მთიანი ყარაბაღი - ძველი კონფლიქტი, ახალი გარემოებები - ინტერვიუ პოლ სტრონსკისთან

ეკა მაღალდაძე
მასალა მომზადებულია ამერიკის ხმის მიერ.

მთიან ყარაბაღში გასულ კვირას საბრძოლო მოქმედებები განახლდა. აზერბაიჯანი და სომხეთი კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ, როგორც აგრესიის დაწყებაში, ისე მძიმე შეიარაღების გამოყენებაში, ქვეყნებში საომარი მდგომარეობაა.

თითქმის 30 წლის წინ მყიფე ზავით დასრულებული კონფლიქტის პერიოდული გამწვავების გამო რეგიონში, ისევე როგორც დასავლეთში შიშობენ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანთან ერთად, შეიარაღებულ დაპირისპირებაში, შესაძლოა ისეთი დიდი რეგიონული მოთამაშეებიც ჩაერთნენ, როგორიც რუსეთი და თურქეთია.

ათწლეულების განმავლობაში მოუგვარებელი კონფლიქტის ახალ განზომილებებზე, მდგომარეობის ახლანდელი გამწვავების მიზეზებზე, თურქეთისა და რუსეთის ინტერესებზე და ასევე საქართველოსთვის არსებულ რისკებზე და მის შესაძლო როლზე, “ამერიკის ხმას” “კარნეგის ფონდის” ევრაზიის პროგრამის უფროსი მკვლევარი, პოლ სტრონსკი ესაუბრა.

– გასულ კვირას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი კიდევ ერთხელ გამწვავდა, არის მსხვერპლი სამხედროთა და მშვიდობიან მოსახლეობას შორის. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. კონფლიქტს ხანგრძლივი ისტორია აქვს, თუმცა რამ შეუწყო ხელი ამჯერად დაპირისპირების გამწვავებას და როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდა ეს სწორედ ახლა?

– კონფლიქტი საკმაოდ ძველია, ტანჯვის დიდი ისტორიით. 90-იან წლებში დიდი ძალადობა და სისხლისღვრა ვნახეთ, ასევე ამ წლის ივლისში, როდესაც შეტაკებები არა მთიანი ყარაბაღის გასწვრივ, არამედ სომხეთ-აზერბაიჯანის იმ საზღვართან მოხდა, რომელიც სადავო არ არის. ეს შემაშფოთებელია. ვფიქრობ, ეს ომია. ბრძოლა კი ერთ-ერთ ყველაზე სამწუხარო დროს ხდება: სომხეთიცა და აზერბაიჯანიც კოვიდ 19-ის პანდემიამ მძიმედ დააზარალა და ვერც ერთი ამ ქვეყნის მთავრობამ პანდემიას თავი კარგად ვერ გაართვა. შედეგად, ორივე ქვეყანაში უდიდესი ეკონომიკური და სოციალური პრობლემებია. კონფლიქტი კი რეგიონში ადამიანთა უსაფრთხოების საკითხს ამწვავებს.

ვხედავთ ნატოს მოკავშირეს, რომელსაც სავარაუდოდ წვლილი შეაქვს არასტაბილურობაში, ეს მეტ ჩართულობას გვავალდებულებს. აქ სასწორზე ალიანსი და ამერიკის სანდოობა დევს. ფაქტი, რომ ამერიკული იარაღი და ამერიკის მიერ გაწვრთნილი პერსონალი შეიძლება ამ პროცესში ჩართული აღმოჩნდეს, ამერიკას უფრო მკაცრი პასუხის საჭიროებას უქმნის.

რატომ ახლა? ვფიქრობ, მიზეზების ნაწილი ქვეყნების შიგნითაა. კონფლიქტს ომის, „დროშის ირგვლივ გაერთიანების“ ელემენტი ახლავს და მას ნამდვილად გადააქვს ყურადღება ადგილობრივი პრობლემებიდან. თუმცა გასული წლის განმავლობაში ჩვენ ასევე ვნახეთ საომარ სამზადისი და მართლაც გაუარესებული დიპლომატიური რიტორიკა, ძალიან არასაჭირო და დამაპირისპირებელი განცხადებები სომხეთის პრემიერის, თურქეთის პრეზიდენტის თუ აზერბაიჯანის მთავრობის მხრიდან, ისეთ საერთაშორისო ფორუმებზეც, როგორიც, თუნდაც, გაეროა. ვხედავდით სამხედრო მანევრირებას ორივე მხარეს, იარაღის გადაზიდვების გააქტიურებას, განსაკუთრებით კი ივლისის შემდეგ.

