მძიმე ეგზისტენციალური შეკითხვების პოეტი

2021 წლის საბას ჟიურის ალბათ ყველაზე ამაღელვებელი გადაწყვეტილება წლის საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციაში ნუგზარ ზაზანაშვილისათვის ჯილდოს მინიჭება გახდა. 

გამომცებლობაინტელექტისმიერ დაბეჭდილი ნუგზარ ზაზანაშვილის კრებული მოკლე სიაში ავტორის მოულოდნელ გარდაცვალებამდე გავიდა, ამიტომაც ბუნებრივი და სრულიად ადამიანური იყო ისიც, რომ ეს მართლაც გამორჩეული წიგნი, რაღაცნაირად სიმბოლური და წინასწარმეტყველური სათაურით – „წავა წავა წავა წავა“ – კონკურსიდან არც ნუგზარ ზაზანაშვილის გარდაცვალების შემდგომ მოუხსნიათ. 

თუმცა ბევრს ალბათ ეგონა, რომ ეს მხოლოდ სწორედ კეთილშობილური ჟესტი იყო  და კრებულის საბოლოო აღიარებზე ფიქრი აღარც ღირდა. პოეზიის ნომინაციაში, როგორც ყოველთვის, წელსაც ძალიან ძლიერი კონკურენცია იყო. საქართველოში გარდაცვლილები ცოცხლებზე მეტად კი უყვართ, მაგრამ ანგარიშს მაინც ცოცხლებს უწევენ და ამიტომაც გასაკვირი არ იქნებოდა, ნუგზარ ზაზანაშვილის წინაშე მისი წიგნის მოკლე სიაში შეტანით საკუთარი ადამიანური და პროფესიული მოვალეობა აღსრულებულად ჩაეთვალათ და ფავორიტების არჩევა სხვა, როგორც მოკლე სიიდან ჩანდა, ძალიან ღირსეულ პოეტებს შორის გაეგრძელებინათ. 

ამის მიუხედავად, „საბასწლევანდელმა, მართლაც საუკეთესო ჟიურიმ გადაწყვიტასაბასპრემიის ლაურეატიწავა წავა წავა წავაგამხდარიყო და, თუ სიმბოლოებზეა ლაპარაკი, ამით ალბათ უფრო ის ეჩვენებინა, რა მყიფეა საზღვარი სიკვდილსა და სიცოცხლეს შორისსაერთოდ და, მითუმეტეს, დღევანდელ სნეულ მსოფლიოში. 

თანაც, ნუგზარ ზაზანაშვილის, როგორც პოეტის, საფიქრალი მუდმივად სიკვდილსიცოცხლის მარადიულ ეგზისტენციალურ საკითხებს დასტრიალებს და ამ ბოლო კრებულში განსაკუთრებულად გამოკვეთილია ამ საკითხებიდან წამომსკდარი ტრაგიზმი. 

მაგრამ მთავარი ამ ამბებში სულ სხვა რამაა. 

უკვე შეიძლება, ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა პირდაპირაც დავსვათ: აირჩევდა თუ არაწავა წავა წავა წავას“ „საბასჟიური იმ შემთხვევაშიც, მისი ავტორი რომ ისევ ცოცხალი ყოფილიყო?

გეთანხმებით, უხერხული შეკითხვაა, მაგრამ უფრო უხერხული იქნებოდა ნუგზარ ზაზანაშვილის კრებულის აღიარება მხოლოდ ავტორის გარდაცვალებისა და ამით გამოწვეული სენტიმენტალური გრძნობებისათვის მიგვეწერა და ამის გამო ვერ დაგვენახა ან რაღაცნაირად ჩრდილი მიგვეყენებინასაბასჟიურის პოზიციისათვის: 

გამოერჩია სულ სხვა ყაიდის პოეზია, სრულიად განსხვავებული იმ პოეტურ მეტყველებათაგან, რომელსაც პოეზიის მოყვარული სხვადასხვა ბაბლი ირჩევს დღევანდელ საქართველოში და რომლებიც (სხვა საქმეა, სწორად თუ არასწორად, მაგრამ მაინც) პოეზიის განვითარების დომინანტურ ხაზებად წარმოგვიდგებიან თანამედროვე საქართველოს ლიტერატურულ რუკაზე. 

ნუგზარ ზაზანაშვილი სულ სხვა ტიპის პოეტი იყო. 

ერთი მხრივ, ის აგრძელებდა ვერლიბრისა და თავისუფალი ლექსის ჩვენში უკვე მკაფიოდ ჩამოყალიბებულ ტრადიციას, მაგრამ, მეორე მხრივ, პათეტიკისა და საერთოდ, ტროპული მეტყველების თითქმის ყველა აპრობირებულ საშუალებაზე უარის თქმით, თითქოს პოეზიის სიღრმისეულ ფუნქციას აშიშვლებდა. 

ის სიტყვებს უბრუნებდა ნეიტრალურ ინტონაციას და ამით პოეზიას ქადაგისა თუ ქადაგების სივრციდან ადამიანურ, ყოფით (ალბათ, უფრო ზუსტი იქნებოდა, გვეთქვა: ურბანულ) გარემოში ანაცვლებდა. 

გადანაცვლების ამ ვექტორისა და, საერთოდ, ასეთი თამამი შემოქმედებითი ნაბიჯის გაუაზრებლად პოეტ ნუგზარ ზაზანაშვილის მნიშვნელობის დანახვა ვერაფრით მოხერხდება. უამისოდ ჩვენ უბრალოდ ვერ გავიგებთ ვერც ამ პოეზიის დანიშნულებას და ვერც იმ ძალიან დიდი ზემოქმედების პოტენციას, რაც ამ ლექსებს მომავალი ქართული პოეზიის განვითარებაზე შეიძლება ჰქონდეს.

