ქართული პოლიტიკური ელიტის „ახალი სისხლი“

ირა ბერიძე

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ქართული პოლიტიკური ცენტრი, რომელშიც ერთნაირად მოიაზრება, როგორც სახელისუფლებო პარტია, ისე ოპოზიციური პარტიების მრავალფეროვნება, ლოგიკური იდეოლოგიური ნიშნულების ირგვლივ ხელახლა გადანაწილდა. ერთი შეხედვით, ქაოსური პოლიტიკური პროცესების მიღმა ნათლად ჩანს ნაცნობი თანმიმდევრულობა დღის წესრიგისა, რომელიც მონაცემთა გადანაცვლებით უკვე მრავალი წელია არ იცვლება.

ამ პოლიტიკურ დინამიკაში იდეოლოგიური ბრძოლა, რამდენადაც ფერმკრთალი არ უნდა იყოს ის ქართულ რეალობაში, ძირითადად ცენტრიდან მარჯვნივ და პირიქით მიმდინარეობს.

მემარცხენე განზომილება აქ ცარიელი სივრცეა, რომელიც დროდადრო ერთეულების აკადემიური თუ NGO-პრაქტიკების ხარჯზე ივსება. მემარცხენე იდეოლოგიის სუბიექტები აქა-იქ თუ გაიელვებენ მედიასივრცეშიც. მათი სახეები და სახელები იდეოლოგიური თანამოაზრეების წრეს იშვიათად სცდება. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი, დროდადრო ლიბერალური დღის წესრიგის სუბვერსიული იდეებით მოხელთებას ვერ ახერხებენ. მცდელობები მრავალგზის და მრავალგვარი ყოფილა, მაგრამ იშვიათად არსებითი, რადგან რთულია იმ ნეოლიბერალური სისტემის გარღვევა, რომელსაც დღეს ამგვარი ყოვლისმომცველობით დაუსაკუთრებია პოლიტიკური ველი.

ამ მოცემულობით, მემარცხენე პოლიტიკური შეხედულებების ინდივიდისთვის ორი გზა იკვეთება – პირველი: ძველი (სუბვერსიული) ბრძოლების გაგრძელება, ნაბიჯ-ნაბიჯ ამ წინააღმდეგობების პოლიტიკურ დღის წესრიგში თარგმნა და ცენტრსა თუ პერიფერიაში სამოქმედო არეალის თანმიმდევრული გაფართოება; და მეორე: აქტივისტური სულისკვეთების გადააზრების ფონზე, არსებულ პოლიტიკურ ელიტასთან ადაპტირება.

წლევანდელი წინასაარჩევნო პროცესი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რა მოცემულობების პირისპირ აღმოჩნდება მემარცხენე სუბიექტი მაშინ, როდესაც ის გადაწყვეტს პოლიტიკურ ველში შეაბიჯოს. აქ შეგნებულად ვსაუბრობთ „მემარცხენე იდეოლოგიის სუბიექტებზე“ და არა „ჯგუფზე“, რადგან, როგორც არაერთგზის ითქვა, მათი ორგანიზებულ ჯგუფად ჩამოყალიბების პროცესი ჯერ კიდევ არამყარ ფუნდამენტზე დგას.

ასე „აღიჭურვა“ წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიების დიდი უმრავლესობა მემარცხენე „ფრთებით“. ზოგი ხმაურით, ზოგიც უხმაუროდ შეურთდა განსხვავებული იდეოლოგიური ღერძის ირგვლივ მოძრავ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელთაც „მემარცხენე ადამიანური რესურსი“ ერთგვარ ეგზოტიკურ დანამატად ესახება. მისი წილი „მემარცხენე სული“ უკვე დიდი ხანია სამთავრობო პარტიამაც ჩაინერგა. მაშინ, როცა მმართველი პარტია ფსონს „ძველი ყაიდის“ მემარცხენე პარტიების მიერთებასა, თუ მემარცხენე coolness-ის კონცეფციებისა და თანამედროვე leftist-ესთეტიკის დაფუძნების მცდელობებზე დებს და ამისთვის რამიშვილს & Co-ს ააქტიურებს, პარტია „ლელო“ „ალალი“ და „სუფთა ხელებით მოსულ“ მემარცხენეებს ირჩევს.

ამ დროს „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიური ფრთა აკადემიური სივრცეებში ამოზრდილი მემარცხენეების გადაბირებით გადის ფონს. რამდენად მრავალფეროვნადაც არ უნდა მოგვეჩვენოს მემარცხენე იდეოლოგიის ნეოლიბერალურ პოლიტიკურ დღის წესრიგში ჩანერგვის ეს თვალთმაქცი მცდელობები, რომლებიც დიდწილად პოლიტიკურ პროგრამებში სოციალური საკითხების მოჩვენებითად წინა პლანზე გადმოწევით, ქართველი ამომრჩევლის გულის მოგებას ესწრაფვის, ის მაინც ერთ საერთო ლოგიკას ექვემდებარება.

მტკივნეულია იმაზე დაკვირვება, რა შინაარსის შიდაპარტიული მზერა მიემართება ამ დროს მემარცხენე ინდივიდს. მას, ახლა უკვე თავისივე კოლეგები, სოციალურ საკითხებზე კონცენტრირებისას ყოველ ჯერზე ნიშნის მოგებითა და „ენისმოჩლექით“ ესაუბრებიან და წარამარა მემარცხენეობის უკვე გვარიანად გაცვეთილ „უტოპიურ“ ფუნდამენტსაც წამოაძახებენ ხოლმე. ამ ხელოვნურად „რეკრუტირებულ“ ახალგაზრდებს აქა-იქ საქართველოს კომუნისტურ წარსულზეც კი უწევთ თავის მართლება.

მწარეა იმაზე დაკვირვებაც, თუ როგორ ხდება ამ ხელ-ფეხშეკრულ მდგომარეობაშიც კი მათი მუდმივი ინსტრუმენტალიზება. ასე ჩუმად შემოპარებული მემარცხენე იდეოლოგიური ჩარჩო ხშირად ირონიული თუ კარიკატურული ტონის პარადიგმად იქცევა. დაუკვირვებელი თვალისთვისაც მაშინვე ნათელი ხდება, ქართულ ნეოლიბერალურ პოლიტიკაში წინასაარჩევნოდ როგორი მოცემულობის სივრცე თავისუფლდება სოციალური საკითხებისთვის და როგორი ილეთებით ხდება ამ სივრცის ათვისება. ქართულ პოლიტიკურ ელიტას ხელ-ფეხშეკრული და მორიდებული მემარცხენეები სჭირდება. მემარცხენეები, რომლებიც სატელევიზიო ეთერში ყოველ ჯერზე ბოდიშის მოხდით წამოწევენ ხოლმე წინა პლანზე მწვავე სოციალურ საკითხებს.

წლევანდელმა პოლიტიკურმა დინამიკამ კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ დაგვანახა, რომ ნეოლიბერალური სისტემა „შიგნიდან“ არ გატყდება, ის თავად მრავალგზის გაგტეხს მანამდე, სანამ მის ჰეგემონიურობას პირველი თვალსაჩინო ბზარი გაუჩნდება.