ნარკოტიკების პრობლემა და მედიის როლი - ინტერვიუ ჯანა ჯავახიშვილთან

ნათია ამირანაშვილი

მედიას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ნარკოტიკების პრობლემის გონივრული და პრაგმატული მართვის საქმეში. ამისთვის აუცილებელია, რომ მედიაორგანიზაციები და ჟურნალისტები იყვნენ წიგნიერი ამ საკითხში, დაინახონ საკუთარი როლი ამ პრობლემის მართვის პროცესში. ამ თემაზე ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილს ვესაუბრეთ:

– რა პასუხისმგებლობა აქვს მედიას ადიქციების გაშუქებისას?

– მედიას დიდი გავლენა აქვს საზოგადოებაში დისკურსების, ნარატივების შექმნაზე, მას შემთხვევით არ მოიხსენიებენ ე.წ. მეოთხე ხელისუფლებად. მედია ქმნის დისკურსებს და გავლენას ახდენს იმ ენაზე, რომლითაც ჩვენ, საზოგადოება ვმსჯელობთ ზოგადად ნარკოტიკების პრობლემაზე. ასევე, მედია ირეკლავს და განიცდის საზოგადოების ნეგატიური წინასწარგანწყობების გავლენას.

მაგალითად, ტერმინს „ლუდომანია“, რომელსაც ვერცერთ საერთაშორისოდ აღიარებულ დაავადებათა კლასიფიკაციაში ვერ ნახავთ და რომელიც არის დრომოჭმული, ჯერ კიდევ იყენებენ ჩვენს საზოგადოებაში და სამწუხაროდ, პროფესიულ წრეებშიც კი. ხოლო, როდესაც მედია ამას იტაცებს და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა მიმართ იყენებს ტერმინს „ლუდომანია“, იგი ტირაჟირებას ახდენს ძალიან მასტიგმატიზებელი დამოკიდებულებისა.

იგივე ითქმის ნებისმიერ სხვა ტერმინზე, სადაც ადიქცია „მანიად“ არის განხილული. ეს ნიშნავს, რომ ხელს ვუწყობთ სტიგმის გაღვივებასა და გავრცელებას, ვინაიდან სიტყვას – „მანია“, „მანიაკი“ თავისთავად აქვს ემოციური, უარყოფითი დატვირთვა.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიული ენა იცვლება და ცდილობს სულ უფრო მეტად გაითვალისწინოს ადამიანის უფლებები. მაგალითად, თანამედროვე პროფესიულ ლიტერატურასა და კომუნიკაციაში აღარ გამოიყენება ტერმინები „სულიერი დაავადება“, „საგიჟეთი“, „ლუდომანი“, „ნარკომანი“ და ა.შ. ჩვენ ვცდილობთ, გამოვიყენოთ არამასტიგმატიზებელი ენა, მაგ., „ფსიქიკური აშლილობა“ („სულიერი დაავადებების“ ნაცვლად), თამაშზე დამოკიდებულება („ლუდომანიის“ მაგივრად), წამალდამოკიდებულება ან დამოკიდებულება („ნარკომანიის“ მაგივრად).

მედიას კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი აქვს აქ: მას, ნებსით თუ უნებლიეთ, შეუძლია წვლილი შეიტანოს რეტროგრადული, მასტიგმატიზებელი, ადამიანის უფლებების შემლახავი ენის, მსგავსი დისკურსებისა და შესაბამისად – დისკრიმინაციის გავრცელებაში, ან შეუძლია საზოგადოებას შესთავაზოს თანამედროვე, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ენა და შეუწყოს ხელი მის დამკვიდრებას. რომელ გზას გაჰყვება – ეს არჩევანის საკითხია. არჩევანი – მედიისაა!

– საინტერესოა განმარტება იმისა, თუ რა ედო საფუძვლად ამგვარი მასტიგმატიზებელი ენის, ნარატივის დამკვიდრებას? რამ განაპირობა ეს?

ეს განაპირობა ნარკოტიკების წინააღმდეგ ომის მიდგომამ, რომელიც გულისხმობს ამკრძალავ და დამსჯელობით პოლიტიკას ნარკოტიკების მოხმარების მიმართ.

