მხოლოდ სამი ჯიში – რქაწითელი, საფერავი და მწვანე კახური დარჩა. დავიწყებას მიეცა და ბევრ სოფელში საერთოდ გაქრა უძველესი კახური ვაზის ჯიშები: ქისი, ხიხვი, ჟღია, ღვინის თეთრა, მცვივანი, ტყის ვაზი, და სხვა… შესუსტდა და მეორეხარისხოვანი გახდა მექვევრეობა და ქვევრის ღვინის  კულტურა. ხოლო გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო ღვინის მასობრივი გაყალბება-გაბევრების ტენდენცია, რამაც, სამწუხაროდ, დღესაც ვერ ამოიკვეთა ფეხი.

კახეთში სავენახე მიწა ძვირდება

საქართველოში, და განსაკუთრებით კი კახეთში, ბოლო წლებში ვენახებსა და სავენახე მიწებზე დიდი მოთხოვნილებაა.  ეს ტენდენცია დაახლოებით 10 წლის წინათ დაიწყო და ამის შედეგად ვენახების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

არაფერია გასაკვირი იმაში, რომ სავენახე მიწისა და ვენახების შემძენები უმეტესად კახეთის ისეთ სოფლებს ანიჭებენ უპირატესობას, რომლებიც დედაქალაქთან ახლოს მდებარეობენ (საუბარია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებზე). ეს პრაქტიკულის გარდა, იმიტომაცაა ხელსაყრელი, რომ მომავალში ტურისტების დაინტერესება თბილისთან ახლომდებარე მცირე მარნებით უფრო მეტად შეიძლება.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლები: ხაშმი და მანავი, მეღვინეობით სახელგანთქმული ადგილებითაა ცნობილი. როგორც იცით ხაშმს სახელი ლეგენდარულმა ადგილობრივმა საფერავმა გაუთქვა, მანავს კი –არანაკლებ ლეგენდარულმა მწვანე კახურმა, რომელსაც ბევრი შეცდომით „მანავის მწვანესაც“ კი უწოდებს.

ეს სოფლები გარეკახეთს მიეკუთვნება. გარეკახეთი მოგეხსენებათ კახეთის იმ ნაწილს ჰქვია, რომელიც მდინარე ივრის ხეობაში და ხეობის  მიმდებარედ მდებარებს. საგარეჯოში, ძირითადად, ეს ორი სოფელია მეღვინეობით სახელგანთქმული და ეს მუნიციპალიტეტი ნამდვილად ვერ დაუდგება გვერდზე, ვთქვათ, თელავს ან გურჯაანს, მაგრამ თბილისთან სიახლოვის გამო, ხაშმშიც და მანავშიც, ხარისხიანი ვენახების შეძენა რთული საქმეა.

მანავში კარგად მოვლილი, საფერავის ჯიშის ვაზისგან გაშენებული 2 ჰექტარი ვენახის ფასი დაახლოებით 90-100 ათასი ლარია, საუკეთესო ერთი ჰექტარი სავენახე მიწის ფასი კი – 15 ათასი დოლარი. ორივე შემთხვევაში აქცენტს ვაკეთებ ისეთ ადგილებზე, რომლებიც სავენახედაც მშვენიერია და მომავალში ტურისტული მიზნებითაც მრწყინვალედ შეიძლება მათი გამოყენება. მანავში (ე.წ. დაბლა მხარეში) ნახავთ შედარებით იაფ სავენახე მიწებსაც, თუმცა იქ ადგილები ზედმეტად წყლიანია და მომეტებული ტენიანობა ყურძნის ხარისხზე, როგორც იცით, ძალიან ცუდად აისახება.

