მილიარდერთა კლასის აპოკალიფსი და სილამაზე, როგორც ვალუტა

პუბლიკა

ნინო ჩიმაკაძე

რუბენ ოსტლუნდის ოქროს პალმის მფლობელი სოციალური სატირა ულტრა მდიდრებზე და ინფლუენსერებზე

შვედი რეჟისორის, რუბენ ოსტლუნდის ახალ ფილმს კანში განსაკუთრებით ელოდნენ, რაც ბოლო წლებით თუ ვიმსჯელებთ, გასაკვირი ნამდვილად არაა.  როგორც წესი, ის ამ ფესტივალიდან ხელცარიელი არ ბრუნდება ხოლმე.

ოსტლუნდის დებიუტი კანში 2008 წელს, ფილმით “Involuntary” შედგა, რომელსაც საკმაოდ კარგი გამოხმაურებები ჰქონდა. 2014-ში რეჟისორი უკვე Force majour-ით ჩამოვიდა ფესტივალზე და საკონკურსო პროგრამის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი სექციის, Une Certain regard-ის მთავარი პრიზიც დაიმსახურა. 2017 წელს კი ფესტივალის მთავარი ჯილდოს, ოქროს პალმის მფლობელი გახდა ფილმისთვის „Square”.  წელს ოსტლუნდის ფილმს Triangle of Sadness („ სევდის სამკუთხედი“), ისევე, როგორც საკონკურსო ნამუშევრების უმეტესობას, არცთუ ისე მაღალი შეფასებები ჰქონდა საერთაშორისო გამოცემებისგან, თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია ჟიურის წევრებისთვის, პალმა ისევ შვედეთში გაეგზავნათ. რუბენ ოსტლუნდი წელს ზედიზედ მეორედ გახდა კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელი, რითაც რეჟისორთა იმ მცირერიცხოვან ჯგუფს შეუერთდა, რომლებსაც ოქროს პალმა ორჯერ აქვთ აღებული. მათ შორის არიან ფრენსის ფორდ კოპოლა, კენ ლოუჩი, ძმები დარდენები და მიხაელ ჰანეკე.

ახალ ფილმში ოსტლუნდი ისევ აგრძელებს საზოგადოების სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებზე და მათ ქცევებზე დაკვირვებას და ამჯერადაც წარმატებით ახერხებს მათი ფარული ვნებების, შიშებისა თუ სურვილების გაშიშვლებას. ბურჟუაზიული ტრადიციული ოჯახის მოჩვენებითი იდილიის („ფორს მაჟორი“)  და არტისტული სამყაროს ყალბი ემპათიურობის („კვადრატი“) შემდეგ რეჟისორმა გადაწყვიტა, სუპერ მდიდართა კლასის აბსურდამდე მისულ ძალაუფლებაზე და პრივილეგიებზე მიეტანა დარტყმა, პარალელურად კი, ინფლუენსერების კულტურის გროტესკულობა ეჩვენებინა.

ფილმი პირველივე ეპიზოდიდან იპყრობს ყურადღებას და უკვე ხვდები, რომ სეანსის მსვლელობისას როგორც მინიმუმ, კარგად გაერთობი. გამხსნელ კადრში ახალგაზრდა მამაკაცებს სარეკლამო რგოლის კასტინგისთვის იღებენ. ფოტოგრაფები და პროდიუსერები ცდილობენ, ბიჭებისგან სასურველი პროდუქტი მიიღონ და რეკომენდაციებს არ იშურებენ: „ ცოტა მეტად გააღე პირი, რომ უფრო  მისაწვდომი გამოჩნდე“ – ეუბნებიან ფილმის მთავარ გმირს, კარლს. შემდეგ კი ურჩევენბალენსიაგას მზერითგამოიხედოს, ანუ ძვირადღირებული ბრენდების მატარებლებისთვის დამახასიათებელი ცოტა ქედმაღლური და ირონიული გამომეტყველება მიიღოს დამომხმარებლებს ზემოდან დახედოს“.  

