კორონავირუსი: რა ვიცოდით და რა ვიცით ახლა - ინტერვიუ კაკი ზოიძესთან

ლიკა ზაკაშვილი

ახალი კორონავირუსის გარშემო ჯერ კიდევ ბევრი რამ უცნობია. ვირუსთან დაკავშირებული კვლევები ინტენსიურად მიმდინარეობს და მთელი რიგი ცენტრალური საკითხები ჯერ ისევ უპასუხოდ რჩება. რა ისწავლა მსოფლიომ ვირუსის გავრცელებიდან დღემდე მისი ბუნების შესახებ. როგორ იმუნიტეტს ტოვებს? განიცდის თუ არა მუტაციას? როგორია სიკვდილიანობის მაჩვენებელი და რა ეტაპზეა ეტიოტროპული მედიკამენტისა და ვაქცინის შემუშავების პროცესი? – ამ და სხვა საკითხებზე „პუბლიკა“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტს კაკი ზოიძეს ესაუბრა.

იმუნიტეტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. რა ცოდნა დაგროვდა ამ თვეების განმავლობაში ამ საკითხის ირგვლივ? 

საბოლოო მონაცემები არ გვაქვს. დადასტურდა რეინფიცირების რამდენიმე შემთხვევა – იყო შემთხვევები, როცა 3 თვის განმავლობაში ერთი და იგივე პიროვნება დაინფიცირდა.

ამ საკითხის გარშემო გარკვეული დეტალები კამათის საგანი შეიძლება იყოს, თუმცა, რაც გარკვევით ჩანს, არის ის, რომ აბსოლუტური იმუნიტეტი არ არსებობს.

არის ზოგიერთი  დაავადება, რომელსაც თუ ერთხელ გადაიტან, განმეორებითი ინფიცირება არ ხდება.

კოვიდ 19-ის შემთხვევაში როგორია იმუნიტეტის სიმყარე, რამდენი თვე გრძელდება  და რამდენად მდგრადია – ამაზე ჯერჯერობით საბოლოო დასკვნა არ არსებობს. ამაზეა დამოკიდებული ვაქცინის ეფექტურობის საკითხიც.

9 სექტემბერს შეჩერდა ყველაზე პერსპექტიული ვაქცინის ტესტირება. ის 30, 000-მდე მოხალისეზე იცდება და დროებით კლინიკური ცდა შეჩერდა, რადგან ერთ-ერთ მონაწილეს აღმოაჩნდა გვერდითი მოვლენები, რომელთა შესწავლაც აუცილებელია.

ჩემი აზრით, აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ჯანმო-მ ვაქცინების ალიანსთან ერთად ერთობლივად წამოიწყო ინიციატივა, რომელსაც 170 -მდე ქვეყანა შეურთდა, და რომლის მიზანი ვაქცინის საკითხის გარშემო გლობალური კოორდინაციაა. სამწუხაროდ,  ჩინეთი, აშშ, რუსეთი ამ ინიციატივას ჯერ არ შეერთებია. ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს არასაჭირო მარაგების შექმნა და ფასებით სპეკულაცია. ჩვენს ქვეყანასაც აქვს შეტანილი განაცხადა, რომ, როგორც კი ხელმისაწვდომი იქნება ვაქცინა, ჩვენი მოსახლეობის 20% აიცრას.

გადადების გზები ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იყო…

გადადების გზებთან დაკავშირებით სულ უფრო მეტია მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ინფიცირება მაინც აეროზოლის სახით არის შესაძლებელი. აეროზოლი არის უწვრილესი წვეთი, რომელიც თვალით არ ჩანს.

სულ უფრო მცირდება მტკიცებულებები და ნაკლებ პროცენტზეა საუბარი ზედაპირებიდან ინფიცირებასთან დაკავშირებით, რადგან, როგორც ირკვევა, ზედაპირებზე ვირუსი მალე იღუპება. დაბინძურებული საკვებიდან ინფიცირების შემთხვევებიც არ გვაქვს. გაყინულ ქათამზე აღმოაჩინეს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაშინვე თქვა, რომ საკვებით გადაცემა დადასტურებული არაა.

„დონას“ კლასტერის გაფართოების მიზეზიც იყო სწორედ დახურული შენობა და 15 წუთზე ხანგრძლივი უშუალო კონტაქტი ინფიცირებულთან. ყველაზე დიდი რისკი ინფიცირებულთან პირბადის გარეშე დახურულ სივრცეში 15 წუთზე ხანგრძლივად, დისტანციის დაცვის გარეშე ურთიერთობაა. ასეთ შეთხვევაში ჩნდება ინფექციის გადადების ყველაზე მაღალი ალბათობა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია დისტანცია, პირბადეები და სივრცის განიავება.

