ღმერთი საქმეშია.
მაგრამ დაფიქრებულხართ, რა მოხდებოდა, მუნდიალების მეკარედ წოდებულ გილერმო ოჩოას იმ 64-ე წუთზე ის დარტყმული რომ მოეგერიებინა?
ვერა. რადგან ზოგჯერ ღმერთი იღბალს საკუთარი თავისთვისაც იმეტებს. 64-ე წუთი, უზუსტესი დარტყმა, ზეაღმართული ხელები. ცას ახედა, დაელაპარაკა იქ, ზემოთ და მერე ენცოსაც გაატანინა. ღმერთი ისევ საქმეშია. თუმცა, წინ მესამე, გადამწყვეტი ტურია.
ლეოს მუნდიალებზე უკვე 8 გოლი აქვს. ამ შედეგით ის მარადონას და გილერმო სტაბილეს გაუთანაბრდა. 10 გოლი აქვს გაბრიელ ბატისტუტას. სხვა თუ არაფერი, საინტერესოა, ვნახოთ, სადამდე წავა არგენტინა და თუ დაეწევა „ბატიგოლს“ მესი. ჰო, 5 საგოლე პასი არ დაგვავიწყდეს, მეხუთე მუნდიალზე.
ამ დღეს კიდევ ერთი კარგი კაცის ოცნება ახდა – რობერტ ლევანდოვსკიმ მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისი პირველი გოლი გაიტანა. 34 წლის მრავლისმნახველი და მსოფლიოს მასშტაბით მრავალი კარის ბადეშემრხეველი ვარსკვლავის ცრემლებიც ვნახეთ. ესაა მუნდიალი. ვისთვის ოცნებების ახდენა და ვისთვის – ოცნებების სასაფლაო. წინ ჯგუფური ეტაპის მესამე, გადამწყვეტი ტურია. ჰოდა, ამიტომაც.
ყვითელი ანაკონდა თუ ცისარტყელა ბოა?
ბრაზილიელებმა მეორე ტურში შვეიცარიას მოუგეს. მოკრძალებულად – 1:0.
ტიტეს გუნდი მგუდავი ბრაზილიური გველივითაა; გიყურებს, თითქოს მოქმედების საშუალებას გაძლევს, მაგრამ როცა მოინდომებს, მაშინვე მის მარწუხებში აღმოჩნდები.
ერთი შეხედვით უჩინარმა კაცმა – კაზემირომ ისეთი გაისროლა, მრავლისმნახველ ზომერს შანსი არ ჰქონია. ნეიმარი ჯერ ისევ სერბებისგან დაზიანებულ კოჭს მკურნალობს, თუმცა, პენტაკამპეონები მის გარეშეც მშვიდად და თავდაჯერებულად გამოიყურებოდნენ. ორი ტურის შემდეგ, ალისონი კვლავ უსაქმოდაა. ულვაშიც მოიპარსა, მაგრამ კარში ზუსტად ჯერ ვერავინ დაურტყა და სტატისტიკაში, მისი გვარის გასწვრივ არცერთი სეივი არ ფიქსირდება.
მშრალი კარითა და 3 გოლით, ბრაზილია საფრანგეთთან ერთად ფლეი-ოფშია.
კაბერნე სოვინიონის გუნდი
ჩემი მოკრძალებული აზრით, დეშამის გუნდი ბრაზილიელებთან ერთად ტურნირის მთავარი ფავორიტია. 2006 წლის შემდეგ პირველად, მოქმედი ჩემპიონი ჯგუფიდან გავიდა და თან როგორი თამაშით, როგორი შედეგით.
საფრანგეთი მუშაობს, ნაკრებში ყველა მუშაობს. ორ მატჩში ორი ასისტი აქვს ტეო ერნანდესს, რომელსაც თამაშის შანსი ძმის – ლუკა ერნანდესის ტრავმის შემდეგ მიეცა და ერთ–ერთი საუკეთესოა.
