ხარჯების შემცირება, სწავლასთან მუშაობის ინტეგრაცია - როგორი უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკა სტუდენტების დასაქმებაზე

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე განსაკუთრებით მაღალია ახალგაზრდებში. 20-24 წლის ასაკის ახალგაზრდების 30.5% დაუსაქმებელია. პრობლემებს აწყდებიან ის ახალგაზრდებიც, რომლებიც სწავლასთან ერთად მუშაობენ.

მაგალითად, 2016 წელს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით კომპანია ACT-ის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ქართველი დასაქმებული ახალგაზრდების მხოლოდ ერთი მესამედი (31%) მუშაობდა სრულებით ან გარკვეულწილად საკუთარი პროფესიით.

ებერტის ფონდის მხარდაჭერითვე 2016 წელს „ახალგაზრდა სოციალისტების“ მიერ გამოკითხული სტუდენტების უმრავლესობა – 58% – ამბობდა, რომ უჭირს სამსახურის და სწავლის ერთმანეთთან შეთავსება.

საერთაშორისო კვლევის „ევროსტუდენტი VI“-ის მიხედვით, რომელშიც ევროპის 28 ქვეყანა მონაწილეობს, 2016 წლისთვის ქართველი სტუდენტების 20% იყო დასაქმებული, დასაქმებულთა სამუშაო საათების საშუალო მაჩვენებელი კი 36 საათი იყო.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულ სტუდენტებს შორის, სწავლისა და მუშაობისთვის დათმობილი დროის დიდი ნაწილი მუშაობას ხმარდებოდა – სტუდენტებს სამსახურში 16 და მეტი საათის გატარება უწევდათ. კვირაში 36-საათიანი სამუშაო კი თითქმის სრულ განაკვეთს გულისხმობს. კვლევის მიხედვით, სამუშაოსთვის დათმობილი საათების რაოდენობით საქართველოს მხოლოდ თურქეთი უსწრებს.

ამავდროულად, საქართველოში ყველაზე მაღალია იმ სტუდენტების რიცხვი, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ. საქართველოში გამოკითხულთაგან ასე სტუდენტების 40% მიიჩნევს. საშუალოდ, სტუდენტების შემოსავალის 76%-ს კი ოჯახის დახმარება შეადგენს.

შესაძლებელია თუ არა სრულფასოვანი უმაღლესი განათლების მიღება დასაქმების პარალელურად? რა პრობლემებს აწყდებიან ქართველი სტუდენტები ამ მხრივ და რა ხარვეზები აქვს სახელმწიფოს სტუდენტების დასაქმების პოლიტიკასთან დაკავშირებით? – ამ საკითხებზე „პუბლიკა“ განათლების საკითხების სპეციალისტს, სიმონ ჯანაშიას ესაუბრა.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ამ საკითხს უკავშირდება, არის ის, რომ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღება არის ძვირი.

ერთი შეხედვით, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ მაინცდამაინც ძვირი არაა, ისიც თუ სახელმწიფო უნივერსიტეტებს კერძო დაწესებულებებს შევადარებთ. მაგრამ, თუ შევხედავთ ადამიანების შემოსავლებს და მასთან მიმართებით განვიხილავთ ხარჯებს, რომლებიც უმაღლეს განათლებას უკავშირდება, მაშინ საკმაოდ ძვირია.

ხარჯებში უნდა ჩავთვალოთ არამარტო სწავლის გადასახადი, არამედ ცხოვრების ხარჯიც და ამის გათვალისწინებით, დღეს უმაღლესი განათლების მიღების საფასური  საქართველოში არსებული საშუალო ხელფასს უტოლდება.

შესაბამისად, იმის გამო, რომ ცოტაა სხვა საშუალებები და ახალგაზრდებს მშობლებისგან მხარდაჭერაც არ აქვთ ისეთი, როგორიც ხშირად სჭირდებათ, მათი დიდი ნაწილი ცდილობს, რომ იმუშაოს და ხარჯების დიდი ნაწილი ასე დაფაროს. ეს, ცხადია, ხელს უშლით სწავლაში და მოქმედებს მის ხარისხზეც.

ეს ხელს უშლის უნივერსიტეტსაც ეფექტიანი პროგრამების დანერგვაში. ის იძულებულია, რომ პროგრამები მოარგოს სტუდენტების საჭიროებებს და ამის გამო, მაგალითად, კურსებს გეგმავს გვიან საღამოს, როცა სტუდენტებიც და პროფესორებიც დაღლილი არიან. ამის გარდა, უნივერსიტეტს აღარ ეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ გამართოს ხშირი შეხვედრები სტუდენტებთან, ხშირად გამართოს სემინარები და ა.შ. ესეც, რა თქმა უნდა, აზარალებს ხარისხს.

ეს ყველაფერი კი დგას გარკვეულ იდეოლოგიურ საფუძვლებზე, რაც, ჩემი აზრით, არის არასწორი. ამ იდეოლოგიური საფუძვლის მიხედვით, თუ სტუდენტებმა არ გადაიხადეს ძვირი უმაღლესში სწავლისთვის, მაშინ მათ არ ექნებათ საკმარისი მოტივაცია, რომ მიიღონ უმაღლესი განათლება.