ეს ყველაფერი ისეთ დროს ხდება, როდესაც დანარჩენი სამყარო ამას თითქოს დიდ ყურადღებას არ აქცევს: შეერთებული შტატები საკუთარ არჩევნებზეა კონცენტრირებული. ამერიკამ ზოგადად, თანდათან უკან დაიხია ამ რეგიონიდან. რაც ადრევე დაიწყო, მაგრამ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის დროს კიდევ უფრო გაძლიერდა; ევროპა კოვიდ-19-ის მეორე ტალღას და სხვა პრობლემებს უმკლავდება; რუსეთის ყურადღებაც გაფანტულია: ბელარუსში, მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები, ნავალნის საქმე.

კონფლიქტის ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს და ჩვენ არ ვიცით, ვისი ბრალია ესკალაცია, მაგრამ შესაძლოა ვინმემ იფიქრა, რომ ეს ამისთვის კარგი დროა და იმდენ გლობალურ ყურადღებას არ მიიქცევს, რამდენსაც იმსახურებს. ვფიქრობ, ამ ყველაფერმა თავისი როლი ითამაშა.

– ფიქრობთ, რომ ამჟამინდელი გამწვავება გარკვეულწილად უპრეცედენტოა? როდესაც მიზეზებსა და გარემოებებზე საუბრობთ, ფიქრობთ, რომ ესკალაცია ახლა განსხვავდება წარსული ცხელი პერიოდებისგან? და რამდენად ეფექტური იყო მთელ ამ პროცესში და ამ წლების განმავლობაში მინსკის ჯგუფი?

– ეს კონფლიქტი თითქმის 30 წელს ითვლის და სომხებისა და აზერბაიჯანელების თქმით, მას კიდევ უფრო ღრმა ფესვები აქვს. საბჭოთა კავშირის დაშლისას, ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ, რომელიც ოფიციალურად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ცხოვრობდა, მისგან გამოყოფა გადაწყვიტა. დაიწყო ომი ორ მხარესა და დე-ფაქტო მთიანი ყარაბაღის სახელმწიფოს შორის, რომელსაც ეთნიკური სომხები მართავენ, სომხეთთან მჭიდრო კავშირით. 90-იანებში ომი განსაკუთრებით სისხლიანი იყო. საერთაშორისო საზოგადოებამ „მინსკის პროცესით“ საბოლოოდ მიაღწია ცეცხლის შეწყვეტას და შეთანხმებას.

ხალხი ამას გაყინულ კონფლიქტს უწოდებს, მაგრამ ეს არის კონფლიქტი, რომელიც ლამის ორ წელიწადში ერთხელ მწვავდება, საზღვრის ორივე მხარეს ადამიანები იღუპებიან, სამხედროებიც და მშვიდობიანი მოსახლეობაც. ეს ტრაგიკულია, მაგრამ ამდენად სისხლიანი და მასშტაბური ესკალაცია, მხოლოდ 2016 წელს ვნახეთ, ე.წ. ოთხდღიანი ომი.

სამწუხაროდ, ჩვენ ყოველთვის ვდარდობდით იმაზე, რომ თურქეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტში იქნებოდა ჩათრეული, ახლა კი თითქოს თურქეთი თავად ცდილობს კონფლიქტში ჩართვას და ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია. შეერთებული შტატები და ნატოს ყველა წევრი ამაზე უნდა წუხდეს.