და მაინც, ვინ გააჩერებს მბაპეს?
კილიანი – ზოგჯერ ზედმეტად ამპარტავანი, რომ გაიტანოს, მაგრამ ესაა მბაპეს ფეხბურთი – ააცილებს და იღიმის, უკან ბრუნდება და მერე ისევ წინ, რომ ისევ გაიტანოს. ისევ და ისევ. ნაკრებში სულ სხვა ბიჭია – დაგეშილი, ჯანმრთელი, მიზანმიმართული, მონდომებული, სპეციფიკური და მკვეთრი გემოებით, როგორც კაბერნე სოვინიონის მარცვალი – მუქი იისფერი, კანი მაგარი და ელასტიკური, ხორცი მკვრივი, ტკბილი, ბალახის გემო და სპეციფიკური არომატი.
კაბერნეს სპეციფიკური გემო უფრო მკვეთრად ახალ ღვინოში იგრძნობა, ვიდრე ძველში. ახალგაზრდობაში ის ოდნავ უხეშია. გახსენებთ ვინმეს? მე – კი. ეს კილიანის გუნდია, სადაც მის გვერდით არც ნეიმარი დარბის და არც მოქმედი ღმერთი. აქ ისაა მთავარი გმირი და ეს როლი მოსწონს, ძალიან ხიბლავს. ჰოდა, ყველაფერს აკეთებს, რომ მთავარი როლი საუკეთესოდ შეასრულოს. უყურებ და გგონია, ეს წამლეკავი ენერგია არასდროს ელევა.
საფრანგეთმა გოლი ორივე მატჩში გაუშვა. თუმცა, საქმე ის გახლავთ, რომ ხედავ, მათთვის ეს პრობლემა არაა. სტატისტიკისთვის შესაძლოა არის, დეშამის გუნდისთვის – არა.
ფრანგების დაცვაში მცირე ხვრელების პოვნა შესაძლებელია, მაგრამ მერე წამოვლენ და გაგიტანენ თავით, ფეხით, ბარძაყის კუნთით, თითით და დაგიმთავრებენ თამაშს – Game Over, Good Game.
ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ საფრანგეთის შესაძლებლობები უკვე ვნახეთ. პირიქით, მათი თამაშის შემყურეს, გიჩნდება განცდა, რომ მთავარი ამბები წინაა. დანიასთან მატჩი კი, მათთვის ერთგვარი ტესტი იყო – როგორ გაუმკლავდებოდნენ მეტოქეს, ვისთანაც წელს უკვე ორჯერ დამარცხდნენ.
1998 თუ 2022?
გასულ ხუთშაბათს, თეირანში ვურია ღარფური დააკავეს, ეთნიკურად ქურთი, ირანის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი წევრი (28 მატჩი ნაკრების მაისურით) და ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სპორტსმენი. მას ბრალად „ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა“ ედება. ამ ეტაპზე, უცნობია კატარში მყოფი ირანელი ფეხბურთელების პოზიცია. მღელვარება კი იზრდება.
ღარფური ერთ–ერთი გამორჩეული სამოქალაქო აქტივისტია. სოციალურ ქსელებში საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ის არასდროს ერიდება. ღიად უჭერს მხარს ირანში ქალთა უფლებების დაცვას – „როგორც ფეხბურთელი, მე შეურაცხყოფილი ვარ, რომ იმ ეპოქაში ვთამაშობ, როცა ჩვენს დებსა და დედებს სტადიონებზე შესვლა აკრძალული აქვთ“, – დაწერა ფეხბურთელმა ინსტაგრამზე 2021 წელს.
ირანში მიმდინარე მასობრივი არეულობის პარალელურად, მთავრობის მომხრე ირანელი გულშემატკივრები, რომლებიც კატარში, მუნდიალზე იმყოფებიან, პროტესტის მომხრე ფანებს დაუპირისპირდნენ და მათ ტერორისტებს უწოდებენ. სტადიონის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა რამდენიმე გულშემატკივარს ის დროშები ჩამოართვეს, რომლებზეც ისლამური რესპუბლიკის სიმბოლიკის ნაცვლად, საპროტესტო ლოზუნგები ეწერა.
