ქართული მეტაკინო და ცრემლების შეკავების ხელოვნება

ბასტი მგალობლიშვილი

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, კინომოყვარულთათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა – დასრულდა. მართალია, კულტურის სამინისტრო ვერ თუ არ ხედავს ამ ღონისძიების მნიშვნელობას (რაც დაფინანსებაზე უარში გამოიხატა), თუმცა მაყურებლის სიმრავლე და პროგრამების მრავალფეროვნება რიგით 23-ე ფესტივალის წარმატებულობის დასტური იყო. „მშვიდობის ქალაქში“ ფესტივალი უკრაინაში დაღუპული მებრძოლებისადმი პატივის მიგებით გაიხსნა. უკრაინა და ირანელი ქალები არც დახურვის ცერემონიაზე დავიწყებიათ. ამიტომაც წლევანდელი დაჯილდოება, ალბათ, ყველაზე ამაღელვებელი იყო ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ამაღელვებელი იყო იმიტომაც, რომ მთავარი ჯილდო საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის დამსახურებულად გადაეცა სოსო ბლიაძის – „ჩემს ოთახს“, სპეციალური აღნიშვნა კი – ასევე დამსახურებულად მიიღო კოტე კალანდაძემ ფილმისთვის – „დრამერი“. წერილში სწორედ ამ ორი ფილმის შესახებ მოგიყვებით.

კინოში ყოველთვის არსებობდა „ახალი ტალღების“ გამოგონებისა თუ სახელდების ცდუნება. ის ზოგჯერ თვითმიზნადაც ქცეულა. ქართველი თუ უცხოელი კრიტიკოსები თანამედროვე ქართული კინოს გაანალიზების დროსაც არ ერიდებოდნენ მსგავს შეფასებებს, თუმცა ტენდენციებზე დასაკვირვებლად ყოველთვის საჭიროა დროში დისტანცირება. კოტე კალანდაძის „დრამერმა“ გამიმყარა მოსაზრება, რომ ქართულ კინოში ერთი ძალიან საინტერესო, საერთაშორისო ფესტივალებისთვის ხშირად შეუმჩნეველი დინება ცდილობს, კალაპოტის გამოჭრას. ამის დასტურია: ლაშა ცქვიტინიძის „მე ვარ ბესო“ და „თემო“, გიგა ლიკლიკაძის „ღორი“, კეკო ჭელიძის „მკვდარი სულების არდადეგები“ და ახლა უკვე კოტე კალანდაძის „დრამერი“. ცხადია, ეს ზედაპირული დაკვირვება კვლევით უნდა გამყარდეს. თუმცა ვფიქრობ, ამ დინების სათავე ირაკლი ფანიაშვილის მოკლემეტრაჟიან ფილმში „სერგო გოთვერანში“ (2009) უნდა ვეძებოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩამოთვლილი ფილმები ერთმანეთისგან განსხვავებული და თვითმყოფადია, მათ საერთოც ბევრი აქვთ: ახალგაზრდა პროტაგონისტი, რომელიც გზას „მკვდარი ცივილიზაციის“ მიტოვებულ ნანგრევებში, ტალახსა თუ ღორღში მიიკვლევს; მის უკან მთრთოლარე სუბიექტური კამერა, რომელიც სევდიან ყოფაშიც კი იუმორისთვის ადგილის გამონახვას ცდილობს. ხშირად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მშობლებთან ურთიერთობებს, ზოგჯერ კი განსაკუთრებულ დრამატურგიულ ფუნქციას „კრიმინალი“ იძენს. ამ დინების სახელწოდება ბევრნაირად შეიძლება არტიკულირდეს – „ანტიტურისტული კინოტალღა“ თუ „ქართული ჟანგი“ – როგორც გენებოთ.