მინსკის ჯგუფი, კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის, მართვისა და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ცდილობდა. ბევრი ამბობს, რომ მას საერთოდ არაფერი გაუკეთებია, მაგრამ მე შემიძლია ვიკამათო, რომ მინსკის ჯგუფი რეალურად წარმატებული იყო კონფლიქტის აფეთქებების სამართავად. ჯგუფი რეალურ სამშვიდობო შეთანხმებას მხოლოდ მაშინ მიაღწევდა, თუკი ორივე მხარე გადაწყვეტდა, რომ მშვიდობის დრო მოვიდა. არც ერთ მხარეს ეს გადაწყვეტილება არ მიუღია და როგორც ჩანს, არ შეუძლიათ საჭირო კომპრომისებზე წასვლა.

მინსკის ჯგუფს სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, საფრანგეთი და ამერიკა. სხვადასხვა დროს სხვადასხვა მათგანი ითავებდა ხოლმე ბროკერის ფუნქციებს გამოსავლის მოსანახად. რასაც ახლა ვხედავთ, ვფიქრობ, დიდი ცვლილებაა. ამერიკული მხარე არ არის მოვლენებში იმდენად აქტიურად ჩართული. ვერ ვხედავთ დიპლომატიას, მიმოსვლას იმ მხარეებს შორის, რომლებიც ერთმანეთს არ ელაპარაკებიან, ვერც სატელეფონო დიპლომატიას ვხედავთ თეთრ სახლსა თუ სახელმწიფო დეპარტამენტსა და მათ კოლეგებს შორისს ევროპაში თუ კონფლიქტში ჩართულ ქვეყნებთან, ანუ სომხეთთან, აზერბაიჯანთან და სამწუხაროდ, მზარდად, თურქეთთან.

ამერიკის, ერთპულუსიანი ლიდერობა მსოფლიოში იცვლება უფრო მრავალპოლუსიანი მსოფლიოსკენ და ვფიქრობ, თურქეთი ამის გამოყენებას ცდილობს.

თურქეთი მართალია ყოველთვის იყო აზერბაიჯანის მოკავშირე დიპლომატიურად და თუ საჭირო იყო სამხედრო კუთხითაც, მაგრამ ახლა ერდოღანი მხარეებს თავშეკავების, შეჩერებისა და უკანდახევისკენაც კი არ მოუწოდებს. თითქოს პირიქით, აქეზებს კიდეც მათ.

ბოლო დროს თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა უფრო რთული გახდა. შეიცვალა აზერბაიჯან- რუსეთის ურთიერთობაც. პრეზიდენტი პუტინი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს, მაგრამ არა – აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ყოველ შემთხვევაში ამ დროისთვის არც ერთი მთავრობის წარმომადგენლებს ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

– მიუხედავად წარსულში გამოცხადებული მხარდაჭერისაც, სძენს თუ არა კონფლიქტს ახალ განზომილებას ნატოს წევრი ქვეყნის ასეთი პირდაპირი მხარდაჭერა კონფლიქტის ერთ-ერთი მხარის მიმართ, ასეთი ღია მზაობა შესაძლო სამხედრო ჩართულობისთვის და ის, რომ როგორც თქვით, თურქეთი არათუ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს მხარეებს, არამედ თითქოს აქეზებს კიდეც მათ. რა ახალ კუთხეს სძენს ეს ზოგად სურათს?

საქართველოს ეკონომიკას სჭირდება უცხოური ინვესტიციები, არასტაბილურობა სომხეთსა და აზერბაიჯანში საქართველოს საინვესტიციო კლიმატსაც დააზარალებს. ასე რომ პრობლემის გამწვავება გამოსავლის ძებნის ნაცვლად საქართველოსთვის გრძელვადიან პერსპექტივაში მომგებიანი ნამდვილად არ არის.

– სამწუხაროდ, ჩვენ ყოველთვის ვდარდობდით იმაზე, რომ თურქეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტში იქნებოდა ჩათრეული, ახლა კი თითქოს თურქეთი თავად ცდილობს კონფლიქტში ჩართვას და ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია. შეერთებული შტატები და ნატოს ყველა წევრი ამაზე უნდა წუხდეს. ვიტყოდი, რომ ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რატომ უნდა გააქტიურდეს ამერიკა და სცადოს რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიოს, გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები ნატოს წევრი ძალის მიმართ.