ჯგუფური ეტაპის მესამე, გადამწყვეტ ტურში ერთმანეთს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ირანის ეროვნული ნაკრები გუნდები დაუპირისპირდებიან. ორივე გუნდს მხოლოდ მოგება აწყობს. საკითხავია, რა ჭრილში უნდა განვიხილოთ ეს დაპირისპირება? რა თქმა უნდა, სპორტსა და პოლიტიკას არც ამჯერად გავმიჯნავ. თუმცა, საკითხავი ისაა, საითკენაა მიმართული ირანელი ფეხბურთელების ფიქრები. მათი კოლეგა, მეგობარი დაპატიმრებულია და კაცმა არ იცის, ნახავენ თუ არა მას ცოცხალს. ან რას ნიშნავს, როცა მუნდიალის პირველი მატჩის წინ ეროვნულ ჰიმნს მდუმარედ უსმენ და მეორე მატჩის წინ რიხიანად მღერი? ერთი რამ ზუსტად ვიცი, ადამიანურად მათ ძალიან თანავუგრძნობ.
ამ ყველაფრის ფონზე, შეუძლებელია არ გაგვახსენდეს 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი და ლიონში ამ გუნდების დაპირისპირება. ფონი მაშინაც უმძიმესი იყო. მატჩი ირანელების გამარჯვებით – 2:1 დასრულდა.
ამ შეხვედრას “The mother of all games“ (ბოდიშს ვიხდი, თარგმანში ისე ზუსტად არ ჟღერს) უწოდეს. რადგან 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი იყო, აიათოლას რეჟიმმა ირანელ ფეხბურთელებს მეტოქესთან ტრადიციული საფეხბურთო მისალმება – ხელის ჩამორთმევა აუკრძალა. თუმცა, ირანის ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა გამოსავალი იპოვა და გუნდის ადმინისტრატორს თეთრი ვარდების ყიდვა დაავალა – მშვიდობის სიმბოლო.
ეს იყო უპრეცედენტო ფაქტი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში და ფოტო, რომელმაც მსოფლიოს ეს ამბავი შემოუნახა – ამერიკელი და ირანელი ფეხბურთელები ყვავილებით ხელში, ერთად. „90 წუთში ჩვენ გავაკეთეთ იმაზე მეტი, ვიდრე პოლიტიკოსებმა 20 წელიწადში“, – თქვა მატჩის შემდეგ აშშ–ის ნაკრების მცველმა, ჯეფ არგუსმა.
საით მიმყავს? დიახ, ზუსტად იქით, რომ დღევანდელ მატჩში გამარჯვებამ შესაძლოა, ირანის განმათავისუფლებელ მოძრაობას იმაზე მეტი სარგებელი მოუტანოს, ვიდრე შეერთებულ შტატებს. შეერგოს, ვინც აჯობებს.
P.S მეორე ტურის ბოლო მატჩის მიმდინარეობისას (პორტუგალია 2:0 ურუგვაი), მოედანზე აქტივისტი–გულშემატკივარი შეიჭრა და ეს პირდაპირ ეთერში, რა თქმა უნდა, არ მოხვდა.
„დაიცავით უკრაინა“, „პატივისცემა ირანელ ქალებს“ – ასეთი იყო წარწერები მის მაისურზე და ხელში ცისარტყელას დროშა.
„იმედი მაქვს, ეს ბიჭი კარგადაა. მისი მესიჯები ყველამ კარგად გავიგეთ და ვფიქრობ, მთელმა მსოფლიომაც კარგად გაიგო“, – თქვა მატჩის შემდეგ რუბენ ნევეშმა, პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა.