„მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა“ მეტისმეტად ხმაურიან იზოლაციაში

ჩემთვისაც ძალიან უცნაური იყო, რომ თავიდან ამ თვითიზოლაციისას ყველაზე მეტად წიგნების კითხვა გამიჭირდა. რამდენი რაღაც წიგნი წამოვიწყე, ცოტა ხანში უხალისოდ მივაგდე გვერდით და ეს იყო, ალბათ, ჩემი სასოწარკვეთის ერთადერთი გამოვლინება. არ ვიცი, რა დამემართა. ახლა რომ ვფიქრობ, მგონი, წიგნებზე გავბრაზდი, რადგან, ჩვეულებრივ,  ყველანაირი გასაჭირისას, საშველს სწორედ მათგან ველოდები, ისინი კი ამ უჩვეულო ვითარებაში ვერაფრით დამეხმარნენ: ვირუსის წინააღმდეგ ვერც თვითონ გააწყვეს ვერაფერი და ვერც მე მანუგეშეს.

ასეთი ამბავი დაახლოებით ერთ თვეს გამიგრძელდა. ვიდრე ერთ დღესაც, სრულიად შემთხვევით, თაროზე გამომცემლობა „დიოგენეში“ წლების წინათ გამოცემულ ბოჰუმილ ჰრაბალის რომანი „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა“ არ მომხვდა ხელთ და იგი მეტისმეტად უხალისოდ, სრულიად უმოლოდინოდ გადავშალე.

უმოლოდინოდ და უხალისოდ იმიტომ, რომ თავის დროზე, ახალგამოცემული ამ რომანის წაკითხვისას, მახსოვს, როგორ გამიცრუვდა იმედები.

საქმე ის არის, რომ თვითონ რომანი ძალიანაც მიყვარდა. ადრეულ სიყმაწვილეში მისი სპარსული, არაჩვეულებრივი თარგმანი მქონდა წაკითხული და მაშინ სრულიად სხვაგვარად აღვიქვი ის ყველაფერი, რაზეც ეს უაღრესად მართალი წიგნი ძალიან ფაქიზად, თითქმის ინტიმური ტონით გვესაუბრებოდა.

შინაარსის გარდა, მთავარი იყო ნაწარმოების ენობრივი ქსოვილი და სტილი, რომელიც ირანელ მთარგმნელს არაჩვეულებრივად ჰქონდა დაჭერილი და თხრობის რამდენიმე ნაკადს რამდენიმე ენობრივი კალაპოტით წარმართავდა: ფილოსოფიური განსჯისათვის შედარებით მძიმე სტილი იყო შერჩეული, ყოფითი პასაჟების თხრობისას  მსუბუქი და ოდნავ ფრივოლური, დრამატული მომენტებისას ენობრივად ზეაწეული, ირონიული ნაკადისას კი საგანგებოდ გაუბრალოებული.

ყველა ეს სტილური პლასტი კი ისე ოსტატურად გადადიოდა ერთმანეთში, რიტმის სათანადო რეგულაციის მეშვეობით, რომ სპარსულ თარგმანს ნამდვილ ფოიერვერკს ამსგავსებდა, ქარიშხალს, რომელიც ნელ-ნელა, აკვანივით გარწევდა თავის სიღრმეებში.

ხოლო წიგნის ქართულ თარგმანში ზემოთქმულის ნასახსაც კი ვერსად მივაგენი.

ემჩნეოდა, რომ ნაწარმოების ჩეხურიდან მთარგმნელს, სულხან მუხიგულაშვილს პატიოსნად გადმოეღო ყველა წინადადება.

ისედაც, ეჭვი არ მეპარება, რომ შინაარსობრივად ყველაფერი სწორია და არსად არ სცოდავს, აზრობრივი სიზუსტის თვალსაზრისით, მაგრამ აბსოლუტურად დაკარგულია ის შინაგანი არტისტიზმი, რაც, ამ ერთი შეხედვით, გაბმულ და მოსაწყენ ტექსტს გამოარჩევს.