თუკი თურქეთის სამხედრო ძალა შეიარაღებულ დაპირისპირებაში ჩაერთვება (და უკვე არის კიდეც ამის შესახებ ბრალდებები), ისინი ამერიკულ იარაღს გამოიყენებენ. თუკი აზერბაიჯანის ძალებს სამხედრო კონსულტაციებს გაუწევენ, ეს ამერიკის მიერ გაწვრთნილი თურქი სამხედროები იქნებიან. ასე რომ, ეს ნატოსგან ძალიან მტკიცე პასუხს მოითხოვს, ამერიკის მხრიდან კი არა საელჩოების და შედარებით დაბალ დონეზე დიპლომატიას, არამედ ისეთი მაღალი რანგის პირების ჩარევას, როგორებიც სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტი არიან. ამას ვერ ვხედავთ სამწუხაროდ.

– ფიქრობთ, რომ სომხეთის რევოლუციის შემდეგ პერიოდში იყო მზაობა თუ არა იმედი მაინც იმისა, რომ სხვა ტიპის დიპლომატია ან ურთიერთობა შეიძლებოდა მხარეებს შორის ყოფილიყო? ზოგი ხედავდა ამის ნიშნებს, ფიქრობთ, რომ მშვიდობისკენ ნაბიჯების გადადგმის რაიმე შესაძლებლობა არსებობდა და ის ამ ქვეყნების ლიდერებმა ხელიდან გაუშვეს?

– მზაობა მე ნამდვილად არ მინახავს. პრემიერი ფაშინიანი მოსახლეობაში პოპულარული და ლეგიტიმური ლიდერია ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ. ის რაც სომხეთში, 2018 წელს მოხდა, აზერბაიჯანის მთავრობისთვის სანერვიულო პრეცედენტი იყო.

საუბარი კი იყო იმაზე, რომ [ლიდერებს] საზოგადოებები მშვიდობისთვის უნდა მოემზადებინათ, მშვიდობისთვის საფუძველი შეექმნათ, მაგრამ ისევ და ისევ, არც ერთ მთავრობას საამისოდ ძალისხმევა არ დაუხარჯავს, საზოგადოებებსაც უფრო და უფრო ნაკლებად სურთ მშვიდობა. არც ერთი მხარე არ აღიარებს მეორის პრეტენზიებს, ტკივილსა თუ იმას, რაც გამოიარეს.

არის მთელი თაობა ადამიანებისა, რომელსაც არ უნახავს ცხოვრება ომამდე, რომელსაც ვერ წარმოუდგენია, რომ ოდესღაც ეს ხალხები ერთმანეთს ეწყობოდნენ. 30-40 წლის ადამიანებმა გამოარეს ომი, იბრძოლეს ამ შეტაკებებში და შვილებიც საომარი რიტორიკით გაზარდეს. ეს არ შეცვლილა, ესკალაციების გამო მხოლოდ დამძიმდა.

– რა არის აქ რუსეთის ინტერესი და მისი როლი? ის კონფლიქტში დაწყებისთანავე იყო ჩართული, შემდეგ ცდილობდა შუამავლის როლში პოზიციონირებას, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარის ამარაგებს იარაღით, კონფლიქტები კი უფრო სისხლიანი ხდება. რუსეთი სომხეთის მოკავშირეა და ყარაბაღს მიღმა წასული კონფლიქტის შემთხვევაში მას უნდა დაეხმაროს, ამასთან მინსკის ჯგუფის წევრია. მეორე მხრივ რუსეთის ინტერესებში შესაძლოა ამ კონფლიქტების დაბალ დონეზე შენარჩუნება უფრო იყოს – არც მათი გადაჭრა და არც ომამდე გამწვავება, რათა საკუთარი ინტერესებისთვის მათი გამოყენება განაგრძოს და რეგიონი გამუდმებით იყოს ომისა და მშვიდობის ზღვარზე.

– ეს მართალია, რუსეთი გამოსავლის ნაწილიცაა და პრობლემისაც. ის მინსკის ჯგუფის მომლაპარაკებელთა წევრია. ადრე, რუსეთს, როგორც დიდ რეგიონულ პარტნიორს, ორივე მხარესთან ურთიერთობის ძალა ჰქონდა, ახერხებდა მათ დაწყნარებას. მაგრამ ის ასევე ამწვავებდა კონფლიქტს, ვაჭრობს იარაღით ორივე ქვეყანასთან.

