მონაზვნობა – მუდმივი პროტესტის შემოქმედნი ეკლესიაში

ავტორი: შოთა კინწურაშვილი, თეოლოგი, მიუნხენის უნივერსიტეტის დოქტორანტი

ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს მედიის საშუალებით უამრავი ადამიანი ადევნებს თვალს. ჩვენ ვხედავთ ეპისკოპოსთან კითხვებით მისულ მონაზვნებს, რომლებიც დასჯის ობიექტები ხდებიან. სულ ცოტა ხნის წინ უფრო მძიმე სურათის მომსწრე გახდა ქართული საზოგადოება, როდესაც კომენდანტის დროს თავსხმა წვიმაში ჭყონდიდის დედათა მონასტერში თავად ამ სამონაზვნო ერთობის ყოფილი წინამძღვარი არ შეუშვეს. მოგვიანებით უშუალოდ ეპარქიის მონაზვნებსა და ახადადგენილ ეპისკოპოსს შორის საჯარო კონფლიქტის მომსწრენიც გავხდით.

რა ფენომენია მონაზვნობა?  სად არის მათი წარმოშობის ფესვები? რა როლი და ფუნქცია ჰქონდათ მათ ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში? ქვემოთ მოკლედ შევეცდები, გადმოვცე და გავაანალიზოთ მონაზვნობის არსი და დანიშნულება, როგორ იცვლიდა ის დროთა განმავლობაში თავის მიზნობრივ შინაარსს.

გერმანელი პროტესტანტი ისტორიკოსი და თეოლოგი ადოლფ ჰარნაკი გასულ საუკუნეში თავის სალექციო კურსში „ქრისტიანობის არსის შესახებ“ აღმოსავლურ ქრისტიანობას ტრადიციონალიზმისა და რიტუალების ტყვეობაში მყოფად წარმოადგენდა. ის საუბრობდა მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებულ გადამეტებულ რიტუალიზმზე, რომლის ფორმებმა, გამოხატულებამ და შინაარსმა სრულად გადაფარა (გააუფასურა ან დაავიწყა) პირველქრისტიანული იდეა. ერთადერთი, რასაც ჰარნაკი პროტესტანტებისათვის აღმოსავლეთის ეკლესიისაგან სწავლაზე მიუთითებდა,  მართლმადიდებლური მონაზვნობის შინაარსი იყო. მისი აზრით, აღმოსავლურ მონაზვნურ ცხოვრებაში თავისუფლება, თვითმყოფადობა და სარწმუნოების ცოცხალი გამოცდილება ერთმანეთს დაუღალავად ერწყმის. აქ რელიგია ხდება შინაგანი ღირებულებებისა და განცდილის ერთობლიობა, თუმცა ის პროტესტი და დაძაბულობა, რომელიც იმპერიის (გამიწიერებულ) ეკლესიასა და მონაზვნებს შორის არსებობდა, ინსტიტუციად ფორმირებულმა ეკლესიამ ნაბიჯ-ნაბიჯ დასძლია და მუდმივი პროტესტის შემოქმედი მონაზვნები სხვა საქმეებით დათრგუნა, გამოკეტა რა ისინი მონასტრებში, რომელიც მალევე დაუქვემდებარა ადგილობრივ ეპისკოპოსს. ქრისტიანულ ეკლესიაში თავისუფლების სულით აღვსილი მოძრაობები, უმალვე მათთვის ყველაზე უცხო საქმიანობით,  ხატებისა და წმინდა ნაწილების მცველებად აქცია.

მონაზვნობისათვის დამახასიათებელი ასკეზა არ არის მხოლოდ ქრისტიანული ფენომენი. ადრეული ეკლესიის ღვთისმეტყველთა – კლიმენტი ალექსანდრიელისა და ორიგენეს თანახმად, ქალწულებას, რომელიც ერთ-ერთი მონაზვნური აღთქმაა, განსაკუთრებული მნიშვნელობა  გნოსტიკოსებთანაც აქვს.

