დათო ლიკლიკაძე
რანაირი გაპრანჭულიცაა, ისეთი გადაპრანჭული დღესასწაული აქვს ამ ქალაქს.
ეს „გვირილობაც“, როგორც სუფთა ევროპული ამბავი, პირდაპირ ევროპიდან წამოიღეს და ამ დრომდე აღნიშნავენ. ამასწინ გერმანელები ფილმსაც კი იღებდნენ (არ ვიცი რა ბედი ეწია ამ ფილმს) თურმეო, გვირილობის ეს დღე, რომელსაც ბერლინი, ციურიხი, ჟენევა, ოსლო და სტოლკჰომი აღნიშნავდნენ, მხოლოდ ქუთაისში შემორჩენილაო.
ქუთაისში, ტრადიციული ქალქობა, ანუ ქუთაისის ქალაქის დღე, იგივე „გვირილობა“ 2 მაისს აღინიშნება. ტრადიცია გასული საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს და აგერ უკვე 100 წელზე მეტია იმართება, ისე რომ თვით კომუნისტების დროსაც არ ყოფილა წყვეტა. თუმცა რატომ მაინცდამაინც 2 მაისს, ეს არავინ იცის. თუმცა ამის ცოდნა მნიშვნელოვანი ამბავი უნდა იყოს, რადგან ქალაქობის დღესასწაულს „ორმაისობასაც“ ეძახიან.
ახლა ცოტა რამ თავად გვირილობის შესახებ.
ქუთაისში გვირილობის დღესასწაულის, როგორც საქველმოქმედო დღესასწაულის აღნიშნვა, 1911 წლიდან დამკვიდრდა. გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი დაავადებულთა სასარგებლოდ იხარჯებოდა.
“გვირილობა” ტარდებოდა გაზაფხულზე, მაისის დასაწყისში. „გვირილობა” გიმნაზიელ გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება. გიმნაზიელმა გოგონებმა გვირილების გაყიდვის აქცია მოაწყვეს, რომ ტუბერკულოზით დაავადებულებს დახმარებოდნენ. ამ აქციას შემდგომში ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად გადაიზარდა.
ალექსანდა, იგივე საშა ჩიქოვანი ულამაზესი გოგონა ყოფილა და მამაკაცები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინც უფრო მეტ ფულს გადაიხდიდა სიმბოლურ გვირილაში.
დღესასწაულმა სხვადასხვა ეპოქაში ფორმა და სახე იცვალა, თუმცა ქუთაისობის იდეა ყველა ზეიმში იდო. ორმაისობას როგორც წესი მუხნარის ტყეში დოღით ასრულებდნენ, რომლის შემდეგ უქიმერიონის გორაზე დილამდე ისმოდა დები იშხნელების ბაბთიანი გიტარის ხმები, რომელიც მთელს ქალაქს ეფინებოდა.
“თეთრი გვირილის დღის” იდეა დაიბადა სკანდინავიის ქვეყნებში. პირველად კი მისი აღნიშვნა და ორგანიზება მოხდა შვედეთში 1908 წლის 1 მაისს.
გვირილობა ქუთაისში სულ პირველად 114 წლის წინ აღნიშნეს.
გვირილობას იმართებოდა დოღი, ორატორთა გამოსვლა, სახალხო სეირნობა და კონცერტები. ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ ბულვარში ტარდებოდა. ”გიმნაზისტკები” და ”გიმნაზისტები” ბულვარში გართობა-სეირნობის დროს იაფ ლატარეას ათამაშებდნენ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის შესაწირად..
ამ დღეს ფაეტონზე შემდგარი ქუთაისელი ლამაზმანი გაშლილი თმით და თეთრი გრძელი კაბით, დროშით ხელში მიუძღოდა საყოველთაო მსვლელობას ბაღის კიდეზე..
უხუცესი ქუთათური ქალბატონების: ვერა გვანცელაძე-ჯიქიასა და ნინო ხათრიძე-ფილიპოვის მოგონებებში აღწერილია და დაცულია ცალკეული დეტალები გვირილობისა. საზოგადოებრივი კომიტეტი, რომელშიც შედიოდნენ ქალაქის წარჩინებული, ავტორიტეტული მოქალაქეები, სამი დღის განმავლობაში ატარებდა ზეიმს. ბულვარში, ქალაქის ცენტრში, ულამაზეს ქალბატონებს უკან მოჰყვებოდა გვირილებით სავსე კალათით გიმნაზიელი ქალ-ვაჟი. მოქალაქეებს მათგან უნდა შეეძინათ გვირილა.
