კორონავირუსის რეალური მიზეზი და ზოონოზური დაავადებები

დაავადებები გამოწვეული ბაქტერიებით, რომლებიც ვრცელდება ცხოველიდან ადამიანზე – ასე განმარტავს აშშ-ის ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების ორგანიზაციის წევრი „დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი“ ზოონოზურ დაავადებებს. იმავე განმარტებით, არსებობს ამ დაავადებების გავრცელების რამდენიმე გზა:

1) პირდაპირი კონტაქტით – დაავადებული ცხოველის სისხლით, ნერწყვით, შარდით, ფეკალიებითა და სხვა ლორწოვანი სითხეებით;

2) არაპირდაპირი კონტაქტით – ცხოველთა საცხოვრისები და მათი „სახეტიალო“ ტერიტორიები. აკვარიუმები, შინაურ ცხოველთა საცხოვრებლები, წიწილების გალიები, ბეღელი, ნიადაგი და ყველა ის ზედაპირი, რომელიც შეიძლება, დაავადებული ცხოველის ბაქტერიით კონტამინირდეს;

3) ე.წ ტრანსმისიური გზა – მწერის, ტკიპის, კოღოს, რწყილის ნაკბენი;

4) საკვებით – არაპასტერიზებული რძე, ნახევრად უმი ხორცი ან კვერცხი, ხილი ან ბოსტნეული, რომელიც დაბინძურებულია ინფიცირებული ცხოველის ბაქტერიით;

5) წყლით – დაბინძურებული დაავადებული ცხოველის ფეკალიით;

ბოლო დეკადების განმავლობაში კაცობრიობა შეეჯახა არაერთ ზოონოზურ დაავადებას, როგორიცაა: MERS, SARS, H1N1, ებოლა, ღორის გრიპი, HIV… ახლახან გამოჩნდა კორონავირუსი – Covid-19.

MERS და SARS გავრცელდა ე.წ სველი მარკეტებიდან. „მერსი“ საუდის არაბეთში 2012 წელს აქლემიდან ტრანსმისირდა ადამიანზე და საბოლოოდ გამოიწვია 35%-იანი სიკვდილიანობა. „სარსი“ გავრცელდა 2003 წელს, ხორცის ბაზრიდან, სადაც გარეული ცხოველებიც იყიდებოდა – ღამურიდან ციბეტინის კატაზე ტრანსმისირდა, კატიდან კი – ადამიანზე. ებოლა 2013 წელს გავრცელდა ღამურიდან ადამიანზე, ვინაიდან ადამიანები ღამურებს ჭამდნენ. HIV გავრცელდა ცენტრალურ აფრიკაში, იმიტომ, რომ ადამიანები შიმპანზეებს მიირთმევდნენ. Covid-19-მა შარშან დეკემბერში იფეთქა ჩინეთის „სველი ბაზრიდან“, პოპულარული აზრით, ღამურიდან პანგოლინზე, მერე კი ადამიანზე ტრანსმისირდა.

ყველა ეს ზოონოზური დაავადება გარეულ ცხოველებსა და მათ მოხმარებას უკავშირდება და ფეთქდება ქვეყნებში, რომელთა მიმართაც ხშირად ქსენოფობურ-რასისტული დამოკიდებულებებია ხოლმე.  ახლაც კორონავირუსი გახდა ამ ქსენოფობიური განწყობის წამახალისებელი ჩინელების მიმართ. მათი კულტურა ახლა თითით საჩვენებელი და დასაცინია – „რაც მოძრაობს, ყველაფერს ჭამენ“. მაგრამ რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ სამზარეულოს, ცხოველების მიმართ დამოკიდებულების თვალსაზრისით, ჩინურსა და ევროპულ-ამერიკულ კულტურებს შორის არ არსებობს ფუნდამენტური სხვაობა? გაგიკვირდებათ, მაგრამ მოდით, თვალი გადავავლოთ დაავადებებს, რომლებიც შინაური ცხოველებიდან გავრცელდა ადამიანზე, იმავე საკვები მოხმარების მიზეზით.