ანტონი დიდის მაგალითზე III-IV საუკუნეებში მრავალი ქრისტიანი  გადის ეგვიპტის უდაბნოში, გამოქვაბულებსა და კარვებში მარტოდ სამოღვაწეოდ, რომელთაც შემდგომში ანაქორიტებს უწოდებენ. პირველი ანაქორიტები  რწმენის ბურჟუაზიულ მოვლენად გადაქცევას აპროტესტებდნენ. მათ თვითმიზანს ამ ყველაფრისაგან შორს ყოფნა და  მათსავე წარმოდგენაში ანგელოზებრივი-წმინდა ცხოვრება წარმოადგენდა.  დროთა განმავლობაში ეს ყოველივე სტრუქტურირებული მონასტრული ცხოვრების წარმოქმნით დასრულდა. მონაზვნური მოძრაობა, თავისი სულიერი და რაოდენობრივი პოტენციალით, ქრისტიანული პროტესტის კულტურის მქონე სასულიერო იერარქიის უმაღლეს კიბეზე მყოფთათვის ყველა დროსა და ეპოქაში მნიშვნელოვან თავისტკივილს წარმოადგენდა. მონაზვნები თავიანთი ორგანიზებული წინააღმდეგობითა და კრიტიკით  აღმოსავლეთში დიდი გავლენით სარგებლობდნენ არა მხოლოდ საეკლესიო, აგრეთვე, პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ისინი ჩნდებოდნენ დოგმატური კონფლიქტებისას, ასევე, მორალურ-ზნეობრივი დარღვევებისთანავე როგორც სასულიერო, ასევე საერო ასპარეზზე.

საწყის ეტაპზე მონაზვნობა საერო ცხოვრების უარმყოფელი ნიშან-თვისებებითა და არსებული ცივილიზაციისადმი კრიტიკული თვალით ხასიათდებოდა.  ყოველ ეპოქაში აღსანიშნავია მონაზვნურ მოძრაობაში რეფორმების ძალა და სულისკვეთება, რომელიც ხშირად საზოგადოების განვითარებაში დადებით როლს თამაშობდა, იქნებოდა ეს მათი საგანმანათლებლო თუ კარიტატიული საქმიანობა. მოგვიანებით მონაზვნები ეკლესიის მისიონერულ  ასპარეზზეც ჩნდებიან.

ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითია მეოთხე საუკუნეში მოღვაწე ეპისკოპოსი, ბასილი კაპადოკიელი. მან  კაპადოკიაში ფართო სოციალურ-კარიტატიულ საქმიანობასთან ერთად მონაზვნური ცხოვრების ფორმირება მოახდინა. ბასილმა კოინობიტურ მონაზვნობას მისცა ორგანიზებული თანაცხოვრების ფორმა, ანუ დამოუკიდებელ მონაზონთა ერთობას ერთგვარი „კანონთა კრებული“ უბოძა. ეს მოიცავდა არცთუ მძიმე სხეულებრივ ასკეზას, რომელიც  ადრე მუდმივ მედიტაციის მცდელობას ემყარებოდა. ბასილიმდე პირველი მონაზვნური თემი  323 წელს  ეგვიპტეში დააარსა პახუმი დიდმა, რომელმაც მონაზვნებს 194 მუხლისგან შემდგარი კანონები დაუწესა. პახუმი დიდის დროს მონაზვნების რაოდენობა საგრძნობლად იზრდებოდა, ჟამთაღმწერლის აზრით, მათი რაოდენობა ათასებსაც კი გაცდა. ამან  მონასტრულ თემში მალევე წარმოქმნა ეკონომიკური პრობლემები. ამ შემთხვევაში ბასილმა სწორად განსაზღვრა და თავიდან აიცილა მსგავსი გამოწვევა, როდესაც მონაზვნის ცხოვრებაში შრომას სულიერი მნიშვნელობა შესძინა.

