პერიფერიული ყოფის ტკივილი  

პუბლიკა

ავტორი: ლელა რეხვიაშვილი

20 თებერვალს კიდევ ერთხელ გამოგვიცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, რომ ახალი ენერგოობიექტები უნდა აშენდეს. ბოლო პერიოდში გასაჯაროებულმა დოკუმენტებმა კი კარგად დაგვანახა რამდენად სამარცხვინო, კაბალურ პირობებს დებს სახელმწიფო „ნამახვანჰესის“ შემსრულებელ თურქულ კომპანია „ენკსთან”. გარდა ასობით ჰექტარი მიწის, ფაქტობრივად, უფასოდ გასხვისებისა, სახელმწიფო იღებს პროექტთან დაკავშირებულ ყველა რისკს, აძლევს კომპანიას უამრავ გარანტიას, აზღვევს კომპანიის დაშვებულ შეცდომებს, ათავისუფლებს გადასახადებისგან. ჰპირდება, რომ ჩვენი ბიუჯეტით 15 წელი შეისყიდის დათქმული რაოდენობის ელექტროენერგიას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კომპანია ამ ელექტროენერგიას ვერ გამოიმუშავებს, რომ ჩვენს მიერ აღებული ვალებით მოუწყობს ენერგიის თურქეთში საექსპორტოდ გატანის ინფრასტრუქტურას, რომ უზრუნველყოფს კომპანიის წვდომას მიწებზე, ტყეებზე, რიონზე და ასევე, ცხენისწყალზე. დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ამ ყველაფრის საფასურად არავითარი პრიორიტეტი ან ბერკეტი არ ეძლევა სახელმფიწოს, რომ ჰესის მუშაობა საჯარო სიკეთისთვის მოიხმაროს.

ამ ხარბ და ელიტების მოკლემხედველ ინტერესებზე გათვლილ პროექტს ენერგოდამოუკიდებლობის სახელით რეალურად სრულ კაპიტულაციამდე, სახელმწიფო სუვერენულობის შელახვამდე, მონურ მდგომარეობაში თავის ჩაგდების შემზარავ მაგალითამდე მივყავართ. კომპანია ადგილობრივი მოსახლეობის თვალწინ აოხრებს ხეობას და მთებს ასაფეთქებლად ნაღმავს. ამის შემყურე რიონის ხეობის დამცველები უკვე მოთმინებას კარგავენ და უკანონოდ მომუშავე თურქულ კომპანიასთან და სამუშაო ტექნიკასთან შიშველი ხელებით მშვიდობიანად შებრძოლებაზე ფიქრობენ.

ამ ბრძოლაში, ბევრ სხვა რამესთან ერთად ისიც მადარდებს, რომ პროგრესი-რეგრესის, ევროპასთან დამსგავსება-ვერდამსგავსების დისკურსს ვერ ვცდებით ხოლმე. სახელმწიფო, ჰესომანიას ჩაჭიდებული ელიტა და მედია იჩემებენ, რომ ეს არის დასავლური განვითარების გზა. დანარჩენები კი ვბუქსაობთ რეალურად ძალიან საცოდავ არგუმენტთან, რომ ეს არ არის ევროპასთან დაახლოების გზა, ან  უფრო გვაშორებს ევროპას, ან რომ ჩვენთან არ შენდება ჰესები ევროპული სტანდარტებით, ამიტომ არ უნდა აშენდეს და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, ჩვენი – ჰესის მოწინააღმდეგეების არგუმენტაციის სისუსტე უკავშირდება იმას, რომ ვერ ვახერხებთ ჩვენი პერიფერიული მდგომარეობის არტიკულირებას. ვეცდები ავხსნა, ამაში რას ვგულისხმობ:

