ბერლინალეს საკონკურო პროგრამაში კრისტიან პეცოლდის, აბელ ფერარას და ელიზა ჰიტმანის ფილმები უჩვენეს.
კიდევ ერთი თავისებურება, რითაც ბერლინის კინოფესტივალი მთელი თავისი არსებობის განმავლობაში იკვებებოდა, „ქანცგაწყვეტილი“, პოლიტიკური და ესთეტიკური მითების გადამუშავება-დახარისხებაა. ისინი ზოგჯერ ახალია, აქტუალური და თანამედროვე, თუმცა ძირითადად, მაინც მეორადი მოხმარებისა თუ მნიშვნელობის.
როცა წლევანდელ პროგრამაში წარმოდგენილი გერმანელი რეჟისორის, კრისტიან პეცოლდის „უნდინას“ უყურებთ, თანამედროვე ბერლინის ისტორია და მითოლოგია ერთდროულად ცოცხლდება, ცვდება და კვდება: ფილმის მთავარი გმირი უნდინა ბრიო (პაულა ბეერი) მუზეუმში მუშაობს და ბერლინის სტუმრებს ისტორიას დიდი არტიტექტურული მაკეტის ფონზე უყვება და აცნობს.
მთავარი სიუჟეტი მაინც უნდინასა და მყვინთავ კრიტოფის (ფრანც როგოვსკი) სიყვარულია, რომელიც ტრაგიკულად მთავრდება. მთელი ფილმი ფორმალურ, ცივ, კარგად ნაკეთებ, მაგრამ ხელოვნურ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელსაც ტომაზო ალბინონის ცნობილი მელოდია მიუყვება ლაიტმოტივად. „უნდინას“ ვერ შველის ვერც ახალგაზრდა პაულინა ბეერის ეული მონდომება და ვერც ბერლინის ისტორიისა და არქიტექტურის დეტალების ცოდნა… და რაც მთავარია, არაფრით მესმის, რა ნიშნით არის „უნდინა“ კინოკრისტიკოსების მიერ ესოდენ გამორჩეული და რეიტინგული?!
კრისტიან პეცოლდმა თავის დროზე ბერლინის კინოაკადემია დაამთავრა და გერმანიის გაერთიანებამდეც და მის შემდეგაც რამდენიმე ფილმი სწორედ ბერლინის თემას მიუძღვნა. დაახლოებით ათი წლის წინ მან ულამაზესი ნინა ჰოსი გადაიღო ფილმში „იელა“, რომელმაც „ვერცხლის დათვი“ დაიმსახურა ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.
წლევანადელ ბერლინალეზე ნინა ჰოსი კვლავაც გამოჩნდა საკონკურსო პროგრამაში; გერმანულ-შვეიცარიულ ფილმში „უმცროსი და“, სადაც მას პარტნიორობას ბერლინის თეატრ „შაუბუნეს“ ცნობილი მსახიობი, ლარს აიდინგერი უწევს. რეჟისორ ქალთა დუეტი – სტეფანი შუა და ვერონიკა რაიმონდი, აშკარად ცდილობს ძმები გრიმების ზღაპრის, „ჰენზელისა და გრეტელის“ ანალოგიით, თანამედროვე და ინტელექტუალური კინოზღაპარი გამოაცხოს. მაგალითად, ნინა ჰოსი კლასიკური მუსიკის მცოდნეა, ხოლო ლარს აიდინგერი მის ტყუპ ძმას თამაშობს, რომელიც ფილმშიც „შაუბიუნეს“ ვარსკვლავია და ერთ-ერთ ეპიზოდში „ჰამლეტის“ რეპეტიციაზეც ვხედავთ. თუმცა „გრიმებწასმული“ ეს კინოზღაპარი (რომელშიც მოდარაჯე კაცის თვალი „ელექტრას“ სიუჟეტსაც ამოიკითხავს) ისევე ხელოვნური და გაცვეთილია, როგორც პეცოლდის მიერ ბერლინის გადაღეჭილი ისტორია „უნდინაში“.
ბედის ირონიითა თუ თეატრალთა გულის გასახარად, ფილმში საკმაოდ მოზრდილი როლი ერგო „შაუბიუნეს“ რეჟისორს, სახელოვან ტომას ოსტერმაიერს, რომელიც ფაქტობრივად, თავის თავს თამაშობს. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რამდენად კარგი რეჟისორია ოსტერმაიერი თეატრში, იმდენად ცუდი მსახიობია კინოში. ასე რომ, კარგი რეჟისორის ეკრანზე გამოჩენა სინამდვილეში, არავითარი ბენეფიტების მომტანი არ არის.