მონასტრულ საძმოებში ბასილი ჭეშმარიტი ქრისტიანული კომუნის დაფუძნების  შესაძლებლობას  ხედავდა, რომელთა წევრები სრულიად უპოვრები იქნებოდნენ. აგრეთვე, მათ თავიანთი შრომითი საქმიანობიდან მოპოვებულის ღარიბებისათვის განაწილება ევალებოდათ.  ამით ბასილი დიდი ეკონომიკური ეთოსის ახალ ფუნდამენტურ საზრისს ავითარებს. რიგი ეკლესიის ისტორიის მკვლევართათვის ბასილი დიდი არის „სიყვარულის კომუნიზმის“ დამფუძნებელი, ამ თეზისს მოგვიანებით რომის პაპი ფრანცისკეც მოუხმობს, როდესაც ქადაგებისას აღნიშნავს: „გასულ საუკუნეში კომუნისტებმა დაასწრეს ქრისტიანებს და ღარიბების დროშები ჩვენზე ადრე ასწიეს“.   სწორედ ამ ფორმის „სიყვარულის კომუნა“ მონაზონთა ერთობის სოციალური სტრუქტურის მთავარი მახასიათებელი გახდა. ასე შეიქმნა მონაზვნებისათვის ქრისტიანულ იდეალებზე დაყრდნობილი ეკონომიკური წესრიგი, რომელიც თავიდან პირველქრისტიანული სამრევლოს იდეალების თავიდან აღმოჩენას გულისხმობს.

ორ ბურჯს – ლოცვასა და შრომას დაყრდნობილი ღმერთისა და მოყვასის სიყვარული არის ბასილის მიერ გამოჭედილი მონაზვნური ერთობა, ვითარცა „სრულყოფილი სრულყოფილთა შორის“. მსგავსი მონაზვნური საზოგადოების აზრს ნათლად მაშინ ჩავწვდებით, როდესაც გავაცნობიერებთ იმ საფრთხეებს, რომლებიც ქრისტიანობის წინაშე იმ ეპოქაში არსებობდა.  ერთი მხრივ, ქრისტიანობა თავისი ინსტიტუციონალიზებული ფორმით – როგორც იმპერიის ეკლესიად ქცეულს თავდაპირველი ღირებულებებიდან ბევრის დათმობა და გადაფასება მოუწია.

ეგვიპტის მონასტრებში არ იღებდნენ მას, ვისაც მუშაობა არ სურდა. შრომის სოციალური მნიშვნელობა ერთგვარად ჩაანაცვლა შრომის სულიერმა ფუნქციამ: „მშრომელ ბერს ერთი ბოროტი ჰყავს შემაწუხებელი, ხოლო უსაქმურს – უთვალავი“. – აღნიშნავს ბასილი დიდი თავის წერილებში.  მისივე  აზრით: „განმარტოებული მოღვაწეობა წინააღმდეგობაში მოდის ჭეშმარიტ სიყვარულის არსთან, სადაც სულიერ თუ ასკეტურ განზომილებაში თითოეული მხოლოდ თავისთვის მოღვაწეობს. მარტოდმყოფი იღვწის მხოლოდ პირადი სულიერი საჭიროებისათვის, ამიტომ მისთვის სოციალურ იზოლაციაში რთულია საკუთარი შეცდომების შეცნობა“. ბასილის ხედვით, ადამიანი მუშაობს, რათა თავი გამოკვებოს და, ასევე, გაჭირვებულებს დაეხმაროს. თავად შრომას არ აქვს ღირებულება მონაზვნის ცხოვრებაში, თუ ის არ იქნება სულ მუდამ ლოცვასა და უფლის დიდებაში მონაცვლებული. შრომა მონასტრული ცხოვრებისათვის არა როგორც პროფესია, არამედ ყოველდღიური რიტმის შემადგენელ ნაწილად არის აღქმული. პახუმისა და ბასილისათვის შრომას აქვს მონაზვნურ ცხოვრებაში ასევე მორჩილების ღირებულება, ხოლო საქმიანობის სახეობა ან შინაარსი ნაკლებმნიშვნელოვანია. ასეთი მკაცრად შემოსაზღვრული მონასტრული შრომითი ეთოსის მიუხედავად, მშრომელ მონაზონთა ერთობამ ძლიერ დადებითი გავლენა მოახდინა  წარსულში ბიზანტიურ საზოგადოებაში.  ბიზანტიის იმპერიაში მონაზვნები სამი მიმართულებით იყვნენ აქტიურად წარმოდგენილნი:

  1. მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა. თითქმის ყველა მონასტერთან არსებობდა ლაზარეთები, ხოლო ავადმყოფების ზრუნვაში ექიმებთან ერთად მონასტრის საძმოს წევრებიც იყვნენ ჩართულნი.

  2. საგანმანათლებლო კუთხით მონასტრებში იქმნებოდა მნიშვნელოვანი ლიტერატურა. გადაწერდნენ და თარგმნიდნენ სასიცოცხლოდ საჭირო ტექსტებს. ასევე არსებობდა სამონასტრო სკოლები.

  3. მონაზვნების მხრიდან საგანმანათლებლო და ჯანმრთელობის ზრუნვას ემატებოდა მონასტრების სოციალური სახლები: უპოვრების, მოხუცებულების, ობოლი ბავშვების, ქვრივებისა და დევნილი ადამიანებისათვის.

რატომ შემოდის ქრისტიანობის ისტორიაში მონაზვნობა ასე დაგვიანებით?

ეკლესიის ისტორიკოსები მეოთხე საუკუნეში უდაბნოში გასული პირველ მონაზვნად წოდებულ ქალებისა და კაცების მოტივაციას რამდენიმე მოსაზრებით ხსნიან:

  1. დევნის პერიოდში ქრისტიანები იძულებულნი იყვნენ, დასახლებული პუნქტებიდან გაქცეულიყვნენ და განმარტოებით ეცხოვრათ, რათა სახელმწიფო კონტროლს ნაკლებად შეეწუხებინა.

  2. დევნის დასასრულმა და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ ქრისტიანობის გამიწიერება განაპირობა, რამაც მრავალ ქრისტიანში პროტესტი გამოიწვია. ეს ნაწილი მორწმუნეების უდაბნოებში ასკეტურ-ქრისტიანული ცხოვრების ძიებით მასობრივ გასვლაში გამოიხატა, ხოლო მოგვიანებით მონასტრული ცხოვრების განვითარებაში მანიფესტირდა.

  3. ამას თან ერთოდა იმპერიაში მეოთხე საუკუნეში საკმაოდ მწვავე ეკონომიკური და სოციალური კრიზისი.

რიგი ქრისტიანების გადმოსახედიდან იმპერატორი კონსტანტინე ეკლესიის მმართველ ძალებს აღაზევებდა, ამით კი  ღვთისმეტყველება და ინსტიტუციად ქცეული ეკლესია ამქვეყნიურ ძალაუფლებასთან ზავდებოდა, რაც მორწმუნეთა ერთ ნაწილში რწმენის გამიწიერების  საფრთხედ იქნა აღქმული. დაინახეს რა მოსალოდნელი შედეგები, გადაწყვიტეს, რადიკალური პროტესტის ფორმებით შეწინააღმდეგებოდნენ დამკვიდრებულ საეკლესიო წესრიგს. ისინი ტოვებენ ამქვეყნიურ ორომტრიალს და უდაბნოში მკვიდრდებიან, ხოლო იმპერიული ქრისტიანობრივი ჩანასახი, მისი თეოლოგია და იერარქიზებული ეკლესია ბიზანტიურ „ისტაბლიშმენტს“ დაუტოვეს.

ასკეტური ცხოვრების ერემიტული ფორმა თავდაპირველად  ანტონი დიდის მეოხებით (251-356) ჩამოყალიბდა.

ერემიტული მონაზვნობა თითქოსდა ასოციალურია, თუმცა ამის საწინააღმდეგოდ შეიძლება შემდგომი არგუმენტები მოვიხმოთ: ამა სოფლისაგან განდგომა არასოდეს არის აბსოლუტური, არამედ უფრო რელატიურია. ამქვეყნიური ორომტრიალის უარყოფით მონაზონს თავისი სულიერ-ასკეტური მიზნების განხორციელების მეტი შესაძლებლობა აქვს. როცა ერში დარჩენილს სოციალური კავშირები ამის საშუალებას ნაკლებად გაძლევს.

ტოვებს რა ამქვეყნიურ ორომტრიალს, ერემიტის თვითმიზანია კავშირი ღმერთსა და წმინდანებთან.  მისი გაქცევაც  ამ კავშირის მაქსიმალური გაძლიერების შესაძლებლობაა. განსაკუთრებით მოუკლებელი ლოცვა, ანუ ღმერთთან მუდმივ დიალოგში ყოფნა.

ერემიტები ასევე იყვნენ ქარიზმატები, რომლებთანაც უამრავი ადამიანი მიილტვოდა. მათში  უბრალო მოსახლეობა სულიერ დამრიგებელსა და მეოხს ეძებდა. სწორედ ამის შემდეგ წარმოიქმნა  განდეგილ მონოზვნებს შორის წესრიგის დამყარების საჭიროება, მათი სულიერი და ეკონომიკური ცხოვრების ორგანიზება. პალადიუსის გადმოცემით, ნიტრიის უდაბნოში დაახლოებით ხუთი ათასი განდგომილი მონოზონი ცხოვრობდა, ისინი ყოველდღიურად გარკვეული ხელსაქმით იყვნენ დაკავებულნი, ხოლო ერთობლივად ღვთისმსახურებისთვის იკრიბებოდნენ.

პახუმი დიდის მიერ დაფუძნებული კოინობიტური ფორმის მონაზვნობა  ერემიტებისაგან ამოიზარდა. მათი ძირითადი პრინციპები (ამქვეყნიური საზრუნავის უარყოფა, ქალწულება, უპოვარება, ლოცვა, შრომა)  თვით მორჩილებაც კი ერემიტებისაგან შემოვიდა კოინობიტურ ფორმაში.

კოინობიტური მონაზვნობის  მახასიათებლები:

ერთობლივი (კომუნაში) ცხოვრება; ერთობლივად ორგანიზებული სულიერი და ეკონომიკური დღის წესრიგი; ცენტრალური მმართველობის არსებობა.

მონასტერში ცენტრალური მმართველობა ერთ კონკრეტულ მმართველს, წინამძღვარს დაექვემდებარა, რომელსაც, ძირითადად,  საძმო ირჩევდა, იშვიათად  ადგენდა ადგილობრივი ეპისკოპოსი. მონასტრის წინამძღვრები, ძირითადად, ქარიზმატული პიროვნებები იყვნენ, რომლებიც თავიანთი მონასტრების რიგებს ახალგაზრდა მონაზვნებით ავსებდნენ. მონასტრის წინამძღვრის ფუნქციას მალე დაემატა საეკლესიო ხარისხი, მღვდლობის სახით. ამან კოინობიტური ტიპის თემში ჩამოაყალიბა მოძღვარი-მოწაფეების შინაარსის ურთიერთობა აბტსა და მონოზვნებს შორის.

ბასილი დიდის მონაზონთა წეს-განგება ტრულის მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრებამ აღიარა და ამით განმტკიცდა აღმოსავლეთში (ოდნავ მოგვიანებით დასავლეთში) მონასტრული ცხოვრების ფორმა და შინაარსი.

თავად ეკლესიის მხრიდან მონაზვნურ მოძრაობებზე კონტროლის აღების კარგი მაგალითია ქალკედონის საეკლესიო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ადგილობრივი ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე მონასტრის დაფუძნება აკრძალულია, ხოლო ეპარქიის ტერიტორიაზე მყოფი მონაზვნები ადგილობრივ ეპისკოპოსს უნდა   დაემორჩილონ.

მეშვიდე საუკუნეში მონაზვნებისთვის კრიტიკული პერიოდია – აღმოსავლეთში არაბულმა ექსპანსიამ შეამცირა და შეიძლება ითქვას, გააქრო  მონასტრული კერები თავისი ტრადიციებით. ასევე, მერვე საუკუნეში ხატმებრძოლეობის პერიოდში იდევნებოდა, იმპერიის მიერ, ხატთაყვანისცემის მომხრე მონაზვნები.

ბიზანტიაში მონასტრული ცხოვრების აღზევება მწვერვალს მეათე საუკუნეში აღწევს. ამ დროს  გაქრისტიანდნენ სლავები და ამ რეგიონში დაიწყო მონასტრული კერების დაფუძნება-აღზევება. მათ აიღეს სამისიონერო ასპარეზი. შესაბამისად, ხშირად ხდებოდა მათი მღვდლად ხელდასხმა და სამრევლოებში მივლინება.