პერიფერიული ბრძოლის ჩიხები

ჩვენ, „პერიფერიების ინტელექტუალური ელიტები“, უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ერთი მხრივ, საკუთარი პოლიტიკური (და ეკონომიკური) ელიტების დასაშოშმინებლად ისევ მეტროპოლიების (ან, გნებავთ, დავარქვათ ნეომეტროპოლიები – ნეოკოლონიალიზმის შესაბამისად) კალთის გლეჯა გვიწევს; ზოგჯერ ისევ მათთან ჩივილის მიტანით ვახერხებთ  ბრძოლაში პოზიციების განმტკიცებას (რადგან, ადგილობრივი პოლიტიკური კლასი ისევ მხოლოდ მათდამი თუ გრძნობს ყალბ ანგარიშვალდებულებას და არასდროს საკუთარი ხალხისადმი, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ამ პერიფერიულობას), ხოლო მეორე მხრივ, ეს ჩვენივე დამოკიდებულება (ან ჩამოკიდებულება) გარედან ზეწოლაზე, ხელიდან გვართმევს ბრძოლის მთავარ იარაღს – პერიფერიული მდგომარეობის სახელდების შესაძლებლობას.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, რამდენადაც თავადვე დავსდევთ თანამედროვე იმპერიული ძალების რესურსებს, ამავე ძალების მიერ ზურგგამაგრებული ადგილობრივი ხელისუფლების შესაკავებლად, იმდენად ვეღარ ვახერხებთ მათი დამანგრეველი როლის პოლიტიკურ არტიკულაციას.

ნამოხვანის ამბავთან დაკავშირებითაც, გარკვეულ მომენტში, ყველანი მივხვდით, რომ საერთაშორისო პეტიციის გაკეთების დრო  დადგა. ამან კი ის შემახსენა, რაც ყველამ სულ მცირე ორი ათწლეულია ვიცით, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ამომრჩევლის ხმაზე მეტად მეტროპოლიის ხმა აშინებს. ჩვენდა საბედნიეროდ, მეტროპოლიას ზოგჯერ მაინც აწუხებს ხოლმე რეპუტაციის შელახვის საკითხი, თუმცა ჩვენდა სავალალოდ, ჯერ კიდევ არ ვიცით,  არის თუ არა გარეული ნამოხვანის კასკადის საქმეში. დღეს მთავარი მეტროპოლია – დასავლეთია, თავის ევროკავშირ-ამერიკიანად (მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი და თურქეთი ასევე რჩებიან ჩვენს მეორად მეტროპოლიებად, რამდენადაც ჩვენი პერიფერიულობა მათთან მიმართებაშიც განისაზღვრება) – და ამიტომ, მას უფრო ბუნდოვნად აკისრია პასუხისმგებლობა, ვიდრე სხვა შემთხვევებში და ამ გაურკვევლობის გამო, გულიც კი გვწყდება, რადგან ამ კონკრეტულ ძალასთან, კომუნიკაციისა და ზოგჯერ ზეწოლის  მექანიზმები ნამდვილად გვაქვს მეტ-ნაკლებად ნასწავლი.

უფრო ტრაგიკული ჩემთვის ორი, ან სამი საკითხია: პირველი ისაა, რომ თავადაც ვერ ვხვდები კარგად, ხედავენ თუ არა ჩემივე სავარაუდო თანამოაზრეები პერიფერიულობის ამ ასპექტებს, ან თუ აღიქვამენ საერთო პერიფერიული ცნობიერებას; იაზრებენ თუ არა, რომ მეტროპოლიები ჩვენი კეთილისმსურველები არ არიან, რომ მათი მადლი არ მოგვეცხება, რომ მათგან საკუთარი  პრივილეგიების გაზიარების დაპირება სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი უკეთესად ექსპლუატაციის ქვეტექსტი, რომ ჩვენი ნანატრი მეტროპოლიები თავადაც კლასობრივად, სივრცითად, გენდერულად და რასობრივად დაყოფილი საზოგადოებებია და პერიფერიულ საზოგადოებებში ამ დაყოფების კიდევ უფრო ბრუტალური ფორმით კვლავწარმოებას უწყობენ ხელს.