ომის პარადიგმის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა მასტიგმატიზებელმა ენამ, რაც თავის დროზე გამოყენებულ იქნა ნარკოტიკებთან დაკავშირებით გაეროს 1961 წლის კონვენციაში. ამ კონვენციაში, რომელიც კვლავ ძალაშია, საუბარია იმაზე, რომ ნარკოტიკები არის ბოროტება კაცობრიობის წინააღმდეგ; რომ ის ემუქრება კაცობრიობას; რომ მის წინააღმდეგ ბრძოლაა საჭირო. ამგვარ ენას ბევრ ქვეყანაში დღესაც იყენებენ ნარკოპოლიტიკის დონეზე, რასაც კარგი შედეგი არ მოაქვს, ხოლო გარკვეულ ქვეყნებში – მაგალითად, ფილიპინებში, ათასობით ადამიანის მკვლელობის მიზეზი ხდება.

ნარკოტიკებზე გლობალური კომისიის ექსპერტებმა შეისწავლეს ნარკოტიკების წინააღმდეგ ომის მიდგომის ხარჯები და შედეგები და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ნარკოტიკების წინააღმდეგ ომმა, როგორც ცალკეულ ადამიანებს, ასევე საზოგადოებასა და საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, მრავალ ქვეყანაში დიდი ზიანი მიაყენა.

ნარკოტიკების წინააღმდეგ ომის მიდგომა დაფუძნებულია მითზე, რომ შესაძლებელია არსებობდეს ნარკოტიკებისაგან სრულიად თავისუფალი საზოგადოება. სინამდვილეში, თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას – ნარკოტიკები არის ისეთი ტიპის პრობლემა, რომელიც ყოველთვის იყო და იქნება, გამოსავალი კი არა უტოპიური გეგმების შექმნასა და ნარკოდამოკიდებული ადამიანების დევნაშია, არამედ ამ პრობლემის მართვაში.

და სწორედ ამ ომის პარადიგმის ცვლილებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია მედიას, ვინაიდან ის ესაუბრება საზოგადოების წარმომადგენლებს.

– კონკრეტულად, რა შეუძლია, მედიას გააკეთოს? როგორ ხედავთ მის როლს ამ მიმართულებით?

– პირველი, რასაც მედიის როლის მნიშვნელობაზე ვიტყოდი, არის ის, რომ შეიძლება მედიამ აიღოს ინიციატივა, უარი თქვას მასტიგმატიზებელი ენის გამოყენებაზე.

ცვლილებების დასაწყებად, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რამ განაპირობა ასეთი მტრული და პანიკური ენის გაჩენა. ამაზე პასუხი შეგვიძლია წავიკითხოთ ნარკოტიკებზე გლობალური კომისიის კვლევის ანგარიშში, რომელმაც ომის ენის წარმოშობის ისტორია შეისწავლა და გამოიტანა შემდეგი დასკვნები:

60-70-იანი წლებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან ბევრი მიგრანტი იყო, რომლებმაც შეიტანეს მათი კულტურისთვის დამახასიათებელი ფსიქოაქტიური საშუალებები; მაგალითად, ოპიუმი – ჩინელებმა, მარიხუანა – ლათინოამერიკელებმა, კოკაინი – აფრიკელებმა და ა.შ. მიგრანტების მიმართ ნეგატიური რასობრივი წინასწარგანწყობები გავრცელდა იმ ნივთიერებებზეც, რომელიც მათთან იყო ასოცირებული. ნარკოტიკებზე გლობალური კომისიის ექსპერტების დასკვნით, სწორედ ეს ნეგატიური წინასწარგანწყობები აისახა 1961 წლის კონვენციის ენაში.

