მთიანი ყარაბაღი - რეგიონულ მოთამაშეთა ინტერესები

ეკა მაღალდაძე
 მასალა მომზადებულია ამერიკის ხმის მიერ.

მთიან ყარაბაღში უკვე 10 დღეზე მეტია შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. არის მსხვერპლი, როგორც სამხედროთა, ისე მშვიდობიან მოსახლეობას შორის. ეს 90-იანი წლების დასაწყისში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, ამ დრომდე მომხდარ ესკალაციებს შორის, ყველაზე მწვავე პერიოდია. თუმცა ძველ კონფლიქტს ახალი განზომილებებიც აქვს და დიდი რეგიონული მოთამაშეების – თურქეთისა და რუსეთის როლი ახლა რეგიონში, ისევე როგორც, დასავლეთში, განსაკუთრებით აშფოთებთ.

მიუხედავად თურქეთის ურყევი პოზიციისა აზერბაიჯანის სასარგებლოდ, ამ დრომდე ეს მხარდაჭერა ძირითადად პოლიტიკურ და დიპლომატიურ ფარგლებში რჩებოდა. ახლა კი თურქეთი არა თუ არ მოუწოდებს მხარეებს ცეცხლი შეწყვიტონ, არამედ სამშვიდობო მოლაპარაკებების – მინსკის ჯგუფის წევრებსაც კი აკრიტკებს ამგვარი მოწოდებებისთვის და ამბობს, რომ მზადაა კონფლიქტში სამხედრო კუთხითაც ჩაერიოს, თუკი „სომხების მიერ ყარაბაღის ოკუპაცია არ დასრულდება“.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კვირაზე ხანგრძლივი შეტაკებების შემდეგ განაცხადა, რომ ის მოლაპარაკებისა და კომპრომისისთვის მზადაა, თუკი მოლაპარაკების მაგიდას აზერბაიჯანული მხარეც მიუჯდება, თუმცა საპასუხო განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

ნილ ჰაუერი, „ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის“ ევროპის საზღვრების ინიციატივის მკვლევარი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ეს ესკალაცია კიდევ დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს.

„სამწუხაროდ ამ ეტაპზე ყველაფერი მხოლოდ ესკალაციის გაგრძელებაზე მიანიშნებს. მიუხედავად იმისა, რომ სომხურმა მხარემ და ნიკოლ ფაშინიანმა უპრეცედენტო განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ ქვეყანა მზად იქნება კომპრომისისთვის, თუკი აზერბაიჯანიც წამოვა ამაზე, რიტორიკა, რომელიც აზერბაიჯანისა და თურქეთისგან მოდის და მათი გაცხადებული მიზნები აჩვენებს, რომ მათ ბევრად მეტი სურთ”, – ამბობს მკვლევარი და განმარტავს:

“მათ სომხურ და ყარაბაღის ძალებს სამხედრო ზიანი უკვე მიაყენეს, საუბრობენ „ყარაბაღის სრულ გათავისუფლებაზე“ და ამ კონფლიქტის საბოლოოდ დასრულებაზე. ესაა მთავრობის გზავნილიც და მოსახლეობის ნაწილის განწყობაც, რომ 30-წლიანმა მოლაპარაკებებმა არაფერი მოგვიტანა, ვეღარ მოვიცდით და დროა სამხედრო ძალით გადავწყვიტოთ. ვფიქრობ, ძლიერი საგარეო, დიპლომატიური ჩარევის გარეშე, ესკალაცია გაგრძელდება“, – მიიჩნევს ნილ ჰაუერი.

გონულ ტოლი, „ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის“ თურქეთის პროგრამის დირექტორი ამბობს, რომ მაშინ, როდესაც აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელისუფლებისთვის ყარაბაღის საკითხი შიდა პოლიტიკური დაკვეთაა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანიც შეიძლება ცდილობდეს, რომ აქტიური საგარეო პოლიტიკური ჩართულობით შიდა პრობლემებიდან ყურადღება ქვეყნის გარეთ გადაიტანოს.

„ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემებია, კოვიდ19-თან დაკავშირებული რიცხვები იზრდება. გამოკითხვების თანახმად, მისი რეიტინგები იკლებს, საგარეო პოლიტიკურ ფრონტზეც კონკურენციაა. საგარეო პოლიტიკას ის შიდა პოლიტიკის დასაბალანსებლად იყენებს. ასე ხდებოდა სირიასა და ლიბიაში ჩართულობის დაწყების დროსაც. თუნდაც 2016 წლის ამბოხის მცდელობის შემდეგ. ის ნაციონალისტური სენტიმენტის მობილიზებას ცდილობს“, – ამბობს ტოლი.

მეორე მხრივ, თურქეთის ჩართულობის ასეთი გაზრდა, ანალიტიკოსების აზრით, არც რუსეთის ინტერესებში შედის. რუსეთი და სომხეთი ოფიციალური მოკავშირეები არიან, შესაბამისად, მოსკოვი ერევანს უნდა დაეხმაროს. თუმცა რუსეთი, რომელიც აზერბაიჯანთანაც ცდილობს კავშირების შენარჩუნებას და ამასთან მიუკერძოებელი შუამავლის როლის თამაშს, ჯერჯერობით ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებებით შემოიფარგლება.

„ვფიქრობ, რუსეთი ცდილობს კონფლიქტში საკუთარი ჩართულობისთვის ერთგვარი ლეგიტიმური საფუძველი შექმნას. ერთი მხრივ, ამბობენ, რომ უსაფრთხოების შეთანხმება არ გულისხმობს ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებში ჩართვას და იქ სომხური პოზიციების გამაგრებას. მეორე მხრივ, სუაბარია იმაზე, რომ არც ერევანს უთხოვია რუსეთისთვის ოფიციალურად დახმარება, არც დიპლომატიური ენით და არც შეთანხმებაზე მითითებით. თუკი ერევანი ამას მოითხოვს, მოსკოვისთვის რთული არჩევანი იქნება, როგორ უთხრას უარი, ან როგორ დათანხმდეს“, – ამბობს მაქსიმ სუჩკოვი, „ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის“ ევროპის საზღვრების ინიციატივის კიდევ ერთი მკვლევარი.

ანალიტიკოსი ერთგვარ პოლიტიკურ თამაშად მიიჩნევს იმასაც, რომ კონფლიქტში უცხოელი მებრძოლების ჩართვაზე ყველაზე მეტს სერგეი ნარიშკინი, დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი საუბრობს. მან ახსენა სირიიდან და ლიბიიდან ჩამოყვანილი მებრძოლები და ასევე ქურთი მებრძოლების ყოფნის საკითხიც.

„დაზვერვის წარმომადგენელს მტკიცებულებებს ვერავინ მოსთხოვს“, – ამბობს სუჩკოვი და განმარტავს, რომ რუსეთი თურქეთთან სირიასთან დაკავშირებული შეთანხმების აუცილებლობას ამ კონფლიქტში ვერ ხედავს და ფიქრობს, რომ თავადაც აქვს საკმარისი უპირატესობა იმისთვის, რომ ბალანსი დაიცვას და ესკალაცია გაანეიტრალოს. თუმცა მისი აზრით, ამ შემთხვევაში, თურქეთი შეიძლება მავნე, „საქმის გამფუჭებლის“ პოზიციაში ჩადგეს.

საქართველო, რომელიც ათწლეულების განმავლობაში კეთილმეზობლურ ურთიერთობას ინარჩუნებდა ორივე სახელმწიფოსთან, ისევე როგორც თურქეთთან, კონფლიქტის მხარეებს შუამავლის როლის შესრულებას სთავაზობს.

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი ამბობს, რომ საქართველოს მიდგომა „დელიკატურ და ნეიტრალურ ბალანსს ეფუძნება.

„ეს კონფლიქტი ეთნიკურზე მეტად ახლა გეოპოლიტიკურ სახეს იძენს და თბილისისთვის უფრო სენსიტიური და რთული ხდება. ერთია, ქართული პოლიტიკა პრინციპების დონეზე, რაც უნივერსალური და მისაღებია, მაგ. ჰუმანიტარული დახმარება ორივესთვის. მაგრამ მეორეა მაგალითად, თავშეკავება. ეს შეიძლება უფრო რთული გახდეს, რაც უფრო დიდხანს გასტანს კონფლიქტი და ქართველი პოლიტიკოსებისთვისაც უფრო დიდი გამოწვევა იქნება“, – ამბობს ყიფიანი.

