პატარა ფილმების დიდი ფესტივალი ქუთაისში

ბასტი მგალობლიშვილი

მოკლემეტრაჟიანი კინო რეჟისორებს „გასავლელ ეტაპად“ ესახებათ ხოლმე, დიდი ფესტივალებისთვის კი უბრალო დამატებაა. არადა, ეს ხომ კინოს თვითკმარი ფორმაა, ბოლოს და ბოლოს პირველყოფილი კინო სწორედ ასეთი იყო. ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალიც ამ მნიშვნელოვან ნიშას უკვე მეორე წელია, იკავებს: გვაჩვენოს და ყურადღება გაგვამახვილებინოს იმ სურათებზე, რომლებიც დიდი ფესტივალების სრულმეტრაჟიანი ფილმების ბრჭყვიალებაში იკარგებიან ხოლმე.

24 სექტემბრიდან ქუთაისის ქუჩებში დინოზავრის პრინტიანი ჩანთებით მოსეირნე სტუმრები კინოფესტივალის დაწყების მანიშნებელი იყო. საფესტივალო განწყობის მთავარი შემოქმედი მაინც თავად მასპინძელი ქალაქი იყო – მშვიდი, ძველი შენობებით, კეთილგანწყობილი ხალხით, მსუქანი ძაღლებითა და თვალწარმტაცი დაისებით. ამ უკანასკნელს კი ალბათ ინვესტორთა პასიურობას უნდა ვუმადლოდეთ. აქ ჯერ ვერ შეხვდებით უადგილოდ ამოზნექილ ცათამბჯენებს. თითქმის ყოველი მეორე შენობა დიდი ისტორიითა და ადამიანებით იწონებს თავს. რაც უფრო მეტ მემორიალურ დაფას შეავლებ თვალს, მით უფრო რწმუნდები, რომ ქალაქი, რომელშიც რეზო ჩხეიძე, თენგიზ აბულაძე, რეზო გაბრიაძე, ვერიკო ანჯაფარიძე დაიბადნენ, სულ მცირე, ერთ კინოფესტივალს მაინც იმსახურებს.

ფესტივალი მიხეილ კობახიძის „ქორწილით“ გაიხსნა და მომდევნო დღეებში მხატვრული და დოკუმენტური საკონკურსო კინოჩვენებებით გაგრძელდა. ასეთი ახალგაზრდა ფესტივალისთვის სასიამოვნოდ მოულოდნელი აღმოჩნდა როგორც ქვეყნების, ასევე თემატური და გამომსახველობითი მრავალფეროვნება: ქართულ ფილმებთან ერთად, მაყურებელს საშუალება ჰქონდა ენახა ჩინური, კუბური, უკრაინული, ლიბანური, სომხური, იტალიური, ირანული, ფრანგული, ბელგიური, ბრაზილიური, ესპანური, ყაზახური ნამუშევრები. კინოთეატრ „საქართველოს“ ეკრანებზე სოციალურ დრამას კომედია ანაცვლებდა, სატირას – მისტიკა. ახალგაზრდა ავტორების კინოში უფრო ხშირად შეხვდებოდით ტრადიციულ ნარატიულ ფორმებს, ვიდრე ექსპერიმენტს, ან ორიგინალურ რეჟისორულ გადაწყვეტებს. როგორც კრიტიკოსთა ჟიურის წევრი, თავს შევიკავებ ცალკეული ფილმის შეფასებისგან, თუმცა აღვნიშნავ, რომ გადაწყვეტილების მიღება მართლაც ძალიან რთული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პრიზების გაცემის საკითხში ჩემი აზრი კოლეგების გადაწყვეტილებას დაემთხვა, დასანანია, რომ აღნიშვნის გარეშე დარჩა თორნიკე გოგრიჭიანის ფილმი „პაპანაქება“. თანამედროვე ქართულ კინოში იშვიათად შეხვდებით ასეთი სიზუსტით შერჩეულ სამსახიობო გუნდს, შესრულებას (ყველა ცდება, ვინც ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ მსახიობების ნიჭის დამსახურებაა) და დეფიციტად ქცეულ იუმორს.

