მოსახლეობასა და სახელმწიფო სერვისების მიმწოდებლებს შორის ხიდჩატეხილობაა - „სალამი“ თემის საჭიროებებზე

პუბლიკა

რა გამოწვევების წინაშე იდგა ქვემო ქართლის მოსახლეობა პადენმიის, ე.წ. პირველი ტალღის დროს, როგორ რეაგირებდა სამოქალაქო საზოგადოება თემაში არსებულ პრობლემებზე და რა მდგომარეობაა ახლა, როცა კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ სხვა თემებზე „პუბლიკა“ სამოქალაქო პლატფორმა „სალამის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს ელნურ ალისოის ესაუბრა. ელნური კავკასიოლოგია, ამჟამად თსუ-ის დოქტორანტი და მალმოს უნივერსიტეტის ლექტორია.

„სალამი“ პანდემიის პირობებში რა სახის აქტივობები ჰქონდათ?

როცა მარნეულში კოვიდით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, მარნეული და ბოლნისი საკარანტინო ზონად გამოცხადდა და ბევრი შეზღუდვა ამოქმედდა. ამ დროს სახელმწიფომ აღმოაჩინა, რომ არ არსებობს რესურსი, რომლის გავლითაც თავის მოქალაქეებს აუცილებელ ინფორმაციას მიაწოდებდა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც არ იციან სახელმწიფო ენა. ამიტომაც ძალიან ბევრმა მოქალაქემ შეზღუდვების შესახებ დაჯარიმების შემდეგ გაიგეს. მანამდე მათ შეზღუდვებზე ინფორმაცია არ ჰქონიათ. 

ამიტომ ჩვენ, პლატფორმა „სალამმა“ გადავწყვიტეთ, რომ დავხმარებოდით მოსახლეობას. ვიმუშავეთ გარდაბანში, მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში. ჩვენი მოხალისეები მგზავრობდნენ რეგიონებში. ყველა სოფელში მიდიოდნენ, ესაუბრებოდნენ მოსახლეობას, აწვდიდნენ ინფორმაციას, რა შეიძლება გაეკეთებინათ კოვიდინფექციის პრევენციისთვის. მოვამზადებთ საინფორმაციო პოსტერები.

რომელ თვეში ატარებდით მოსახლეობასთან ამ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს? 

მარტი-აპრილის თვეში. პირველად ჩვენ ძალიან აქტიურად დავიწყეთ სოციალურ ქსელში სხვადასხვა ინფორმაციის აზერბაიჯანულ ენაზე გაზიარება, როგორ უნდა დაეცვათ ოჯახი და გარემო ამ ვირუსის გავრცელებისგან. ასევე ვთანამშრომლობდით სხვა ორგანიზაციებთან, რომლებიც ამზადებდნენ საინფორმაციო პოსტერებს. ინფორმაციას ამ ყველაფერზე აზერბაიჯანულ ენაზე მოხალისეობრივად ვთარგმნიდით.

ასევე ვეხმარებოდით წითელ ჯვარს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციას სხვადასხვა საინფორმაციო მასალების გახმოვანებასა თუ თარგმნაში.

ეს ძალისხმევა მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ალბათ არ იყო საკმარისი… იყო თუ არა სხვა ჯგუფების მხრიდან ამავე ხასიათის ინიციატივები?

რა თქმა უნდა, არ იყო საკმარისი. სახელმწიფოს და ადგილობრივ ხელისუფლებას უფრო მეტი რესურსი და შესაძლებლობა აქვს. ადამიანური და ფინანსური რესურსების თვალსაზრისით ძალიან სერიოზული ეკონომიკური კრიზისი იყო. ადამიანები სოფლებიდან და მუნიციპალიტეტებიდან ვერ გამოდიოდნენ და ამიტომ ამას ძალიან სერიოზული პრობლემები მოჰყვა სოციალურ-ეკონომიკური კუთხით. ყველაზე დიდხანს მარნეულისა და ბოლნისის კარანტინი გაგრძელდა. ვფიქრობ, რომ ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მოქალაქეების ინფორმირება კოვიდთან და მის პრევენციასთან დაკავშირებით.

თავად მოსახლეობა რაში ითხოვდა თქვენგან მხარდაჭერასა და დახმარებას? თქვენი შეფასებით, პანდემიის დროს რა იყო მათთვის პრიორიტეტული?

