რა არის შარიათის კანონი, რომლის მიხედვითაც თალიბანი ავღანეთის მართვას აპირებს

პუბლიკა

ლევან იოსელიანი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი

 

ავღანეთში განვითარებული მოვლენებისა და პროცესების ფონზე, მას შემდეგ,  ამ ქვეყნის ხელისუფლებაში „თალიბანი“ დაბრუნდა და ავღანეთში შარიათის კანონების შემოღება იგეგმება, აქტუალური ხდება საკითხი, თუ რას წარმოადგენს თავად შარიათი და რა იგულისხმება მისი კანონების ქვეშ.

მუსლიმური სამართლის ისტორიული წყაროებს წარმოადგენს ყურანი, სუნა და იჯმა.  ისლამის წმინდა წიგნი ყურანი, შედგება ალაჰის გამონათქვამებისგან.  სუნა, ადათებისა და ტრადიციების კრებულია, რომელიც გადმოგვცემს მუჰამედის გამონათქვამებს. მუსლიმური სამართლის მესამე წყარო იჯმა კი,  შედგენილია მეცნიერების მიერ იმ ხარვეზების შესავსებად, რომელიც არსებობდა ყურანსა და სუნაში. 

თავად შარიათი კი, არაბული სიტყვაა და ნიშნავს „პირდაპირ, სწორი გზას“. შარიათი, თავისთავად არ წარმოადგენს ნორმატიულ აქტს, იგი დათქმების, პრინციპებისა და დებულებების  ერთობლიობაა, რომელიც განსაზღვრავს  მუსლიმის იდეოლოგიას, ზნეობრივი ღირებულებებს  და რელიგიურ  სინდისს.

შარიათი  არეგულირებს ადამიანის ურთიერთობის  ყველა მხარეს, მათ შორის  მის  ურთიერთობას  ოჯახთან და ღმერთთან. შარიათი  შეადგენს იმას, რასაც მუსლიმურ სამართალს უწოდებენ. ეს სამართალი მუსლიმს უთითებს, როგორ მოიქცეს რელიგიის შესატყვისად. შარიათი, როგორც წესი, რელიგიურ, სამოქალაქო და სისხლის სამართალს აერთიანებს.

შარიათი მთლიანად ეყრდნობა ისლამის წმინდა წიგნებს – ყურანს და სუნას. სწორედ, ყურანისა და სუნას საფუძველზე წარმოიშვა შარიათი, ხოლო  შარიათისაგან ჩამოყალიბდა მეცნიერება სამართლის შესახებ,  მუსლიმური სამართალი, რომელსაც არაბულად ფიყჰი  ეწოდება. 

ფიყჰში  მოცემულია შარიათის ძირითადი პრინციპები და დებულებები.  ფიყჰი  წარმოადგენს  მუსლიმური კანონმდებლობას. მუსლიმური სამართლის მეცნიერება, ანუ უფრო ზუსტად, მუსლიმური კანონების დოქტრინალური გამოცემა ფიყჰი ორი ნაწილისგან შედგება. ფიყჰი განმარტავს, თუ როგორ და რა წყაროებიდან წარმოიშვა წესების კომპლექსი, რომელიც შარიათს  შეადგენს. 

ავღანეთი, ეგვიპტე, ინდონეზია, ირანი, ერაყი, მალაიზია,  მავრიტანია, ნიგერია, პაკისტანი, ყატარი, საუდის არაბეთი, სუდანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და იემენი იმ სახელმწიფოთა არასრული ჩამონათვალია, სადაც  შარიათის კანონები მოქმედებს.  ქუვეითის, ყატარის, ბაჰრეინის, არაბთა გაერთიანებული საამიროების და ომანის სახელმწიფოს კონსტიტუციებით შარიათი  კანონმდებლობის ძირითადი წყაროა, თუმცა სხვა სამართლის წყაროები უარყოფილი არაა.