ამ შინაგანი არტისტიზმის საპირწონედ ქართული თარგმანი მოწესრიგებულია: რამდენიმე უხერხულ პასაჟს თუ არ ჩავთვლით, არსებითად ენობრივად გამართული და, ძირითადად, აკურატულად შესრულებული, რაზეც აშკარად ემჩნევა რედაქტორის ხელი (ვისი სახელი და გვარიც გამოცემაზე, სხვათა შორის, მითითებული არ არის), მაგრამ ჩემთვის სწორედ ეს ზედმეტი ენობრივი მოწესრიგებულობა, თვალში საცემი გრამატიკული პრიალი არის ხოლმე მთარგმნელის მიმართ სკეფსისის მთავარი საფუძველი, რადგან ცუდად თარგმნილი, მაგრამ ზედმიწევნით ნარედაქტორალი წიგნი ჰგავს ხისგან გამოჩორკნილ ფიგურას, რომელიც ცუდად ნაკვეთია, თუმცა კარგად გაპრიალებული.

თუ ჩვენი მთავარი გამომცემლობების (მათ შორის, იმავე „დიოგენეს“) ნაღვაწს (ორიგინალურსაც, მაგრამ, ძირითადად, თარგმანს) კრიტიკულად შევისწავლით, ამ ტექსტებში რედაქტორების ძალიან დიდ გავლენას, პრინციპში, მათ უაღრესად პროფესიულ და კრიტიკულ მიდგომას დავინახავთ.

რადგან ამ საქმეში ლამის ჭიპი მაქვს მოჭრილი, უკვე შემიძლია, გასწორებული ტექსტის მიხედვით (სწორების პრინციპისა და ენობრივ ქსოვილში ჩარევისდა კვალად), წინასწარ, 10-დან 9 შემთხვევაში მაინც გამოვიცნო ამა თუ იმ ტექსტის რედაქტორიც.

ამაში, ერთი მხრივ, ცუდი არაფერია, მაგრამ, მეორე მხრივ, აშკარად აკნინებს მთარგმნელის წარმმართველ როლს შემოქმედებით პროცესში და თარგმანიც ერთი ენიდან მეორე ენაზე წინადადებათა მექანიკურ გადატანამდე დაჰყავს.

შედეგად კი ვიღებთ არა მოსალოდნელ სტილურ და ენობრივ მრავალფეროვნებას, არამედ ერთ კულტურულად სტერილურ კლიშეს, რომელშიც შეიძლება ჩაისვას ნებისმიერი წიგნის ნებისმიერი ადამიანის თარგმანი, რომელსაც კი მინიმალური ცოდნა ექნება ორი ენისა, მაგრამ წარმოდგენაც კი არ შეეძლება, რას შეიძლება ნიშნავდეს მწერლობაში სტილური თამაშები.

აქ დასმული პრობლემა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამაზე, ალბათ, საჭიროა, ცალკე ვიმსჯელოთ. ამჯერად კი მხოლოდ იმისი თქმით დავკმაყოფილდებით, რომ სულხან მუხიგულაშვილისა და რედაქტორის (სავარაუდოდ, ლალი ქადაგიძის) ნამუშევარი სწორედ ასეთი კულტურული, მოწესრიგებული თარგმანის ნიმუშია. როგორც გითხარით, მთარგმნელი ერთგულად მიჰყვება ტექსტს და უდანაკარგოდ გადმოსცემს შინაარსს, რაც, რასაკვირველია, ამ ტექსტის უდავო ღირსებად უნდა ჩაითვალოს. თუ ბოჰუმილ ჰრაბალის სტილისტიკის ერთ თავისებურებას გავითვალისწინებთ, კერძოდ კი, იმას, რომ მისთვის ნათქვამზე მეტად ნაგულისხმევი, ტექსტზე მეტად ქვეტექსტია მნიშვნელოვანი, მაშინ შეიძლება, ეს თავისებურება თარგმანზეც განვავრცოთ და ვთქვათ, რომ თარგმანი გვაძლევს იმის საშუალებას, გადმოტანილი აზრის მიღმა გადმოუტანელი ემოციაც ვიგულისხმოთ და ასე წავიკითხოთ, წიგნი, რომელიც ისედაც სავსეა ალუზიებით, ქვეტექსტებით, წინა საუკუნეებისა თუ თანამედროვე ავტორების ნაწარმოებებსა და ფილოსოფიურ თხზულებებთან გადაძახილით, რაც, საბოლოოდ, ამ პატარა რომანს თანამედროვე ფილოსოფიურ და მხატვრულ მიმდინარეობათა ერთგვარ კვინტესენციადაც წარმოგვიდგენს. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, გავიაზროთ ეპიგრაფი, რომელიც წინ უძღვის რომანს. ეს არის გოეთეს გამონათქვამი: „ მხოლოდ მზეს აქვს უფლება, ჰქონდეს ლაქები.“