არ ვიცი, კარგად ვაცნობიერებთ თუ არა, რომ როგორც კლასობრივი ცნობიერების მოპოვებაში არ დაგვეხმარებიან კაპიტალისტები და ყოველთვის გვეტყვიან, რომ მათი სიმდიდრის მადლი ჩვენზეც გადმოდის, ისე ვერ დაგვეხმარებიან საკუთარი პერიფერიული ცნობიერების აღმოჩენაში ჩვენი მრავალფეროვანი მეტროპოლიები. ისინი ყოველთვის გვეტყვიან, რომ ცდილობენ დაგვიახლოვონ, მათ აღმატებულებასა და განვითარებასთან ახლოს მიგვიყვანონ, და ამ დამსგავსებით ჩვენივე ჩამორჩენილობისგან გადაგვარჩინონ. უთქმელადაც კი ცხადია, რომ პერიფერიული პოლიტეკონომიური ელიტებისთვის ამ  მეტროპოლიების მიდგომები სწორედ ხელუხვი პრივილეგიების დატაცების წყაროა.

მეორე საკითხი ჩემი და ჩემივე თანამოაზრეების შენელებაა პერიფერიულობის ასპექტის პოლიტიზებაში. მაინც რატომ ვერ დავწერე  და გავაჟღერე აქამდე, რომ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები პერიფერიულ კონტექსტებში ყოველთვის საერთაშორისო კაპიტალს ახეირებს ადგილობრივი ბუნების და მოსახლეობის დაზარალების, ხშირად შეუქცევადი განადგურების ხარჯზე, რომ სინამდვილეში ყოველთვის უნდა გვეშინოდეს მსგავსი ინვესტიციების. ასეთი პროექტები კაპიტალიზმის 5-საუკუნიანი „მოღვაწეობის“განმავლობაში არასდროს არ ყოფილა პერიფერიული მოსახლეობის სარგებლისა თუ კეთილდღეობისათვის გამიზნული.

პრინციპი მარტივია – ინფრასტრუქტურული ინვესტიცია იმპერიულ საზოგადოებებში დაგროვილი ჭარბი კაპიტალის გარეთ გატანის, ამ კაპიტალისთვის ახალი ხელსაყრელი პირობების მოძიების, ჭარბი აკუმულაციის პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი ყველაზე ნაცადი გზაა. ეს კაპიტალი კი ყოველთვის აზარალებს იმ სივრცეს და საზოგადოებას, რომლისკენაც მიემართება, რადგან ამ ინვესტიციის  ფასად მათ საკუთარი გაფართოებისთვის საჭირო ყველა პირობაზე ითანხმებს. ერთი სიტყვით, ფულის მეპატრონე, რომელსაც თავის ქალაქსა თუ სოფელში გასაძარცვი ცოტა დარჩა (ან მისი ქალაქი/სოფელი არ მისცემს მას ამის საშუალებას), მაგრამ ფული ჭარბი აქვს, ახალ ქალაქებსა და სოფლებს დაეძებს გასაძარცვად, უკვე ნაშოვნი ფულის გასამრავლებლად, რადგან ეს ფინანსები თუ არ გამრავლდა, ღირებულებას დაკარგავს. მსგავს აქტორებს ამ ახალი სივრცეების ძიებაში საკუთარი პოლიტიკური ელიტები და ჯიბეში ჩასმული ფინანსური შუამავლები ეხმარებიან – ჩვენ, რომ საერთაშორისო განვითარების ბანკებსა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს ვეძახით, სწორედ ეგენი.

