ქართული ბანკები FinCEN-ის გაჟონილ მასალებში და მილიონობით დოლარის საეჭვო ტრანზაქცია

ბასტი მგალობლიშვილი

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ) გამოაქვეყნა მასალები, რომელთა მიხედვითაც, მსოფლიოს უმსხვილეს ბანკებს შორის საეჭვო ტრანზაქციები მიმდინარეობდა.

BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის ფინანსური დანაშაულის აღკვეთის ქსელიდან (FinCEN) გაჟონილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ მსოფლიოში უდიდესმა ბანკებმა დაახლოებით 2 ტრილიონი დოლარის ტრანზაქცია განახორციელეს და კრიმინალებს საშუალება მისცეს, შავი ფული მთელი მსოფლიოს ბრუნვაში ჩაეშვათ.

FinCEN-ის გაჟონილ დოკუმენტებში ქართული ბანკებიც მოხვდნენ. მასალებში ასახულია, რომ საქართველოში და საქართველოდან ჯამში 193 საეჭვო ტრანზაქცია განხორციელდა. აქედან $9 054 832 მიღებული და $17 968 388 გაგზავნილი, კერძოდ:

  • TBC ბანკიდან (18.10.2007 და 11.10.2011 პერიოდში) Habib ბანკის ციურიხის ფილიალში ჯამში 16 084 899 დოლარის ოდენობის 161 ტრანზაქცია განხორციელდა.  
  • საქართველოს ბანკიდან (08.07.2011 და 01.26.2011 პერიოდში) Habib ბანკის ციურიხის ფილიალში სულ 2 ტრანზაქცია განხორციელდა. ტრანზაქციის რაოდენობამ ჯამში 81 000 დოლარი შეადგინა;
  • JSC TBC ბანკიდან (15.11.2013) Uralsib ბანკში ერთი ტრანზაქცია განხორციელდა. ჯამში გადაირიცხა 2 489 დოლარი;
  • პროკრედიტ ბანკიდან (02.02.2016 და 03.22.2016 პერიოდში) საქართველოს ბანკში ჯამში 414 418 დოლარის 10 ტრანზაქცია განახორციელა.
  • Ras-ის ეროვნული ბანკიდან (არაბთა გაერთიანებული საამიროები) TBC ბანკში (01.10.2012 და 15.01.2013 პერიოდში) ჯამში  1 012 080 დოლარის 5 ტრანზაქცია განხორციელდა.
  • TBC ბანკიდან (10.12.2012 პერიოდში) რუსეთის Sberbank-ში ერთი ტრანზაქცია განხორციელდა, რომლითაც 1 800 000 დოლარი გადაირიცხა.
  • Raiffeisenbank-დან საქართველოს ბანკში (03.10.2016 და 28.12.2016 პერიოდში) ჯამში 7 628 334 აშშ დოლარი 13 ტრანზაქცია განხორციელდა.

დოკუმენტებში ასევე ასახულია, როგორ გამოიყენეს რუსმა ოლიგარქებმა ბანკები, რათა თავი აერიდებინათ სანქციებისთვის, რომელიც მათ დასავლეთში ფულის დაბანდების საშუალებას არ აძლევდა.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა „TBC ბანკს“, სადაც გვითხრეს, რომ ამ მასალების შინაარსს იცნობენ, თუმცა საჯარო განცხადების გაკეთებას არ გეგმავენ. მათივე თქმით, ამ საკითხზე განცხადებას გააკეთებს „საბანკო ასოციაცია“. „პუბლიკა“ ცდილობს დაუკავშირდეს მასალებში დასახელებულ სხვა ორ ბანკსაც – „საქართველოს ბანკს“ და „პროკრედიტ ბანკს“.

რა არის „FinCEN-ის მასალები“?

FinCEN-ის მასალები 2 500-ზე მეტ დოკუმენტს მოიცავს, უმეტესი მათგანი 2000-2017 წლებში ბანკების მიერ აშშ-ის ოფიციალურ ორგანოში გაგზავნილი დოკუმენტია. დოკუმენტები ბადებს ეჭვებს ბანკის კლიენტების საქმიანობასთან დაკავშირებით.

გაჟონილ დოკუმენტებში საერთაშორისო საბანკო სისტემის ყველაზე მკაცრად გასაიდუმლოებული ინფორმაცია იმალება. მათი მეშვეობით ბანკები საეჭვო აქტივობის შესახებ შეტყობინებას აფიქსირებენ, თუმცა დოკუმენტებს არ შეიძლება დანაშაულის მტკიცებულება ვუწოდოთ.

დოკუმენტები ხელში ჩაუვარდა Buzzfeed News-ს, რომელმაც მასალები გამომძიებელ ჟურნალისტთა ქსელს გაუზიარა. ქსელში 88 ქვეყნის 108 საინფორმაციო სააგენტო იყო ჩართული.

