„ქართული ოცნება“ ამნისტიას აანონსებს. მეათე მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის ცნობით, კანონპროექტი 44 სხვადასხვა მუხლს მოიცავს და ჯამში დაახლოებით 800-მდე თავისუფლებააღკვეთილ პირს შეეხება.
როგორც ამნისტიის კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, ამ მსჯავრდებულთაგან 680-მდე პირი სასჯელს ნარკოტიკული დანაშაულისთვის იხდის.
რას ნიშნავს ეს რიცხვები? – ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე იურისტების შეფასებით, აღნიშნული კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა ძირეულ, სრულფასოვან რეფორმას საჭიროებს.
მეცხრე მოწვევის პარლამენტში ნარკოპოლიტიკის არშემდგარი რეფორმისა და ასევე არშემდგარი ამნისტიის შემდეგ, ასევე, მაშინ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კამპანიის დროს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ გეგმებზე კონკრეტული არაფერი უთქვამს, ახალი კანონპროექტი, ამნისტიის ერთჯერადი აქტი უსამართლო სასჯელისგან თავის დაღწევის მორიგ იმედად იქცა.
ნარკოდანაშაულის რომელ მუხლებზე ვრცელდება ამნისტია, რა ხარვეზებს ხედავენ მასში და რა რეკომენდაცია აქვთ კანონპროექტის ავტორებისთვის – „პუბლიკა“ EMC-ის იურისტის გურამ იმნაძის შეფასებას გთავაზობთ.
ნარკოდანაშაულის რომელ მუხლებზე ვრცელდება ამნისტია და რამდენ მსჯავრდებულს ეხება ის
ამნისტიის კანონპროექტის თანახმად, აქტი შეეხება როგორც ნარკოტიკული საშუალების მოხმარების, ასევე მისი ფლობის მუხლებს. ამნისტიის მიღმა რჩება ის ნორმები, რომელიც ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღებას ითვალისწინებს.
როგორც აღინიშნა, დაახლოებით 800 პირიდან, ვისზეც ამნისტია გავრცელდება, 680-მდე პირი საპატიმრო სასჯელს ნარკოტიკების ფლობისთვის იხდის.
ამნისტიის კანონპროექტი ასევე ეხება არასაპატიმრო სასჯელებისა და პირობითი მსჯავრის შემთხვევებს. პირობით მსჯავრდებულთა შორისაც მნიშვნელოვანი წილი ნარკოტიკულ დანაშაულზე მსჯავრდებულ პირებზე მოდის.
„კარგია, რომ ამნისტიის კანონპროექტის ინიცირება ხდება. განსაკუთრებით ნარკოდანაშაულთან მიმართებით ნამდვილად ვხედავდით ჩვენ ამნისტიის კანონპროექტის საჭიროებას“, – აცხადებს გურამ იმნაძე და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ძირეული რეფორმის გატარების აუცილებლობას.
„ის ფაქტი, რომ ამნისტიის ეს კანონპროექტი დიდწილად ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯვარდებულ პირებს ეხება, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია და რეფორმა ფუნდამენტურად არის გასატარებელი, რათა ჩვენ გარკვეულ პერიოდში ერთხელ არ გვიწევდეს ამნისტიის საჭიროებაზე საუბარი“, – ამბობს ის.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამნისტიის კანონპროექტის განხილვის პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ, ღიად და კანონპროექტზე მუშაობის პროცესში დაინტერესებული ჯგუფების ჩართულობა უზრუნველყოფილი იყოს.
ამნისტიის კანონპროექტი არ ვრცელდება განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფლობაზე – რატომ არის ეს პრობლემური
რომელ მუხლებზე ვრცელდება კანონპროექტი ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით – დაინტერესებული მკითხველისთვის კონკრეტული მუხლების ჩამონათვალი სტატიის დასასრულს იქნება, თუმცა მნიშვნელოვანია, აქვე უფრო ვრცლად ვისაუბროთ 260-ე მუხლთან დაკავშირებით, რომელიც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.
შემოთავაზებული პროექტით, ამნისტია 260-ე მუხლის მხოლოდ პირველ, მეორე და მესამე ნაწილებზე უნდა გავრცელდეს. როგორც უკვე აღნიშნა, პროექტი არ ვრცელდება გასაღების მუხლებზე, თუმცა კანონპროექტს მიღმა რჩება ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფლობის მუხლი – 260-ე მუხლის მე-6 ნაწილი.
კანონპროექტის სწორედ ეს მიდგომა არის კრიტიკის მთავარი საფუძველი. იმნაძის შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით სამართლიანად არაა განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები, განსაკუთრებით დიდ ოდენობად შეიძლება დაკვალიფიცირდეს ისეთი ოდენობა, რომელსაც პირი შეიძლება პირადი მოხმარების მიზნით ფლობდეს.
„ვიცით, რომ დღემდე ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები ისევ არ არის სამართლიანად გაწერილი. ძალიან ბევრ საშუალებას არ აქვს მცირე ოდენობა განსაზღვრული, ამიტომაც, მაგალითად, რიგი ნარკოტიკული საშუალებების შემთხვევაში 1 გრამზე მეტის ფლობა შეიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც განსაკუთრებით დიდ ოდენობად.