უნდა აღინიშნოს, რომ კოტე კალანდაძე პირველ რიგში მუსიკოსი და ალტერნატიული სცენის გამორჩეული სახეა. ალბათ, სწორედ ამიტომაც არის, რომ თავის დებიუტში მაყურებელთან ემოციური კავშირის დამყარებას სწორედ მუსიკით ცდილობს: მარტოსული მოზარდი, რომელიც Morrissey-ს უსმენს – რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო სასიამოვნო კლიშე? თუმცა ფილმის მუსიკალურ ქსოვილს შემდგომში Lady Heroine-ის ბასი და გიტარა განავრცობს. ფირისთვის დამახასიათებელი თეთრი წინწკლები პროტაგონისტის გახუნებულ მაისურზე, ყვითელი მინდვრის ყვავილები ბეტონის კედელთან – პროტაგონისტის ბავშვობის მოგონებებს კიდევ უფრო ნოსტალგიურს ხდის ვასილ დოლიძის კამერა.

ფილმი იმდენად მოცულია სურვილით, იყოს გულწრფელი, რომ ზოგჯერ ზედმიწევნით რეალისტური დიალოგები და ეკრანიდან მოსმენილი ფრაზები, როგორიცაა, „ქართული ფეხბურთის ყურებას, „სვარკას“ უყურო ჯობია“, უხეშ კალკს ემსგავსება. მხატვრულ რეალობაში ემპირიული რეალობის დოკუმენტური სიზუსტით გადატანა ყოველთვის ვერ იძლევა ნატურალიზმის სასურველ ხარისხს, უფრო – პირიქით. არგუმენტი – „ასე ხდება ცხოვრებაშიც“ – მხატვრული კინოს საზღვრებში ძალას კარგავს. თუმცა ფილმის სუსტ მხარეებზე ფიქრისას, პირველ რიგში, ალბათ, მაინც საეჭვო ღირებულების ტექსტი გახსენდება, რომელსაც მთავარი პერსონაჟი ნიკო (ლაშა ცქვიტინიძე) კადრს მიღმა კითხულობს.

მეორე მხრივ, შესაძლოა, „დრამერში“ სწორედ გულწრფელობის სურვილმა ჩამოაყალიბა ქართულ კინოში მივიწყებული – მეტაკინოს ელემენტები: თვითირონია, „მეოთხე კედლის“ რღვევა; ირიბი მინიშნებები, რომ ჩვენ ფიქციას ვუყურებთ; ფრთხილი შეხსენება, რომ ლაშა ცქვიტინიძე სინამდვილეში იმ ფილმის რეჟისორია, ტელევიზორში რომ უჩვენებენ. „დრამერში“ გვხვდება მეტაკინოსთვის დამახასიათებელი ისეთი ელემენტებიც, როგორიცაა, კინოგადაღების პროცესი და კინოაპარატურის ჩვენება. ეს უკანასკნელი ფინალში საკვანძო მნიშვნელობას შეიძენს. პერსონაჟები, ვერრეალიზებული შემოქმედებითი თუ სექსუალური სურვილებით, ხსნას ან ნარკორეალიზატორობაში ხედავენ, ან ქვეყნიდან წასვლაში. თუმცა ნიკოს მეგობარი, ბუმის ოპერატორი, რომელიც თავს ქარხანაში მუშაობით ირჩენს, საკუთარ პროფესიას ყველაზე საინტერესო ფუნქციას მოუძებნის: თუ „ქართული ჟანგის“ წინამორბედ სურათებში პოლიტიკური შრე შედარებით აბსტრაქტულია, „დრამერში“ ეს უფრო ცხადი და კონკრეტული ხდება. რეპრესიულ პოლიციურ აპარატს პროტაგონისტები კინოაპარატურას უპირისპირებენ და ფიზიკური თუ არა, მორალური უპირატესობით მაინც იმარჯვებენ.

ამ დებიუტის შემდეგ, კოტე კალანდაძემ რეჟისორ კეკო ჭელიძესთან ერთად იმუშავა სრულიად დაუვიწყარ დოკუმენტურ ფილმზე „მკვდარი სულების არდადეგები“, რომელიც ეკრანებზე „დრამერამდე“ ერთი წლით ადრე გამოვიდა. ამდენად, უაღრესად საინტერესოა, როგორ განვითარდება მუსიკოსის ფილმოგრაფია.

