კორონავირუსის „დელტა“ შტამი და ბავშვები

კორონავირუსის „დელტა“ შტამმა უკვე 124 ქვეყანაში შეაღწია. იგი ეტაპობრივად ანაცვლებს მის წინამორბედ ბრიტანულ შტამს, რომელმაც დომინანტი ვარიანტის სტატუსი გასულ წელს მოიპოვა. პრესაში შემაშფოთებელი სათაურები აქამდეც გამოჩენილა და მეცნიერებს ახალი, უფრო საშიში ვარიანტების შესახებ აქამდეც უსაუბრიათ, თუმცა მათი პროგნოზები არ გამართლებულა. სამწუხაროდ, ამჯერად ასე არ მოხდა.

დელტა ვარიანტის აღზევება

ინდოეთში გამოჩენილ კორონავირუსის ახალ შტამს მეცნიერები გასული წლიდან მოყოლებული გულდასმით აკვირდებოდნენ. დიდ ბრიტანეთსა და დანიას გენომური მონიტორინგის მძლავრი სამსახური აქვთ და პირველი პროგნოზებიც სწორედ მათ გააკეთეს – როგორც ჩანს, „დელტა“ ვარიანტს წარმატების ყველა წინაპირობა გააჩნდა. მის სპაიკ-ცილაში რამდენიმე ისეთი მუტაცია აღმოჩნდა, რაც კორონავირუსის ახალ შტამს ადამიანის უჯრედებზე მიმაგრებასა და მასში შეღწევას უადვილებს. იგი ასევე წარმატებით უსხლტება ორგანიზმის იმუნურ პასუხსაც. „დელტა“ ვარიანტის ამ უპირატესობას ისიც დაემატა, რომ საგრძნობლად შეიცვალა ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომოკომპლექსიც.

ექიმები აღნიშნავენ, რომ ამჯერად უპირატესი ჩივილებია: თავისა და ყელის ტკივილი, სურდო და ტემპერატურის მატება. ინფექციისთვის სახასიათო ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა გაცილებით უფრო იშვიათად გვხვდება. მარტივად რომ ვთქვათ, დაავადების კლინიკური ნიშნები ძალიან ჰგავს უბრალო გაციებას, რის გამოც დასნებოვნებული ადამიანები შეცდომაში მარტივად შედიან. ეს კორონავირუსს კიდევ უფრო ფართოდ გავრცელების საშუალებას აძლევს. ამ ყოველივეზე გავლენას ახდენს ცხელი ამინდიც, რაც ადამიანებს  კვლავ დახურულ, მაგრამ ამჯერად გრილ სივრცეებში შეკრებისკენ უბიძგებს. ბევრგან შესუსტებულია პრევენციის ზომები, მოხსნილია შეზღუდვები პირბადის ტარებასა და სოციალურ დისტანცირებაზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მეცნიერთა ნაწილი საფუძვლიანად მიიჩნევს, რომ პანდემიის მიმდინარეობაზე უმთავრეს გავლენას არა უშუალოდ ახალი მუტაციებით გაჩენილი ვარიანტები, არამედ ადამიანთა ქცევის ცვლილება ახდენს.

ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ამჟამინდელ ვარიანტსა და მის წინამორბედებს შორის ის აღმოჩნდა, რომ ამ ტალღის მთავარი ლოკომოტივი ახალგაზრდები არიან. ამ ასაკობრივ კატეგორიაში ვირუსის სწრაფ გავრცელებას ხელს ერთდროულად ბევრი ფაქტორი უწყობს: გაზრდილი მობილობა, პრევენციული რეკომენდაციების უხეში დარღვევა და პანდემიის მიმართ ჩამოყალიბებული საზოგადო აროგანტულობა. თუმცა, უმთავრეს მიზეზად მაინც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი მიიჩნევა. როგორც აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) ანგარიშიდან ვიგებთ, 18-29 წლის ადამიანები ყველაზე ნაკლებად იცრებიან, რაც ვირუსის პოპულაციაში გავრცელებას ხელს მნიშვნელოვნად უწყობს.

კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი ყველაზე საყურადღებო ჰოსპიტალური სექტორისათვის არის. შოტლანდიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ახალი შტამი აუცრელი ადამიანების საავადმყოფოში მოხვედრის რისკებს ორჯერ ზრდის, რაც ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის შეშფოთების საგანს წარმოადგენს. ამგვარად მოსალოდნელია, რომ მძლავრი ეპიდემიოლოგიური აფეთქების შემთხვევაში კლინიკებში ადგილები გადაივსება და მოსახლეობა ჯეროვანი დახმარების გარეშე აღმოჩნდება.

დელტა ვარიანტი ბავშვებში

განსაკუთრებით საყურადღებოა ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლები ბავშვებში. აშშ-ის პედიატრთა აკადემიის (AAP) მონაცემებით, 8 ივლისისათვის COVID-19-ის დიაგნოზი 4 მლნ-ზე მეტ ბავშვს ჰქონდა დასმული, რაც მთლიანი შემთხვევების 14,2%-ს შეადგენდა. ასოციაციის ცნობით, 24 ივნისიდან 8 ივლისამდე 31 ათასი ახალი შემთხვევა იქნა დაფიქსირებული. CDC აღნიშნავს, რომ პანდემიას 17 წელზე მცირე ასაკის მინიმუმ 335 ბავშვის სიცოცხლე უკვე შეეწირა. ინფიცირების გაზრდილ მაჩვენებლებს მკვლევრები ზაფხულის დადგომის თანმდევი შეზღუდვების მოხსნას უკავშირებენ. ბავშვები უფრო მობილურები გახდნენ და შესაბამისად, იმატა სხვა ვირუსული ინფექციების რიცხვმაც, რაც პატარების კორონავირუსის მიმართ უფრო მოწყვლადს ხდის. ეს მათ მშობლებს საქმეს ერთი-ორად ურთულებს: საწყის ეტაპზე გაციებისა და „დელტა“ ვარიანტით ინფიცირების ერთმანეთისგან განსხვავება საკმაოდ რთულია.

ახალი შტამით ინფიცირების ზრდა ავტომატურად დაავადების უფრო მწვავედ მიმდინარეობას არ გულისხმობს. ჯერჯერობით, რთულია იმაზე საუბარი, რამდენად უფრო მძიმედ მოიხდიან „დელტა“ ვარიანტით დაინფიცირებული ბავშვები COVID-19-ს. ასეთი დასკვნებისთვის უფრო მეტი კლინიკური შემთხვევის გაანალიზებაა საჭირო. პედიატრები მშობლების დამშვიდებას ცდილობენ და აღნიშნავენ, რომ გაზრდილი ინფიცირების მიუხედავად, არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომ „დელტა“ ვარიანტით გამოწვეული COVID-19 ბავშვებში უფრო მწვავედ მიმდინარეობს.

ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნულ ვნებათა ღელავას არ იზიარებს. ისინი აღნიშნავენ, რომ ბავშვებში ჰოსპიტალიზაციის გაზრდილი შემთხვევები მხოლოდ ლოკალური ხასიათისაა და იგი ერთ მთლიან სურათზე რეალურ გავლენას არ ახდენს. მიუხედავად ამისა, ერთი რამ მაინც ცხადია: ადამიანთა აცრილ ჯგუფებში 12 წლამდე ასაკის ბავშვების ინფიცირების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად დაბალია.

მოზარდებსა და პატარებს შორის კორონავირუსის გავრცელებაზე მსჯელობა მალე უფრო გამწვავდება. წინ სასწავლო წელია და წარსული გამოცდილება ცალსახად მიუთითებს, რომ ფიზიკური ფორმით სწავლების სარგებელი ინფიცირების პოტენციურ რისკებს მნიშვნელოვნად გადაწონის. ასეთ შემთხვევაში, საკლასო ოთახებში პრევენციის ზომების ჯეროვან დაცვას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. AAP-ის პოზიცია ამაზე ცალსახაა: ბავშვებმა პირბადეები უნდა ატარონ. ამას გარდა, გარდამტეხი იქნება პედაგოგების სრულყოფილი ვაქცინაციაც.