კარლის მეგობარი გოგო, იაია ასევე მოდელია და პარალელურად სოციალური ქსელების ინფლუენსერია. მისი შემოსავლის ძირითადიც წყაროც სწორედ ესაა: ის სხვადასხვა მდიდრულ ადგილებში ფოტოებს და ვიდეოებს იღებს და სოციალურ მედიაში ტვირთავს, რის საფასურადაც ხან 5-ვარსკვლავიან სასტუმროში რჩება, ხან საუკეთესო რესტორნებში ვახშმობს. სწორედ ასე მოხვდება წყვილი მდიდრულ კრუიზზე, რომლითაც მხოლოდ ძალიან მდიდარი ადამიანები მგზავრობენ. „ამ კრუიზის ფასს მისი სილამაზე იხდის“ – ეუბნება კარლი გემის ერთერთ თანამგზავრს. სილამაზე, ფილმში ერთგვარი ვალუტაა, რომელიც ყველა კარს ხსნის, თუ მას სწორად გამოიყენებ და სათანადო პოზიციონირებას მოახდენ.

მართალია, მთავარი ამბები გემზე იწყება, თუმცა, არანაკლებ დასამახსოვრებელი და ალბათ ერთერთი საუკეთესო სცენაა ფილმის დასაწყისში წყვილის კამათი რესტორანში. იაია ტელეფონზე საუბრობს, როდესაც ანგარიშს მოიტანენ, ის საუბარს არ წყვეტს, ისე უხდის მადლობას მეგობარს დაპატიჟებისთვის, რაზეც კარლი ღიზიანდებამას სულაც არ ჰქონდა გადაწყვეტილი მთლიანი თანხის გადახდა. ამ ძალიან სასაცილო, ცოტა უხერხული და ამავდროულად, მნიშვნელოვანი დისკუსიით, ოსტლუნდი ისევ უბრუნდება ფორს მაჟორის მთავარ დილემას და გენდერული როლების გააზრების საინტერესო პერსპექტივას გვთავაზობს. რა მოლოდინი გვაქვს კაცებისგან და რატომ გვაქვს, თუ რეალურად თანასწორობის მომხრე ვართ? რეჟისორი ამჯერადაც არ ერიდება პოლიტკორექტულობის სარისკო ზღვარზე სიარულს და სენსიტიურ თემებს მისთვის ჩვეული იუმორითა და ყველა მხარის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით განიხილავს.

როგორც ოსტლუნდი აღნიშნავს, ის ბიჰევიორისტული თეორიით არის დაინტერესებული და საკუთარ პერსონაჟებსაც ძირითადად ამ მიმართულებით იკვლევს. წინა ფილმების მსგავსად ის აქაც გამადიდებელი ლუპით გვაჩვენებს ადამიანების რეაქციებს სხვადასხვა მოვლენაზე და მათი ქცევის მოტივების გაანალიზებისას ზოგჯერ იმდენად ღრმად იჭრება პერსონაჟების ცნობიერებაში, დისკომფორტისა და უხერხულობის შეგრძნებას გვერდს ვერ აუვლით. ოსტლუნდი ადამიანებს სოციალური და ეკონომიკური სტრუქტურების პერსპექტივიდან უყურებს და მარქსის თეორიას ეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ჩვენს ქცევას ყველაზე ხშირად ჩვენი მდგომარეობა განსაზღვრავს სოციალური იერარქიის კიბეზე. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას.