ეს მაინცდამაინც დადასტურებული არ არის. პირიქით, გვაქვს ევროპული და გარკვეულწილად ამერიკული გამოცდილებაც, სადაც სტუდენტები პრაქტიკულად უფასოდ იღებენ გარკვეულ უნივერსიტეტებში უმაღლეს განათლებას. სადაც ვხედავთ იმას, რომ სტუდენტები მოტივირებულნი არიან მაშინაც, როცა არამარტო ვიღაც იხდის მათ გადასახადს, ასევე უფინანსებს საცხოვრებელს და სხვ.

პრობლემურია თუ არა თავად სტუდენტების დამოკიდებულება უმაღლეს განათლებასთან?

სტუდენტების სამუშაოსთან დაკავშირებით პრობლემაა ისიც, რომ ბევრი სწავლას დასაქმების შანსების გასაზრდელად იწყებს.

საქართველოში არსებობს ხარჯების და ამონაგების კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ რაც უფრო მეტ წელს დახარჯავ განათლებაში, მით უფრო იზრდება დასაქმების შანსი. ხშირ შემთხვევაში კი სტუდენტები დასაქმებისას მიიჩნევენ, რომ მათი მთავარი პრიორიტეტი მიღწეულია. პრიორიტეტულია დასაქმება და წყვეტენ სწავლას. ეს კი შემდეგ ხელს უშლით კარიერულ წინსვლაში და მთავარ პრობლემას აჩენს.

სახელმწიფომ ჯერ უნდა გადახედოს თავის იდეოლოგიურ საფუძვლებს. დღეს, სამწუხაროდ, უმაღლესი სასწავლებლების უმეტესობა მომგებიანი ბიზნესია, რომელსაც მფლობელები უყურებენ, როგორც შემოსავლის წყაროს და არა როგორც საზოგადოებრივ ინსტიტუტს. ასეთ პირობებში, ცხადია, სახელმწიფოს არ სურს ფული ჩადოს ვიღაცის მოგებაში.

ამიტომაც, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს არამომგებიანი უნივერსიტეტების განვითარებას, რომლებიც უფრო სოციალურ მიზნებზე იქნებიან ორიენტირებული.

არადა, დღეს საჯარო უნივერსიტეტებიც ბიზნესმოდელის პრინციპით მუშაობენ. რაც უფრო მეტი სტუდენტი ეყოლებათ, მით მეტი აქვთ გადარჩენის შანსი. მოგება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სახელმწიფომ ამის შეცვლაზეც უნდა იზრუნოს.

ასევე პრობლემა არის, მაგალითად, ისიც, რომ სახელმწიფო რიგ შემთხვევაში უარს ამბობს უფრო მაღალი ხარისხის პროგრამის დაფინანსებაზე და აფინანსებს შედარებით დაბალი ხარისხის პროგრამებს. მაგალითად, სახელმწიფო უარს ამბობს კერძო უნივერსიტეტების პროგრამულ დაფინანსებაზე და აფინანსებს მხოლოდ საჯაროებს. იმ შემთხვევაშიც კი, როცა იგივე პროგრამა შეიძლება უფრო ხარისხიანი იყოს კერძოში.

საბოლოოდ, სახელმწიფო სტუდენტების ნაწილს განაწყობს, რომ წავიდნენ იქ, სადაც მათ წარმოდგენაში არის პრესტიჟი და ამაში გადაიხადონ უფრო მაღალი ფასი.

უნდა იზრუნოს თუ არა სახელმწიფომ უშუალოდ სტუდენტების დასაქმებაზე და როგორი უნდა იყოს მისი პოლიტიკა?

ამ მხრივ, კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, არის სწავლასთან მუშაობის ინტეგრაცია.

პრაქტიკა სწავლასთან უნდა იყოს ინტეგრირებული, უნდა გაიზარდოს შესაძლებლობები, რომ სტუდენტები, თუ მათ ამის სურვილი აქვთ, დასაქმდნენ იმ სექტორში, რომელიც ახლოს არის მათ განათლებასთან და არა ისეთ ადგილას, რომელიც უბრალოდ დროს დააკარგვინებს და ხელს შეუშლის სწავლაში.

ამიტომ, თუ იქნება მცდელობა, რომ სახელმწიფო დაეხმაროს სტუდენტებს საწარმოო პრაქტიკის მიღებაში – საავადმყოფოებში, კვლევით ორგანიზაციებში, ფინანსურ, საჯარო სექტორში და ა.შ., ეს იქნებოდა სასარგებლო სტუდენტებისთვის და არა დანაკლისი მათი განათლებისთვის.

როგორია იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებშიც უმაღლეს განათლებასთან ერთად დასაქმების უფრო წარმატებული მოდელი არსებობს?