არანაკლებ ძვირია სავენახე მიწა ადგილობრივი საფერავით სახელგანთქმულ სოფელ ხაშმშიც (ავტომობილით თბილისიდან 20 წუთის სავალზე) . ამ სოფელში საკუთრივ ვენახს თითქმის არავინ ყიდის, რადგან ადგილობრივების შემოსავლის მთავარი წყარო ხშირად მოწეული ყურძენი და დაწურული ღვინოა. მაგალითად, შარშან, თუკი შიდა კახეთის სოფლებში საფერავის ყურძენს 1.5 ლარად იყიდდი, ხაშმში საფერავის ყურძენი 3-4 ლარი ღირდა. აქედან გამომდინარე, ვენახის გაყიდვას იქ ყველა ერიდება და სავენახე მიწაც ძალიან გაძვირდა. ხაშმში 1 ჰექტარი ნორმალური სავენახე მიწის ფართი 15-დან 20 ათას დოლარამდე ღირს და ისიც იმ შემთხვევაში, თუ შეძელით ასეთი მოცულობის ადგილის ყიდვა. ხაშმში, ძირითადად, პატარა ვენახები აქვთ და იქ ერთჰექტრიანი ვენახი ძალიან დიდად მიიჩნევა.

როგორც მიმდინარე ტენდენციები გვაჩვენებს, გარეკახეთში ვენახებისა და სავენახე მიწების წარმოუდგენელი გაძვირება მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.

ის, რაც კახეთს გამოარჩევს

მევენახობა-მეღვინეობის ექსპერტთა აზრით, კახეთის რეგიონის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა ვაზის კულტურის გავრცელებისათვის ნაყოფიერი ნიადაგი და ხელსაყრელი აგროკლიმატური პირობები, ასევე – ვაზის კულტურული ჯიშების მრავალფეროვნება, მიწის ფართობების შედარებით დიდი მასივები, ღვინის დამზადების ორიგინალური მეთოდები, ღვინის ქარხნებისა და გადამამუშავებელი საწარმოების დივერსიფიკაციის შესაძლებლობები.

კახეთის ძლიერ მხარედ მიიჩნევა, ასევე, რეგიონში გავრცელებული ჯიშებით მიღებული ღვინის მაღალი საექსპორტო პოტენციალი, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებით მოსახლეობის ისტორიული, კულტურული, ტრადიციული ფაქტორებით მოტივაცია, დაცული ტერიტორიების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და რეკრეაციული ზონების მრავალფეროვნება აგროტურიზმის, მათ შორის ღვინის ტურიზმის, განვითარებისათვის; შედარებით მოწესრიგებული ცენტრალური ინფრასტრუქტურა და სხვა.

თუმცა, გარდა უკვე ნახსენები ტრადიცული პრობლემებისა, კახეთის მევენახეობა-მეღვინეობას სისუსტეებიც ბევრი აქვს. კახეთის რეგიონის სუსტ მხარეებად უნდა განვიხილოთ: დაბალმოსავლიანი და გამეჩხერებული ვენახების დიდი ფართობები, საოჯახო ღვინის მარნების პროდუქტებისათვის ბაზარზე დაბალი ხელმისაწვდომობა, მევენახე-ფერმერთა და მეღვინეთა კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების დაბალი დონე და სხვა…

უხარისხო ქვევრების პრობლემა

კახეთის მევენახეობა-მეღვინეობის ბოლო წლების ტენდენციებს თუ გავყვებით, სავენახე მიწების ფასის განუხრელი ზრდის პარალელურად დაიწყო ერთგვარი „ქვევრების ბუმი“, რაც მდგომარეობს იმაში, რომ  ბევრ სოფელში დაიწყო მარნების ქვევრებით გაწყობა. ეს მხოლოდ დადებითად უნდა შეფასდეს, თუმცა, ამის პარალელურად, ბევრი მემარნე უჩივის ქვევრების უხარისხობის პრობლემას და ესეც ერთგვარ (ოღონდ, ნაკლებად სისამოვნო) ტენდენციად ჩამოყალიბდა.

იყო დრო, როდესაც საქართველოს ბევრ დაბასა თუ სოფელში მზადდებოდა ქვევრი, მაგრამ ათწლეულების განმავლობაში ეს საქმეც დავიწყებას მიეცა. ბევრმა ადამიანმა დააბეტონა ქვევრი, ბევრმა მიწა მიაყარა და ბევრი სხვა მიზნებით (მაგალითად, ხილის, ყველის ან არყის შესანახად) იყენებდა. არადა, ადრე მთიან რეგიონებშიც კი იყენებდნენ ამ ჭურჭელს,  ოღონდ, სულ სხვა მიზნებით – ყველის ან ხორცის შესანახავად.