რუსეთი არ მიიჩნევა სანდო პარტნიორად სომხეთშიც. ძალიან დიდი კითხვებია იმის შესახებ მოვა თუ არა რუსეთი მათ დასახმარებლად.

რუსეთი ნამდვილად ცუდ როლს ასრულებს იარაღის ორივესთვის მიყიდვით და გაუგებარი დიპლომატიური თამაშებით, მაგრამ სრულად მას ვერ დავაბრალებთ, ამ კონფლიქტს და მის უშუალო ესკალაციებს ის მაინც არ აკონტროლებს. ვფიქრობ, რომ ეს მაინც არის ორი მხარე, რომლებიც ერთმანეთთან ომობენ. ტვირთი მაინც აზერბაიჯანისა და სომხეთის აწევთ, რომლებიც უარს ამბობსენ ერთ მაგიდასთან დასხდომასა და გამოსავლის მოძებნაზე.

ამასთან, რუსეთი ძალიან არაპროგნოზირებადი აქტორიცაა. თვითონ ბევრი საფიქრალი აქვს: პრობლემები ბელარუსთან, ომი უკრაინაში, შიდა უსიამოვნებები და ჩრდილოეთ კავკასიის ძალიან ძალადობრივი რეგიონი. რუსეთს არ სურს აქტიური ომი ამ რეგიონში, რადგან ამას შეუძლია ჩრდილოეთ კავკასიაშიც გამოიწვიოს დესტაბილიზაცია.

რუსეთი გამოსავლის ნაწილიცაა და პრობლემისაც. ის მინსკის ჯგუფის მომლაპარაკებელთა წევრია, მაგრამ ის ასევე ამწვავებდა კონფლიქტს, ვაჭრობს იარაღით ორივე ქვეყანასთან. ის ნამდვილად ცუდ როლს ასრულებს იარაღის ორივესთვის მიყიდვით და გაუგებარი დიპლომატიური თამაშებით.
ასევე რუსეთისთვის სანერვიულოა თურქეთისა და ირანის მზარდი მადაც სამხრეთ კავკასიაში მეტი ძალაუფლების მოსაპოვებლად. ის ამას ძალიან ფრთხილად აკვირდება და ფრთხილ თამაშს თამაშობს, რადგან ეს შეიძლება მისთვისაც ძალიან ცუდად დამთავრდეს ისევე, როგორც ბევრი სხვა მოთამაშესთვის.

– თქვენ რეგიონში ამერიკის ჩართულობის შემცირებაზე ისაუბრეთ. თუმცა მინსკის ჯგუფის ფარგლებში ამერიკული მხარე მონაწილეობს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებებში. რა ტიპის ჩართულობა იქნებოდა რეგიონის სტაბილურობისთვის უფრო მნიშვნელოვანი და რას იტყოდით, რატომაა თავად ეს რეგიონი და იქ მიმდინარე მოვლენები ამერიკისთვის მნიშვნელოვანი?

– ამ რეგიონში ამერიკის ჩართულობის შემცირებას ბოლო ათწლეულის განმავლობაში ვხედავდით, ეს პრეზიდენტ ობამას დროს დაიწყო და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციისას გაძლიერდა.

ის, თუ რა ხდება სამხრეთ კავკასიაში, ამერიკას რამდენიმე მიზეზით უნდა ადარდებდეს. ეს არაა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების უპირველესი ინტერესი, ამერიკა შორსაა ამ რეგიონიდან და უფრო მეტად ადარდებს რა ხდება მასთან ახლოს, მაგრამ, ეს რეგიონი ნატოს სამეზობლოა. ის ძალიან ახლოსაა ძალადობრივ ახლო აღმოსავლეთთან და აქვეა ჩვენი ძალიან ძლიერი პარტნიორი, საქართველო. რომელიც არაა ნატოს წევრი, მაგრამ პოლიტიკურ, დიპლომატიურ და უსაფრთხოების ფრონტზე ამერიკის ძალიან ახლო მოკავშირეა. და ნებისმიერი არასტაბილურობა რეგიონში ძლიერ შემაშფოთებელია.