დელტა ვარიანტი და ვაქცინები

კორონავირუსის ახალი ვარიანტების გამოჩენას ყოველთვის ახლავს მთავარი კითხვა, რაც უკლებლივ ყველა ადამიანის გონებაში ტრიალებს: რამდენად ეფექტიანია ამჟამად არსებული ვაქცინები? ამ კითხვაზე ზუსტი და ამომწურავი პასუხისთვის გარკვეული დრო უნდა გავიდეს და შესაბამისი მონაცემები ჯეროვნად დამუშავდეს. ჯერჯერობით ამ კითხვაზე სხვადასხვა კვლევა განსხვავებულ პასუხს იძლევა. რამდენიმე დღის წინ ჟურნალ The New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული სტატიიდან ვიგებთ, რომ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის 1 დოზა „დელტა“ ვირუსით ინფიცირებით გამოწვეული COVID-19-ის წინააღმდეგ 36%-ით ეფექტიანია.  Oxford/AstraZeneca-ის ერთი აცრა 30% დაცვას უზრუნველყოფს. აღნიშნული მაჩვენებლები მნიშვნელოვნად იზრდება მეორე აცრის შემდეგ: Pfizer-BioNTech – 88%; Oxford/AstraZeneca – 67%. განსხვავებულ შედეგებზე საუბრობენ კანადელი მკვლევრები თავიანთ პრეპრინტში (აკადემიური სტატია, რომელსაც რეცენზირება ჯერ არ გაუვლია):  Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის 1 დოზა 56%-იან დაცვას უზრუნველყოფს, სრული ვაქცინაცია –  87%-იანს. Oxford/AstraZeneca-ის შემთხვევაში, 1 დოზა 67%-იანი დაცვის გარანტია. აქედან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ თუნდაც არასრულყოფილი იმუნიზაციაც კი ადამიანებს „დელტა“ ვარიანტისგან გარკვეულწილად დაცულს ხდის. იმედისმომცემად გამოიყურება Sinopharm-ის მცირე კვლევის შედეგებიც, რომელიც შრი ლანკელმა მეცნიერმა პრეპრინტის სახით გამოაქვეყნეს.

ისინი აღნიშნავენ, რომ ჩინური ვაქცინით აცრა ადამიანებს „დელტა“ შტამისგან ისევე იცავს, როგორც ბუნებრივი იმუნიტეტი, ანუ კოვიდის გადატანა. შესაძლოა, ვაქცინათა სკეპტიკოსებმა ჩათვალონ, რომ ამ გათვლით აცრას ისევ დაავადების ბუნებრივი გზით მოხდა ჯობია, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის. პოტენციურად სასიკვდილო რისკებსა და შესაძლო ხანგრძლივ გართულებებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ინფექციის შედეგად დატოვებული იმუნიტეტი, ვაქცინაციისგან განსხვავებით, არაპროგნოზირებადია: მისი ეფექტიანობისა და შენარჩუნების პერიოდის განსაზღვრა ზუსტად არავის შეუძლია.

„დელტა“ ვარიანტის მოზარდებსა და ბავშვებში გავრცელების მზარდი რისკების ფონზე მათი იმუნიზაცია ისეთივე პრიორიტეტულია, როგორც ზრდასრული ადამიანების. თუმცა, ეს ამ ეტაპზე სრულყოფილად შეუძლებელია. საქმე ის გახლავთ, რომ 12 წელს ზემოთ მოზარდებში კლინიკური კვლევა ბევრ ვაქცინაზე ჯერ არ ჩატარებულა. ამჟამად საგანგებო შემთხვევებში გამოყენების ნებართვა ფაიზერს აქვს და ბევრი ქვეყანა 12 წელს ზემოთ მოსახლეობას ამ ვაქცინით წარმატებით ცრის. კომპანიის ხელმძღვანელმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ სექტემბრისთვის მარეგულირებელს ისინი განაცხადს კიდევ ორ კოჰორტზე, 2-5 და 6-11 წლის ასაკის ბავშვებზე მიაწვდიან. მათი გათვლებით, 2021 წლის ბოლოსთვის 6 თვიდან 2 წლამდე ასაკის პატარების აცრაც იქნება შესაძლებელი. ფაიზერის ამბიციურ გეგმებს წინ მხოლოდ ჩინეთი უსწრებს, სადაც Sinovac-ის ვაქცინით 3-დან 17 წლამდე ბავშვებს უკვე ცრიან. სანამ მარეგულირებელი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, მანამდე პატარების დაცვა სრულად მშობლებისა და გარშემომყოფების ვაქცინაციაზე გადის. აღნიშნულ რეკომენდაციას უკლებლივ ყველა ავტორიტეტული პედიატრი გასცემს.