ნარკოტიკების წინააღმდეგ ომის დაწყება უკავშირდება აშშ-ის პრეზიდენტის, რიჩარდ ნიქსონის სახელს. ნიქსონის იმიჯი გაფუჭებული იყო ვიეტნამის ომის გამო; გარდა ამისა, იგი გაეხვა ე.წ. უოტერგეიტის სკანდალში და სამოცდაათიანების დასაწყისში, შელახული იმიჯის აღსადგენად და სკანდალის გადასაფარად, ესაჭიროებოდა „კუდიანების დევნა“. „კუდიანებად“ მან ნარკოტიკების მომხმარებლები აირჩია – გამოაცხადა „ომი ნარკოტიკების წინააღმდეგ“ და ამით, რიგი ანალიტიკოსების აზრით, რამდენიმე „კურდღელი“ ერთად დაიჭირა: გადაფარა უოტერგეიტის სკანდალი, შექმნა „კუდიანი“, რომელთან ბრძოლითაც შეეცადა „გმირად“ გამოეყვანა თავი და რაც მთავარია – ოპონენტები მოიცილა. კერძოდ, ომი ნარკოტიკების წინააღმდეგ, უპირველეს ყოვლისა, თავს დაესხა პაციფისტურად განწყობილ ჰიპებს და აფროამერიკულ მოსახლეობას, რომლებშიც უფრო გავრცელებული იყო მოხმარება. ისინი ნარკოტიკების წინააღმდეგ ომის პირობებში, კრიმინალური დევნის ობიექტებად იქცნენ. სწორედ ამით არის „ომი ნარკოტიკების წინააღმდეგ“ დესტრუქციული ფენომენი – იგი პოლიტიკური ანგარიშსწორებისა თუ რეპრესიების, მოსახლეობის დაშინების იარაღად ადვილად იქცევა ხოლმე.

– „მედია და ადვოკატირება“ – ხშირად ეს ორი ტერმინი ერთდროულად გვესმის ხოლმე, რას მოიცავს მედიის ეს როლი ნარკოტიკების პრობლემის საკითხში?

– დიახ, მედიას ადვოკატირების პროცესში ძალიან დიდი წვლილის შეტანა შეუძლია, თუ მას ეცოდინება, რომ ნარკოტიკების წინააღმდეგ ომმა შედეგი არ მოიტანა და ნარკოტიკების პრობლემასთან გამკლავების გზა არა ნარკომომხმარებლებთან ბრძოლა, არამედ ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემების გონივრული და პრაგმატული მართვაა.

თუ მედია ცდილობს ადამიანის უფლებების მხარეზე იყოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რესურსია ჩვენი საზოგადოებისთვის. ნარკოტიკების წინააღმდეგ ომის პირობებში, მედიას ადამიანის უფლებების ადვოკატირება შეუძლია.

ასევე, მედიას შეუძლია წვლილი შეიტანოს პრევენციისა და მკურნალობის მტკიცებულებითი მეთოდების დანერგვაში, მტკიცებულებითი მიდგომების ადვოკატირების გზით. ჩვენთან პრევენცია შეცდომით არის გაგებული, როგორც პიარკამპანია, ეს კი, ძალიან ხშირად მედიის გავლით ხდება; „ნარკომანიასთან ბრძოლა“ მედიაკამპანიების ფორმატში ხორციელდება – რაც საუკეთესო შემთხვევაში შედეგის მომტანი არ არის, უარეს შემთხვევაში (თუ მედიაკამპანია არ არის პროფესიონალურად დაგეგმილი და განხორციელებული) დამაზიანებელია.

– რას ამბობს მტკიცებულებები პრევენციაში მედიაკამპანიების გამოყენებაზე? არის კი ეს ეფექტიანი ინსტრუმენტი?

– გაეროს ნარკოტიკებისა და სისხლის სამართლის დანაშაულის ოფისის პრევენციის სტანდარტების დოკუმენტში მითითებულია, რომ მედიაკამპანიები მუშაობს თამბაქოს შემთხვევაში; ძალიან შეზღუდული ეფექტურობა აქვს ალკოჰოლის შემთხვევაში და ფაქტობრივად, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ამბობს, რომ სასარგებლოა არალეგალური ნარკოტიკული საშუალებების შემთხვევაში. ჩვენი გამოცდილებაც ამას ადასტურებს.

აქედან გამომდინარე, რა შეუძლია მედიას: გამოიყენოს არამასტიგმატიზებელი ენა და ასე შეეწინააღმდეგოს ბრძოლის ენას, ადვოკატირება გაუწიოს ადამიანის უფლებებს, რათა ადამიანი დისკრიმინაციის ობიექტი არ იყოს და მესამე – არ მიიღოს მონაწილეობა ისეთ მედიაკამპანიებში, რომელიც ამა თუ იმ უწყებისა თუ სუბიექტის პიარია და წინდაწინ ვიცით, რომ არ იქნება ეფექტური.

