ამ დღეებში ცხადია, უამრავი იწერება და უკვე დაიწერა ოთარ იოსელიანზე, ყველაზე დიდ ქართველ კინორეჟისორზე, რომლის შემოქმედების ბოლომდე გააზრება მხოლოდ ახლა, მხოლოდ მისი წასვლის შემდეგ იწყება… და რადგან პოეტი ამბობს, „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“, მეც მაქვს მუდმივი და ყველაზე ძვირფასი სახსოვარი – „პასტორალი“, რომელიც ჩემი საუკეთესო ფილმების ათეულში სადღაც შუაშია, რობერ ბრესონის „მუშეტსა“ და მიქელანჯელო ანტონიონის „ღამეს“ შორის.
„პასტორალი“, რომელიც იოსელიანის ბოლო საბჭოთა ფილმია, 1976 წელს გამოვიდა კინოგაქირავებაში და ისიც მინიმალური ტირაჟით. ფაქტობრივად, ფილმის მსოფლიო პრემიერა პარიზში გაიმართა, 1979 წლის შემოდგომაზე, თუმცა „პასტორალის“ საერთაშორისო აღიარება 1982 წლის დასავლეთ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალიდან იწყება, სადაც „ფორუმში“ მონაწილეობდა და არასაკონკურსო პროგრამაში. თუმცა „ფიპრესი“- კრიტიკოსთა პრიზი, რომელიც ფილმმა დაიმსახურა, იმხანად გაცილებით მეტს ნიშნავდა რეჟისორისთვის.
„გიორგობისთვესა“ და „იყო შაშვი მგალობელში“ რეჟისორი ქალაქის შინაგან რიტმს ეძებდა და თხზავდა; სადაც პეიზაჟები და სივრცე თითქმის დახშული და მინიმალურია. „პასტორალში“ მისი მზერა გადაინაცვლებს სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში, სადაც სივრცე მაქსიმალურად გახსნილია და სადაც ქალაქელი მუსიკოსები ზაფხულში რეპეტიციებზე ჩადიან. ფილმის სათაური და დასაწყისში კლავესინის მოტივიც მიგვანიშნებს, რომ მუსიკას ფილმში უმთავრესი ადგილი უჭირავს, რაც ოთარ იოსელიანის ბიოგრაფიის ერთგვარი გამოძახილიცაა. ის კონსერვატორიაში კომპოზიციას და დირიჟორობას სწავლობდა.
მუსიკა მართლაც განუწყვეტლივ მიჰყვება ფილმს, მეტაფორულად და უშუალოდ. კამერული ორკესტრის მუსიკოსები რეპეტიციისას ხან ბრამსს გადასწვდებიან, ხან ბაროკოს და ხან საოხუნჯო-საცეკვავო მელოდიებს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ თავად ფილმის სტრუქტურა, მისი თხრობა აგებულია და გაჟღენთილია მუსიკით – ერთგვარი „წერტილოვანი“ ბგერებით და ხმაურებით, კონტრაპუნქტის ხერხით (მაგალითად, კადრის გადასვლა ქალაქის ოფისიდან სოფლის პეიზაჟზე), ელეგიური მელოდიების ამოძახილებით, ღამით ხალხური სიმღერებით და მოცარტის „დონ ჯოვანის“ ფრაგმენტით (როდესაც კოლმეურნეებით სავსე მანქანა შლაგბაუმზე, მატარებლის ფანჯრიდან მომზირალ სახეებს ხვდება)… ხოლო ფინალში, როცა სოფლიდან გამგზავრების წინ, მუსიკოსები ედუკის ვინილის ფირფიტას აჩუქებენ, მარში მთლიანად ფილმის, მისი სათაურის დამცინავ კონტრაპუნქტად იქცევა.
„პასტორალის“ რიტმსა და მოქმედებას უპირველეს ყოვლისა, რეჟისორის ფხიზელი დაკვირვება განსაზღვრავს: სოფელის მოკრძალებულ ყოველდღიურობაზე, სასაცილო თუ პაროდიულ კონფლიქტებზე კოლმეურნეობის გამო, სახლის უკანონო აშენებაზე, აგურის ქურდობასა თუ უკანონო თევზჭერაზე. თითქოს არაფერი განსაკუთრებული და დრამატული არ ხდება, მაგრამ პატარ-პატარა ამბები ისე ავსებენ თხრობას, როგორც სხვადასხვა ხმები ქმნიან პოლიფონიურ ჟღერადობას.