ამჟამად რაც დაზუსტებით ვიცით, ის არის, რომ ჰოსპიტალიზებულ ინფიცირებულთა აბსოლუტური უმრავლესობა აუცრელი გახლდათ. ეს დროული ვაქცინაციის სარგებლიანობასა და მასიური იმუნიზაციის საჭიროებაზე კიდევ ერთხელ ცალსახად მიუთითებს. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებშიც კი აღნიშნული პროცესი გარკვეული შეფერხებებით მიმდინარეობს. ამის ერთ-ერთ მიზეზი ის გახლავთ, რომ ისინი იმ კრიტიკულ ლიმიტს მიუახლოვდნენ, რომლის იქითაც აცრის მსურველები აღარ არიან. ამ სირთულეებს ხელისუფალნი განსხვავებული მეთოდებით უპირისპირდებიან: საფრანგეთში სამედიცინო სექტორის მუშაკებისთვის აცრა სავალდებულო გახდა, ხოლო გერმანიაში ავტორიტეტული გამოცემები თავიანთ სარედაქციო წერილებში აცრის მორალურ ვალდებულებაზე საუბრობენ.

დელტა ვარიანტი საქართველოში

საქართველოში „დელტა“ ვარიანტით ინფიცირების პირველი შემთხვევა 27 მაისს დაფიქსირდა. ივნისის თვეში ინფიცირებულთა რაოდენობამ იმატა და ივლისის დასაწყისისთვის მან ახალ შემთხვევათა 15 – 20% შეადგინა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ აგვისტოს შუა პერიოდიდან „დელტა“ შტამი საქართველოში დომინანტური შტამი გახდეს. ამგვარი გათვლების პირობებში, დღის წესრიგში დამატებითი პედიატრიული საწოლების მობილიზაცია დადგა. 15 ივლისს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში 300 ბავშვი ჰოსპიტალურ მკურნალობაზე იმყოფებოდა. 20 ივნისს ციციშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტით ინფიცირებული, მართვით სუნთქვაზე მყოფი ახალშობილი გარდაიცვალა.

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ თვის დასაწყისშივე განაცხადა, რომ რადგანაც ბავშვების ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია არ მიმდინარეობს, პატარების დაცვა მხოლოდ მშობლებისა და ოჯახის უფროსი წევრების აცრას შეუძლია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სწორედ ახლა არის, რადგანაც უახლესი მონაცემებით, საქართველოში „დელტა“ შტამის ცირკულაციამ უკვე  40 – 50%-ს მიაღწია.

„დელტა“ ვარიანტთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი გზა ვაქცინაცია და პრევენციული ზომების დაცვაა. ქვეყანაში ამჟამად არსებული ვაქცინებით დროული და მასობრივი ვაქცინაცია, დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და დაავადების საეჭვო სიმპტომების გამოვლენისთანავე თვითიზოლაციაში გადასვლა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. ჯანდაცვის მინისტრის რამდენიმე დღის წინანდელი ბრძანებით, ვაქცინაცია უკვე 16 წლიდან არის შესაძლებელი. როგორც ირკვევა, მოქმედი კანონმდებლობით მოზარდებს ამ გადაწყვეტილების მიღება სრულად დამოუკიდებლად არ შეუძლიათ და მათი აცრა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ თანხმობას მშობელი განაცხადებს. როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, ეს საკმარისი მაინც არ არის. დროა, საკოორდინაციო საბჭომ მსჯელობა 12 წელს ზემოთ ბავშვების აცრის საჭიროებაზე დაიწყოს.


კორონავირუსის პანდემია ერთი ხელის მოსმით ვერ დასრულდება და დიდი ალბათობით, სამომავლოდ ახალ ვარიანტებს კიდევ ვიხილავთ. ამ დაშვებითაც კი ვირუსს რაღაც დრო მაინც დასჭირდება, სანამ ამჟამად არსებულ ვაქცინებს სრულად დაუსხლტება. თუმცა, ვარიანტების გაჩენის პარალელურად დაიხვეწება ვაქცინებიც. ერთი რამ ნათელია: პოპულაციური იმუნიტეტისკენ მიმავალი გზა რთულად პროგნოზირებადია და ჩვენი ხანგრძლივი მოგზაურობა მხოლოდ ახლა იწყება.