26 სექტემბერს ტრადიციული ფორმა არაკონვენციურმა გამოსახულებამ ჩაანაცვლა: მაყურებელმა ფესტივალის ფარგლებში მოკლემეტრაჟიანი ფილმების მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი, ობერჰაუზენის კინოფესტივალის გამარჯვებული ნამუშევრები იხილა. უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისის საკონკურსო პროგრამა უფრო საინტერესოდ გამოიყურებოდა, ვიდრე ამ, მართლაც, მსოფლიო მნიშვნელობის ფესტივალისა. თუმცა, გამორიცხული არ არის, ობერჰაუზენის ფესტივალის მიერ წარმოდგენილ ნამუშევრებს დარბაზში მსხდომი ახალგაზრდა რეჟისორები უფრო მეტ შემოქმედებით სითამამეზე დაეფიქრებინა. მომდევნო დღეს კი ამერიკული კინოავანგარდის ნათლიად წოდებული, ლიეტუველი რეჟისორისა და პოეტის, იონას მეკასის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისი ფილმების რეტროსპექტივა მოეწყო. მეკასის კინომ შეგვახსენა, რომ ის, რასაც დღევანდელი არტისტების ნაწილი სიახლედ გვასაღებს, მან ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ მოახერხა ექსპერიმენტულობით, პოეტურობით, გამბედაობით, იუმორითა და შესაშური მოქნილობით.

უცნაურიც იქნებოდა, ფესტივალზე რომ არ მიეწვიათ ის რეჟისორი, რომელმაც ქუთაისს ნამდვილი ოდა მიუძღვნა ფილმის „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“ სახით და რომლის გამოც ქუთაისის სტუმრებს ვეღარ გაგვეგო, მისი ფილმი ჰგავდა ასე ძალიან ქალაქს, თუ პირიქით. მაყურებელმა ალექსანდრე კობერიძის სტუდენტობის დროინდელი მოკლემეტრაჟიანი ფილმებიც ნახა და თვალი მიადევნა, როგორ ყალიბდებოდა თანამედროვე ქართულ კინოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორის ხელწერა.

ფესტივალის განმავლობაში, დღის მეორე ნახევარში ეკრანებზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ძველი და ახალი, არასაკონკურსო ქართული ფილმები. ოთარ იოსელიანის „საპოვნელა“, „აპრილი“, „თუჯი“, გიორგი შენგელაიას „ალავერდობა“, რეზო ჩხეიძის „მაგდანას ლურჯა“ კიდევ ერთი შეხსენება იყო იმისა, რომ ქართულ მოკლემეტრაჟიან კინოს მდიდარი ისტორია აქვს.

კინოჩვენებების პარალელურად, ქუთაისში კინოგანათლების მცირე კერაც გაჩნდა – მსახიობი ეკა მჟავანაძე და თეკლა ჯავახაძე უძღვებოდნენ მასტერკლასს სახელწოდებით „მსახიობი და თანამედროვე კინოს გამოწვევები“; მხატვარმა და ინტერიერის დიზაინერმა გუგა კოტეტიშვილმა კი აუდიტორიას კინოში ფერის შესახებ ესაუბრა; საერთაშორისო კოპროდუქციის შესახებ მასტერკლასი კი კინოსა და ტელევიზიის პროდიუსერმა კატია კრაუსოვამ გამართა.

ორგანიზატორებს თვალი არ აურიდებიათ რეგიონში განვითარებული მძიმე მოვლენებისთვის. კინოფესტივალის ფოკუსში წელს უკრაინა იყო მოქცეული. გარდა ამისა, უკრაინული ფილმები ვიხილეთ როგორც დოკუმენტური, ასევე მხატვრული ფილმების საკონკურსო პროგრამაში. საბოლოო ჯამში მაყურებელმა ათზე მეტი უკრაინული ფილმი ნახა. ნამუშევართა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ 2014 წლის ომით მიღებული ტრავმების გადააზრებას ეხმაურებოდა. ეს პროცესი დღევანდელი გადმოსახედიდან კიდევ უფრო სევდიანი ჩანდა. კინოჩვენებების გარდა, ქართველმა კინემატოგრაფისტებმა ონლაინშეხვედრა გამართეს უკრაინელ კოლეგებთან. მოისმინეს მათი ისტორიები და მეტი შეიტყვეს უკრაინაში კინოწარმოების სირთულეებზე. ისაუბრეს დღევანდელ ვითარებაში დოკუმენტური მასალის გადაღებისა და შეგროვების მნიშვნელობაზე. კინემატოგრაფისტებმა უკრაინელ კოლეგებს ტექნიკური და პროფესიული დახმარებაც აღუთქვეს.

გამარჯვებულთა გამოცხადების შემდეგ ფესტივალი მიხეილ კობახიძის „მუსიკოსებით“ დაიხურა. ქუთაისში გატარებულმა შვიდმა დღემ ცხადყო, რომ არამხოლოდ ერთი ქალაქისთვის, არამედ ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესია ასეთი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების არსებობა. სადაც ადამიანებს შეეძლებათ უფასოდ ნახონ კინო, სოციალიზდნენ, შთაბეჭდილებები გაუზიარონ ერთმანეთს, აღმოაჩინონ ახალი ავტორები. აშკარაა, რომ ორიოდე წლის ფესტივალმა საქმისა და კინოსთვის თავდადებული გუნდით, დამფუძნებლებით ნაკვალევი თავის გზაზე უკვე დატოვა.