სინოფარმის ვაქცინა დელტა (ინდური) შტამის წინააღმდეგ ისევე გვიცავს, როგორც Covid-ინფექციის გადატანა

შრი ლანკაში, შრი-ჯაიავარდენეპურას უნივერსიტეტის  კვლევაში, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებთან თანამშრომლობით ჩატარდა, სინოფარმით აცრილებში დელტა შტამის წინააღმდეგ ანტისხეულების საშუალო მანეიტრალიზებელი ტიტრი 1.38-ჯერ იყო  შემცირებული ვუჰანის შტამთან შედარებით.

ეს ნიშნავს, რომ სინოფარმით აცრა ისევე გიცავთ  უფრო გადამდები დელტა შტამისგან, როგორც ბუნებრივი იმუნიტეტი, ანუ კოვიდის გადატანა.  მეცნიერებმა ვერ აღმოაჩინეს მნიშვნელოვანი განსხვავება ანტისხეულების დონეებში მათ შორის, ვინც სინოფარმით აიცრა და Covid-19  ბუნებრივად გადაიტანა.  

დელტა ვარიანტით, ეგრეთ წოდებული, ინდური შტამით გამოწვეული Covid-19-ის შემთხვევები პირველად დასავლეთ ინდოეთში 2020 წლის ოქტომბერში ამოიცნეს. მას შემდეგ ის ფართოდ გავრცელდა მთელ ინდოეთსა და დანარჩენ მსოფლიოში, ბევრგან უკვე დომინანტურ შტამად ყალიბდება, წინამორბედ ვარიანტებს ანაცვლებს და უკვე 90 ქვეყანაშია გავრცელებული. 

კვლევები მიუთითებს, რომ  დელტა შტამი უფრო მაღალი გადამდებობით და ჰოსპიტალიზაციის რისკით ხასიათდება. ამასთანავე, ვაქცინების ეფექტიანობა მის წინააღმდეგ ოდნავ ნაკლებია. ბრიტანეთის ჯანდაცვის სააგენტოს კვლევის თანახმად, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა აცრიდან ორი კვირის შემდეგ 79%-ით ეფექტიანია სიმპტომური დაავადების პრევენციაში მაშინ, როცა ალფა ვარიანტის წინააღმდეგ მისი ეფექტიანობა 92% იყო. 

შემცირებულია ასტრაზენეკას ეფექტიანობაც, რომელიც სიმპტომური მიმდინარეობისგან ამ შტამის წინააღმდეგ 60%-ით გვიცავს,  თუმცა იმედისმომცემია PHE-ის მომდევნო კვლევა, რომლის თანახმადაც, ფაიზერი ჰოსპიტალიზაცისა და მძიმე მიმდინარეობისგან  96%-ით გვიცავს, ხოლო ასტრაზენეკა – 92%-ით.

სინოფარმის ორდოზიანი ვაქცინა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული ვაქცინაა. სინოფარმი მსოფლიოსთვის  ამ ვაქცინის 170 მილიონი დოზის მიწოდებას 2022 წლამდე გეგმავს.

კვლევას ჯერ არ გაუვლია რეცენზირება და ამჟამად პორტალ medarxiv-ზეა გამოქვეყნებული.