„დრამერის“ ფინალი საჭირო და დროული შეხსენებაა, კინოსა და ზოგადად ხელოვნების პოტენციალზე უსამართლობასთან ბრძოლაში.

კინოს გადაღების სურვილით შეპყრობილმა ავტორებმა, დაფინანსების მოპოვების იმედით, უსამართლობაზე რომ პირში წყალი არ უნდა ჩაიგუბონ, სოსო ბლიაძემაც შეგვახსენა თავისი ფილმის, „ჩემი ოთახის“ ჩვენებამდე, რომელშიც განსაკუთრებით შთამბეჭდავია მთავარი როლის შემსრულებლების თაკი მუმლაძისა და მარიკა ხუნდაძის სამსახიობო ოსტატობა. აქ ვერ შეხვდებით ქართულ კინოში გავრცელებულ ისტერიულობას, ტირილის უშედეგო მცდელობებს. პირიქით, მუმლაძე და ხუნდაძე ცრემლების შეკავების ოსტატები არიან. ისინი პერსონაჟთა შინაგან პროცესებს ეკრანზე ზომიერებითა და ინტელექტით ამჟღავნებენ. თინა (თაკი მუმლაძე) ღიმილითა და იუმორით ჰყვება თავს გადახდენილი ძალადობის შესახებ. ეს დისონანსი ფორმასა და შინაარსს შორის, წარუშლელ მხატვრულ ეფექტს ქმნის. სცენარიცა (რომლის თანაავტორი თაკი მუმლაძეა) და რეჟისორული გადაწყვეტებიც ოსტატურად უვლიან გვერდს ვიქტიმიზაციას, ქალის სხეულისა და „აქტუალური“ თემების ექსპლუატაციას.

აქ ლესბოსური ურთიერთობების შესახებ არსებული კინოკლიშეების პოვნაც გაგიჭირდებათ, რაც ხან ფეტიშიზაციისთვის თავის არიდების მიზნით სტერილურ ურთიერთობებში ვლინდება, ხანაც ქალის სხეულის მხოლოდ სექსუალურ ობიექტად წარმოჩენაში. ფილმის ავტორს ეყო გამბედაობა და ორი ქალის ურთიერთობა მთელი თავისი ვნებითა და ნატურალიზმით გვიჩვენა. რეჟისორის მთავარი ინტერესი არა ქალების, არამედ პატრიარქატის ამორალური, ბნელი კუნჭულების ეკრანზე გამოაშკარავებაა.

რეჟისორი ენდობა მაყურებელს და არ ცდილობს თითოეული სიუჟეტური ხაზის დამარცვლას. კოვიდით დაღუპული დედის დაკრძალვიდან თინას გამოაგდებენ. ამ ყველაფერს კი თვალს ვადევნებთ მანქანის ფანჯრიდან, სტატიკური, გაუჭრელი კადრით. რადგანაც ხმა მანქანაში სათანადოდ ვერ აღწევს, მოქმედება კი მანქანისგან შორს ხდება, მაყურებლის სმენაცა და მხედველობაც კონცენტრირდება კონფლიქტზე გამძაფრებული ინტერესით. მიუხედავად იმისა, რომ დიალოგი არ ისმის, ყველაფერი ისედაც ცხადია, „მოთვალთვალე“ მაყურებელი ასე, უსიტყვოდ უკეთ ითავისებს მანქანაში დაბრუნებული მთავარი გმირის ტკივილს.

„ჩემი ოთახი“ ფაქტობრივად ნულოვანი ბიუჯეტით, პანდემიის პერიოდში შეიქმნა. ეს კიდევ არ იქნებოდა განსაცვიფრებელი ამბავი, საქმე რომ არ გვქონდეს არა მხოლოდ 2022 წლის, არამედ ბოლო წლების ერთ-ერთ საუკეთესო ქართულ ფილმთან.