მიუხედავად ამ აფეთქებებისა, იქნება ეს ამ კონფლიქტის ესკალაცია თუ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია, არასტაბილურობები სამხრეთ კავკასიაში იზოლირებული იყო და არა ფართოდ გავრცელებული. იმის უზრუნველყოფა, რომ ეს ინციდენტები იშვიათია, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ფაქტი, რომ ეს უშუალოდ ირანის მეზობლად ხდება.

ვიმედოვნებ, რომ ეს არის დრო, როდესაც ჩვენი მთავრობა გააანალიზებს რა დევს სასწორზე. ესაა რეგიონი, რომელიც ირანსა და ჩინეთს ესაზღვრება. ტრამპის ადმინისტრაცია ირანის გავლენის შემცირებას მთელ მსოფლიოში ცდილობსს, სამხრეთ კავკასიაში ომი და არასტაბილურობა კი ნამდვილად უხსნის ირანს შესაძლებლობებს. ასე რომ რამდენიმე გარემოების გამო ნატოსა და ტრამპის ადმინისტრაციისთვის ეს მეტი აქტიურობის მიზეზი უნდა გახდეს.

უამრავი მიზეზია იმისა, რატომ უნდა იყოს ამერიკა აქ. კიდევ ერთხელ ხაზგასასმელია ფაქტი, რომ აქ ვხედავთ ნატოს მოკავშირეს, რომელსაც სავარაუდოდ წვლილი შეაქვს არასტაბილურობაში, ვფიქრობ, ეს მეტ ჩართულობას გვავალდებულებს. აქ სასწორზე ალიანსი და ამერიკის სანდოობა დევს.

ფაქტი, რომ ამერიკული იარაღი და ამერიკის მიერ გაწვრთნილი პერსონალი შეიძლება იყოს ამ პროცესში ჩართული, ამერიკას უფრო მკაცრი პასუხის საჭიროებას უქმნის.

– რა მდგომარეობას უქმნის კონფლიქტი და მისი გამწვავება საქართველოს – პოლიტიკური, დიპლომატიური თუ სტრატეგიული კუთხით. მაშინ, როდესაც ქვეყანას კარგი ურთიერთობა აქვს სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან, მაგრამ მისი ტერიტორიები ოკუპირებულია სამშვიდობო მოლაპარაკების ჯგუფის ერთ-ერთი თავმჯდომარის მიერ, რამდენად შეუძლია საქართველოს თუნდაც შუამავლის როლის შესრულება, ან რა რისკები არსებობს ახლა საქართველოსთვის?

– ვფიქრობ, საქართველოს შეუძლია ლიდერობა გამოიჩინოს. ეს არის ქვეყანა, რომლისთვისაც კონფლიქტი შეიძლება გამანადგურებელი აღმოჩნდეს, რადგან მასში მისი სამი უახლოესი მეზობელი იქნება ჩართული.

საქართველოში ცხოვრობენ როგორც აზერბაიჯანელი, ისე სომეხი უმცირესობის წარმომადგენლები და ქვეყანას ნამდვილად არ სურს ამაში ჩართვა.

აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო გზები კასპიის ზღვასა და თურქეთს შორის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ამ ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტებიც. ამას მართლაც ექნება ეკონომიკური და სოციალური გავლენა საქართველოზე. სიტუაცია ართულებს ქართულ დიპლომატიას ამ სამ უმნიშვნელოვანეს მეზობელთან და მის აგრესიულ ჩრდილოელ მეზობელთან. ქართველ დიპლომატებს ნამდვილად აქვთ საქმე.

პოლიტიკოსებმა უნდა სცადონ, რომ დაამშვიდონ რიტორიკა იმის ნაცვლად, რომ წააქეზონ, გაამძაფრონ ის. ვის რისი კანონიერი უფლება აქვს, ეს შემდგომი დისკუსიის საგანია, მაგრამ ახლა ადამიანთა სიცოცხლეებს ვკარგავთ და უმთავრესი ის უნდა იყოს, როგორ შევაჩეროთ სისხლისღვრა.

