ნამდვილად წავიდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი

პუბლიკა

„ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები, – დღეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ და წევრმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ წერილი გაავრცელა.

პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის ეს უკვე მეორე წასვლაა. 2013 წლის ნოემბრის ბოლოს პარტიის ყრილობაზე მან პოლიტიკიდან წასვლისა და სამოქალაქო სექტორში გადანაცვლების შესახებ განაცხადა. 2014  წელს ივანიშვილმა ჯერ საზოგადოებრივი მოძრაობა „2030“ დააფუძნა, შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“, თუმცა, 2018 წელს ფორმალურად ისევ პოლიტიკაში დაბრუნდა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი დაიკავა.

არის თუ არა ესეც დროებით წასვლა და რითია ეს წასვლა განსხვავებული? რა იყო ახალი მის წერილში? რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ამ პოლიტიკურ კოტექსტში და შეცვლის თუ არა რამეს? – ბიძინა ივანიშვილის წერილს უკვე მოჰყვა პოლიტიკოსების, პოლიტოლოგების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების შეფასება. მათ ნაწილს ეჭვი ეპარება, რომ ბიძინა ივანიშვილი მართლაც წავიდა.

„ჩვენ არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვთქვათ, რომ პოლიტიკიდან [ივანიშვილის] ეს წასვლა რამეთი განსხვავდება წინა წასვლისგან“, – ამბობს პოლიტოლოგი გია ნოდია „პუბლიკასთან“.

გია ნოდია აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წინა წასვლისას გაკეთებული განცხადებაც კატეგორიული იყო,  შესაბამისად, ამ გამოცდილებიდან გამომდინარე დაუჯერებელია, რომ ის ნამდვილად წავიდა პოლიტიკიდან და აღარ წარმართავს მას.

„მაშინაც კატეგორიულად ამბობდა, რომ საბოლოოდ მიდის პოლიტიკიდან. არაფერი უთქვამს, რაც მიანიშნებდა მის დაბრუნებას. მეორედ მოსვლა უნდა მოხდესო, რომ დავბრუნდეო – ასეთ რამეს ახლა არ ამბობს, მაგრამ ეს ძალიან ძლიერი მეტაფორა იყო.  თუ ამის მიხედვით ვიმსჯელებთ, ვერ დავიჯერებთ, რომ ეს ნამდვილად წასვლაა“, – განაცხადა ნოდიამ.

ის ამბობს, რომ 2018 წელს ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნების საფუძველი იყო კრიზისი „ქართულ ოცნებაში“; რომ  შეინიშნებოდა „სხვადასხვა მოძრაობები“ პარტიაში; ივანიშვილს ჰქონდა დაპირისპირება კვირიკაშვილთან და მმართველი პარტიის რეიტინგი ეცემოდა.

„როგორც ჩანს, მისი განსჯითა და შეფასებით ახლა ასე არ არის. პირველ რიგში, პარტია არის დალაგებული. ნუ, ამაზე არაფერს ამბობს წერილში, მაგრამ, ცხადია, ეს მნიშვნელოვანია. ასევე, არჩევნები მოგებულია, ოპოზიცია ბეჭებზეა დაცემული. საფრთხეები არ არის და რადგან საფრთხეები არ არის, მას შეუძლია წავიდეს, როდესაც მას არანაირი პასუხიმგებლობა არ ეკისრება, მას არ აქვს მოვალეობა, რომ პერიოდულად მაინც გამოჩნდეს, როგორც ოფიციალური ლიდერი, “- ამბობს გია ნოდია.

ის ხაზს უსვამს, რომ არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვიფიქროთ რომ ის არაფორმალური მმართველი არ იქნება და პარტიაზე გავლენა არ ექნება.

პოლიტოლოგის განცხადებით, წერილის შინაარსი და შეფასებები იგივეა, რასაც ის ამ 8 წლის განმავლობაში ამბობდა.