ეს რაც პოტენციას შეეხება, თორემ თვითონ ლექსები იმდენად უპრეტენზიონი ჩანან ერთი გადაკითხვით, იმდენად გვანან თავიანთსულ ინტელიგენტური მანერით, მუდამ დაბალი ხმით, მაგრამ სწორად შერჩეული ინტონაციით მოსაუბრეავტორს, რომ ერთი გადაკითხვით, შეიძლება ვერც კი მიხვდე, რა ბუხუნა ხმების ნაკადებია მოთოკილი ამ ხმადაბალ ინტონაციაში.

ნუგზარ ზაზანაშვილი განცდას პოეზიაში კი არ ინელებს, უკვე მონელებულ განცდებზე გველაპარაკება და გველაპარაკება იმ წერტილიდან, სადაც განცდები, თავისთავზე ამაღლებულნი, ჭვრეტად იქცევიან. 

ამიტომაც არ დევს ზედაპირზე ის ტრაგიზმი, რაც ამ პატარა, უბრალო ლექსის წიაღში თუხთუხებს: 

რა უნდა დამხვდეს იმ ქვეყნად ისეთი, 

ეს ივლისის წვიმა რომ არ მომენატროს,

ანთუნდაც ეს გალუმპული ყვავი, 

ჭადრის ტოტზე რომ ზის

და იმის თავიც  აღარა აქვს, დაიჩხავლოს:

მეტი ვერასდროს“….

წარმავალობის განცდის ასეთი ოსტატური მოხელთება და მერე მისი ამდენი ლიტერატურული ალუზიით ისე დატვირთვა, რომ ეს პირველწყაროები მხოლოდ სადღაც, ლექსის ქვეცნობიერში იგულისხმებოდეს, ავტორს ნამდვილ ოსტატად წარმოგვიდგენს. 

ჭადრის ტოტზე შემომჯდარი გალუმპული ყვავი ხომ იგივე ედგარ  ალან პოს ყორანია, რომელიც მის ავტორს ბედისწერასავით დასძახოდა: „აღარასოდესან იგივე ნიკოლოზ ბარათაშვილის ყორანია, თვალბედითი, შავი ყისმათივით უკან რომ მისჩხაოდა ქართველ გენიოსს. 

აქ კი, ნუგზარ ზაზანაშვილის ლექსში, წვიმით გალუმპული, ჭადრის ტოტზე დასკუპებული საბრალო ყვავია და დაყრანტალების თავიც კი აღარა აქვს. ეს დაღლილი, გაფარჩაკებული ბედისწერაა, რომელიც ადამიანთან დამარცხებულია და დამარცხებულია იმის გამო, რასაც პოეტი ამ პატარა ლექსის ორ საწყის სტრიქონში გვეუბნება: „ რა უნდა დამხვდეს იმ ქვეყნად ისეთი, ეს ივლისის წვიმა რომ არ მომენატროს…“

ნუგზარ ზაზანაშვილი ამ ბოლო კრებულით ეგზისტენციალური შეკითხვების პოეტად წარმოგვიდგა. 

სხვა ლექსში იგი წერს: 

რას დაწერ ისეთს, 

რა სტრიქონებს გამოიგონებ?

სიცოცხლემ წერაკითხვა

არ იცის, 

ის უბრალოდ, მიდის იქით, 

საითაც უნდა მიდიოდეს 

მხოლოდ მისთვის ცნობილი მიმართულებით…“

საკუთარი თავისათვის დასმული ამ რიტორიკული შეკითხვის პასუხი: „სიცოცხლემ წერაკითხვა არ იცის“, ადამიანური ყოფიერების უმძიმეს შინაარსსაც გამოხატავს და კონკრეტულად მწერლის მდგომარეობის აბსურდულობასაც. და ეს ჩვენს ყოფას იმაზე გაცილებით ტრაგიკულს ხდის, ვიდრე ის ბარათაშვილის ან ედგარ ალან პოს ეპოქაში იყო. იმათ გასაქცევი მაინც ეგულებოდათ, ან მიზანი, რომლისთვისაც თავაწყვეტილი გაქცევა ღირდა, მიჯნა, რომლის იქითაც ნამდვილი სიცოცხლე იწყებოდა. ახლა კი,  რა აზრი აქვს, გაქცევას, თუნდაც წერაში გაქცევას, როცა ხვდები და იაზრებ, რომსიცოცხლემ წერაკითხვა არ იცის“… ანდა როცა წინასწარ ხარ დაეჭვებული, თურა უნდა დაგხვდეს იმქვეყნად ისეთი, რომ ეს ივლისის წვიმა არ მოგენატროს“, ეს ხე, ან ამ ხეზე მოთვინიერებული ბედისწერასავით შემოსკუპებული ყვავი.

ნუგზარ ზაზანაშვილის კრებულის ყველა გვერდზე შეგხვდებათ ასეთი ლექსებითითქოს ბალახში გაბნეული მარგალიტები. უცებ შეიძლება, ვერც დაინახოთ: საამისოდ ბალახის გადაწევა მოგიწევთ. 

სასიხარულოა, რომსაბასჟიურიმ ბალახი საგულდაგულოდ გადაჩხრიკა და თავისი გადაწყვეტილებით დაგვანახა, რომწავა წავა წავა წავასკეთილი ავტორი სინამდვილეში არსადაც არ წასულა და არც არსად არ წავა, აქ იქნება, თავის წიგნში გაბნეული, როგორც მარგალიტები ბალახში.