ეკერმანისადმი მიწერილ ერთ-ერთ წერილში გამკრთალ ამ ფრაზაში გამოვლენილი გოეთესეული მაქსიმალიზმი არსებითად შეუსაბამოდ გამოიყურება იმასთან შედარებით, რაზეც ბოჰუმილ ჰრაბალი თავის რომანში ანუ ამ ეპიგრაფის მომდევნო სტრიქონებიდანვე გვიყვება. ჰრაბალი ეპიგრაფის მზიდან მზერას უცებ „პატარა ადამიანისაკენ“, საზოგადოებისაგან, ფაქტობრივად, გარიყული და თითქმის მივიწყებული პერსონაჟისაკენ მიმართავს და გამადიდებელი შუშის ქვეშ გვიჩვენებს მის სახეს, შესაბამისად, მის ლაქებსაც და იმასაც, რამაც ეს სახე თავის დროზე დაალაქავა, ანუ გვიჩვენებს უფლებას, თუ რატომ შეიძლება ჰქონდეს ლაქები ადამიანს.

წიგნის მთავარი პერსონაჟი იშვიათი პროფესიის კაცია. ის ოცდათხუთმეტი წელიწადია, მაკულატურის მწნეხავად მუშაობს ერთ-ერთ საამქროში, სადაც ჰყავს უფროსი, მაგრამ მთელი სიტუაციის ბატონ-პატრონი მაინც თვითონაა, რადგან მთავარ იარაღთან, ქაღალდის საწნეხ ტრადიციულ, მაგრამ უკვე მოძველებულ მანქანასთან ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ მას აბარია.

ბოჰუმილ ჰრაბალის შემოქმედების მკვლევრები ხშირად მიუთითებენ ხოლმე მის წიგნებში ავტობიოგრაფიული ელემენტების სიუხვეზე და კერძოდ, აღნიშნავენ, რომ გასული საუკუნის 1914 წელს ჩეხეთის უმშვენიერეს ქალაქ ბრნოში დაბადებული ავტორი იმ საუკუნის ორმოცდაათიან წლებში თვითონვე მუშაობდა მაკულატურის საამქროს მწნეხავად.

რა თქმა უნდა, საინტერესო ბიოგრაფიული დეტალია, თუმცა წიგნში პერსონაჟის საქმიანობაც ისეთივე სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, როგორც სხვა უამრავი წვრილმანი. მაკულატურის მწნეხავი ჰანტა, პატარა, თითქმის უჩინარი და მივიწყებული ადამიანი, აქ თავისი თანამედროვე სოციუმის იმ არცთუ მცირე ნაწილის თავისებური სიმბოლოა, რომელთაც თავის დროზე კარგი განათლება მიიღეს, მაგრამ სხვადასხვაგვარმა ყოფითმა პერიპეტიებმა თუ სწორედ ამ განათლებით შეპირობებულმა მორალურმა კატეგორიებმა ისინი საზოგადოებრივი ასპარეზის ყველაზე მიჩქმალული ადგილებისაკენ მოისროლა.

გარდა ამისა, აქ საგულისხმოა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო, რომელშიც უკვე მთელი საზოგადოება და მისი განვითარების დონე ირეკლება. მაკულატურა აქ არსებითი საგნების, ცნებების, აზრებისა თუ შეხედულებების მეორეული გადამუშავების ეტაპზე მიგვითითებს, დროზე, როცა წიგნის შექმნაზე მეტად უკვე შექმნილის ხელახალი ათვისება ხდება მნიშვნელოვანი, ოღონდ ამ ათვისებისას შესაძლებელია, დაიკარგოს ბევრი რამე, ბევრი ისეთი ღირებულება, რაც ადრე ფასეული იყო, მაგრამ ახლა საერთო, ერთად შეგროვებული ნაგვის მასაში არის გაბნეული, სწორედ ისევე, როგორც ის იშვიათი გამოცემები, რომელთაც ჰანტა მაკულატურის შეკვრებში აღმოაჩენს ხოლმე და ლამის თავგანწირვით ლამობს მათ გადარჩენას.

„მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა“ 1973 წლიდან 197(ექვსი) წლამდე იწერებოდა. თუ ამ თარიღებს მივაქცევთ ყურადღებას, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ბოჰუმილ ჰრაბალმა უკვე ამ დროს დაინახა პოსტმოდერნიზმის ეპოქის მთელი პერსპექტივა და მხატვრულად ეს პერსპექტივა სწორედ ისე გადაშალა, როგორც ზემოთ მივუთითეთ.

თუმცა, თუ ამ სიმბოლოს უფრო მასშტაბურად შევხედავთ, შეიძლება, ვიფიქროთ, რომ წნეხი აქ ცხოვრებას გამოხატავს, ხოლო წიგნები იმ სულიერ სიმდიდრეს, რაც კაცობრიობას შეუქმნია და რასაც მერე ადამიანური ყოფა და, თუ გნებავთ, ტრადიციული კულტურა ზოგჯერ სწორედ ჰანტას წნეხივით მექანიკურად, ცივად და მანქანურად ჩაწნეხს ყველა იმ ადამიანში, რომელიც ამ სიმდიდრის შემოქმედი კი არა, ჩვეულებრივი მომხმარებელია. ბოჰუმილ ჰრაბალი გვეუბნება, რომ სინამდვილეში ყველანაირი სიდიდე სწორედ ერთი ჩვეულებრივი, „პატარა ადამიანისათვის“ იქმნება და ნებისმიერი სიდიდის გამძლეობას პატარა ადამიანისათვის მისი აღქმადობის ხარისხი ამოწმებს.

ჩვენი  კულტურული ეპისტემის მიერ ჩვენთვის თავსმოხვეული ნებისმიერი ნარატივი, ნებისმიერი ციტატი ამ ნარატივიდან კი მაშინ ცოცხლობს, როცა ეს ციტატები ჩვენივე ცხოვრების გარკვეულ წამებთან დაკავშირებით გვახსენდება და მათ ან ვეთანხმებით, ან სრულიად საწინააღმდეგო შინაარსით გავიაზრებთ.

წიგნში ვხედავთ, რომ ჰანტასათვის ასეთი მაგიური თუ საბედისწერო სულ რამდენიმე მომენტია. ამგვარ პირველ წამად პირველად გამიჯნურების, სიყვარულის თავდაპირველი აღქმის მომენტი უნდა მივიჩნიოთ. მშვენიერი მანჩინკა და მასთან ურთიერთობის ის ორი ინციდენტი, რომელიც პრინციპულად მთელ ამ ურთიერთობას ამოაყირავებს. ბოჰუმილ ჰრაბალი ამ ინციდენტების აღწერისას ძალიან ბოროტად ხუმრობს და თამაშობს ამაღლებულის ორმაგი ბუნებით: ერთი მხრივ, სილამაზით, ჰაეროვნებით, აუმღვრევლობით და მეორე მხრივ, ამ სილამაზის ფიზიოლოგიური მასალის, რომანის მეორე პლანის პერსონაჟების, თავისივე ნაწარმოების „მასორკის“, სინამდვილეში კი მკითხველის ცხვირწინ ჩამოტარებით, როცა ერთხელ გოგონას ქათქათა სამეჯლისო კაბა ესვრება, ხოლო მეორედ თხილამურზე უდევს ეს „შედეგი“ ისე, რომ თვითონ არც იცის და სიამოვნებითა და სიამაყით მოსრიალებს ამ ამბით გალაღებული შემსწრეების თვალწინ.