მათ ასობით ჟურნალისტი შიფრავდა, რათა საჯაროდ გამოეაშკარავებინათ ის ინფორმაცია, რომელთა გასაჯაროებაც ბანკებს არ სურდა.

ორი აბრევიატურა, რომელთა შესახებაც უნდა იცოდე

FinCEN არის აშშ-ის ფინანსური დანაშაულის აღკვეთის ქსელი. აღნიშნული ქსელი ამერიკის ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ორგანოა, რომელიც ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ იბრძვის. საეჭვო ტრანზაქციები, რომლებიც აშშ დოლარში კეთდება, საჭიროა, რომ FinCEN-ს გადაეგზავნოს – არ აქვს მნიშვნელობა ტრანზაქცია აშშ-ის ტერიტორიაზე ხდება, თუ – არა.

SARs – იგივე შეტყობინება საეჭვო აქტივობების შესახებ – ამ მეთოდით აისახება დოკუმენტებში საეჭვო აქტივობები.

BBC-ის მიხედვით, ბანკმა შეტყობინება უნდა გაუგზავნოს ოფიციალურ ორგანოებს, იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობს, რომ კლიენტი საეჭვო აქტივობებს ახორციელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი გაჟონილი ინფორმაცია?

თუკი ადამიანს სურს, რომ კრიმინალური საქმიანობიდან სარგებელი მიიღოს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია – რა გზით გაათეთრებს ფულს.

მაგალითად, ნარკოტიკებით ვაჭრობით ან კორუფციით მიღებულ შავ ფულს გათეთრების მიზნით სანდო ბანკის ანგარიშზე რიცხავენ, რათა თანხა დანაშაულს ვერ დაუკავშირონ.

იგივე პროცესია გასავლელი, თუკი რუსი ოლიგარქი ხარ, რომელსაც დასავლურმა ქვეყნებმა ფულის დაბანდებაზე სანქციები დაუწესა.

ბანკები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ კლიენტებს ფულის გათეთრებაში არ ეხმარებიან ან ფულს ბრუნვაში კანონდარღვევით არ უშვებენ.

როგორც BBC წერს, კანონის მიხედვით, ბანკებმა უნდა იცოდნენ, ვინ არის კლიენტი – მხოლოდ საეჭვო აქტივობაზე განაცხადის გაკეთება და კლიენტისგან შავი ფულის მიღება, სანამ სახელმწიფო ორგანო პრობლემაში გაერკვევა – საკმარისი არ არის. თუ ბანკებს დანაშაულის შესახებ მტკიცებულება აქვთ, ფულის ბრუნვა უნდა შეაჩერონ.

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის წარმომადგენელი ამბობს, რომ გაჟონილი მასალები წარმოადგენს ინფორმაციას იმის შესახებ, „თუ რა იციან ბანკებმა მსოფლიოში შავი ფულის ბრუნვაზე“. მისივე თქმით, დოკუმენტებში გასაოცრად დიდი ოდენობის თანხაა ასახული – საქმე ეხება დაახლოებით 2 ტრილიონ აშშ დოლარს.

რა გამომჟღავნდა მასალების მიხედვით?

  • ბრიტანულმა საინვესტიციო ბანკმა – HSBC – საშუალება მისცა თაღლითებს, რომ ბრუნვაში ჩაეშვათ მოპარული მილიონობით დოლარი, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ ბანკი გაფრთხილებული იყო.
  • ამერიკულმა საინვესტიციო ბანკმა – JP Morgan-მა ერთ-ერთ კომპანიას მილიარდი დოლარის გადარიცხვის საშუალება მისცა ისე, რომ არ იცოდა, ვინ იყო კომპანიის მფლობელი. ბანკმა მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ კომპანიის შესაძლო მფლობელი განგსტერია, რომელიც FBI-ის 10 ყველაზე საშიშ ძებნილთა შორისაა.
  • ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულმა პირმა შესაძლოა ფული Barclays Bank-ში გაათეთრა (რადგან დასავლურ ქვეყნებში არკადი როტენბერგს სანქციები დაეკისრა, რაც გულისხმობს, რომ მას არ შეეძლო ფინანსური სერვისების დასავლეთში მიღება ).
  •  ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის უმსხვილესი შემწირველის, ლუბოვ ჩერნუხინის (კონსერვატიოულ პარტიას £1.7 მილიონი შესწირა) ქმარი საიდუმლოდ ფინანსდებოდა იმ რუსი ოლიგარქის მიერ, რომელიც პუტინის ახლო გარემოცვიდანაა.
  • Deutsche Bank-მა ბრუნვაში ჩაუშვა ის შავი ფული, რომელიც ორგანიზებული დანაშაულთან, ტერორიზმსა და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან იყო დაკავშირებული.