ვერ გამოთქმული პერიფერიულობის ტკივილი

მესამე და ბოლო წუხილი ალბათ ყველაზე ინტენსიურია ჩემთვის და ის პერიფერიული მდგომარეობის ვერ დასახელების შედეგებს გულისხმობს. ვფიქრობ, ჩვენი პერიფერიული პოზიციის სახელდების ეს შეუძლებლობა, ისევე როგორც მიმდინარე პროცესების სივრცითი და კლასობრივი უთანასწორობების ჭრილში სახელდების შეუძლებლობა (და ახლაც, ამ წუთასაც ვგრძნობ საკუთარი ენის, არტიკულაციის შესაძლებლობის კრახს, რაც არ უნდა მარტივად თქმას ეცადო, სათქმელი მაინც რთული გამოდის), არაერთ საცოდაობას იწვევს. მეტროპოლიების ადგილობრივ მსახურებს – და ამ შემთხვევაში,  ჩვენს ხელისუფლებას – ექსპლუატაციის პროგრესად და განვითარებად გასაღების ყველა შანსი ეძლევა. ამას კი არა მხოლოდ  ჩვენი შრომითი და ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციასთან, არამედ საზოგადოებრივ ქვეცნობიერში არსებული პერიფერიულობის აღქმის ბოროტ გამოყენებასთანაც მივყავართ. დაქვემდებარებულ მდგომარეობაში ყოფნის ტკივილი, წინააღმდეგობის ნაცვლად, აღმატებულთან „მიახლოება/წამსგავსება/სახეხატად“ ქცევის მუდმივ, განწირულ მცდელობად იქცევა.

როცა „წამსგავსების“ სტრატეგია ჩიხს აწყდება, ხელისუფლება დამატებით, პასუხისმგებლობის არიდებისთვისაც იყენებს პერიფერიულ აზროვნებას – როცა მშრომელები იღუპებიან, მაშინ ხელისუფლება გვეუბნება, რომ რაც არ უნდა გვინდოდეს, ჩვენ  „ჯერ ევროპა არ ვართ“; როცა ხეობებს კაბალური პირობებით გადასცემს უცხოურ კომპანიებს, გვეუბნება, რომ ჩვენთან ინვესტორები უკეთესი პირობებით არ მოდიან და მონურ პირობებს უნდა დავთანხმდეთ.

დამატებით, ხშირად პერიფერიული ყოფის ტკივილი ნაციონალისტურ ან ნეოფაშისტურ ენაზე ჟღერდება. გულწრფელად რომ ვთქვა, იმ ლიბერალური შეგონების მიღმა, რომ ნაციონალიზმი ცუდია, შეიძლება მისი საწინააღმდეგო არც არაფერი მქონდეს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ნაციონალიზმი უკეთ ამოიტანდა ამ ლატენტურ პერიფერიულ აზროვნებას. უბრალოდ, ის, რომ აქამდე ნაციონალიზმი არასდროს  შეწინააღმდეგებია რეალურად პერიფერიულ დაქვემდებარებას, უკვე ისტორიულ მოცემულობად იქცა. მეტიც, თავისივე ეგზალტირებულ ნაციებს ის ხშირად უქვემდებარებდა კაპიტალს, კლასობრივი და სივრცითი უთანასწორობების ეთნიკურ-რასობრივ ენაზე, უფრო ზუსტად კი სიძულვილის ენაზე გადათარგმნის გზით.

პერიფერიულობის ტკივილიდან პერიფერიულ ცნობიერებამდე

მე მართლა მწამს, რომ პერიფერიულობის აღქმა არსებობს და დომინანტურია ქართულ და საქართველოს მსგავს საზოგადოებებში. უბრალოდ, ამ აღქმის – დამონების ტკივილის წინააღმდეგობად თარგმნამდე ვერაფრით მივდივართ. ადგილობრივი პოლიტიკური ელიტები პირდაპირ იყენებენ პერიფერიულ ცნობიერებას – იმპერიულ/ნეოკოლონიური ძალების ცხოვრების წესთან თუ „დონესთან“, „პროგრესთან“  და „სინათლესთან“ დაახლოების სახელით, სინამდვილეში კი ადგილობრივი ბუნებისა და მოსახლეობის ასაოხრებლად, გასაძარცვად. ეს სტრატეგია ქართულ კონტექსტში გამაოგნებლად ეფექტურად მუშაობს და ფრთებს ასხამს „სირცხვილიას“ მსგავს მოძრაობებს – უკვე თეთრი და ევროპელი რომ ჰგონიათ თავი და ამას  მხოლოდ თავისივე ხელისუფლებას რომ უმტკიცებენ. მეორე მხრივ, ნეოფაშისტურ-ნაციონალისტური ძალები ასევე მანიპულაციურად იყენებენ ქვეშევრდომობისა და ქვემდგომობის სენტიმენტებს, ააქტიურებენ პერიფერიული აზროვნების ყველაზე მისტიფიცირებულ და კონსპირაციულ ვერსიებს რათა ადამიანებს სააზროვნო სივრცე დაუხშონ.

