პედაგოგები „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინალიდან

პუბლიკა

გასულ კვირას ცნობილი გახდა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 5 ფინალისტის ვინაობა. ერთ-ერთი მათგანი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.

ჯილდოს ფინალისტები გვიყვებიან, თუ რას ნიშნავს მათთვის ეს სტატუსი; რატომ გადაწყვიტეს კონკურსში მონაწილეობა; რა შესაძლებლობების მომტანია და რა გამოწვევაა მათი პროფესიული საქმიანობისთვის ქვეყნის ხუთ საუკეთესო პედაგოგს შორის დასახელება; რამდენად დაეხმარებათ მათ ეს სტატუსი პროფესიულ საქმიანობაში, მოსწავლეებთან, კოლეგა მასწავლებლებთან თუ სასკოლო თემთან ურთიერთობისას.

ლამარა ბოლქვაძემარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისისა და კასუმლოს საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტობა ნიშნავს, რომ არ უნდა გავჩერდე, რომ წინ უნდა ვიარო, რომ მოლოდინი უნდა გავამართლო, რომ უფრო და უფრო უნდა გავაუმჯობესო საკუთარი პრაქტიკა, რომ ბევრი მასწავლებლისათვის მოტივატორად უნდა ვიქცე,  რომ სულ ძიებაში უნდა ვიყო და უკეთესობისაკენ ვცვალო სკოლისა და თემის ცხოვრება. ბუნებრივია, ეს დიდი გამოწვევაა. მეც, რა თქმა უნდა, უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ და უკან დასახევი გზა, ვფიქრობ, არცა მაქვს.

მას შემდეგ, რაც ათეულის წევრი გავხდი,  ბევრი მეგობარი შევიძინე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთი ათეულის წევრთა სახით.  მათი გამოცდილების გაზიარება, საქმიანობის გაცნობა, მათგან სწავლა, რჩევების მიღება, მათთან ერთად პროექტებში მონაწილეობა, ერთობლივი გეგმების დაწყობა უკვე მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ იმაზე უკეთეს მასწავლებლად ვიქცე, ვიდრე ვარ.

ფინალისტის სტატუსი დამეხმარება, მეტი პროექტი განვახორციელოთ მე და ჩემმა მოსწავლეებმა,  გარემოს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად; მეტი ადამიანი ჩავაბათ ჩვენ მიერ დაგეგმილ აქტივობებში და მეტი ორგანიზაცია ვიპოვოთ ჩვენი იდეებისა და წამოწყებების მხარდასაჭერად.

კონკურსში მონაწილეობა ჩემი მიზანი არ ყოფილა. უფრო მეტიც, არც კი მიფიქრია, რომ ოდესმე გავბედავდი დარეგისტრირებას, რომ არა მეგობრების დაჟინებული თხოვნა. ისინი მარწმუნებდნენ, რომ უნდა შემევსო აპლიკაცია, რომ სხვებსაც უნდა სცოდნოდათ იმ პროექტების შესახებ, რომლებსაც მე და ჩემი მოსწავლეები ვახორციელებთ სასკოლო ცხოვრებასა  და თემში ცვლილებებისათვის. მიზეზიც, რის გამოც, კონკურსში მონაწილეობას დავთანხმდი, ეს იყო. დღეს უკვე ვხვდები, რომ ჩემი მეგობრები მართლები იყვნენ. უკვე ვხედავ უამრავი ადამიანის გამოწვდილ ხელს ჩვენი პროექტების მხარდასაჭერად.

სოფო ბაჩილავათბილისის კერძო სკოლაოპიზას“ მოქალაქეობის, სამოქალაქო განათლების და მე და საზოგადოების მასწავლებელი

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალში ყოფნა ნიშნავს აღიარებას, შესაძლებლობას უფრო მეტ ადამიანს მიაწვდინო ხმა, გააზიარო შენი პრაქტიკა და ითანამშრომლო კოლეგებთან მთელი საქართველოს მასშტაბით.  ამავდროულად, ფინალისტობა გიბიძგებს, რომ არ მოდუნდე, მუდმივად განვითარდე და გაამართლო ეს სტატუსიც, რადგან დიდი პასუხისმგებლობაა. მაგალითად,  წელს ახალ კლასში მიწევს შესვლა, სადაც მოსწავლეები ჯერ არ მიცნობენ. ასეთ დროს ყოველთვის ვღელავ. ახლა კი განსაკუთრებით: სავარაუდოდ, მათ და გნებავთ, მათ მშობლებს წინასწარ ექნებათ შექმნილი მოლოდინი ჩემ მიმართ. მინდა, რომ გაცნობის შემდეგაც შესაბამისი შთაბეჭდილება დარჩეთ და გავამართლო მათი იმედები.