აქ გასააზრებელია ის, რომ მიჯნა დიდ ოდენობასა და განსაკუთრებით დიდ ოდენობას შორის შეიძლება ძალიან პირობითი იყოს და ამიტომაც, ასეთი ხისტი ზღვარის გავლება, რომ ამნისტიის კანონპროექტი ვრცელდებოდეს დიდ ოდენობაზე და განსაკუთრებით დიდ ოდენობაზე არავითარ ჩანაწერს არ შეიცავდეს, არ იქნება სამართლიანი. მით უმეტეს, უსამართლო, მკაცრი საპატიმრო სასჯელები, როგორც წესი, განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში ინიშნება ხოლმე, იმიტომ, რომ სასჯელის მინიმალური ზღვარი ძალიან მაღალია ამ ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის.
ამიტომ, ასეთი მოცემულობა როდესაც არის კანონმდებლობაში, აუცილებელია, რომ რაღაც ფორმით ამ ქმედებებზეც გავრცელდეს ამნისტიის კანონპროექტი. შესაძლოა, სრულად არ გათავისუფლდნენ პასუხისმგებლობისგან ამ ქმედებისთვის მსჯავრდებული ადამიანები, მაგრამ მაგალითად, გაუქარწყლდეთ საპატიმრო სასჯელები“, – ამბობს იმნაძე.
მეორე საკითხი, რაზეც ის ყურადღებას ამახვილებს ე.წ. უფლებების ჩამორთმევას ეხება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ნარკოდანაშაულზე გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში შესაბამისს სასჯელთან ერთად მსჯავრდებულ პირს რამდენიმე წლით ასევე ჩამოერთმევა ისეთი უფლებები, როგორიცაა: სატრანსპორტო საშუალების მართვა, საექიმო/ფარმაცევტული, საადვოკატო თუ პედაგოგიური საქმიანობა, საჯარო დაწესებულებებში მუშაობის უფლება.
ამნისტია კი ამგვარ შემთხვევებზეც გავრცელდება. კერძოდ, ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზეც გავრცელდება ამ კანონის მოქმედება, სასჯელისგან გათავისუფლებასთან ერთად აღუდგება ჩამორთმეული უფლებები.
გურამ იმნაძე აღნიშნულს პოზიტიურად აფასებს, თუმცა ამბობს იმასაც, რომ მსგავსი მიდგომა უნდა გავრცელდეს ისეთ პირებზე, ვინც არც საპატიმრო დაწესებულებაში და არც პირობით მსჯავრის ქვეშ აღარ არის.
„ამნისტიის კანონპროექტი არაფერს ამბობს იმაზე, თუ რა ხდება ისეთ შემთხვევებში, როცა ადამიანს უკვე მოხდილი აქვს საპატიმრო სასჯელი, ის არც პირობითი მსჯავრის ქვეშ არ იმყოფება, არც შინა პატიმრობაში, მაგრამ უფლებების შეზღუდვა კვლავაც გრძელდება მის მიმართ. შეიძლება ადამიანს 5 წელი ან მეტიც ჰქონდეს უფლებები შეზღუდული, მას შემდეგ, რაც ის საპატიმრო სასჯელს სრულად მოიხდის.
და სწორედ ეს ჩანაწერი არაა კანონპროექტში – რა ხდება იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებსაც ამჟამად სასჯელი უკვე მოხდილი, მაგრამ უფლებები ჯერ კიდევ შეზღუდული აქვთ. სასურველია, რომ ამნისტიის კანონპროექტშივე გაჩნდეს ჩანაწერი, რომ არამარტო იმ ადამიანებს აღუდგებათ უფლებები, ვინც ამნისტიით გათავისუფლდებიან სასჯელის მოხდისგან, არამედ იმ ადამიანების მიმართაც, ვინც უკვე მოიხადა სასჯელი, მაგრამ ამჟამად შეზღუდული აქვს ეს უფლებები“, – ამბობს იმნაძე.
უვადოდ მსჯავრდებულები
ნარკოდანაშაულის ჩადენისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულებზე ამნისტიის კანონპროექტი ცალკე აქცენტს აკეთებს. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირებს, რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის სახე გარდაექმნათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად და ის განისაზღვრება 20 წლით. მათთვის სასჯელის ვადის ათვლა დაიწყება პატიმრობის დღიდან.
განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ დღეისათვის ასეთი სულ 3 პირია. ისინი სასჯელს 2005-2007 წლიდან იხდიან. ამჟამად ისინი 46, 61 და 66 წლისანი არიან და, შემოთავაზებული ცვლილებების მიღების შემთხვევაში, პენიტენციურ დაწესებულებას 2027, 2026 და 2025 წლებში დატოვებენ.
ნარკოდანაშაულის მუხლები, რომელზეც ამნისტიის გავრცელება იგეგმება:
- 260-ე მუხლის პირველი – მე-3 ნაწილები;
- 261-ე მუხლი (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა);
- 271-ე მუხლის პირველი ნაწილი;
- 273-ე მუხლი;
- 2731 მუხლის პირველი-მე-7 ნაწილები;
- 274-ე მუხლი;
- ასევე, ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზეც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.