თუ ამ საკითხების დიდი ვულგარიზება არ გამომივა, მინდა, ერთი ამბავი პირადად ჩემი გამოცდილებიდანაც გავიხსენო. ადრეულ სიყმაწვილეში ახალგაზრდა მწერლების ერთი ჯგუფი ერთად ვიკრიბებოდით, სალიტერატურო ჟურნალს გამოვცემდით. უფრო სწორად მე მაშინ თოთხმეტი ან თხუთმეტი წლისა ვიქნებოდი, ის ლიტერატორები კი ჩემზე ათი თხუთმეტი წლით უფროსები იყვნენ. მათში ერთი უკარგესი ადამიანიც ერია; როგორც მაშინ მეგონა, უკვე დიდი კაცი, სინამდვილეში კი 30 წლამდე ახალგაზრდა მეგრელი; და მახსოვს, ამ მეგრელს აჩემებული ჰქონდა ერთი ტირადა, რომელსაც გამუდმებით იმეორებდა: „რა მურტალია, ისე! ქალი რომ გიყვარს, ულამაზესი, შორიდან რომ ეტრფი, სული გელევა მისთვის, კვდები, ხარ ერთ ამბავში! და უცებ: წარმოიდგინე!“

აქ ცოტა შეყოვნდებოდა და მერე განაგრძობდა ხოლმე:

„არა, არა! კარგად წარმოიდგინე: ეს ქალი, ეს ოცნებებში ნალოლიავები ფერია, ეს ციდან ფეხად ჩამოსული ანგელოზი, ზიის, ბიჯო, უნიტაზზე და კუჭში გადის!“

როცა ეს ტირადა პირველად მოვისმინე, ფეხქვეშ ლამის მიწა გამომეცალა: იმ ასაკისა ვიყავი, როცა ნებისმიერი ასეთი პროზაიზმი დამთრგუნველად მოქმედებს ჩვენს ნერვულ სისტემაზე. როცა საკუთარი სხეულის გაცნობის პროცესში ხარ და ნებისმიერი რამ დიდ სიუხეშედ და ვულგარულობად გეჩვენება.

ეს მანამდე იყო, სანამ მივხვდებოდი, რომ არ შეიძლება, ადამიანს მოსთხოვო, იყოს ანგელოზი! ადამიანი არის ყველაფერი: ის, რაც მასში ამაღლებულად გეჩვენება და ის, რაც რეალურად არის ამ ამაღლებულის სრულიად ორგანული ნაშთი, გნებავთ, უნიტაზში ჩასარეცხი ფიზიოლოგიური ნარჩენები.

იმ პოეტის აჩემებული ტირადა რომ არა, ალბათ, პირადად მე გამიჭირდებოდა ბოჰუმილ ჰრაბალის რომანის ამ პასაჟების ადეკვატური აღქმა, მით უმეტეს, ვერ გავიგებდი იმას, თუ როგორ კრავს მთელ ამბავს რომანის ბოლოს აღწერილი ბოლო ეპიზოდი: როცა მარტოობით თავგაბეზრებული ჰანტა შორეულ მხარეში დასახლებული მანჩინას მოსანახულებლად მიდის და იქ თავის მიერ დაგროვებული ნივთების სიცივით გარშემორტყმული ყოფილი შეყვარებული ჩამომჭკნარი ვარდით, ხორციელი ვნებისაგან დაცლილი სიყვარულით, ნაღვლიანად ტრაგიკული აგაპეთი ეგებება. პირადად ჩემთვის ერთ რომანად მარტო ამ შეხვედრის ეპიზოდი ღირს, წამი, როდესაც ჰანტა ხვდება, რომ წარსულში ვეღარ დაბრუნდები და თუ მაინც მოხდა და ოდესმე იქ აღმოჩნდი, მალევე უკან, აწმყოში გამობრუნება მოგიწევს, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ერთდროულად არსებობს სამივე დროში: წარსულშიც, აწმყოშიც და მომავალშიც, რეალურად ცოცხალი ის მხოლოდ აწმყოშია და აწმყოა ჩვენი სასიცოცხლო სივრცე, რომლის საკვებიც მომავალია, ხოლო წარსული ჩასარეცხად გამზადებული ფიზიოლოგიური მონარჩენი.

