ხარკივს ისევე სჭირდება დახმარება, როგორც ომის პირველ დღეებში | ოლჰა ბულგაკოვა უკრაინიდან

ხარკივი უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქია, 1,5 მილიონი მცხოვრებით. ის უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით რუსეთის საზღვართან მდებარეობს. ჯერ კიდევ ომის წინ, სამხედრო საქმისა და პოლიტიკის სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ ის იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე რუსული არმიისთვის.

ხარკივი არამხოლოდ გამორჩეული ქალაქი, არამედ ერთგვარი გასაღებიც იყო უკრაინის აღმოსავლეთის დასაპყრობად. რუსებმა ომის დაწყებისთანავე დაიწყეს ხარკივის რეგიონის დაკავება და ქალაქში შესვლაც სცადეს, თუმცა უშედეგოდ. უკრაინელმა სამხედროებმა რუსებისთვის უმნიშვნელოვანესი სამიზნის შენარჩუნება შეძლეს, ომის პირველი ეტაპის დასრულებისას რუსებმა ქალაქიდან უკან დაიხიეს.

თუმცა, რუსული არმია ცდილობს ხარკივის ჩრდილოეთით პოზიციები შეინარჩუნოს, რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილი კი ახლაც ოკუპირებული აქვს. როგორც ჩანს, კრემლში თუ თავად ქალაქის არა, ხარკივის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპირება ისევ მიზნად აქვთ. თუმცა, ვაშინგტონში იმასაც ამბობენ, რომ რუსეთს არც ქალაქის დაკავების იმედი დაუკარგავს.

ოლჰა ბულგაკოვა ხარკივში ცხოვრობს, მოხალისეა და ჰუმანიტარულ ორგანიზაციას უძღვება. როგორც ჰყვება, ომამდეც აქტიური მოქალაქე იყო, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია და სხვადასხვა სამოქალაქო პროექტში იყო ჩართული.

„ომის პირველი კვირა ჩვენთვის აბსოლუტური შოკი იყო. ჩემი ოჯახი ხარკივის მიმდებარედ, იმ დასახლებაში ცხოვრობდა, რომელიც მალევე ფრონტის ხაზზე აღმოჩნდა. ომის დაწყებიდან ერთი კვირა, კიდევ ვახერხებდით სახლში ყოფნას. 4 მარტს უშუალოდ ჩვენ გარშემო დაიბომბა სახლები, ჩაიმსხვრა ჩვენი სახლის ყველა ფანჯარაც.

ეს იყო მომენტი, როცა გავიაზრე, რომ მე მეტი უნდა გამეკეთებინა ჩემი ქალაქისთვის, ჩემი ქვეყნისთვის. დამეწერა უცხოური გამოცემებისთვის სტატიები და ჩავრთულიყავი მოხალისეობრივ საქმიანობაში, ვყოფილიყავი ხარკივში უბრალო ხალხის დასახმარებლად.

თუმცა, პირველ რიგში, ჩემი მშობლები უფრო უსაფრთხო ადგილას, უკრაინის ცენტრალურ ნაწილში წავიყვანე. ეს კი მარტივი არ ყოფილა. მარტის დასაწყისი იყო, ხალხი პანიკით მოცული. იბომბებოდა ქუჩები, რკინიგზის სადგური. 1,5 მილიონიან ქალაქს კი ყოველდღიურად მხოლოდ 3 საევაკუაციო მატარებელი ტოვებდა.

ეს ყველაფერი ჯოჯოხეთური გამოცდილება იყო. მშობლების გაცილების შემდეგ მე ხარკივში დავბრუნდი და დავიწყე მოხალისეობა“, – ჰყვება უკრაინელი მოხალისე „პუბლიკასთან“.

ოლჰა ამბობს, რომ მას მოხალისეობრივ საქმიანობაში რიგითი მოქალაქეები შეუერთდნენ, ისინი, ვისაც მის მსგავსად თავიანთი ქალაქის და ქვეყნის დახმარება სურდათ. მოხალისეები ცდილობენ, რომ უკრაინელ მოქალაქეებსა თუ საერთაშორისო საზოგადოებას მიაწვდინონ ხმა, თუ რა სჭირდება ხალხს, ვინც ომისგან დაზარალდა.

ომისგან დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებს კი, მოხალისეები Instagram-ზე, Kharkiv Aid Office-ის გვერდზე იღებენ. Kharkiv Aid Office სწორედ ოლჰას მიერ დაარსებული მოხალისეობრივი პლატფორმაა.

„სოციალური მედიის მუშაობაზე რაღაცები ვიცოდი და ამიტომ ეს პლატფორმა ავირჩიე. ჩვენ ვიღებთ თხოვნებს ხალხისგან, შემდეგ ვცდილობთ მოვაგროვოთ საკვები, მედიკამენტები და დავეხმაროთ ხალხს. ამასთან ჩვენ ვეხმარებით სამხედროებსაც უკეთ აღჭურვაში, რაც ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან რუსებმა ისევ მძლავრი შეტევები წამოიწყეს ხარკივის რეგიონში. აქ სიტუაცია ახლა იმაზე რთულია, ვიდრე აპრილში იყო“, – ჰყვება ოლჰა ბულგაკოვა „პუბლიკასთან“.