მშვენიერი ქალბატონი მათ მკერდზე დააბნევდა გვირილას, რომელიც სამი დღე უნდა ეტარებინათ იმის ნიშნად, რომ უკვე გაწეული ჰქონდათ ქველმოქმედება. მოგროვებულ თანხას საღამოს კომიტეტს ჩააბარებდნენ, მეორე და მესამე დღეს კი სხვა დედოფალი და სხვა გიმნაზიელები განაგრძობდნენ საქველმოქმედო მუშაობას ბულვარში. სამი დღის შემდეგ კომიტეტი დააჯამებდა შემოწირულობებს და ამ მოგროვილ თანხას ტუბერკულიოზით დაავადებულთა დასახმარებლად გაანაწილებდა…
როდესაც „გვირილობის“ აღნიშვნაზე ვსაუბრობთ აუცილებლად უნდა ვახსენოთ დიდი ქართველი მოღვაწეები, იოსებ ოცხელი (ქუთაისის თავადაზნაურთა სასწავლებლის დამაარსებელი და პირველი დირექტორი), ეს ის ოცხელია, რომელიც სოფლებიდან ქუთაისში ჩამოსულ ნიჭიერ მოსწავლეებს ეხმარებოდა და ვისაც ღამის გასათევი არ ქონდა სახლსაც უთმობდა. ასეთი გახლდათ აბაშიდან ჩამოსული პატარა მოსწავლე, კონსტანტინე გამსახურდია, რომელსაც იოსებ ოცხელმა გაუკვალა გზა. ასევე უნდა ვახსენოთ მაშინდელი ქუთაისის თავი ილია ჩიქოვანი და დიდი მოღვაწე გრიგოლ გველესიანი (შემდგომში პირველი დამოუკიდებელი ქვეყნის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე და კონსტიტუციის ერთ ერთი ავტორი). ოცხელი, გველესიანი და ჩიქოვანი სამწუხაროდ უსამართლოდ არიან მივიწყებული ამ შემთხვევაშიც, რადგან არქივებში ვკითხულობთ, რომ სწორედ მათი თაოსნობით შემოუღიათ ევროპიდან გვირილობის აღნიშვნა. მაგრამ მაშინვე უთქვამთ, რომ ეს იდეა ქალებმა უნდა განახორციელონ. სწორედაც რომ ქალები შეძლებენ ამ ზეიმს დიდი ქველმოქმედების სახე მისცენო.
მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, თავად ეს ტრადიცია საბჭოთა საქართველოს პირობებში დავიწყებას მიეცა (ის მოგვიანებით აღადგინეს გასული საუკუნის 90 იან წლებში), თუმცა ქალაქობის დღის აღნიშვნა 2 მაისს არასოდეს შეწყვეტილა და დღეს ქუთაისი ამ ტრადიციას 114-ჯერ უკვე შეხვდა.
ეს დღეს არ არის მხოლოდ ქუთაისელობა და ქალაქელობა, ეს დღე ერთგვარი მადლიერების და ქველმოქმედების დღეც არის და სწორედ ამით გამოარჩევს ის ჩვენი ქვეყნის სხვა ქალქების ზეიმისგან.
ასევე ეს დღე ერთგვარი ფემინისტური გამოძახილიც არის, თუ რა შეუძლიათ და რა შეეძლოთ ქუთაისელ ქალებს. სხვადასხვა დროს ხომ ამ ამბავში ისეთი ქალები იყვნენ ჩართული როგორებიც გახლავთ კატო მიქელაძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ანა კალანდაძე, ვარინკა წერეთელი, ოლია ოკუჯავა, მერი დავითაშვილი, დები იშხნელები და სხვები.
სწორედ ამ ქალაქის დღესასწაულს მიძღვნა კიდევ ერთი ვიდეო საქართველოს ბანკმა. ვიდეოში კიდევ ერთელ შეგიძლიათ ნახოთ ადგილები და ისტორიები, რომელიც ქუთაისს ასე გამორჩეულს ხდის.