კონკურსში ეროვნული ჯილდოს ათეულის კლუბის წევრმა და ჩემმა მეგობარმა, თემურ სუყაშვილმა წარმადგინა. დიდხანს ვფიქრობდი, შემევსო თუ არა განაცხადი. არ მივიჩნევდი, რომ, როგორც მასწავლებელი, რაიმე განსაკუთრებულს ვაკეთებდი და ასეთ მნიშვნელოვან კონკურსში შემეძლო მონაწილეობის მიღება. საბოლოოდ მაინც გადავწყვიტე. წარდგენის შემდეგ უარის თქმაც უხერხული იქნებოდა. რამდენიმე წამი იყო დარჩენილი განცხადების მიღების დასრულებამდე, როდესაც აპლიკაციის შევსება დავასრულე. ვფიქრობდი, ჩემი კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ ამით შემოიფარგლებოდა, საბოლოოდ კი ფინალშიც მოვხვდი.

გიტა თვალაბეიშვილითბილისის N168 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტობა დიდი სტიმული და ძლიერი ბიძგია ჩემთვის, რომ  საქმე უკეთ ვაკეთო.  გავეცნო  სიახლეებს და ფეხი ავუწყო თანამედროვე მოთხოვნებს მოსწავლეთა მეტი განათლებისა და ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებისთვის. კონკურსში მონაწილეობამ სხვაგვარი აღიარება მომიტანა, მიმახვედრა, რომ რაღაც-რაღაცებს, თურმე, სწორად ვაკეთებ. ამან კი მეტი თავდაჯერებულობა შემძინა.  ღრმად დავრწმუნდი, რომ არჩეულ გზას არ უნდა გადავუხვიო. მეტიც, გავაფართოო და გავამრავალფეროვნო იგი.

იმ ფაქტმა, რომ ათეულთა კლუბის წევრი გავხდი,  გამაცნო და დამაკავშირა ძალიან საინტერესო ადამიანებს, მასწავლებლებს თუ სტუდენტებს. მათი მხრიდან ვგრძნობ ძალიან დიდ მხარდაჭერას,  ნდობას და ვხვდები, რომ ეს ნდობა უნდა გავამართლო ჩემი საქმიანობით, საინტერესო იდეებითა და პროფესიული განვითარებით.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც ის მგონია, რომ ეს ყველაფერი ჩემი სკოლისა და სასკოლო თემისთვის ძალიან კარგი  ცვლილების მომტანი იქნება. ზოგადად, რამდენიმე თვის წინ რომ ეთქვათ,  საუკეთესო ხუთეულში მოხვდებიო, გამიკვირდებოდა, რადგან ჩემ სკოლაში ძალიან ბევრი საქმეზე შეყვარებული, ერთგული, შემოქმედებითი და ენთუზიაზმით სავსე მასწავლებელია. აქ მოსწავლის სწორად სწავლებისთვის გადადგმულ ახალ ნაბიჯსა თუ საინტერესო აქტივობას  ჩვეულებრივ მოვლენად აღვიქვამთ. მიხარია, რომ  ეს ყველაფერი ჩემს შემთხვევაში მიზანშეწონილი და დასაფასებელი აღმოჩნდა. მე მასწავლებლობის არც თუ ისე დიდი პრაქტიკა მაქვს. ბედნიერი ვარ, რომ მათგან ვიღებდი ბევრ მაგალითს. ახლა კი ის ფაქტი, რომ ეროვნული ჯილდოს ფინალისტი გავხდი, ვფიქრობ, მათთვისაც დიდი სტიმული და მოტივაციაა.

ხათუნა რაზმაძეთბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი

ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება ორი უმთავრესი მოტივით იყო განპირობებული:  რაც შეიძლება მეტი ცოდნის სანთელი ავანთო ადამიანებში, დავანახო საზოგადოებას  მასწავლებლობის ხიბლი და დიდმნიშვნელოვნება.  ამ ყოველივეს  თან ერთვის  ოჯახური ინტერესებიდან გამომდინარე დასახული მიზნისკენ სწრაფვა,  რაც განპირობებულია ჩემი მეხუთე შვილის სიყრუის დიაგნოზით.   მსურს,  დავაარსო არაფორმალური განათლების ცენტრი ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის.  მასწავლებლური პრაქტიკა,  ცოდნა და გამოცდილება  შემიძლია,  თავისუფლად მოვარგო  ყრუთა საზოგადოების ინტერესებს.

კონკურსის ფინალისტობა  ახალ, საინტერესო, პროფესიული თვალსაზრისით სასიამოვნო, სასარგებლო და   სათავგადასავლო ამბების კორიანტელში გამხვევს.  ჩემი აზრით, ურთიერთთანამშრომლობა  სწავლებისა და განვითარების  უმნიშვნელოვანესი  ხერხია.