მაგალითად, ღორის გრიპმა (H1N1) 2009 წელს სათავე აიღო ამერიკული ფერმებიდან. BSE გაერთიანებულ სამეფოში გავრცელდა 1996 წელს იმიტომ, რომ ფერმერები ძროხებს აიძულებდნენ, ეჭამათ ძროხის ლეში, ხელოვნურად აკანიბალიზებდნენ. მერე რა, რომ ველურ ცხოველთაგან ადამიანზე ტრანსმისირებული და გავრცელებული დაავადებები მეტია შინაური ცხოველისგან გავრცელებულ დაავადებებზე?!

ამ დაავადებებს ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი რამ აქვთ საერთო – გამოწვეულია ადამიანის მიერ ცხოველთა ექსპლუატაციით. ადამიანი ზედმეტად ახლოსაა ცხოველებთან და ზედმეტად იჭრება მათ პირად სივრცეში. სახეობის საკვები მიზნებით გამოყენება იმის გამო, რომ ეს შეგიძლია, არის დომინაცია მასზე. არ იქნებოდა არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი დაავადება, სადღაც ღამურებს, შიმპანზეებს, პანგოლინებსა და სხვა გარეულ ცხოველებს რომ არ ჭამდნენ, ასევე არ იქნებოდა  ეს ზოონოზური დაავადებები, ამერიკულ, ევროპულ და ავსტრალიურ ფერმებში ყოველწლიურად შინაურ ცხოველებს ხელოვნური განაყოფიერებით რომ არ ამრავლებდნენ იმისათვის, რომ ცოტა ხანში მოკლან, მანამდე კი სარგებელი მიიღონ მათგან რძისა და კვერცხის სახით. ეს არის პროცესი, რომელიც ცხოველს ტანჯვის ფასად უჯდება და რომლის დამადასტურებელ ფაქტებს ხორცის ინდუსტრია, რა თქმა უნდა, თავად არ ასაჯაროებს, საბოლოოდ კი ცხოველი ან ტანჯვისა და დაავადებებისგან კვდება, ან მაშინვე კლავენ, როგორც კი მისგან სარგებელს ვეღარ იღებენ. ცხოველებს ამრავლებენ ხელოვნური განაყოფიერებით, ძალადობრივი და მტკივნეული მეთოდებით, მანამდე კი მათი გამოსაკვები მცენარეების მოსაყვანად ჩეხენ უზარმაზარი ფართობის ტყეებს, რაც სათბურის ეფექტზე აისახება. 18% პროცენტი სათბურის ეფექტისა მოდის Factory Farming-ზე.

მსოფლიოში წამყვანი გამოცემები – BBC, Guardian, Independent და სხვები ბევრს საუბრობენ ფერმერობის გავლენებზე, ისინი ერთი-მეორის მიყოლებით ართმევენ ინტერვიუებს მეცნიერებს, რომლებიც ადამიანებს მოუწოდებენ ნაკლები ცხოველური პროდუქტისა და მეტი მცენარეული საკვების მიღებისკენ; ბოლო კვლევების მიხედვით, ხორცის მოხმარება ზრდის კიბოს, დიაბეტის, გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს, რძის ნაწარმისა კი – 30-დან 80% პროცენტამდე იმავე დაავადებებისა, მოხმარების სიხშირისდა მიხედვით. მსოფლიოში წარმოებული ანტიბიოტიკების 73% გამოიყენება შინაურ ცხოველთა გასუქებისათვის, რაც მის მომხმარებელ ადამიანს უვითარებს რეზისტენტობას ანტიბიოტიკების მიმართ.

და აი, იგივე მსოფლიოს წამყვანი ინტერნეტგამოცემები ბოლო 2-3 კვირაა, ალაპარაკდნენ ხორცის ინდუსტრიის, დეფორესტაციის მნიშვნელობაზე, ზოონოზური დაავადებების გავრცელების რისკთან მიმართებაში. დოქტორი ენრიკ სალა ზღვის ეკოლოგისტი, „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ კამპანია „ბუნებისთვის“ წევრი ეუბნება Independent-ს ინტერვიუში: „აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში გველის მსგავსი დაავადებები, თუკი განვაგრძობთ ბუნებრივი სამყაროს ნგრევის პრაქტიკას, დეფორესტაციას, ველური ცხოველების დატყვევებას შინაურ ცხოველებად, საკვებად ან სამედიცინო მიზნებისთვის”.