ქვევრი თავისი თვისებებით გასაოცარი ჭურჭელია. ღვინო, რომელსაც მასში ინახავენ, ძალიან ფაქიზია, მგრძნობიარეა და ზედმეტი ჩარევა რეკომენდებული არაა. ამიტომაც ქვევრი მთელ მსოფლიოში უნიკალურია. მასში ღვინო, როგორც წესი,  სულ ერთ ტემპერატურაზეა და დაღვინების პროცესში ბევრი ჩარევა არ სჭირდება, რაც ღვინოს საუკეთესო თვისებებს უნარჩუნებს.

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მსოფლიო მეღვინეობა იმდენად ერთფეროვანი გახდა, რომ მუხის გემოთი გაჯერებული, არაფრისმთქმელი ერთნაირი ღვინის სმის შემდეგ ღვინის მოყვარულებმა დაიწყეს რაღაც ახლის ძიება და პირდაპირ შეეჯახნენ ქართულ ქვევრს. ეს იყო დიდი და მნიშვნელოვანი აღმოჩენა. ახლა უკვე არიან ევროპელი მეღვინეები, რომლებმაც საქართველოდან ქვევრი ჯერ კიდევ 90-იან წლებში გაიტანეს. მაგალითად, იოშკო გრავნერი, რომელმაც იტალიაში, ფრიულის რეგიონში ერთ-ერთმა პირველმა გაიტანა ქართული ქვევრი. იქ აქამდეც არსებობდა ღვინის ჭაჭაზე დავარგების ტრადიცია, თუმცა სახელდობრ ქვევრი მათთვისაც და, ზოგადად, მსოფლიო ღვინის მოყვარულებისთვისაც დიდი სიახლე და ერთგვარი ფესვებთან დაბრუნება იყო. მაშინ ქვევრების უხარისხობაზე არავინ  საუბრობდა. ახლა კი მეღვინეები უკვე ღიად ლაპარაკობენ ამ პრობლემაზე.

ქვევრის უხარისხობის პრობლემა კახეთს განსაკუთრებით აწუხებს, რადგან ქართული ღვინის უდიდესი ნაწილი სწორედ კახეთზე მოდის და კახელი მეღვინეები ამით ყველაზე მეტად ზარალდებიან. ამის მიზეზი სხვა მრავალთან ერთად შესაძლებელია მექვევრეების ერთი ნაწილის არაპროფესიონალიზმი იყოს. როგორც მეთუნეობის საქმეში დიდად დახელოვნებულმა ჩემმა მეგობარმა თქვა, არსებობს მექვევრე და არის მექვევრე-ოსტატი. როგორც, მაგალითად, არსებობს მჭედელი, რომელიც წლებია, ჭედავს მხოლოდ ვირის ნალებს, მაგრამ არის სხვა მჭედელი, რომელიც  განვითარდა და გახდა ოსტატი. არ არის აუცილებელი იყო ოსტატი, რომ გამოჭედო ვირის ნალი. ასევეა მექვევრე და მექვევრე ოსტატის შემთხვევაშიც. ქვევრის ოსტატი ადრეც და ახლაც ძალიან ცოტაა. შეცდომები, ცხადია, ძველ მექვევრეებსაც მოსდიოდათ, მაგრამ შეცდომასაც გააჩნია, ვინ უშვებს. ქვევრი თუ ფუჭდება, ეს თითქმის არასდროს არაა თიხის ბრალი. ეს თითქმის ყოველთვის მექვევრის ბრალია.

საქართველოში პროფესიონალი და თავისი საქმის კარგად მცოდნე მექვევრეც, ცხადია, ბევრია, მაგრამ კარგი და ცუდი მექვევრეების ციფრებში მოცემული სტატისტიკა დიდად არ ადარდებს მეღვინეს, რომელსაც ღვინო უხარისხო ქვევრში გაუფუჭდება და მთელი წლის შრომა წყალში ჩაეყრება.

ერთი რამ ცხადია – კახეთს კარგი ღვინო არასოდეს მოკლებია და იმედია არც მოაკლდება. არსებულ პრობლემებზე კი მაინც ყველამ უნდა ვილაპარაკოთ! სხვანაირად აბა როგორ იქნება?…