– „ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“ – ასეთი გზავნილიც გვქონდა ჩვენ წინა ინტერვიუებში…

– ჩვენ პრევენცია გვგონია მედიაში გამოჩენა და ლაპარაკი, რომ „მე ვებრძვი ამ ბოროტებას“. ეს არ არის პრევენცია, სინამდვილეში ეს არის რეკლამა ფსიქოაქტიური საშუალებების. შავი პიარიც ხომ პიარია. ამიტომ სინამდვილეში მედიას რაც შეუძლია, ესაა ადვოკატირება სწორი, სამეცნიერო მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრევენციის. ასევე, საზოგადოებისთვის კვლევებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება, გაჟღერება გზავნილებისა, რომ შეიზღუდოს ფსიქოაქტიური საშუალებების რეკლამირება, შეიზღუდოს ხელმისაწვდომობა; არც თამაშის ბიზნესია აქ გამონაკლისი – მისი ხელმისაწვდომობაც უნდა შეიზღუდოს. ბევრი ოჯახი გაუბედურდა საქართველოში იმის გამო, რომ თამაშის ბიზნესის აქტიური რეკლამირება ხდება და იგი ზედმეტად ხელმისაწვდომია.

პარალელურად, გარემოში უნდა გაიზარდოს ჯანსაღი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობები. მაგ., უნდა იყოს ხელმისაწვდომი ფიზიკური ვარჯიშის ინფრასტრუქტურა (აუზი, ტრენაჟორები და ა.შ.). არ შეიძლება აუზი ღირდეს უფრო ძვირი, ვიდრე, მაგალითად – შვეიცარიაში. იქ ესმით, რომ საუკეთესო პრევენცია ცხოვრების ჯანსაღი წესის შესაძლებლობის შექმნაა; და არა მედიიდან ჩიჩინი, რომ ნარკოტიკები ცუდია და კლავს. რას ვთავაზობთ ნარკოტიკების მაგივრად? თუ არაფერს, მაშინ არ ვმუშაობთ პრევენციულად.

მნიშვნელოვანია, ჟურნალისტური მასალების მომზადება იმაზე, თუ რატომაა საჭირო სკოლებში ბავშვებს ჰქონდეთ საშუალება, იარონ სპორტულ და სხვა განმავითარებელ წრეებზე, რატომაა აუცილებელი ხელმისაწვდომი კულტურულ-გასართობი აქტივობები – კინო, თეატრი და ა.შ.

სამწუხაროდ, საქართველოში ეს ყველაფერი არ არის ხელმისაწვდომი საშუალოსტატისტიკური ფინანსური შესაძლებლობის ოჯახში მყოფი ბავშვისთვის. სპორტი ძვირია, კულტურა-ხელოვნება ძვირია და ამ ფონზე ძახილი იმისა, რომ „ვებრძოლოთ ბოროტებას“, არ იმუშავებს და არც მუშაობს. უნდა ვებრძოლოთ საკუთარ ინერციას – სოფლის შენების მაგივრად, სიმღერების თქმას.

მედიას კი შეუძლია, ამ მიმართულებით რეპორტაჟების გაკეთება, რომ საზოგადოების ცნობიერება ამაღლდეს და ამომრჩეველმა მოსთხოვოს გადაწყვეტილების მიმღებ პირს – კი არ ირბინო ლოზუნგებით და ილაპარაკო, რომ ნარკოტიკები ცუდია, არამედ შექმენი პირობები, რომ ბავშვებმა აუზზე იაფად იარონ, რომ სპექტაკლები ნახონ, კონცერტებზე იარონ, ნაკლები იყოს რეკლამა თუნდაც აზარტული თამაშების და ა.შ. შექმენი იმის პირობები, რომ დედები არ მიდიოდნენ ემიგრანტებად, შექმენი სამუშაო ადგილები. ეს იქნება საუკეთესო პრევენცია. ნარკოტიკები ცუდია, მაგრამ ჩვენი ინერტულობა და სიჯიუტე – არ 5 დავინახოთ და არ ვაღიაროთ ის პრობლემები, რაც ნარკოტიკების მოხმარებაში რისკის ფაქტორების როლს თამაშობს – კიდევ უფრო ცუდია. ეს მართლაც კლავს.

უნდა გავარღვიოთ მანკიერი წრე, გარღვევა უნდა გავაკეთოთ და ამაში მედიას კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი შეუძლია რომ ითამაშოს.


სტატია მომზადებულია „ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის კომპონენტის „ნივთიერებადამოკიდებულებისა და აზარტული თამაშების მავნეობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია სამიზნე მოსახლეობაში“ ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაკვეთით. კომპონენტის განმახორციელებელია ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი“.