ეტიოტროპული მედიკამენტი  ჯერ ისევ არ შექმნილა. ხომ ასეა?

ეტიოტროპული მედიკამენტი ჯერ არ არის. იცით, რომ FDA -იმ [აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაციამ] და რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის ევროპის წამლის სააგენტომ დასტური რემდესივირის გამოყენებას ამ მიზნით მისცა, მაგრამ წამალი, რომელიც ამ დაავადების მიმდინარეობის მკვეთრად შემსუბუქების გარანტიას მოგვცემს, ჯერ არ არსებობს. კვლავაც სიმპტომური მკურნალობაა ძირითადი იარაღი და კვალაც ვაქცინაა იმედი.

მუტაცია – ამ საკითხზე რას გვეტყვით?

იყო შიში, რომ კორონავირუსი მუტაციას განიცდიდა და გაიზრდებოდა [კონტაგიოზურობა] ინფექციის გადადების სისწრაფე და ერთი ადამიანის მიერ დაინფიცირებულთა რაოდენობაც, ან ვირუსი უფრო მეტად მომავკდინებელი გახდებოდა. ასეთი მუტაცია ჯერჯერობით არაა.  იყო ერთი საყურადღებო მუტაცია, რომელიც ფართოდ გავრცელდა მსოფლიოში და ამას გადადების მკვეთრი ზრდა ან სიკვდილიანობის მატება არ გამოუწვევია.

ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელიც კვლევის საკითხებიდან ერთ-ერთი ძირითადი იყო…

რაც უფრო იზრდება ტესტირების შესაძლებლობები, მით უკეთ ხდება იმის დათვლა, რა არის რეალური გავრცელების მასშტაბი. დღეს სხვადასხვა შეფასებით უფრო ადვილად შეგვიძლია ამის დადგენა. ტარდება სეროპრევალენტობის კვლევები და ითვლება, რომ საშუალოდ ინფიცირებულთა 40%-ში დაავადება უსიმპტომოდ მიდის, ან ისე, რომ ადამიანი პრაქტიკულად ვერ ამჩნევს მას.

სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვანაირად ითვლის სიკვდილობას. ჩვენთან ბოლოს გარდაცვლილი პაციენტის სიკვდილის ძირითადი მიზეზი კოვიდი არ ყოფილა, მაგრამ მაინც ჩაითვალა კოვიდთან დაკავშირებულ სიკვდილად. ასევეა მთელ რიგ ქვეყნებში. მაგრამ ბევრი ქვეყანა ამას ასე არ თვლის – თუ გარდაიცვალა სხვა დაავადებით და კოვიდი თანმხლები იყო, ის არ ითვლება კოვიდით სიკვდილობის სტატისტიკაში. ამიტომ შედარება ქვეყნების მიხედვით საფრთხილოა და შეიძლება ყალბი წარმოდგენა შექმნას, რომ ან შემცირდა სიკვდილობა ან თვისობრივი ცვლილება მოხდა ვირუსში. არანაირი ნიშნები, რომ ან შემსუბუქდა, ან გაიზარდა ან რომელიღაც ამერიკული ვირუსი უფრო პათოგენურია და ქართული ნაკლები – არ არსებობს.

სწრაფი ხარისხიანი ტესტების არსებობა და ხელმისაწვდომობაც ერთ-ერთ პრობლემად ითვლება.

უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე დიდი გარღვევა ამ მიმართულებით გვაქვს – გამოჩნდა ძალიან საიმედო ანტისხეულებზე და ანტიგენზე ორიენტირებული ტესტები. ტესტირების დროც შემცირდა და იძლევა შესაძლებლობას, კარგად ვმართოთ ინფექცია – დიაგნოსტირება დროულად მოვახდინოთ, რომ დავადგინოთ, რამდენ პროცენტს აქვს და როგორია საზოგადოებაში გავრცელება. ოთხი, ხუთი ძალიან საიმედო ტესტი გამოჩნდა, რომლის გამოც ტესტირების შესაძლებლობები მკვეთრად გაიზარდა.

უახლოეს პერიოდში საქართველოში დღეში 10, 000-მდე უნდა გავზარდოთ ჩატარებული ტესტების რაოდენობა, დღეს საშუალოდ 5000-მდე ტესტი ტარდება, ეს რაოდენობა გასაორმაგებელია, რომ  ეფექტიანად შევძლოთ მართვა, როგორც კი შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს და, რა თქმა უნდა, მოიმატებს. ყველა საუბრობდა სპეციალისტები თუ არასპეციალისტები, აფრთხილებდნენ ერთმანეთს, რომ როგორც კი ოდნავ მიუშვებ და ზომების შემსუბუქება მოხდება, ყურადღებას გადაიტან და არ დაიცავ წესებს, ფორმალობად გადააქცევ პირბადის ტარებას – ეს აუცილებლად გამოიწვევდა იმას, რაც დღეს ხდება. ახლა მთავარია, არ მოხდეს მასობრივი გავრცელება.

