კოვიდი და მედიკამენტები | პასუხები ყველაზე აქტუალურ კითხვებზე

პუბლიკა

როგორ უნდა იმკურნალონ იმ პაციენტებმა, რომლებიც დაავადების მსუბუქი ფორმით ბინაზე რჩებიან, საჭიროა თუ არა ანტიბიოტიკების მიღება კოვიდის დროს და კოვიდის დიაგნოზის შემდეგ უნდა გაგრძელდეს თუ არა იმ მედიკამენტების მიღება, რომლებსაც ადამიანი ინფიცირებამდე იღებდა? – კოვიდის მქონე პაციენტებში მედიკამენტების მიღებასთან დაკავშირებულ ყველაზე აქტუალურ კითხვებზე პასუხები ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა  მოამზადა.

  • რა მკურნალობა უნდა ჩაიტაროს კოვიდის მქონე პაციენტმა?

თუ სატელეფონო კონსულტაციის შემდეგ ექიმი გადაწყვეტს პაციენტის სტაციონარში მოთავსებას, იქ მკურნალობის საკითხს წყვეტს ექიმი. რაც შეეხება იმ პაციენტებს, რომლებიც რჩებიან ბინაზე, ანუ დაავადების მსუბუქი ფორმით არ საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას, რაიმე სპეციფიკური მკურნალობა არ სჭირდებათ. ბინაზე მყოფმა პაციენტებმა უნდა მიიღონ სითხე, იმოძრაონ, აკეთონ სუნთქვითი ვარჯიშები, ტემპერატურის დროს გამოიყენონ სიცხის დამწევი პრეპარატები, ასევე საჭიროებისამებრ შეუძლიათ ტკივილგამაყუჩებლების გამოყენება. სასურველია ბინაზე მყოფ პაციენტს ჰქონდეს პატარა ხელსაწყო, პულსოქსიმეტრი, რომელიც ზომავს სისხლში ჟანგბადის შემცველობას და ამით შესაძლებელი ხდება შესაძლო გართულების დროულად შემჩნევა, როდესაც პაციენტს სჭირდება ჟანგბადის მიწოდება და სხვა სამკურნალო ღონისძიებები.

  • საჭიროა თუ არა კოვიდის დროს ანტიბიოტიკების მიღება?

კოვიდი არის ვირუსული დაავადება. ვირუსული ინფექციების დროს ანტიბიოტიკებს ეფექტი არ აქვთ, შესაბამისად, კოვიდის დროს ანტიბიოტიკების მიღება არ არის საჭირო.

ბევრი ადამიანი თვითნებურად იღებს ანტიბიოტიკებს, მაგალითად, როდესაც კოვიდის დროს რენტგენოლოგიურად ან კომპიუტერული ტომოგრაფიით აღმოაჩნდებათ ფილტვის ანთება.

კოვიდის დროს მიმდინარეობს ვირუსული პნევმონია, რაზეც, ბუნებრივია, ანტიბიოტიკები არ იმოქმედებს. ანტიბიოტიკოთერაპია საჭირო ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ვითარდება, ე.წ., მეორადი ბაქტერიული ინფექციის თანდართვა, რასაც განსაზღვრავს ექიმი. ამის შესაფასებლად ექიმი იყენებს კლინიკურ შეფასებას და სხვადასხვა ლაბორატორიული კვლევების შედეგს. შესაბამისად, თვითნებურად, ექიმის დანიშნულების გარეშე ანტიბიოტიკების მიღებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზიანოს ადამიანის ჯანმრთელობა.

  • საჭიროა თუ არა „სისხლის გამათხელებლების“ მიღება კოვიდის დროს?

კოვიდის დროს ასევე ხშირია ანტიკოაგულანტების, ე.წ., სისხლის გამათხელებელი მედიკამენტების (მაგალითად ასპირინი, ქსარელტო, საინექციო ანტიკოაგულანტები და სხვ.) თვითნებურად მიღება, რაც, რა თქმა უნდა, გაუმართლებელია. ანტიკოაგულანტების დანიშვნას აქვს კონკრეტული ჩვენება და მათმა თვითნებურმა მიღებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა, მაგალითად, სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან. ანტიკოაგულანტები ძირითადად გამოიყენება სტაციონარულ, ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებში. კოვიდის მქონე ის პაციენტები, რომლებიც მკურნალობას ბინაზე გადიან, იშვიათად საჭიროებენ ანტიკოაგულანტების მიღებას. ამ გადაწყვეტილებას იღებს ექიმი. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც სტაციონარიდან გაწერილი პაციენტები თავიანთი ინიციატივით დიდხანს აგრძელებენ ანტიკოაგულანტების მიღებას, რაც ასევე არ არის საჭიროება.

  • კოვიდის დიაგნოზის შემდეგ უნდა გაგრძელდეს თუ არა იმ მედიკამენტების მიღება, რომლებსაც ადამიანი ინფიცირებამდე იღებდა?

ზოგიერთი პაციენტი კოვიდის დიაგნოზის შემდეგ წყვეტს მედიკამენტების მიღებას, რომლებიც  კორონავირუსით ინფიცირებამდე სხვა დაავადებების სამკურნალოდ ჰქონდა დანიშნული, რაც გაუმართლებელია. მაგალითად, არსებობს მითი, რომ კოვიდის დროს ანტიჰიპერტენზიული, ანუ მაღალი წნევის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება არ შეიძლება და ზოგიერთი პაციენტი წყვეტს ამ პრეპარატების მიღებას, რაც პირიქით, ზიანის მომტანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რადგან კოვიდის დროს ძალიან მნიშვნელოვანია წნევის ნორმალური მაჩვენებლების შენარჩუნება. ნებისმიერი მედიკამენტის მიღება, რომელსაც ადამიანი კოვიდის დიაგნოზამდე იღებდა, უნდა გაგრძელდეს და ყოველგვარი თვითნებური გადაწყვეტილება, იქნება ეს მედიკამენტის მიღების შეწყვეტა თუ დოზის მოდიფიკაცია, რისკის შემცველია.

  • კოვიდის დროს ბინაზე მყოფი პაციენტისთვის საჭიროა თუ არა გადასხმები?

 ზოგადად, პაციენტები ჩვენთან საკმაოდ ხშირად მიმართავენ, ე.წ., „გადასხმებს“, ანუ სხვადასხვა პრეპარატის ინტრავენურ გამოყენებას. საქმე ის გახლავთ, რომ როგორც კოვიდის, ისე ნებისმიერი სხვა დაავადების დროს გადასხმას თავისი კონკრეტული მიზანი აქვს და ძირითადად იმ შემთხვევებში გამოიყენება, როდესაც პაციენტს უჭირს ყლაპვა და ამიტომ პერორალურად მედიკამენტების ან სითხის მიღება უჭირს; ან როდესაც გვინდა ძალიან სწრაფად მივიღოთ სითხის შევსების ეფექტი. ყველა სხვა შემთხვევაში სითხის მიღება სრულიად შესაძლებელია მოხდეს პერორალურად (დასალევად) და არავითარი გადასხმა არ არის აუცილებელი. მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში ინტრავენურად სითხის ჭარბი მიღება შეიძლება ზოგიერთი პაციენტისთვის ზიანის მომტანიც კი აღმოჩნდეს.