ფილმის ერთ-ერთი გამონათება 70-80-იანი წლების შვეიცარიელი კინოვარსკვლავი, მარტა კალერია (ბილი უაილდერის შედევრი „ფედორა“ უკვე საკმარისია მისი აქტიორული ხარისხის დასადგენად), რომელიც დედის პატარა, სახასიათო როლს ძალიან კარაგად თამაშობს: მუდამ საკუთარი თავით უკმაყოფილო მსახიობი, რომელმაც შვილების აღზრდის გამო კარიერაზე უარი თქვა და ისევ გარდასული დროის თეატრსა და პეტერ შტაინზე მოთქვამს…
სამწუხაროა, რომ ის დიდი ხანია ეკრანზე არ გამოჩენილა და შეკითხვაზე – რატომ არ ჩანს ხშირად ფილმებში, ენამოსწრებული და მახვილგონიერი პასუხი გასცა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე: „მსახიობებისგან განსხვავებით, კარგ რეჟისორებს ერთი უპირატესობა აქვთ, ისინი რაც უფრო ბერდებიან, უფრო ხშირად იღებენ ფილმებს…“.
ზღაპრისა თუ მითის თემა ცოცხლდება ბრაზილიურ ფილმშიც „ყველა მკვდარია“, რომლის ავტორებს (მარკო დუტრა და კაეტანო გოტარდო) აშკარად არ ჰყოფნით ფანტაზია ფოლკლორული თემებით შთაგონებული სიუჟეტი ოჯახის დეგრადაციაზე, სატელევიზო სერიალის დონეს მაინც ააცილონ. მითის საღერღელს კინომანებს ალბათ, უილიამ დეფოს გამოჩენაც აუშლით (აბელ ფერარას „ციმბირი“, რომელიც ბოლო მომენტში შეიტანეს საკონკურსო პროგრამაში), ფილმი ჯერ კლასიკურ-სათავგადასავლოს ჰგავს, შემდეგ გამაღიაზიანებელ არტ-ჰაუზსს და ბოლოს, აშკარად აბსურდულ აკვიატებამდე დადის.
ფილმის მთავარი გმირია კლინტი (უილიამ დეფო), რომელიც ზამთარს ჯერ ქოხში ატარებს, ცოტა ხნის შემდეგ გამოქვაბულში აღმოჩნდება, რომლის ბოლოში წითელი მზე ყველაფერს გაანათებს. მერე რატომღაც უდაბნოში გადაინაცვლებს თავის ძაღლებთან ერთად. სადღაც ფილმის შუაში გარდაცვლილი მამა თუ მამის აჩრდილი გამოჩნდება, რომელსაც თავად უილიამ დეფო თამაშობს და რომელიც უცნაური და ფსიქოანალიტიკური შინაარსის ფრაზას ეუბნება შვილს: „შენ არ იყავი მოსიყვარულე შვილი, შენ ტვირთი იყავი“… ფილმში ბევრი რამაა თავსატეხი, მაგალითად, არამსუბუქი ეროტიკა, კონკრეტული მინიშნება ციმბირსა და „გულაგებზე“ და რატომღაც სრულიად შიშველი კაცების მასობრივი დახვრეტის ეპიზოდი. ფინალში კლინტის მეგობარ ინდიელს შუა ზამთარში საიდანღაც თევზი მოაქვს, რომელსაც ჟანგიან ტაფაზე დებენ და რომელიც მოულოდნელად ალაპარაკდება.
აბსურდულ-ზღაპრული სიუჟეტები და მისი ხიბლი სრულიად გაბათილებულია ელის ჰიტმანის საკმაოდ სასტიკ და რეალისტურ ფილმში უცნაური სათაურით: „არასდროს – იშვიათად – ზოგჯერ – ყოველთვის“ (რაც სინამდვილეში, ფილმში ორსულობის ტესტის პასუხების ვარიანტებს ნიშნავს). მსოფლიო პრემიერა ახლახან გაიმართა სანდენსის კინოფესტივალზე, ხოლო ბერლინში კრიტიკოსებს რატომღაც, „ოქროს დათვის“ ერთ-ერთი მთავარ ფავორიტად მიაჩნიათ.
ორი მეგობარი გოგონა პენსილვანიის შტატის პატარა ქალაქიდან ნიუ-იორკში მიემგზავრება, სადაც ერთ-ერთი მათგანი აბორტის გაკეთებას მშობლებისგან და მეგობრებისგან ფარულად აპირებს. ახლო ხედები, გაუჭრელი კადრები და კამერის მუშაობის პრინციპი აშკარად „დოგმას“ მოგაგონებთ. ზოგიერთი კრიტიკოსი კი მიიჩნევს, რომ ფილმში იგრძნობა კრისტიან მუნჯიუს ცნობილი ფილმის – „4 თვე, 3 კვირა, 2 დღე“, გავლენა. წლევანდელი უცნაური და გაურკვევლი საკონკუსო პროგრამის ფონზე, არ არის გამორიცხული, რომ ელის ჰიტმანის ფემინისტური მოტივებით გამყარებულ ფილმს (პლუს ძალიან კარგი ახალგაზრდა მსახიობები) მართლაც ექნება წარმატება.