პანდემია და გამოწვევები სკოლამდელ განათლებაში

თამუნა ბაქრაძე

ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სოციალურ-ემოციური განვითარებაა, რაშიც მას პირველ რიგში მისივე ოჯახი ეხმარება. დღევანდელ სამყაროში, როცა ადამიანებს ძირითადად გარეთ შრომა უწევთ, ბავშვისათვის სოციალიზაციის ალტერნატივა საბავშვო ბაღია.

სწორედ აქ ატარებს ის დღის უდიდეს ნაწილს, უმეგობრდება სხვა ბავშვებს, ეძებს ურთიერთობის თავისებურ გზას სხვა ადამიანებთან, სწავლობს გაზიარებასა და თანამშრომლობას. აღმზრდელი მისთვის ისეთივე მისაბაძი ადამიანია, როგორც საყვარელი ოჯახის წევრები. კარგი საბავშო ბაღი ეხმარება ბავშვს თავი ბედნიერად, დაცულად იგრძნოს, გამოავლინოს და განავითაროს უნარები.

ბოლო დროს საქართველოში ბევრი იწერება ადრეული განათლების მნიშვნელობის შესახებ და მათ შორის ხარისხიანი სკოლამდელი განათლების დაწესებულებების როლზე. ამ სფეროს განვითარებაში კერძო ბაღები თავის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, ცდილობენ რა შესთავაზონ მშობლებს, მათ ინტერესებსა და მოთხოვნებზე მორგებული გარემო.

თბილისში ოფიციალურად რეგისტრირებული დაახლოებით სამოცი კერძო ბაღია.ზოგ მათგანს რამოდენიმე ფილიალი აქვს სხვადასხვა უბანში,  ამ სექტორში დასაქმებული დედაქალაქში დაახლოებით ორი ათასამდე ადამიანია. ისინი საშუალოდ ათი ათას ბავშვს ემსახურებიან, რაც შესაბამისად სულ ცოტა 15 000 მშობელისთვის მნიშვნელოვანი სერვისია. კერძო საბავშვო ბაღები საქართველოს სხვა ქალაქებშიცაა: გორში, ქუთაისში, ბათუმში და საქართველოს ყველა კუთხეში. სამწუხაროდ, სტატისტიკური მონაცემები საქართველოს მასშტაბით კერძო ბაღების შესახებ არ არსებობს.

როგორც წესი, კერძო ბაღები შპს-ის ფორმითაა დაფუძნებული და მათი კონტროლი და რეგულირებაც ისე ხდება, როგორც ყველა ბიზნესის. გამონაკლისი სურსათის უვნებლობაა, რომელიც ამ ორგანიზაციას ისე ამოწმებს, როგორც კვების მწარმოებელსა და მიმწოდებელს, როგორც რესტორანს.

კანონი სკოლამდელი განათლების შესახებ, რომელიც 2016 წელს დამტკიცდა, სახელმწიფო ბაღებთან ერთად, კერძო ბაღების ავტორიზაციის საკითხს მოიცავს, თუმცა კანონის ამ პუნქტის ამოქმედება წლიდან წლამდე იდება და ჯერაც არ შესულა ძალაში.

კერძო ბაღების დაფინანსების ერთადერთი წყარო მშობლებია. კერძო სკოლებისაგან განსხვავებით ისინი არ იღებენ სახელმწიფოსგან არანაირ დახმარებას, ვაუჩერს და ა.შ.

ძალიან ბევრი ფაქტორის გამო, კერძო ბაღები ყოველთვის რჩება მცირე ბიზნესად და ხშირად მხოლოდ საკუთარი თავის შენახვას ახერხებს. მისი მოგება კი ისევ ორგანიზაციულ განვითარებაზეა ორიენტირებული. როგორც წესი, კერძო ბაღებს ხსნიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან უყვართ ეს საქმე და არ აქვთ დიდი ფინანსური მოგების მოლოდინი, რადგან ასეთი მოგება ამ სექტორში უბრალოდ არ არის.

ეს საკმაოდ პატარა ორგანიზაციები, ქარხნებისა და დიდი საწარმოების მსგავსად, საგადასახადო რეჟიმში არიან: როგორც ყველა შპს, იხდიან გაორმაგებულ კომუნალურ გადასახადებს და ყველა გადასახადს, რაც სახელმწიფოს აქვს დაწესებული შპს-ებისათვის. გარდა ამისა, უწევთ ძალიან დიდი საიჯარო ქირის გადახდა შენობებისა და სარეკრეაციო სივრცეების მოსაწყობად.

