„ნირბჰაიას“ მკვლელები ჩამოახრჩვეს - გაუპატიურების გახმაურებული საქმის დასასრული

4 ინდოელი მამაკაცი, რომლებმაც 2012 წელს 23 წლის სტუდენტი გააუპატიურეს, სიკვდილით დასაჯეს. ასე დასრულდა საქმე, რომელიც თვალსაჩინოდ ხატავდა ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას – ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის სავალალო სტატისტიკას.

დანაშაულის ჩადენიდან 6 წლის შემდეგ მოძალადეები ციხეში ჩამოახრჩვეს. ოთხივე მამაკაცს ბრალი 2013 წელს წარედგინა. მათგან სამმა სასიკვდილო განაჩენი ინდოეთის უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ პატიმრების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ინდოეთის კანონმდებლობით გარკვეული ტიპის დანაშაულის მსხვერპლთა სახელების გასაჯაროება იკრძალება. 23 წლის ქალს, რომელიც დამნაშავეთა სისასტიკეს ემსხვერპლა, „ნირბჰაია“  შეარქვეს, რაც ინდურად უშიშარს ნიშნავს.

საქმის გახმაურების შემდეგ ინდოეთში სამოქალაქო პროტესტმა იფეთქა. გამომსვლელები და დემონსტრანტები ნირბჰაიას სახელით მართლმსაჯულებას მოითხოვდნენ და ხელისუფლებას სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე კანონმდებლობის გამკაცრებისკენ მოუწოდებდნენ.

ეს მოთხოვნა იმ სტატისტიკურ მონაცემებს ემყარებოდა, რომლის მიხედვითაც, ინდოეთში ქალებს 16 წუთში ერთხელ აუპატიურებენ.

თავდასხმა

2012 წლის 16 დეკემბერს, 20:30 საათზე ნირბჰაიამ და მისმა შეყვარებულმა  კინოთეატრი დატოვეს და ავტობუსში ჩასხდნენ. როდესაც ტრანსპორტი დაიძრა, ავტობუსის ექვსი მგზავრი წყვილს თავს დაესხა. ისინი ჯერ გაქურდეს, შემდგომ ნირბჰაია ავტობუსის უკანა ნაწილში გადაიყვანეს, რკინის შოლტებით სცემეს და გააუპატიურეს. თავდამსხმელებმა ნირბჰაიას შეყვარებულიც გააშიშვლეს და სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც წყვილი მოძრავი ავტობუსიდან გადაყარეს და ავტობუსით გადავლა სცადეს. მოძალადეებმა ავტობუსი დაშავებულთა ტანსაცმლით გაწმინდეს და ტანსაცმელი დაწვეს, მოპარული ნივთები კი გაიყვეს – მაჯის საათი, ორი მობილური ტელეფონი და ერთი წყვილი ფეხსაცმელი.

ნირბჰაია თავდასხმიდან ორი კვირის შემდეგ სინგაპურის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ნირბჰაიამ გარდაცვალებამდე სახელმწიფო უწყებებს ჩვენება მისცა, რომელშიც საზარელი თავდასხმის დეტალები აღწერა.

დამნაშავეები

პოლიციამ ექვსივე თავდამსხმელი მალევე იპოვა. ისინი ერთმანეთს იცნობდნენ. მათგან უფროსი სკოლის ავტობუსის 34 წლის მძღოლი აღმოჩნდა, მან რამდენიმე დღეში ციხის საკანში თავი მოიკლა.

ყველაზე უმცროსი თავდამსხმელი დანაშაულის ჩადენის დროს არასრულწლოვანი იყო, მას 3 წლით პატიმრობა მიესაჯა და რამდენიმე წელიწადში გათავისუფლდა.

დანარჩენები, რომელთა ასაკიც დანაშაულის ჩადენის დროისთვის 19-დან 28 წლამდე მერყეობდა, თავდასხმიდან ერთ წელიწადში გაასამართლეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. განაჩენი დღეს, 20 მარტს აღსრულდა.

2015 წელს, BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ერთ-ერთი თავდამსხმელი აცხადებდა: „პატიოსანი გოგო ღამის 9 საათზე ქუჩებში არ იხეტიალებდა, ეს გოგო უფრო მეტად არის დამნაშავე, ვიდრე რომელიმე ბიჭი”.

ნირბჰაიას მემკვიდრეობა

საქმის გახმაურების შემდგომ დემონსტრანტების მოთხოვნების შესაბამისად ინდოეთის ხელისუფლებამ მრავალი საკანონმდებლო ცვლილება მიიღო. სექსუალურ ძალადობაზე სასჯელი გამკაცრდა, გაუპატიურების საქმეზე განმეორებითი გასამართლების შემთხვევაში კი სასიკვდილო განაჩენი დაწესდა. აქამდე ინდური კანონმდებლობა გაუპატიურების შემთხვევებზე სასჯელის უმაღლეს ზომად უვადო პატიმრობას განიხილავდა.

მრავალი ექსპერტის აზრით, ნირბჰაიას საქმემ გამოაფხიზლა ინდური საზოგადოება და სახელმწიფოს ცვლილებებისკენ უბიძგა. მიუხედავად ამისა, ინდოეთში გაუპატიურების შემთხვევების სტატისტიკა კვლავ დრამატულია.

მომზადებულია CNN-ის მიხედვით