თუმცა, როცა აზერბაიჯანი და რუსეთი ერთმანეთს ტელეფონითაც არ ელაპარაკებიან, როცა არც ამერიკაა დიდად ჩართული, საქართველოს მიერ სივრცის შეთავაზება მნიშვნელოვანი იყო.

თუმცა ასევე მართალია, რომ რუსეთის ჩართულობა პროცესში საქართველოს ამის შესაძლებლობას უზღუდავს. რისი გაკეთებაც არ უნდა სცადოს საქართველომ, რუსეთი თავის მხრივ ეცდება, ამის საშუალება არ მისცეს.

თუმცა საქართველოს მთავრობას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანის, სომხეთის და თურქეთის მთავრობებთან. ამიტომ თუკი ვინმეს შეუძლია ამ სამი ქვეყნის ერთად თავმოყრა და ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის მნიშვნელობის ხაზგასმა, ეს საქართველოა. არა უშუალოდ კონფლიქტის გადაწყვეტა, არამედ კონკრეტულ მომენტში სისხლისღვრის შეწყვეტა უნდა იყოს ჩვენი პირველი პრიორიტეტი , ამაში კი მედიატორის როლის თამაში საქართველოს შეუძლია. ადამიანები იღუპებიან და ეს მაშინ ხდება, როდესაც ჩვენ მთელ რეგიონში სოციალური, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ეკონომიკური პრობლემები გვაქვს.

ესაა უკანასკნელი რამ, რაც საქართველოს, ან რომელიმე ამ ქვეყანას სჭირდება,

– საქართველოს კარგი ურთიერთობა სამივე ამ მეზობელთან მნიშვნელოვანი მონაპოვარია. წლების განმავლობაში ქართველი პოლიტიკოსები ერიდებოდნენ ამ თემაზე ცალმხრივი განცხადებების გაკეთებას, თუმცა ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება ბაქოში იმის თაობაზე, რომ ორ ქვეყანას ოკუპაციის პრობლემა აერთიანებს, ცოტა ხნის წინ კი მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა აზერბაიჯანის მიმართ. როგორ ფიქრობთ, რა ტიპის განცხადებები უნდა ავირიდოთ თავიდან იმისთვის, რომ კონფლიქტის აქტიურ თუ არააქტიურ ფაზებში მხარეებთან ისეთივე კარგი ურთიერთობა შევინარჩუნთ?

– ვფიქრობ, ორივე ეს განცხადება რომელიც ახსენეთ, სამწუხარო იყო და სულაც არ არის სასარგებლო. ამასთან, ისინი არა მომავლისკენაა მიმართული, არამედ – წარსულისკენ. ქართველები და სომხები ყოველთვის ახერხებდნენ ამ კონკრეტული ტერიტორიების საკითხის მიღმა თანამშრომლობას.

ვფიქრობ, პოლიტიკოსებმა უნდა სცადონ, რომ დაამშვიდონ რიტორიკა იმის ნაცვლად, რომ წააქეზონ, გაამძაფრონ ის. ვის რისი კანონიერი უფლება აქვს, ეს შემდგომი დისკუსიის საგანია, მაგრამ ახლა ადამიანთა სიცოცხლეებს ვკარგავთ და უმთავრესი ის უნდა იყოს, როგორ შევაჩეროთ სისხლისღვრა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ სცადოს, შეასრულოს კონსტრუქციული როლი იმით, რომ დარჩეს ნეიტრალურ პარტნიორად იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია და განაცალკევოს ერთმანეთისგან საკითხები – ამა თუ იმ რეგიონის სტატუსის თემა იმ გადაუდებელი მიმდინარე საჭიროებისგან, რაც ძალადობის შეწყვეტა და რეგიონში არასტაბილურობის პრევენციაა.

საქართველოს ეკონომიკას სჭირდება უცხოური ინვესტიციები, არასტაბილურობა სომხეთსა და აზერბაიჯანში საქართველოს საინვესტიციო კლიმატსაც დააზარალებს. ასე რომ პრობლემის გამწვავება გამოსავლის ძებნის ნაცვლად საქართველოსთვის გრძელვადიან პერსპექტივაში მომგებიანი ნამდვილად არ არის.