Kharkiv Aid Office-ის მოხალისეები ხშირად აახლებენ ინფორმაციას, თუ რა დახმარება გაუწიეს ხარკივის რეგიონის მცხოვრებლებს. ისინი ცდილობენ მისვლას ხალხთან, რომელთაც დამოუკიდებლად უჭირთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქციის შეძენა. ეხმარებიან სამხედროებსაც, მათ შორის, მათ წამოიწყეს კამპანია, რომ ხარკივის დამცველთათვის უპილოტო საფრენი აპარატები შეეძინათ.

ოლჰა ამბობს, რომ ხარკივის რეგიონის დიდი ნაწილი ისევ რუსული ოკუპაციის ქვეშ რჩება, დაბლოკილია გზების ნაწილი და მოხალისეებს დიდი რისკის ქვეშ უწევთ მუშაობა. ჰყვება, რომ კვლავინდებურად იბომბება ქალაქის შემოგარენი, ხარკოვის მიმდებარე დასახლებები კი ნანგრევებად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ხარკოვის გარშემო რუსებმა უკან დაიხიეს, ხარკივის აღმოსავლეთით ისინი ისევ ცდილობენ ტერიტორიების დაკავებას.

„გვაქვს კიევთან დამაკავშირებელი მხოლოდ ერთი ძირითადი უსაფრთხო და ღია გზა. ხარკივი თითქოს ნაცრისფერ ზონაში მოექცა“, – წუხს ოლჰა.

მოხალისე ჰყვება, რომ დროთა განმავლობაში რთულდება იქ მცხოვრებთა როგორც ფიზიკური, ისე მენტალური მდგომარეობა. ომი უკვე ოთხ თვეზე მეტია, გრძელდება და ხალხი გადაიღალა.

„ახლა განწყობა ომის პირველ დღეებთან შედარებით ძალიანაა შეცვლილი. ხალხი გადაიღალა, განადგურდა ფიზიკურად და მენტალურად“, – დასძენს უკრაინელი მოხალისე.

ოლჰა ბულგაკოვა „პუბლიკასთან“ ასევე ამბობს, რომ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მოსახლეობას ძალიან უჭირს, მოხალისეები მათზე ზრუნავენ, მაგრამ ჰუმანიტარული დახმარების ნაწილი სწორად არ ნაწილდება და სხვადასხვა სტრუქტურაში კორუფციული სქემები მუშაობს. რაც რიგითი უკრაინელების მდგომარეობას უფრო ართულებს.

მისი თქმით, რუსეთთან გაჩაღებულ საინფორმაციო ომში უკრაინის ხელისუფლებაც ცდილობს, რომ რეალობა სასურველი კუთხით წარმოაჩინოს. შიდა პრობლემებზე ნაკლებად საუბრობს და აქცენტი საგარეო მიმართულებით გადაიტანოს. მაგრამ ბულგაკოვას თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოება სრულად იყოს ინფორმირებული და ეს პირიქით, ქვეყანას დაეხმარება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მოვიგებთ ამ ომს. მაგრამ აქ დიდი წვლილი იქნება საზოგადოების, მოხალისეების, ვინც მთელი ძალით უჭერს მხარს ჩვენს არმიას.

ჩვენთვის დიდი ტრაგედიაა რუსეთის ომი აქ, ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა ახლა. მაგრამ მეორე ადგილზე ნამდვილად დგას კორუფცია, კორუფცია, რომელიც ომამდეც ბევრ პრობლემას ქმნიდა, ომის დროს კი, კიდევ უფრო გაუარესდა“, – ჩივის ოლჰა ბულგაკოვა.

მისი თქმით, გარკვეულწილად განსხვავებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ უკრაინელები, რომლებმაც იძულებით დატოვეს სახლები, მაგრამ თავი სხვა ქვეყნებს შეაფარეს და ის უკრაინელები, ვისაც სახლების დატოვება მოუწიათ, მაგრამ ქვეყნიდან არ ისურვეს გასვლა. რადგან უკრაინელებმა სხვა ქვეყნებში უკეთესი საცხოვრებელი პირობები მიიღეს.

ოლჰა „პუბლიკასთან“ ამბობს იმასაც, რომ მისთვის კიდევ ერთი გულსატკენი გარემოება ისაა, რომ მას შემდეგ, რაც ომმა, მეტწილად უკრაინის აღმოსავლეთში გადაინაცვლა, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე მოსახლეობა ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება და ფრონტის ხაზზე დარჩენილ ხალხს თითქოს ივიწყებენ.