რადგან კერძო ბაღის დამკვეთი მხოლოდ და მხოლოდ მშობელია, ხარისხის მთავარი მაკონტროლებელიც სწორედ ის არის. სწორედ მშობელია აქტიურად ჩართული და დიდწილად სამუშაო საათების, სასწავლო პროგრამის, შინაარსისა და ფორმის განმსაზღვრელი, რომლითაც მუშაობს კერძო ბაღი.

კერძო ბაღები ცდილობენ ბავშვებსა და მშობელს უკეთესი ხარისხის მომსახურება შესთავაზონ, რათა კონკურენცია გაუწიონ უფასო სახელმწიფო ბაღებს. ამიტომ ჯგუფები მცირე კონტინგენტიანია, უფროსებისა და ბავშვების თანაფარდობა უფრო მაღალი, საშუალოდ 15-20 ბავშვზე – ორი მუდმივი აღმზრდელი. კერძო ბაღების გარემო მყუდროა და ბავშვზე ორიენტირებული.

მიმდინარე წლის მარტში ჯანდაცვის სამინისტრომ შეაჩერა სახელწიფო ბაღებისა და სკოლების, ასევე ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირება. ამ შემთხვევაშიც არანაირი კონკრეტული ბრძანება ან გაწერილი რეკომენდაცია, სადაც ნახსენები იქნებოდა კერძო ბაღი, არ გამოცემულა. იყო მხოლოდ ზეპირი საუბრები და რეკომენდაციები, მათ შორის ჟურნალისტების დასმულ შეკითხვებზე იყო პასუხი, რომ კერძო ბაღებსაც უნდა შეეჩერებინა მუშაობა.

მარტის შუა რიცხვებში ყველა კერძო ბაღმა შეაჩერა ფუნქციონირება. ზოგმა ბაღმა აპრილიდან დაცალა შენობები, ზოგი შეუთანხმდა მოიჯარეს და გადაავადეს ქირის გადახდები.

კარანტინის დროს რამდენჯერმე გაჟღერდა მთავრობის, ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან პანდემიის დროს ბიზნესებისა და მოქალაქეების მხარდასაჭერი და ანტიკრიზისული გეგმების შესახებ, თუმცა ისევ არსად არ იყო ნახსენები კერძო საბავშვო ბაღები, როგორც ერთ-ერთი დაზარალებული სექტორი.

შეღავათი იყო ბაღებისათვის სესხების გადავადება, რადგან ძალიან ბავრ ბაღს აქვს აღებული ფინანსური ვალდებულებები, მაგრამ, სამწუხაროდ, არ არის ცნობილი, რამდენ ხანს და რა პირობებით მოხდება ორგანიზაციებისათვის შემდეგ თვეებში სესხების გადავადება.

რაც შეეხება ორასლარიან დახმარებას უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებზე, სამწუხაროდ, იმის გამო რომ ზოგიერთმა კერძო ბაღმა მოახერხა მარტის ხელფასის ნაწილობრივი ჩარიცხვა აპრილის დასაწყისში, ეს ადამიანები მომდევნო თვეებში დახმარების გარეშე დარჩნენ.

სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის კერძო ბაღების უმეტესობა შენობების დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას. ბევრმა მეიჯარემ კუთვნილი სახლები გასაქირავებლად გამოიტანა ბაზარზე. თანამშრომლები ელიან ბაღის გახსნას, მაგრამ გაურკვევლობის გამო  სხვა სამსახურების ძებნაც უწევთ.

ბევრი ბაღი ელოდებოდა სიტუაციის გამოსწორებას, და მას შემდეგ, რაც შემთხვევებმა საგრძნობლად იკლო და გაიხსნა ბევრი ბიზნესი, მათ შორის ისეთები, რომლებიც მთლიანად ადამიანების თავშეყრასა და კომუნიკაციაზეა ორიენტირებული (ბარები, რესტორნები და ა.შ.), კერძო ბაღების წარმომადგენლებს იმედი გაუჩნდათ, რომ სახელმწიფო განიხილავდა კერძო ბაღების საკითხს, შეიმუშავებდა გარკვეულ რეგულაციებს სპეციალისტებთან ერთად, და შეადგენდა განსაზღვრულ გრაფიკს კერძო ბაღების ასამუშავებლად.

თავდაპირველად გახსნის რამდენიმე ეტაპიან გეგმაში, ბოლო ეტაპზე საუბარი იყო საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნაზე, მაგრამ მომდევნო პერიოდში ეს პუნქტი გაქრა.

კერძო ბაღების წარმომადგენლები მიხვდნენ, რომ მათი ლოდინისა და სიჩუმის ფონზე სახელმწიფო არ აპირებს რაიმე ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, არ ეხმარება ამ სექტორს და უფლებასაც არ აძლევს ამუშავდეს, რომ თავის თავს თვითონ დაეხმაროს. დაიწერა რამდენიმე წერილი სხვადასხვა სამინისტროში, რაზეც პასუხი არ მოვიდა. სხვადასხვა უწყებაში რეკვისას ბაღების წარმომადგენლებს ამისამართებდნენ და უპასუხოდ ისტუმრებენ.