პრობლემა არ არის ჩინეთში. პრობლემა არის ხორცის, ლეშის მომხმარებელ კულტურაში. არანაირი ფუნდამენტური სხვაობა, მორალური თვალსაზრისით, არაა პანგოლინის ან ღამურით მოვაჭრეს, მათი საკვები მიზნით მომხმარებელსა და ფერმერს შორის, რომელიც წიწილას ცოცხლად, ბუმბულიანად ატარებს ხორცის სატარებელ მანქანაში, რასაც მოგვიანებით ცხოველური პროტეინის მომხმარებელს ფარშად ან ბურგერად უსაღებს. არც დიდი სხვაობაა პანგოლინისა და ღორის ხორცის მოხმარებაში, ორივე ცხოველია, უბრალოდ, ერთი მოშინაურებული, მეორე კი ველური, ხოლო გეოგრაფული სხვაობა მოხმარების თვალსაზრისით, კულტურითაა განპირობებული.

ზოონოზური დაავადებების გავრცელების რისკი არ მოდიოდა აქამდე მხოლოდ ჩინეთიდან, საუდის არაბეთიდან, აფრიკიდან და არც „კოვიდის“ დამარცხების შემდეგ იქნებიან მაღალი რისკის ქვეშ მხოლოდ ეს ქვეყნები, სანამ ადამიანები განვაგრძობთ ცხოველებზე დომინაციას, მათ ექსპლუატაციასა და მკვლელობას. ზოონოზური დაავადებები შეგვაშინებს მანამ, სანამ იქნება ხორცის ინდუსტრია, რომელიც კლავს ცხოველებს და ადამიანებს, პირდაპირი და ირიბი გზით, ანადგურებს პლანეტას და სახეობებს. ხორცის ინდუსტრია და ფერმები ყველგან ერთი და იმავე საშუალებებით, მეთოდებითა და პრაქტიკით მუშაობს, ეპიდაფეთქების პირველწყარო შეიძლება გახდეს ნებისმიერი ქვეყანა. ის, რომ ქართველი საკვებად არ მოიხმარს, პირობითად, ღამურას ან პანგოლინს, არის გარანტია იმისა, რომ ამ ცხოველისგან ინფექციის პირველი გამტარი არ გახდება, მაგრამ ეს არ არის გარანტია იმისა, რომ ღორისგან, ქათმისა თუ ძროხისგან არ იქნება ინფექციის პირველი გადამტანი.

რა წერია მსოფლიო ჯანდაცვის, საკვებისა და აგროკულტურის გაერთიანებული ერებისა და მსოფლიოს ცხოველთა ჯანმრთელობის ორგანიზაციების საერთო მოხსენებაში?  – ზოონოზური დაავადებების მთავარ რისკფაქტორად მიჩნეულია ცხოველურ პროტეინზე გაზრდილი მოთხოვნა:

– ფერმის პრაქტიკა (დიდი „ღია“ შინაურ ცხოველთა წარმოება აზიაში);

– ცხოველთა ბაზრობები/ვაჭრობა;

– გარეული ცხოველების მოხმარება;

– გლობალური ვაჭრობა;

– ცხოველთა ბუნებრივი საცხოვრისების – ტყეების ხელყოფა (ფერმის ცხოველების გამოსაკვებად სოიოს და სხვა მცენარეების მოსაყვანად იჩეხება უზარმაზარი ფართობით ტყეები);

როგორ შეუძლია ადამიანს ზოონური დაავადებების ხელშემწყობ ფაქტორებს ხელი შეუშალოს, ანუ პრევენცია- რძისა და კვერცხის მოხმარების შემცირება.