მეორე სართულზე დროებით მცხოვრები მუსიკოსები და პირველ სართულზე მცხოვრები მასპინძლები, ლამის მხოლოდ პარალელურ გარემოში არსებობენ. ერთი მხრივ, ესაა ქალაქისა და სოფლის ხილული სოციალური და ფსიქოლოგიური კონტრასტი და მეორეს მხრივ, უხილავი კონფლიქტი თავად შიდა ჯგუფებში – ცალკე მუსიკოსებში და ცალკე სოფლის მაცხოვრებლებში. მაგრამ ამ კონტრასტის მიუხედავად, რეჟისორი მორალურ გაკვეთილს არ გვიკითხავს.
ერთადერთი, ვინც ამ „არაპასტორალურ“ გარემოს სიცოცხლით ავსებს, ესაა ედუკი – მოზარდი გოგონა, რომელსაც სურს მეტი გაიგოს სამყაროს შესახებ და რომელიც შინაგანად მიილტვის მუსიკოსებისგან, თუმცა საბოლოოდ, ასევე იმედგაცრუებული რჩება. ფირფიტა, რომელსაც მას კამერული ორკესტრის წევრები უტოვებენ, ვერც სამყაროს და ვერც მუსიკის გაცნობაში დაეხმარება.
მართალია რაღაც მკრთალი ისტორია იკითხება ახალგაზრდა მუსიკოსისა და ედუკის ურთიერთობაში, მაგრამ ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ რეჟისორი გარკვეულ სოციალურ მოდელს ქმნის, რომელშიც ეწერება ეს ურთიერთობაც, გლეხის ბუნებაც (მაგალითად, როცა წვიმიან შარაზე ბოთლს პოულობს და შინ მიაქვს), ბრაკონიერიც და პროფესიული მუსიკოსიც. თითქოს ამ საყოველთაო და თხრობით პოლიფონიაში ყველას თავისი ხმა აქვს, ყველა თავისთვისაა, მაგრამ, სხვებს ვერ ეხმიანება.
დრამატურგიული სიფაქიზით, არაფრისმთქმელი სიმძაფრითა თუ დიალოგებით „პასტორალი“ გარკვეულწილად ჰგავს ჩეხოვის პიესებსაც, რაც თავის დროზე რუსმა და დასავლელმა კრიტიკოსებმაც აღნიშნეს. თუმცა, თავად რეჟისორმა ეს პარალელი ბერლინის 2002 წლის საერთაშორისო კინოფესტივალზე (იოსელიანის ფილმი „ორშაბათ დილით“ ჟიურიმ საუკეთესო რეჟისურისათვის „ვერცხლის დათვით“ დააჯილდოვა) საჯაროდ უარყო.
„პასტორალში“ აღარაფერია დარჩენილი ქართული იგავური კინოსგან. არც სახასიათო ელემენტები, არც სანიმუშო პარაბოლურობა და არც პერსონაჟების თავგანწირვა. იოსელიანმა „არტისტები“ საერთოდ გააქრო თავისი ხედვიდან, რადგან მათემატიკურად დაბალანსებულ, მაგრამ მუსიკალურ სტრუქტურაში ისინი არ ჭირდებოდა. პირიქით, საკუთარი ხილულობით მას ხელს შეუშლიდნენ კიდეც. უარტისტო და უმსახიობო კინო ალბათ მისი შემოქმედების მთავარ საიდუმლოდ, მთავარ გამოცანად დარჩება.
ცხადია, „პასტორალი“ ჯერ კიდევ ძალიან შორს იყო მელანქოლიურ ირონიამდე, ადამიანური ბუნების ლამის ანატომიურად შესწავლამდე, ჯერ კიდევ არის დარჩენილი ტრადიციული ცხოვრების ნაწყვეტები. სუნთქვაც თავისუფლად შეიძლება, მაგრამ დახვეწილი განწირულობის კვალი მაინც საგრძნობია. ნამდვილი განადგურება მერე იქნება: აფრიკაში („და იქმნა ნათელი“), პროვანსში („პეპლებზე ნადირობა“) თუ ვენეციაში („ორშაბათ დილით“)… ცივილიზაცია ხომ ერთნაირად ანადგურებს თავის თავსაც და ბუნებასაც.
„პასტორალში“, თხრობის ადგილს საბოლოოდ მუსიკალური სტრუქტურა იკავებს. პერსონაჟები თითქმის გამქრალები არიან და თითქოს აღარაფერი ხდება. მაგრამ პოეზიას და გუნება-განწყობილებას სწორედ ეს მოუხელთებელი და დამატყვევებელი „არაფერი“ ქმნის, რომლის დროსაც ვეღარ წყდებით ფილმს და ის კლავესინზე შესრულებულ „კარგად ტემპერირებულ“ კლავირს გაგახსენებთ. ვიღაცებს გალაკტიონის სტრიქონებსაც: „მოჰქონდათ წინათ პასტორალები“…