„მე დავრჩი ხარკივში, რადგან ვგრძნობ, რომ საჭიროა აქ ვიყო. იმის გარდა, რომ ვეხმარები ხალხს საკვებისა თუ მედიკამენტების მიღებაში. ვცდილობ ჩვენი მოხალისეების საქმიანობას ფოტოები გადავუღო, მეტ ხალხს მივაწვდინო ჩვენზე ხმა. ვმუშაობ როგორც ჟურნალისტი, თარჯიმანი და ასევე, როგორც ჩვენი ორგანიზაციის საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი, ვცდილობ საერთაშორისო ფონდების მოზიდვას.

ამ დროს კი, გული მწყდება, რომ უკრაინის სხვა რეგიონებში, ცხოვრება თითქოს ძველ რეჟიმში დაბრუნდა. როცა იქ ჩავდივარ, ვხვდები ხალხს, ვინც სხედან კაფეებსა და ბარებში, სვამენ ლუდსა თუ ღვინოს, ერთობიან ატრაქციონებით.

გერმანულ და ფრანგულ პროდუქტებსაც კი შეხვდებით მაღაზიებში, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარების სახით, იმ ხალხთან უნდა მისულიყო, ვისაც ახლა ის ყველაზე მეტად სჭირდება. ვისაც აქ ადგილობრივი მოხალისეები ვეხმარებით“, – ამბობს ოლჰა.

ოლჰას თქმით, ხარკივის მოხალისეები, რიგითი მოქალაქეები ყველაფერს ცდილობენ, უკანასკნელ ფულს ხარჯავენ ჰუმანიტარული მიზნებისთვის, იმისთვის, რომ ომით დაზარალებულმა ხალხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსების გარეშე არ დარჩეს.

ამიტომ, ხარკიველი მოხალისე ამბობს, რომ ის ასევე ცდილობს, გაავრცელოს ინფორმაცია ხარკივზე, აღმოსავლეთ რეგიონებში არსებულ სიტუაციაზე, არამედ ქვეყნის შიგნითაც. ჰყვება, რომ ხშირად ესაუბრება მეგობრებსა და კოლეგებს, ვინც უკრაინის დასავლეთ ნაწილში ან საზღვარგარეთ ცხოვრობს.

ასევე, მისი თქმით, მოხალისეები, მათ შორის, თავადაც, ცდილობენ, რომ მეტი კონტროლი მოიპოვონ ჰუმანიტარული ტვირთების განაწილებაზე, რათა ის მისწვდეს ყველაზე მეტად დაზარალებულ მოსახლეობას.

ოლჰა იმედოვნებს, რომ დასავლეთის დახმარება კიდევ უფრო გაიზრდება, მიუხედავად მისი შიშებისა, რომ განაწილებისას წარმოქმნილ პრობლემებზე ევროპაშიც იქნებიან ინფორმირებული. ოლჰას თქმით, ხარკივის მოსახლეობას ახლა ძალიან სჭირდება საერთაშორისო საზოგადოების თანადგომა და იმედი აქვს, რომ მათ რთულ ცხოვრებას ომის დასრულებამდე შეამსუბუქებენ.

„რა თქმა უნდა, არის ოფიციალური ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც მუნიციპალიტეტები განაგებენ. მაგრამ ყოველთვის, როცა ვეუბნები ჩვენს ბენეფიციარებს, რომ მიმართონ მათ, ჩივიან, რომ ის ხშირად არასაკმარისი რაოდენობით მოდის ან ზოგ ადგილას ხალხს მათზე წვდომა არ აქვთ.

ჩვენ კი დღეში ასობით შეტყობინებას ვიღებთ, ხალხისგან, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ. Kharkiv Aid Office-ს კი ამდენი საშუალება არ აქვს. ხშირად გვიწევს, რომ უარი ვუთხრათ, ვუხსნით, რომ არ გვაქვს ამჟამად საშუალება, არ გვაქვს საკვები და მედიკამენტები და ვეცდებით მომდევნო დღეებში ან კვირებში დავეხმაროთ, მაგრამ ხშირად ამაზე გაბრაზებულ, უხეშ პასუხსაც ვიღებთ. გვწერენ სიძულვილის შემცველს წერილებსაც. საწყენია, მაგრამ გვესმის, რომ მათ მართლაც შიათ და არ აქვთ არსებობისთვის მნიშვნელოვანი ნივთები.

ამიტომ ვცდილობთ, მივაწვდინოთ ხმა საერთაშორისო საზოგადოებასაც, რომ ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში უკან დახევის მიუხედავად, უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთ ნაწილებში ვითარება ისევ კრიტიკულია და ხალხს ისევ ისეთი ძლიერი მხარდაჭერა სჭირდება, როგორსაც უკრაინა ომის საწყის ეტაპზე იღებდა.

ხარკივი სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს რუსეთისთვის, მათ ისევ სურთ ჩვენი დაპყრობა. მე კიდევ არ მსურს, ჩემი ქალაქიც დონბასივით რუხ ზონად იქცეს, ამიტომ ხარკივს ისევე სჭირდება დახმარება, როგორც ომის პირველ დღეებში“, – ამბობს ოლჰა ბულგაკოვა „პუბლიკასთან“.