მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს!

დავით ბუხრიკიძე

კაცი-ლეგენდა, რომელსაც მთელი სამყარო პელეს ეძახდა და რომელსაც სინამდვილეში გრძელი, მაგრამ ბაროკოს საოპერო არიასავით მჟღერი სახელი – ედსონ არანტეს დო ნასიმენტო ერქვა, 29 დეკემბერს 82 წლის ასაკში სან-პაულუს კლინიკაში გარდაიცვალა.

ის კარგა ხნის განმავლობაში ავადმყოფობდა და დიაგნოზიც არასაიმედო იყო, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ხალხს მაინც ლეგენდის ხელშეუხებლობის სჯეროდა…

1970 წელს, მაისის ბოლოს, როდესაც მექსიკაში მსოფლიოს მეცხრე საფეხბურთო ჩემპიონატი იწყებოდა, მამაჩემმა შავ-თეთრი „ბერიოზკა“ იყიდა და ეს ჩემი ბავშვობის ნამდვილი ივნისის ნათელი იყო, რადგან პელეს თამაში ტელევიზიით პირველად ვნახე.

ბრაზილიის თამაში იტალიასთან ფინალში და პელეს გოლის შემდეგ კარის ბადის რაღაცნაირი, რეზონანსულ-ტალღური შერხევა, დღესაც ცხადად მახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიის გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ…

პელე 1940 წელს მინას-ჟერაისის შტატში, ღარიბ ოჯახში დაიბადა. უკეთესი ცხოვრების საძიებლად დედ-მამა იმავე შტატის ქალაქ ბაურუში გადავიდა. მშობლებს ბურთისა და სპორტული ფორმის შეძენის საშუალება არ ჰქონდათ და გაზეთებით გატენილი ძველი წინდა მისი პირველი ბურთი იყო, თუმცა დიდი ჯადოქრობის დასაწყებად ესეც საკმარისი აღმოჩნდა, რადგან ხალხმა მაშინვე შეამჩნია პატარა ბიჭის ტალანტი.

როდესაც პელე 15 წლის იყო, ადგილობრივმა მწვრთნელმა, ვალდემარ დე ბრიტომ ცნობილ საფეხბურთო კლუბ „სანტოსში“  წაიყვანა სათამაშოდ. კლუბში მისვლისას დე ბრიტომ მწვრთნელს უთხრა – „ეს ბიჭი მალე საუკეთესო იქნება მსოფლიოში“. უკვე ერთი საათის შემდეგ მწვრთნელი ისე მოიხიბლა, რომ პელეს კონტრაქტზე ხელი მოაწერინა. ეს 1956 წელს იყო.

ორი წლის შემდეგ ამ ბიჭმა შვედეთში ბრაზილიას მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოაგებინა, ფინალში კი 17 წლის პელემ შვედეთს ორი გოლი გაუტანა. საფინალო სასტვენის შემდეგ „საოცარმა ბავშვმა“ (როგორც შვედური პრესა მას უწოდებდა) მოედანზე გონება დაკარგა და მხოლოდ მას შემდეგ მოეგო გონს, როცა საფეხბურთო გულშემატკივრები ხელში აყვანილს დაატარებდნენ მინდორზე.

„პელე კეთილი, მშვიდი და კარგი ხასიათის ბიჭი იყო. საუბარში ბევრ დროს ვატარებდით. არც ვარსკვლავური ამპარტავნება აწუხებდა და არც ზედმეტი ამბიციები. შვილიშვილებს ვუყვებოდი, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც მსოფლიოში უფრო ცნობილია ვიდრე „კოკა-კოლა“… იშვიათია, სამყაროში ვინმე მასზე პოპულარული იყოს, თუმცა ის ძალიან უბრალო და ადამიანურია“, – ამბობდა პელეს უძველესი მეგობარი და ცნობილი ფეხბურთელი დიდი, რომელიც მასზე ხუთი წლით უფროსია.

როდესაც პელე ავად გახდა, ის დიეგო მარადონამ მოინახულა და მაშინ „ფეხბურთის მეფემ“ თქვა ფრაზა, რომელსაც მედია ამ დღეებში, ალბათ, ხშირად გაიმეორებს: „მჯერა, სამოთხეში ჩვენ ფეხბურთს ერთად ვითამაშებთ!“.

პელეს პორტუგალიურად საუბრის სპეციფიკური მანერა ჰქონდა და წინადადებას თითქმის ყოველთვის შეკითხვის ფორმით ამთავრებდა: entende? („გაიგე?“) და დღეს, როცა მილიონობით ბრაზილიელი გაიგებს პელეს სიკვდილს, ასევე იკითხავს: entende?