„რომ ოპოზიცია არის საშინელი, ამბობს, რომ მისი გუნდი მაგარია, მაგრამ არ ამბობს, კონკრეტულად რას მიაღწიეს. ის ამას აცხადებდა სულ. როგორც ჩანს,  სხვა რამის თქმა არ შეუძლია და იგივე გაიმეორა, ცოტა სხვა სიტყვებით“, – განაცხადა გია ნოდიამ.

პოლიტოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს რეალურად წასვლა რომ უნდოდეს, ის ასე ადვილად ვერ წავა.

„შეიძლება მას აქვს რეალურად სურვილი ძალაუფლებიდან და ხელისუფლებიდან ჩამოშორების, მე ამას არ გამოვრიცხავ, რადგან ეს არ არის მისთვის მაინცდამაინც კომფორტული მდგომარეობა, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ მას აქვს კონკრეტული პრობლემები, იმავე უსაფრხოებასთან დაკავშირებით, იგივე კეთილდღეობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით,  მისთვის ეს გადაბარების პროცესი რთული იქნება.

საერთოდ პოლიტიკაში მოსვლა და ხელისუფლებაში მოსვლა ადვილია, თუმცა გასვლის პროცესი საკმაოდ მტკივნეული და არაორდინალურია. ეს არ ხდება ასე მარტივად, მხოლოდ სურვილით. მე პირადადაც მაქვს ამის გამოცდილება. შესაბამისად, უნდა დავაკვირდეთ პროცესს, ჯერჯერობით ეს არის მხოლოდ დეკლარირება“, – აცხადებს „მთავარ არხთან“ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციის ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელი თამთა მიქელაძე კი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად წავა და ეს არ იქნება მოჩვენებითი წასვლა.

„მგონია, რომ ამ ეტაპზე ივანიშვილი ნამდვილად წავა და ეს არ იქნება პოლიტიკიდან მისი მოჩვენებითი გასვლა, როგორც ეს წინა წლებში ვიხილეთ. ამას ბოლო წლებში და ყველაზე რთულ წინასაარჩევნო პერიოდში მისი პოლიტიკური პასიურობა, აშკარა გადაღლა და იმედგაცრუება და პირად ლეგიტიმაციაზე/აღიარებაზე ზრუნვის მიზერული მცდელობები მაფიქრებინებს.

საბოლოოდ, მისი ვერტიკალის დასუსტება „ქართულ ოცნებაში“  გააჩენს შიდა კრიზისს და კონფლიქტებსაც, რომლებიც ჯერ ლატენტურად, შემდეგ კი ღია ფორმით გამოვლინდება. მათ შორის, გამოჩნდება კორუფციული/პირადი ინტერესების მიხედვით ინტერესებისა და ძალაუფლებების გადალაგების ტენდენციები, რომელმაც ინსტიტუციურ დონეზეც კი შეიძლება იჩინოს თავი (სხვადასხვა უწყებას შორის კონფლიქტების და ა.შ. სახით)”, – წერს ის.

თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს არ აქვთ არც იდეოლოგიური კავშირები, არც კონსოლიდირებული პოლიტიკური ინტერესები და არც პოლიტიკურ ერთობად არსებობის რეალური, ცოცხალი პრაქტიკა, რომელიც მათ გუნდურ და პოლიტიკურ ერთიანობას მოუტანს. სწორედ ამბობს, რომ მათი დაშლისა და პირადი ინტერესის მიხედვით კონფლიქტი გარდაუვალი იქნება.

„მოიტანს თუ არა ვერტიკალის გამოცლა, ახალ შესაძლებლობებს და მრავალფეროვანი დღის წესრიგის შესაძლებლობას?! რამდენიმე წლის წინ „ქართულ ოცნებას“ შეიძლება ეს რესურსი ჰქონდა კიდეც, მაგრამ დღეს, როცა მისი გუნდი ინტელექტუალურ, მორალურ და პოლიტიკურ გამოფიტვას განიცდის, მგონია, რომ არ აქვს. პოლიტიკური პროცესები კიდევ უფრო განუჭვრეტელი და ნაკლებად მონოლოგიკური გახდება”, – მიიჩნევს თამთა მიქელაძე.