აღმოსავლეთში მონასტრული ცხოვრება დღევანდელ დღემდე უცვალებელი ფორმით შემოგვრჩა. დასავლეთში ძლიერი  ცვლილებები განიცადა და საბოლოოდ კოინობიტურ ფორმაზე მოხდა კონცენტრირება, კერძოდ კი – მონაზონთა ორდენებზე. დროთა განმავლობაში ორდენები  საეკლესიო ლეგიტიმაციასა და ცენტრალურ მმართველობას დაექვემდებარნენ. ამას თან სდევდა და გავლენას ახდენდა დასავლეთში ცვალებადი პოლიტიკური, სოციალური, რელიგიური და კულტურული მოცემულობა, რომლის ქვეშაც მონაზვნობის საქმიანობის არეალი ვითარდებოდა.

დასავლეთის საქრისტიანოში განსაკუთრებით ყურადსაღებია ირლანდიური ბერმონაზვნობა. მათი მნიშვნელოვანი წვლილი ირლანდიის საეკლესიო და სოციალური ცხოვრების განვითარებაში. ირლანდიელი ბერები ცნობილნი იყვნენ მოგზაურობისადმი განსაკუთრებული სიყვარულით. სამშობლოს დატოვება მათთვის ერთგვარი ასკეზა იყო და განსაკუთრებულად იყვნენ ჩართულნი ეკლესიის მისიონერულ საქმიანობაში.

ბიზანტიაში მეცამეტე-მეთოთხმეტე საუკუნეებში მონასტრების  მიწიერთან მჭიდრო კავშირმა და მათმა ქონებრივმა ზრდამ მონაზვნები სულიერ გამოფიტვამდე მიიყვანა, ხოლო ამ პერიოდში დასავლეთში  ადრექრისტიანული მონაზვნობის იდეალებისა და ფორმების თავიდან ძიება დაიწყო – წარმოიშვა უამრავი რეფორმატორული მოძრაობა, რომლებიც განსაკუთრებულ ღირებულებას უპოვრობასა და ასკეზას ანიჭებდნენ. ორდენების წარმოშობა კი აღმოსავლეთისათვის საერთოდ უცხო ფენომენად დარჩა.

მონაზვნური რეფორმების წადილი ხშირად ოფიციალური ეკლესიის უმაღლეს იერარქიასთან – იქნებოდა ეს პაპი, პატრიარქი თუ მიტროპოლიტი – დაპირისპირებაში მოდიოდა. იქმნებოდა მთელი რიგი ადგილობრივი კონფლიქტები მონასტრებსა და იერარქიას შორის.  მრავალრიცხოვან  მონაზონთა კრებულის მოსაწესრიგებლად და იმავდროულად მათზე კონტროლის აღების კარგ მაგალითად შეიძლება მიიჩნეოდეს ცალკეულ ორდენებზე განსაკუთრებული დავალებების მიცემა, რომელიც მოქცეულია ეკლესიის ცენტრალური აპარატის (ამ შემთხვევაში, დასავლეთში რომის პაპის) ყურადღების ქვეშ. სამწუხაროდ, დასავლეთის ეკლესიაში  დღესდღეობით ნაკლებად არის წარმოდგენილი ერემიტული მონაზვნობის ფორმა, რომელსაც ჰქონდა ძლიერი პირადი თავისუფლება და საეკლესიო ადმინისტრაციაზე ნაკლები დამოკიდებულება, თუმცა აღმოსავლეთის შემთხვევაში ამ ყოველივეს ძალიან კარგ მაგალითს წარმოადგენს ათონის მთა, რომელიც დღევანდელ დღემდე ცდილობს, ერთგვარი თვითმყოფადობა და დამოუკიდებელი ხედვა ჰქონდეს ქრისტიანულ ეკლესიაში, მიუხედავად რიგ საკითხებში ხშირად მათი ძლიერ კონსერვატიული შეხედულებებისა.

მონაზვნური მოძრაობა, რომელიც თავის თავში სახარებისეული ქრისტიანობის ჭეშმარიტ იდეალებს ატარებს, ხშირად ხდება ერთგვარი კომპასი ან სულაც გამოფხიზლების საშუალება ინსტიტუციონალური ქრისტიანობის მძიმე სულიერი კრიზისიდან ამოყვანის პირველი ნაბიჯებისათვის.