ჩვენ მივდიოდით სოფლებში დავდიოდით და ვუხსნიდით ხალხს, როგორ უნდა დაეცვათ თავი. აღმოჩნდა ისეთი სოფლები, მაგალითად, ალგეთის მეურნეობა, სადაც პრევენციისთვის ხელის ჰიგიენის მნიშვნელობაზე საუბრისას გვითხრეს, რომ ჩვენ 100 წელზე მეტია სოფელში წყალი არ გვაქვსო. დასალევად ვერ ვპოულობთ წყალს და ხელი რით დავიბანოთო? იყო მაგალითები, როცა ბოლნისის სოფლებში ხანდაზმულებთან ლიბერთი ბანკის მანქანები არ მიდიოდნენ. ომბუდსმენის დახმარებით მოხერხდა ის, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში ხალხს კუთვნილი პენსია დაურიგდა.

როცა საქართველოს მთავრობამ უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაცემა დააანონსა, მოსახლეობამ სატელეფონო შეტყობინებები ქვემო ქართლში აზერბაიჯანულ ენაზე მიიღო, მაგრამ რეგისტრაცია და სხვა ყველაფერი იყო ქართულ ენაზე. ამიტომ ბევრი ადამიანი რეგისტრაციას ვერ ახერხებდა. ჩვენ ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ დახმარებით დავდიოდით და ვეხმარებოდით მოსახლეობას რეგისტრაციაში. 25 სოფელი მოვიცავით და 200 მეტი ადამიანი წარმატებით დავარეგისტრირეთ.

სოფლებში ასევე არ იყო ხელმისაწვდომი აფთიაქები, სადაც შეეძლოთ პირბადეების ან სხვა დაცვის საშუალებების შეძენა. ვასწავლიდით, რა უნდა გაეკეთებნათ.

როცა დაიწყო ბავშვების რეგისტრაცია 200-ლარიან დახმარებაზე, შემდგომ უკვე თვითმმართველობა ჩაერთო მოსახლეობის მხარდაჭერაში. ხომ ასეა?

ძალიან საინტერესო პროცესი იყო. როცა თვითდასაქმებულებს 300-ლარიანი კომპენსაციის მიღებაში ვეხმარებოდით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლებში მუშაობაში ხელს გვიშლიდნენ. ადგილს არ გვითმობდნენ – იქ, სადაც ვიწყებდით მუშაობას მოდიოდნენ, ურეკავდნენ და ხალხს პრობლემების შექმნით აშინებდნენ. დმანისში ასეთი შემთხვევაც კი იყო, რომ მთელ სოფელში შუქი გათიშეს, რომ ვერ გვემუშავა.

გარდაბანში პირადად მე ავტობუსის გაჩერებაზე მომიწია მუშაობა. ადგილები არ დაგვითმეს – მუნიციპალიტეტიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ არ დაეთმოთ ადგილი.
ამის მიუხედავად, ვიმუშავეთ და კარგი შედეგი მივიღეთ.

როცა არასრულწლოვნებს მთავრობამ 200-ლარიანი დახმარება შესთავაზა, ეს წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა. თან ნახეს, როგორ ვმუშაობდით და როგორი იყო მოსახლეობის მხრიდან რეაგირება. ამის შემდეგ თვითონ დაიწყეს მოსახლეობის დახმარება. ჩემი აზრით, წინასაარჩევნოდ მოსახლეობის გული მოიგეს.

პანდემიით გამოწვეული პრობლემები ახლა უფრო მძიმე იქნება ყველასთვის. ახლა რა პრობლემებია ისევ ძალაში და, თქვენი აზრით, საით არის მისამართი ძალისხმევა და ყურადღება?

მე გეტყვით ჩემს პირად პოზიციას – ამჟამად კოვიდთან დაკავშირებით ქვემო ქართლში გაცილებით უარესი სიტუაციაა. ინფორმაციული ვაკუუმი ისევ რჩება.  მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ორგანიზაციამ და მათ შორის ხელისუფლებამ სცადა მოსახლეობის ინფორმირება, ძირითადად პრობლემად ისევ მოსახლეობის უნდობლობა რჩება.

სერიოზული ხიდჩატეხილობაა მოსახლეობასა და სახელმწიფო სერვისების მიმწოდებლებს შორის.
მეორე საკითხი არის ის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლება და სამართალდამცველები თვალს ხუჭავენ ძალიან ბევრ რაღაცაზე. ეს გამოიხატება იმაში, რომ აკრძალვების მიუხედავად, ქვემო ქართლში დიდი მასშტაბური ღონისძიებები იმართება. იმართება ქორწილები და არა მხოლოდ ქორწილები. ამ დარღვევებზე ხუჭავენ თვალს. არ უნდათ ხალხის გაღიზიანება.

ჩვენ პლატფორმა ამ პირობებში გეგმავს ისევ იმუშაოს მოსახლეობასთან მათთვის ინფორმაციის მიწოდების კუთხით. მხარში ამოვუდგებით სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის ადვოკატირებაშიც.