ბოლოს, მას შემდეგ, რაც შედგა გაერთიანებული პეტიცია საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელს ბაღების თანამშრომლები და ბავშვების მშობლები აწერდენ,  ჯანდაცვის სამინისტროდან მოვიდა პასუხი, რომ რეკომენდაციას არ აძლევენ ბაღებს, სექტემბრამდე გაიხსნან. არანაირი სიცხადე არაა არც შემდგომ პერიოდზე, რაც მშობლებს, აღსაზრდლებს, ბაღების მესვეურებს სრულ გაურკვევლობაში ამყოფებს.

ამ პირობებში კერძო ბაღების უმეტესობა გაკოტრების პირას არის და შემოდგომაზე ვირუსის მეორე ტალღა საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს კერძო ბაღების არსებობას.

ზოგადმა სტრესულმა გარემომ, კარანტინმა და იზოლაციამ ყველაზე მოახდინა გავლენა. პატარებისათვის კი ჩვეული რიტმის შეცვლა, მეგობრებთან და საყვარელ აღმზრდელებთან განშორება, განსაკუთრებით მატრავმირებელი შეიძლებოდა ყოფილიყო და მისი შედეგების კვლევა უფრო ნათელ სურათს მოგვცემს.

პანდემიის შემდეგ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის სოციალური კავშირების აღდგენა და თანატოლებთან კომუნიკაცია, რომლის ჩანაცვლება სკოლამდელ ასაკში შეუძლებელია ონლაინკომუნიკაციითა და ციფრული საშუალებებით.

საბავშვო ბაღების ბავშვების მშობლები, რომლებიც უკვე სამსახურში გადიან ალტერნატიულ გზებს ეძებენ. ეს ალტერნატივა შეიძლება იყოს ძიძა, რაც, სამწუხაროდ, სოციალიზაციაში ბავშვს ვერ დაეხმარება, ან სახელმწიფო ბაღი.
ყველას, ვისაც სახელწიფო ბაღთან შეხება ჰქონია, იცის, რომ ყველა დიდ ქალაქში ჯგუფები გადატვირთულია. აქ თითო სააღმზრდელო ჯგუფში 40-50 ბავშვი ირიცხება, ხოლო ჯგუფისთვის გამოყოფილი ოთახი ყველაზე კარგ შემთხვევაში 40-50 კვ.მ.-ია.

სახელმწიფო ბაღების მუშაობის აღდგენისა და პანდემიის შემდგომ პირობებში გამართულად ფუნქციონირებისათვის, სახელმწიფოს ჯგუფებში ბავშვების სულ ცოტა განახევრება მოუწევს. აქედან გამომდინარე ამ ჯგუფებში არათუ კერძო ბაღების ბავშვების კონტინგენტის დამატება, არამედ პირიქით მათი აღსაზრდელების გადანაწილება გახდება საჭირო, რაც სახელწიფო ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვება და დროშიც ძალიან გაიწელება.

არსებულ ვითარებაში საჭიროა:

ჩამოყალიბდეს ქმედითი მიდგომა და პოლიტიკა პანდემიის შედეგად სკოლამდელ განათლებაში არსებული გამოწვევების დაძლევისათვის; უმოკლეს პერიდოში შემუშავდეს კონკრეტული რეგულაციები, რეკომენდაციები და გრაფიკი, რომლებიც დაეხმარება კერძო ბაღებს, ცხადად დაინახონ მოთხოვნები და დაიწყონ მზადება ფუნქციონირების აღსადგენად, რათა შეძლონ საჯარო ბაღებზე წამოსული ბავშვების ნაკადის გადანაწილება;

შემუშავდეს სკოლამდელი განათლების ალტერნატიული, კერძო და საზოგადოებრივი ინიციატივების ხელშეწყობის ქმედითი სისტემები (მაგალითად, ვაუჩერული დაფინანსება, რაც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს განსაკუთრებული დანახარჯების გარეშე, მათ შორის კერძო ბაღების გამოყენებით, უზურნველყოს სახელმწიფო ბაღის კონტინგენტის გადანაწილება).

მნიშვნელოვანია ამ პროცესებში ჩართული იყოს სკოლამდელი განათლებით დაინტერესებული ყველა მხარე, როგორც პასუხისმგებელი სუბიექტები: საქართველოს მთავრობა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, ასევე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ადრეული განათლების სპეციალისტები, პრაქტიკოსები და მშობლები.