ანალიტიკოსი განმარტავს, რომ საერთაშორისო კონტექსტში კონფლიქტის გადაჭრის კუთხით, საქართველოს როლი არ იქნება დომინანტური და თბილისი არ იქცევა საერთაშორისო მოლაპარაკებების პლატფორმად, თუმცა ეს მნიშვნელოვანი ჟესტი იყო.

„კონფლიქტის ორივე მხარე ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოს ცხადი საგარეო პოლიტიკური მიზნები აქვს და ეს მისი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციაა ევროკავშირსა და ნატოსთან. კონფლიქტი არ ხდება საქართველოში, მაგრამ ის ძირს უთხრის რეგიონში სტაბილურობას, რეფორმების სისწრაფეს. ამასთან, როცა მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარებზე ვსაუბრობთ, ხშირად გვავიწყდება, რომ ადგილზე სამხედრო დაპირისპირებამ შესაძლოა ბევრი სხვაგვარი და ზოგჯერ, არარაციონალური განვითარებაც გამოიწვიოს“, – ამბობს ყიფიანი.

მაქსიმ სუჩკოვი, კონფლიქტის გადაწყვეტის გზებზე და ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებზეც საუბრობს და ამბობს, რომ როგორც წესი, ეს პროცესი სამი განსხვავებული მიმართულებით ვითარდება: ერთი, როდესაც შუამავლები მხარეებს შესაძლო ვარიანტებს საუბრობენ და მხარეები ამა თუ იმ მათგანზე თანხმდებიან; მეორე, როდესაც შუამავლები დიალოგისთვის საჭირო პლატფორმას, გარემოს ქმნიან და მხარეები თავად ამბობენ, რა არის მათთვის მისაღები გამოსავლები. მესამე კი, როდესაც მედიატორები ახერხებენ მხარეების შეჩერებას იქ, სადაც არიან.

სუჩკოვის აზრით, სხვადასხვა სტრატეგია ამ 30 წლის განმავლობაში მრავალჯერ იყო გამოყენებული, ისეთი იდეებიც კი, რომლებიც ყარაბაღში და მის მიმდებარედ დემილიტარიზებული ზონის შექმნას გულისხმობდა, თუმცა უშედეგოდ. მკვლევარი ფიქრობს, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანი შეწყვეტს „მოძრაობას“ და მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა მასაც მოუწოევს. თუმცა მანამდე ეცდება, რომ არსებული სტატუს-ქვო, რომელიც ამჟამად სომხეთის სასარგებლოდ მიაჩნია, აზერბაიჯანისკენ გადახაროს. თურქეთის მტკიცე მხარდაჭერა და მზაობაც მას სწორედ იმისთვის სჭირდება, რომ მინსკის ჯგუფის წევრებს სომხეთის მიმართ მიკერძოებულად მიიჩნევს.

ამასთან, ანალიტიკოსების აზრით, ყარაბაღის საკითხი ორივე ქვეყნისთვის პოსტ-საბჭოთა მენტალიტეტისა და ფსიქოლოგიის ნაწილად იქცა, რადგან მისი „დაცვა“ თუ „დაბრუნება“ ორივე ქვეყნის ლიდერებისთვის მოსახლეობის მობილიზების და „დროშის ირგვლივ გაერთიანებისთვის“ საჭირო თემაა.

ვიქტორ ყიფიანს კი მიაჩნია, რომ პერიოდული ესკალაციების განმუხტვის შემდეგ, კონფლიქტების უფრო ფართო საფუძვლებზე ფიქრია საჭირო და პრობლემა რეგიონული აქტორების ჩართულობა-დომინაციასა თუ ეთნიკურ დავებთან ერთად, ქვეყნების სუსტ პოლიტიკური სისტემებია, რაც სამხრეთ კავკასიას „პანდორის ყუთად“ აქცევს. „დასავლეთის მხრიდან სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სტაბილურობასა და მდგრადობაში მეტი ინვესტირებაა საჭირო“, – ამბობს ვიქტორ ყიფიანი.