მე მომეცა საუკეთესო  შესაძლებლობა, ქვეყნის მასშტაბით გამორჩეულ, აღიარებულ, განსაკუთრებულ პროფესიონალ- პედაგოგებთან ურთიერთობით კიდევ უფრო მეტი გამოცდილება მივიღო, აღმოვაჩინო, ვისწავლო და მერე უკეთ ვასწავლო.

აზა ხანგოშვილიახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის ფიზიკის, ბუნებისმეტყველების, მეწარმეობის საფუძვლებისა და სპორტის მასწავლებელი

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტობა ჩემთვის უდიდესი პატივი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა თითოეული მოსწავლის, კოლეგის, მშობლისა და მთელი ჩემი თემის წინაშე. მიხარია, რომ შემიძლია, ვიყო ერთ-ერთი წარმომადგენელი ხეობიდან, რომელიც იქნება დამაკავშირებელი ხიდი დანარჩენ პროფესიონალ პედაგოგიურ საზოგადოებასთან. ეს მაძლევს უდიდეს სტიმულსა და შესაძლებლობას, მივიღო ახალი გამოცდილება, შემოვიტანო განათლების სფეროში არსებული სიახლეები, საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებთან მქონდეს მუდმივი კავშირი და მათთან ერთად დავგეგმო ახალი პროექტები, ვიმუშაო ინოვაციურ იდეებზე და ერთად ვიბრძოლოთ ამ მიზნისთვის.

სტატუსი დამეხმარება ხეობის გარეთ საქმიანი ურთიერთობების დამყარებაში, პროფესიული პერსპექტივის გაფართოებასა და ჩემი მოსწავლეების პანკისელი ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობის მიცემაში, რაც ხელს შეუწყობს სოციალური ინტეგრაციის პროცესს, დაგვეხმარება მეტი ცოდნის შეძენასა და გაზიარებაში. ჩემი მოტივაცია ყოველთვის და პირველ რიგში ჩემი მოსწავლეები არიან, რომლებიც მუდამ მხარს მიჭერენ, მამხნევებენ.

„განათლების კოალიციის“ გამგეობის თავმჯდომარე, ირინა ხანთაძე ამბობს, რომ წელს ჯილდოზე 700-ზე მეტი მასწავლებელი იყო წარდგენილი რაც ნათლად აჩვენებს, რომ ჯილდოს პრესტიჟი წლიდან წლამდე მზარდია. ასევე წელს, წინა წელთან შედარებით, უფრო მეტი აპლიკაცია იყო თბილისიდან. ფინალისტთა შორისაც 3 მასწავლებელი თბილისის სკოლების წარმომადგენელია. მისი შეფასებით, თითოეული ფინალისტი გამოირეჩვა მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმით, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათ გამორჩეულ პედაგოგიურ პრაქტიკაზე. ფიქრობს, რომ კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს კამპანიის გავლენა, რადგან გამორჩეული პრაქტიკის მქონე მასწავლებლების საქმიანობა  საზოგადოების უფრო ფართო ნაწილისთვის გახდეს ცნობილი.

„ამ მიზნით, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი იქნება ათეულთა კლუბის წევრი მასწავლებლების მეტად გააქტიურება და მათი საქმიანობის უკეთ წარმოჩენა. ასევე, გვინდა, წარმოვაჩინოთ, რომ მასწავლებელს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მრავალმხრივ აქტიური როლი და გავლენა შეიძლება ჰქონდეს და ამ მხრივ, ამ პროფესიის სოციალურ სტატუსსაც გავუსვათ ხაზი.

გვინდა, ათეულთა კლუბის წევრი მასწავლებლები საზოგადოებრივ ასპარეზზეც აქტიურები და წარმატებულები იყვნენ და გვინდა, ჩვენი მხრივ, ხელი შევუწყოთ მათ. ასევე, გვსურს, მეტად მივწვდეთ და მოვიცვათ ახალგაზრდობა, რადგან ერთ-ერთი უმთავრესი ფოკუსი, ჯილდოს კამპანიის, სწორედ ახალგაზრდების პროფესიაში ჩაბმაა. ვფიქრობთ, ეს არ არის ადვილი და ამ მიმართულებით საინტერესო ახალი იდეები გვჭირდება. ასე რომ, მზად ვართ რჩევებისა და რეკომენდაციებისთვის.“

**********

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციას, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეხუთედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

კონკურსის გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი, მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (ctc), „ლიბერთი ბანკი“, ტელეკომპანია „იმედი“, საზოგადოებრივი მაუწყებელი და მარკეტინგული კომპანია 4MEDIA.