მარქსიზმი და კლასის პოლიტიკა ფილმის ერთერთი მთავარი ხაზია. რეჟისორი სამიზნედ ყველაზე მდიდარ კლასს ირჩევს და დაუნდობლად მიაქანებს მათ უფსკრულისკენ, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. მათ შორის არიან დღევანდელი რეალობისთვის ძალიან რელევანტური რუსი ოლიგარქი, რომელიც მისივე თქმითმძღნერს ყიდის“, ანუ სასუქი პროდუქტების ბიზნესი აქვს; ბრიტანელი ცოლქმარი, რომლებიც ყუმბარებს აწარმოებენ და სჯერათ, რომ ამით მსოფლიოში დემოკრატიის დამყარებას უჭერენ მხარს; მარტოსული შუა ხნის მამაკაცი, რომელსაც მაღალი ტექნოლოგიების ბიზნესი აქვს და მასთან სოციალიზაციის სანაცვლოდ მზადაა გოგონებს ძვირადღირებული საათები დაურიგოს და ა.. ფული და ძალაუფლება აქ ყველაფერს განსაზღვრავს და ყველას თავის ადგილს მიუჩენს. გემის მომსახურე პერსონალი გულმოდგინედ ცდილობს მდიდარ სტუმრების განებივრებას და მათი ყველა ახირების შესრულებას. მაგალითად, როდესაც რუსი ბიზნესმენის ნასვამი ცოლი ამბობს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და რომ მისი სურვილია, გემის თანამშრომლებმა აუზში იბანაონ და კარგად გაერთონ, მათ სხვა გზა არ რჩებათ, რომ ერთად შეიკრიბონ და თანასწორობის ილუზიის შესაქმნელად კოლექტიური გართობა გაითამაშონ. მხოლოდ მარქსისტი გემის კაპიტანი ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე, რომელიც თავის ოთახშია ჩაკეტილი და ალკოჰოლით ირთობს თავს. კაპიტანი, რომელსაც არაჩვეულებრივად თამაშობს ვუდი ჰარელსონი, ერთგვარ კლასობრივ ომს აცხადებს და უარს ამბობს სტუმრებისთვის სპეციალური სადილით გამასპინძლებაზე. თუმცა, მოგვიანებით ის მაინც გამოდის კაიუტიდან და ფილმის ერთერთი საკვანძო სცენაც სწორედ მასსა და რუს ოლიგარქს შორის გამართულ დიალოგს უკავშირდება. აქ რუსი კაპიტალისტი და ამერიკელი კომუნისტი  ერთმანეთისთვის ამ ორი იდეოლოგიის უპირატესობების დამტკიცებას ცდილობენ და მარქსის, ლენინის, რეიგანისა და ტეტჩერის ციტატებს იშველიებენ საკუთარი პოზიციების გასამყარებლად. 

გემის დელიკატესებით დახუნძლული სადილისა და 5-ვარსკვლავიანი სერვისის იდილია მალე ირღვევა, როდესაც გემი შტორმში მოჰყვება. ელიტარული კრუიზი ფსკერისკენ მიექანება. მილიარდერთა კლასს კი აპოკალიფსის მოლოდინში კოლექტიური გულისრევა და ფაღარათი ეწყება. ამ ფონზე განსაკუთრებით შთამბეჭდავია კაპიტნის სოციალისტური მოწოდებები რაციაში, რომელიც მთელ გემზე ისმის და რომლითაც ის მგზავრებს მათი კუთვნილი გადასახადების გადახდისკენ მოუწოდებს.

კუნძულზე გამორიყული გადარჩენილები სრულიად სხვა რეალობაში ხვდებიან. სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი ვალუტა უკვე ცოდნა და გამოცდილებაა და არა ძვირფასი საათი ან სილამაზე. გადარჩება ის, ვინც იცის, როგორ მოიპოვოს საკვები, როგორ დაანთოს ცეცხლი და ა.. ამ პირობებში ძალაუფლებას ყველაზე დაბალი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანი იღებს ხელში და ახლა უკვე ის ადგენს თამაშის წესებს. ოსტლუნდი თავდაყირა აყენებს სოციალურ იერარქიებს და ამით ძალიან ერთობა, იმდენად, რომ ფეხბურთის მატჩის მსგავსად დამატებით დროს ნიშნავს და როცა აღარც ეს ყოფნის, საქმე პენალტებამდე მიჰყავს.

სევდის სამკუთხედსაკლიაფორს მაჟორისდახვეწილობაკვადრატისმახვილი ირონია. აქ ყველაფერი უფრო პირდაპირ, მძაფრად და რიგ შემთხვევებში სწორხაზოვნად არის მოწოდებული. თუმცა, გვიანი კაპიტალიზმის ეპოქაში უკიდეგანო ძალაუფლების მქონე ადამიანების მიერ ოკუპირებული გლობალური კაპიტალის დამანგრეველი შედეგები უკვე იმდენად სცდება ყველა ზღვარს, ოსტლუნდის ასეთი გამოხატვის ფორმა შესაძლოა ყველაზე სწორიც კი იყოს. თანაც, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მაყურებელს ძალიან ითრევს და კინოსეანსს ერთ დიდ სანახაობად აქცევს. ფილმის პრემიერისას დარბაზში არ წყდებოდა ხმამაღალი სიცილი და შეძახილები, რის გამოც მეორე დღეს პრესკონფერენციაზე აშკარად კმაყოფილმა ოსტლუნდმა სეანსი ფეხბურთის მატჩს შეადარა. მთავარ დარბაზში, სადაც ჩვენებას რეჟისორიც ესწრებოდა, ფილმის დასრულების შემდეგ  მაყურებელმა ის 8-წუთიანი ფეხზე ამდგარი ოვაციით დააჯილდოვა.