ამბავი ოლიმპიური დათუნიასი

შოთა იათაშვილი

ყოველთვის არა, მაგრამ ხანდახან უცნაურად იწერება ლექსები.

ახლაც ისე მოხდა, რომ ჩავთვალე, ეს ამბავი მოყოლად ღირდა. მას შემდეგ, რაც პუტინმა „ლუჟნიკებზე” თავისი მომხრეების ამაზრზენი პროპაგანდისტული აქცია გამართა, ფეისბუკი გადაივსო სტატუსებით ამ „ღონისძიების” შესახებ.

ცხადია, ხშირად იხსენიებოდა ის ცნობილი სპორტული კომპლექსიც, სადაც პუტინისტები იყვნენ შეკრებილნი. და ამ დროს, სრულიად მოულოდნელად ერთმა ჩემმა ახალგაზრდა მეგობარმა ასეთი კითხვა დასვა: „ლუჟნიკები” რა არის? გასკდა ფიდი”.

აი, ახალი თაობა, რომელმაც „ლუჟნიკებიც” კი არ იცის – გავიფიქრე მე და მისი ახსნის მისია ვიტვირთე. „საბჭოთა კავშირის ყველაზე დიდი და მთავარი სტადიონი იყო. იქ ეწყობოდა ყველანაირი ფინალები, სპარტაკიადები, 1980 წლის ოლიმპიადის გახსნა-დახურვაც იქ მოეწყო, აი, დათუნია რომ ააფრინეს ცაში და უთვალავი ადამიანი ტიროდა. გინახავს ეგ?”. „აა კიი, დათუნიას ამბავი გამიგია, მაგრამ არ მინახავს. არ ვიცოდი ამ სტადიონის შესახებ, მადლობა”, – იყო პასუხი.

აღარ დავიზარე და ოლიმპიური დათუნია დავგუგლე. მისი ცაში გაშვების კადრები ვიპოვე და კომენტარებში ჩავუგდე, ფლეილისტში კი ჩემი ყურადღება მიიპყრო მეორე ვიდეომ სახელწოდებით „სად გაფრინდა ოლიმპიური დათუნია და რა დაემართა მას ოლიმპიადის შემდეგ”. სულ ოთხწუთიანი დოკუმენტური ფილმი იყო, ამიტომ აღარ მიყოყმანია და ჩავრთე. და სრულიად მოულოდნელად ერთი ადამიანის ძალიან უცნაური და ტრაგიკული ისტორია მოვისმინე, ამავე დროს გულისამაჩუყებელიც, ლამაზიც…

რამდენიმე საათი სულ ამ ისტორიაზე მეფიქრებოდი და ბოლოს მივხვდი, რომ ეს ფიქრები ის ლექსი იყო, რომელიც ჩემში მომწიფდა და აუცილებლად უნდა დამეწერა. აი, ასე მოვხვდი პუტინისტების ახლანდელი საზიზღარი აქციიდან ჩემს ბავშვობისდროინდელ უძრაობის ხანის საბჭოთა სივრცეში, რომლის ისტორიული კონტექსტები და ესთეტიკა შინაგანად იმდენად ნაცნობია ჩემთვის, რომ ლექსის ფაქტურაში მისი მოქცევა არანაირად არ გამჭირვებია. ის ოლიმპიური ტრაგიკული ისტორია კი, რომელმაც მოულოდნელად ასე ამაღელვა, პოეტურად აი, ასე გადაიწერა:

ამბავი ოლიმპიური დათუნიასი

მე ყველაზე ხალისიანი საბჭოთა მფრინავი ვიყავი.
იქნებ ცოტათი კოსმონავტიც კი.
ახალი იური გაგარინი.
მე ოლიმპიური დათუნიას უკანა თათში მსვამდნენ
და მას ვმართავდი.
ჩემი კაბინა მქონდა მოწყობილი იქ
და როცა შიგ აღმოვჩნდებოდი,
სიხარულისგან სული მეხუთებოდა.
ჩემი ბაიკონურის კოსმოდრომი
„ლუჟნიკების” სტადიონი იყო,
რაკეტა „სოიუზი” კი
ექვსმეტრიანი სასაცილო პლუშის თოჯინა.
მე ჩემი საიდუმლო ანა მანიანიც მყავდა,
რომელსაც ვაპირებდი ჩემთვის, გულში მივსალმებოდი,
როცა ოლიმპიადის დახურვისას
თვალცრემლიანი საბჭოთა მაყურებლის თავზე,
ცაში აღმოვჩნდებოდი.
მართალია, იური გაგარინისაგან განსხვავებით
უჩინარი კოსმონავტი ვიყავი,
მაგრამ ეს დიდად არ მადარდებდა.
არც მაინცდამაინც გმირის წოდებას
და კრემლში საპატიო მიღებას ველოდი
მას შემდეგ, რაც ჩემი ხომალდი
მიწაზე დაეშვებოდა.
რაში მჭირდებოდა ყველაფერი ეს,
როცა სამყაროში ყველაზე საყვარელი საფრენი აპარატი მებარა.
ჩემი დათუნია მოედნის ცენტრში
მიწას ფეხს დაჰკრავდა და ჰაერში აიწეოდა თუ არა,
ძალიან მინდებოდა, ზემოდან გადმომეხედა სტადიონისთვის,
მაგრამ, სამწუხაროდ, მას თათზე
ილუმინატორი არ ჰქონდა დატანებული
და ვიცოდი, რომ როცა მეცადინეობების შემდეგ
ბოლოს და ბოლოს ცერემონიალზე ცაში ავფრინდებოდი,
გადაჭედილი ტრიბუნებიდან დაქნეულ
ათიათასობით ხელს ვერ დავინახავდი,
მაგრამ ამასაც შეგუებული ვიყავი,
ვიცოდი, რომ მოგვიანებით
რეპორტაჟის ჩანაწერს ვნახავდი სადმე
და აღტაცებული თუ დასევდიანებული მაყურებლების
სახეების გარდა
ჩემი მფრინავი დათუნიას
უკანა თათსაც დავაკვირდებოდი,
იმ ადგილს, სადაც მე, უხილავი კოსმონავტი ვიჯექი
და ამ უცნაურ რაკეტას ზეცისაკენ მივაქროლებდი…
მაგრამ მანამდე ბევრი დრო იყო,
მანამდე კარგად უნდა მესწავლა ოლიმპიური თილისმის მართვა,
და ორგანიზატორებიც რეპეტიციებზე ცდილობდნენ,
ზუსტად ისეთი გარემო შეექმნათ,
როგორიც დახურვის დღეს უნდა ყოფილიყო:
მოედანზე სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი გოგოები და ბიჭები
ცეკვავდნენ და დროშებს აფრიალებდნენ,
დიქტორი თავის ტექსტებს კითხულობდა
მაღალფარდოვნად და შემართებით,
დინამიკებიდან დათუნიას ტკბილი სიმღერა გაისმოდა,
უზარმაზარ ოლიმპიურ ჩირაღდანში კი ცეცხლი ინთებოდა.
სწორედ ამ ცეცხლმა მიმსხვერპლა მე.
სამართავი პულტის ეკრანი აჩვენებდა,
რომ ყველაფერი რიგზე იყო,
რომ ოდნავი დაცერებით,
მაგრამ მაინც საკმარისი სიზუსტით მივემართებოდი მაღლა,
მაგრამ ეტყობა აპარატურამ აურია,
და სინამდვილეში დათუნიამ
ჩირაღდნისკენ აიღო კურსი სახიფათოდ.
თურმე ოლიმპიური კოცონი და ოლიმპიური თილისმა
ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ.
რას გაიგებ, შეიძლება ეს მათ თავად მოინდომეს,
ოლიმპოს მთის მაგიურმა ძალამ ისინი ერთმანეთთან მიიყვანა.
შეიძლება ჩემი დათუნია უცებ იკაროსად იქცა,
რომელიც ჩირაღდნის პროტუბერანცებისკენ მიისწრაფვოდა,
და მათმა სიმხურვალემ მეტისმეტად ახლოს მისულს
თათები დაუდნო,
მეტიც, მთლიანად ააფეთქა,
როგორც დიადი საბჭოთა არმიის
რეაქტიული სამხედრო რაკეტა ავღანეთში,
და მეც, უჩინარი გმირი,
უჩინარი იური გაგარინი,
დათუნიას უკანა თათის პილოტი,
სასიკვდილოდ დამწვა.

ამის მერე ახალი,
ასეთივე დათუნია შეკერეს,
ოღონდ სამართავი კაბინა აღარ ჩაუდგეს ტანში
და ამის სანაცვლოდ წინა თათებზე
ფერადი ჰელიუმის ბუშტები მიუმაგრეს.
ჰო, ასე უფრო ლამაზიც იყო და უფრო უსაფრთხოც,
და თქვენ ეს ყველაფერი ნახეთ,
მაგრამ ეს უკვე აღარაა ჩემი ისტორია,
როგორც ის, რომ ცერემონიალის შემდეგ
ძირს ჩამოვარდნილი დათუნია
წლების განმავლობაში მტვრიანი ეგდო რაღაც სარდაფში
და საბოლოოდ ის ვირთხებმა დაჭამეს.
ჰო, ეს ამბავი ჩემი უკვე აღარაა,
მაგრამ ენა გამექცა და მოგიყევით მაინც,
როგორც ჩემი ტრაგიკული ისტორიის სევდიანი გაგრძელება.

ბოლოს კი ამას ვიტყვი:
როგორც ჩანს, ტყუილუბრალოდ არ იღვრებოდა ამდენი ცრემლი
იმ დღეს „ლუჟნიკებზე”,
ლამაზი სცენები ხომ მარტო ლამაზი არაა.
ისინი ხომ ხშირად ისევეა სავსე ცოდვით,
როგორც საყვარელი ოლიმპიური დათუნიები – ჰელიუმით.