ჯერ, როგორც ჩანს,  ფართო საზოგადოებრივი გავრცელება არაა, ეპიდსამსახურები ახერხებენ მუშაობას, კონტაქტების გამოვლენას და სიტუაციის მართვისთვის სწრაფ იზოლაციას აზრი აქვს…  

ძირითადი იარაღი დღემდე მთელ მსოფლიოში რჩება კონტაქტების ეფექტიანი მიკვლევა მოკლე დროში, მათი ტესტირება, ტესტის პასუხის მოკლე დროში მიღება და შემდგომ უკვე, თუ უარყოფია იზოლირება და თუ დადებითია – შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანა.

თუ კონტაქტების 90%-ს ეფექტიანად ვაკვლევთ პირველი 48-დან 78-საათის განმავლობაში და ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ზევით ჩამოვთვალე, ჩათვალეთ, რომ რამდენიმე ასეულიც რომ იყოს დღეში, ამის გაძღოლა/კონტროლი ეპიდემიოლოგიურ სამსახურსა და ჯანდაცვის სისტემასაც შეუძლია. ოღონდ ეს უკვე ყვითელი ზონა იქნება.

ტესტირება დღეს კრიტიკული მნიშვნელობისაა. ქვეყანაში ტესტების მარაგი არსებობს და გასაზრდელია შესაძლებლობები როგორც ლაბორატორიების კუთხით, ისე ადამიანური რესურსის თვალსაზრისით.

მეორე, რაც მნიშვნელოვანია, ეს არის საყრდენი სადგურების გაძლიერება, რომლებიც მუდმივ კვლევას აწარმოებენ, როცა  ქვეყანაში ვირუსები ვრცელდება. ახლა გრიპის სეზონი რომ იწყება, ორმაგი ტვირთი იქნება ეს და ადამიანებს შიშის მეტი საფუძველი ექნება, როდესაც გრიპის ყველა შემთხვევაზე ეჭვი კოვიდზე იქნება. ცხელების სიმპტომების შემთხვევაში მნიშვნელოვანია ზედმიწევნითი კონტროლი. საყრდენი სადგურებით ეპიდემიოლოგიური კონტროლი უნდა გაგრძელდეს, რომ დავადგინოთ, ხდება თუ არა ფარული გადაცემა.

ვირულენტობა – იყო საუბარი, რომ თითქოს ვირუსი ნაკლებად ვირულენტური ხდება.

ჩვეულებრივი კანონზომიერებაა, რაც უფრო ვრცელდება ვირუსი, მისი ვირულენტობა ჩვეულებრივ იკლებს, ანუ ადამიანებს მეტად შეუძლიათ წინააღმდეგობის გაწევა და თვითონ ვირუსიც ნაკლებად აგრესიულია. აქ რამდენიმე მექანიზმი მუშაობას და რომ არ ჩავუღრმავდეთ, უბრალოდ ვთქვათ, რომ ეს კანონზომიერება არსებობს.

ებოლა გაცილებით მომაკვდინებელია, ვიდრე ახალი კორონავირუსი, მაგრამ იმის გამო, რომ ის ძალიან მომაკვდინებელია, ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, ვერ ვრცელდება, რადგან კლავს მის მასპინძელს მანამ, სანამ ის სხვა ადამიანებისთვის მის გადადებას შეძლებს.

წითელას ვირუსის გადადების მაჩვენებელი მაღალია. ერთმა ადამიანმა შეიძლება  18 გადასდოს. თან მნიშვნელოვანია, რომ იმ პერიოდში სდებს, როცა სიმპტომები ჯერ გამოვლენილი არ არის. ის შიში, რომ გადაცემა მკვეთრად გაიზრდებოდა და, მეორე მხრივ, გაიზრდებოდა ვირულენტობა ჯერჯერობით არ დასტურდება.

მნიშვნელოვანია ერთი რამ, რომ სულ უფრო მეტი მონაცემი გროვდება, რომ ვირუსს არამხოლოდ მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი ზემოქმედების ეფექტი აქვს სხვადასხვა ორგანოზე, უფრო საყურადღებო და სახიფათოა, ვიდრე აქამდე ეგონათ. გარდა სასუნთქი სისტემისა, ხდება სხვა ორგანოებზე ზემოქმედება და მათ შორის გრძელვადიან შედეგებს იწვევს – იგივე მენტალურ სფეროსა და შინაგან ორგანოებზე, საუბარია შარდსაწვეთ გზებზე და სხვა.