სტუდენტების დასაქმების პრობლემა გლობალურია, მაგრამ, ცხადია, არსებობს შედარებით უფრო წარმატებული მოდელები. მაგალითად, არსებობს დაფინანსების მოდელები ამერიკაში, სადაც ცალკე შტატი ან შეიძლება გარკვეული მუნიციპალიტეტიც აფინანსებდეს გარკვეულ პროგრამას. ჩვენთან მუნიციპალიტეტები პრაქტიკულად არ არიან ჩართული არც სასკოლო და არც უმაღლესის დონეზე. ეს, ჩემი აზრით, შეცდომაა.

მაგალითად, თბილისი რომ იყოს ჩართული, თბილისში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერაში, ეს დაეხმარებოდა სტუდენტებს უკეთესი ხარისხის ან ხელმისაწვდომობის მიღებაში. ეს არის ერთი გზა.

მეორე გზა ისაა, რომ თავად უნივერსიტეტებში არსებობს ისეთი პროგრამები, რომლითაც სტუდენტი ფინანსდება თავისი მუშაობით. ანუ, როდესაც უნივერსიტეტში ხვდება და ვერ იღებს სტიპენდიას სხვა წყაროსგან, მაშინ შეიძლება უნივერსიტეტმა სტუდენტს შესთავაზოს, რომ გარკვეული შრომა გასწიოს მისთვის და ამით დაფაროს სწავლის საფასური. ასეთი მოდელები ჩვენთან იშვიათია. ხოლო თუ არის, იშვიათად, უბრალოდ იქვე დასაქმებას სთავაზობენ ხოლმე.

სახელმწიფომ შეიძლება ასეთი სამუშაოების სუბსიდირებაც კი გააკეთოს. მაგალითად, უნივერსიტეტს დაუფინანსოს ექსპედიციები, ბიბლიოთეკები, კვლევითი პროექტები და ა.შ. რომლითაც მერე უნივერსიტეტი საკუთარ სტუდენტს სწავლას დაუფინანსებს.

გარდა ამისა, ევროპაში არის დაფინანსების გარკვეული სისტემები, როდესაც უნივერსიტეტებს გრძელვადიანი პერსპექტივით აძლევენ დაფინანსებას გარკვეული კვლევითი, სასწავლო ან კომბინირებული პროგრამების დასანერგად. ჩვენთან კვლევითი გრანტები არსებობს, მაგრამ არა საუნივერსიტეტო დონის. ანუ ამ ორგანიზაციების დონეზე არ ხდება კვლევითი ჯგუფების ჩამოყალიბება.

საქართველოს მთავრობამ რომ დააფინანსოს, მაგალითად, 10-წლიანი პროექტი სოფლის მეურნეობაში, რომელიც მოიცავს კვლევით კომპონენტსაც, აღჭურვილობის შეძენასაც და ა.შ., გამარჯვებულ უნივერსიტეტს ასეთ საგრანტო პროგრამაში 10 წელი ექნებოდა გარანტირებული შემოსავლები და ექნებოდა ვალდებულებებიც, რომლებიც შეთანხმებული იქნებოდა სახელმწიფოსთან.

ასეთი საგრანტო სისტემების ფარგლებში უნივერსიტეტები უკვე აღარ ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება სწრაფად მაქსიმალური მოგება მიიღონ და  მეტად ორიენტირებული არიან გრძელვადიანად პროფესორის მოზიდვაზე, სტუდენტების მოზიდვაზე, მხარდაჭერაზე და ა.შ.  იმიტომ, რომ უფრო სტაბილური საფუძველი აქვთ და უფრო მდგრადი არიან. მსგავსი პროგრამებიც მნიშვნელოვანი იქნებოდა, ჩემი აზრით.

შევაჯამოთ, როგორ შეიძლება უფრო შედეგზე ორიენტირებული გავხადოთ სახელმწიფო პოლიტიკა სტუდენტების დასაქმებასთან მიმართებაში?

პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა შეცვალოს დაფინანსების პრინციპი, მათ შორის, საჯარო უნივერსიტეტებში. იმისთვის, რომ მათაც შეცვალონ პრიორიტეტები. პრიორიტეტი უნდა იყოს არა მაქსიმალური მოგების მიღება მინიმალური ძალისხმევით, არამედ ცოდნის განვითარებაზე, სოციალურ პროგრამებზე და ა.შ. ზრუნვა.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ხარჯების შემცირება. ამისთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ არა საკმარისი პირობაა იდეოლოგიური ცვლილება. ხარჯების შემცირება შესაძლებელია დაფინანსების სხვადასხვა სქემის შემოღებით, დაფინანსებული პროგრამებით.

მესამეა – იმ ინტერესის ინტეგრირება სასწავლო კომპონენტში, რომელიც აქვთ სტუდენტებს – ანუ სწავლასთან ერთად შემოსავლისა და სამუშაო გამოცდილების მიღების. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს სტუდენტებს, რომ სწავლის პერიოდში მუშაობდნენ იმ მიმართულებით, რომლითაც შემდეგ უკვე კარიერული წინსვლისთვის ისარგებლებენ.


გამოცემულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.