ამის გაცნობიერების მიუხედავად, მაინც ძალიან მტკივნეულია წარსულთან გამოთხოვება, სიძველისა და სიახლის დაპირისპირების ადამისჟამინდელი პარადიგმით, რომელიც ბოჰუმილ ჰრაბალის „მეტისმეტად ხმაურიან მარტოობაში“ სრულიად უბრალოდ, მაგრამ ძალზე გულში ჩამწვდომად არის მოცემული: როცა ჰანტა ერთხელაც თითქმის კონსპირაციულად მიდის მაკულატურის გადასამუშავებელი ახალი საწარმოს მოსანახულებლად, რომელიც თანამედროვე დანადგარებით არის აღჭურვილი და სადაც ჯანღონით სავსე ახალგაზრდების მთელი გუნდი შრომობს. ჰანტა ხვდება, რომ მარცხისათვის არის განწირული და უკვე პრინციპულად შეგუებულია თავის უფროსთან შეხვედრასაც, რომელიც ამ ახალი საამქროს მონახულების შემდეგ ელოდება: უფროსი მას სამსახურიდან დაითხოვს, ანუ სასიცოცხლო სივრციდან აძევებს და აქ უკვე ძნელი არ არის, რომანის ამ თითქმის მეორეხარისხოვან პერსონაჟში, ყველასაგან მივიწყებულ საამქროს უფროსში ღმერთის ან სამყაროს უზენაესი ტრანსცენდენტული ძალის ხატება დავინახოთ. თუ ამ პერსონაჟს ასე „წავიკითხავთ“, მაშინ არ გაგვიჭირდება მეორე პერსონაჟში, ნახევრადშეშლილ პროფესორში, რომელიც, ჰანტას გარკვეული მომსახურების სანაცვლოდ, მცირედ თანხას სთავაზობს, ბედისწერის სახება ამოვიცნოთ.

საგულისხმოა, რომ ჰანტა მას ქრონოსივით, დრო-ჟამივით ეთამაშება, როცა პროფესორი ერთმანეთში ურევს ხანშიშესულ ჰანტასა და მის არარსებულ ახალგაზრდა შეგირდს, რომელსაც ისე წარმოიდგენს, თითქოს თავისი მოხუცი ოსტატი ასაკის გამო ჩაგრავდეს და შეურაცხყოფას აყენებდეს. ამიტომ ფულს ორჯერ იხდის: ჰანტას გაწეული სამსახურისა და ახალგაზრდა შეგირდის მიმართ გამოჩენილი გულისხმიერებისათვის აჯილდოებს, ხოლო საიდუმლოდ წინ გადასწრებულ და ახალგაზრდა შეგირდად გადაცმულ იმავე ჰანტას – მოთმინებისა და სამომავლო პერსპექტივისათვის. ამ ეპიზოდიდან სრულიად აშკარად ჩანს, რომ სხვადასხვა ასაკში ჩვენ მხოლოდ ამ ასაკისთვის შესაფერისი სხვადასხვა ნიღაბი ვართ და ამ ნიღბებით უსასრულოდ თამაშობს ყოვლისმცოდნე ქრონოსი.

ძნელია, ერთ პატარა რეცენზიაში სრულად ამოწურო ამ მცირე რომანის ყველა ძირითადი ასპექტი და ეს არც ყოფილა ჩვენი მიზანი, თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ წიგნი, როგორც უკვე აღინიშნა, სავსეა ლიტერატურული და ფილოსოფიური ალუზიებით და ამ ალუზიების სათანადო შესწავლა მთელი დისერტაციის პრეროგატივაა.

მე, უბრალოდ, იმისი თქმა მინდოდა, რომ ამ ყველასაგან განსხვავებული ჩეხისა და უცნაური ადამიანის, ბოჰუმილ ჰრაბალის „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა“ ჩემი მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობის უებრო წამალი აღმოჩნდა. ამ წიგნმა გადამატანინა მთელი თვითიზოლაცია და კითხვისაკენ ისევ მიმაბრუნა, რადგან ბოჰუმილ ჰრაბალის რომანებში თამაშდება ყველაზე უბრალო, მაგრამ ყველაზე ღირებული სასწაული: ცხოვრება, რომელიც მარტოობაში შეიძლება კიდევ უფრო სისხლსავსე და მშვენიერი იყოს.

ჰრაბალის რომანებიდან ქართულად ასევე „დიოგენეს“ გამოცემულია და იმავე სულხან მუხიგულაშვილის თარგმნილია კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი წიგნი „ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“. მის მესამე მთავარ ნაწარმოებს „ საგანგებო დანიშნულების მატარებლებს“ კი „დიოგენე“ ამ წლის სექტემბრისთვის გვპირდება.