ჯანმო-მ შეიმუშავა რეკომენდაციები ქვეყნებისთვის, სადაც საუბარია განგაშის სხვადასხვა დონეებზე…

ჯანმო-მ რეკომენდაციები გასცა ქვეყნებზე, თუ როგორი უნდა იყოს მზადყოფნა, ე.წ. მეორე თუ მესამე ტალღებისთვის. გრძელდება ეს ინფექცია და გაგრძელდება მანამ, სანამ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს არ შეექმნება მყარი იმუნიტეტი ამ დაავადების მიმართ, იქნება ეს ვაქცინის შედეგი, თუ იმის გამო, რომ ბევრს დაემართება, რაც არასასურველი სცენარია.

ჯანმო-მ გასცა გარკვეული რეკომენდაციები იმ გამოცდილების საფუძველზე, რომელიც არსებობს პანდემიის მართვასთან დაკავშირებით. მისცა ზოგადი რეკომენდაციები – რა უნდა გააკეთო, როცა შემთხვევა ერთეულია, როცა არის სპორადული გავრცელება, ანუ კლასტერებია და არის მესამე დონე საზოგადოებრივი ტრანსმისია. მეოთხე დონეა სრული აფეთქება ქვეყნის მასშტაბით. შემუშავებულია ოთხი სავარაუდო დონე და ამ დონეების მიხედვით მზადყოფნა როგორი უნდა იყოს და რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ ეპიდემიოლოგიური და შეზღუდვების კუთხით და ა.შ. ეს იყო ზოგადი ჩარჩო-გეგმა და თითოეული ქვეყანა ამაზე არგებს თავისი ეროვნული სამოქმედო რეაგირების გეგმას.

მე ვიცი, რომ ასეთი გეგმა თვეზე მეტია მზადდება. ვერსია არსებობს, ექსპერტებთან გაზიარდა კომენტარებისთვის და უახლოეს პერიოდში გამოყენებული იქნება მთავრობის მიერ.

ახლა სამუშაო ვერსია მზად არის. ვიცი, რომ ის პრინციპია დადებული, რაც მე აღგიწერეთ. განგაშის სამი დონეა  – მწვანე, ყვითელი და წითელი. ეს დონეები განისაზღვრება კონკრეტული მაჩვენებლის მიხედვით.

რის მიხედვით განისაზღვრება, მაგალითად, ინციდენტობის მაჩვენებელი ასი ათას მოსახლეზე?

რამდენი შემთხვევა გვექნება ასი ათასს მოსახლეზე ბოლო 14 დღის განმავლობში – ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორია და ამის მიხედვით ერთვება სხვადასხვა მექანიზმი.

თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში ყოველდღიურად 20-30 შემთხვევაა ასი ათასს მოსახლეზე, რაც დაახლოებით 900-1000 შემთხვევაა ქვეყნის მასშტაბით, ეს უკვე ნიშნავს, რომ ძალიან ცუდად არის საქმე და საზოგადოებრივი გავრცელება გვაქვს. ეს ციფრი უკვე წითელი ზონაა. ყვითელია – 200-300 შემთხვევა დღეში სტაბილურად 2 კვირის განმავლობაში.

10-დან 5 წყაროს თუ ვერ ადგენ, ნიშნავს, რომ ფართო საზოგადოებრივი გავრცელებაა.

დღეს ჩვენნაირი გავრცელების პირობებში ინფიცირებულთა კონტაქტების 60%-ს რომ მიაგნო, კარგია. ჩვენ ამჟამად ინფიცირებულთა კონტაქტების 90%-ს ვადგენთ.

საჭიროა ყველაზე ქმედითი კონტაქტების მოძიება. ყველგან, სადაც ეს რგოლი ჩაუვარდათ, იქ მოხდა აფეთქება. ეპიდემიოლოგები კონტაქტების მოძიებაში გაწვრთნილი არ ჰყავდათ, რადგან პანდემია  მეოცე საუკუნის დასაწყისიდან აღარ ყოფილა. ეპიდემიამდე ადგილობრივ ხელისუფლებებს რომ ჰქონდათ კითხვა – რად გვინდა ამდენი ხალხი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში? – სწორედ ამ ხალხმა ლომის წილი შეასრულა იმაში, რომ დღეს კონტროლირებადი სიტუაცია გვაქვს. ჩვენ გვყავდა შენარჩუნებული კადრები, რომლებიც ამ სამუშაოს ფიზიკურად უზრუნველყოფდნენ . მნიშვნელოვანია, რომ ამ სამსახურს 100 – 150 ადამიანი დაემატოს და ამ ადამიანების გადამზადება მოხდეს. საჭიროა ლაბორატორიული სიმძლავრეების დამატებაც.