დანარჩენებმა რა ვქნათ? როგორმე უნდა მოვახერხოთ ადამიანური ენის გამონახვა პერიფერიულობისა და დაქვემდებარებულობის რეალური ტკივილის გამოსახატად. ჩემი აზრით, ამ ენის გამონახვა, ამ ტკივილის პოლიტიზება გარდაუვალი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენს პოლიტიკურ მოცემულობაში. პირველი – სახელმწიფოს რომ მოვუკლათ პერიფერიული აზროვნების სათავისოდ ექპლუატაციის შესაძლებლობა. მეორეც – ნელ-ნელა პერიფერიულობის ტკივილი პერიფერიულ ცნობიერებად რომ გარდავქმნათ. პერიფერიულ ცნობიერებაში პერიფერიულობის აღქმის ემანსიპატორულ მობილიზაციებში გადათარგმნის შესაძლებლობას ვგულისხმობ. იმისთვის, რომ ეს ტკივილი – ძალაუფრებრივი უთანასწორობის, გარე ძალებზე დამოკიდებულების, საკუთარი საცხოვრებელი გარემოს გარდაქმნაში ჩართულობის შეუძლებლობის ტკივილი – დამონებასთან შეგუების ნაცვლად, უთანასწორობასთან ბრძოლის ტაქტიკის შემუშავებაში გადაიზარდოს.

და ბოლოს, ისევ ნამოხვანის ბრძოლას რომ დავუბრუნდე, პერიფერიულობის პოლიტიზება ალბათ უმნიშვნელოვანესია ამ და მსგავსი ბრძოლების პროვინციალიზაციის დისკურსის გადასალახად. როგორმე უნდა ამოვთქვათ, რომ ეს ბრძოლები – კერძო, ადგილობრივი და მარგინალური არაა. პირიქით, ეს არის ყველაზე სისტემური სახის ბრძოლა კაპიტალისტური წყობის პერიფერიებში. უნდა ამოვთქვათ, რომ ცუდ, დაჩაგრულ, უსამართლო პოზიციაში ვართ საერთაშორისო კაპიტალის წინაშე, და ამ პირობების გაპროტესტება, ამ პირობებთან არ შეგუება, ერთადერთი გზაა ჩაგვრის შესამცირებლად მაინც. უნდა შევწყვიტოთ იმაზე დავა, როგორ მივუახლოვდებით მეტროპოლიას უფრო კარგად და უფრო სწრაფად, და დავიწყოთ დავა იმაზე თუ როგორ შევუწყოთ ხელი სწორედ მეტროპოლიების მიერ წარმოებულ უსამართლობებთან ბრძოლას. ნამოხვანის ბრძოლა არც პირველია და სამწუხაროდ არც ბოლო იქნება.

მადლობა ალექსანდრა აროშვილს, ნინო გოგუას და „სამართლიანი ენერგოპოლისთვის“ ინიციატივის დანარჩენ წევრებს ამ სტატიაზე მუშაობაში შემოამხანაგებისთვის.


სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს მხოლოდ ავტორის პოზიციას და შესაძლოა, არ ასახავდეს რედაქციის შეხედულებებს.