ისლამურ სახელმწიფოთა  ნაწილში, მხოლოდ შარიათის სასამართლოები ფუნქციონირებენ. თუმცა, მეორეს მხრივ, არსებობენ სახელმწიფოები, სადაც სამოქალაქო და რელიგიური სასამართლოები ერთად თანაარსებობენ. ასეთ, მოცემულობაში, სასამართლოებს შორის კომპეტენციებისა და განსჯადობისა  საკითხები  სრულად  გამიჯნული არ არის. ძირითად შემთხვევებში, სამოქალაქო სასამართლოები განიხილავენ სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებს, ხოლო  შარიათის სასამართლოები, განიხილავენ  საოჯახო საკითხებს მიკუთვნებული კატეგორიის დავებს.  

საინტერესო ფაქტია, ასევე რომ პირველი და მეორე რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს,  საველე მეთაურები აქტიურად მოქმედებდნენ ისლამური და კერძოდ შარიათის იდეების დროშის ქვეშ, რათა მოეხდინათ  სახელმწიფოს მუსულმანური იდეალების რეალიზება.

1998 წელს შარიათის სასამართლომ გაასამართლა  ასლან მასხადოვი, ჩეჩნეთის რეპუბლიკის-იჩქერიის პრეზიდენტი. მას ბრალი ედებოდა შარიათის კანონების დარღვევაში, კონსტიტუციასა და ყურანზე დადებული ფიცის შეუსრულებლობასა და ძალაუფლების უზურპაციაში.

აღსანიშნავია, რომ  თავად მასხადოვი ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში,  შარიათის  გაძლიერების მიმართულებით აღებულ კურსს შეუქცევადად მიიჩნევდა. 1997 წელს კი, ჩეჩნეთში რამდენიმე პირი შარიათის კანონების დარღვევის გამო, საჯაროდ დასაჯეს  სიკვდილით. 

შარიათის თანახმად, ადამიანთა ქმედებები  დაყოფილია  რამდენიმე  კატეგორიად, კერძოდ ესენია: სავალდებულო ქმედება, რომელიც მუსლიმმა აუცილებლად უნდა განახორციელოს, თუმცა ჯილდოს პირი მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქმედების განხორციელების საფუძველი  გულწრფელი იყო. ასეთ ქმედებას განეკუთვნება, რელიგიური რიტუალების შესრულება; სასურველი ქმედება, რომელიც უნდა განხორციელდეს წინასწარმეტყველი მუჰამედის  მაგალითის შესაბამისად; დაშვებული ქმედება, არის ყველა ის ქმედება რომელსაც ადამიანი ახორციელებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგალითად კვება, ძილი და ა.შ.  შარიათის თანახმად,  ასეთი ქმედება არის ნეიტრალური, აუცილებელი და არ საჭიროებს შეფასებას, მორწმუნე აღნიშნულის გამო არ დაჯილდოვდება; დაუშვებელი  ქმედება,  რომლის  ჩადენა მუსლიმისთვის არ არის სასურველი და ბოლოს,  აკრძალული ქმედება ანუ ჰარამი, რომლის ჩადენას შედეგად მოყვება პასუხისმგებლობის დაკისრება, შარიათის სასამართლოს მიერ ან განკითხვის დღეს. 

შარიათის კანონების თანახმად,  აკრძალულია და ცოდვად ითვლება  მონაწილეობის  მიღება ცარიელ და უსარგებლო საუბრებში, კამათი უპირატესობის მოსაპოვებლად; მოსამსახურეების და ქვეშევრდომების, ასევე სუსტების დაჩაგვრა და ცემა; მეზობლების შეწუხება და მათთვის ზიანის მიყენება; მეცნიერისათვის შეურაცხყოფის მიყენება; ღარიბების დამცირება და მათი შერცხვენა უპოვრობის გამო; მიცემული სიტყვისა და აღებული ვალდებულების დარღვევა; ბედისწერისა და ასტროლოგების რწმენა, საკუთარ აზრებში თავის წმინდანად წარმოდგენა, სხვისთვის ზიანის მიყენების თხოვნით, ალაჰისადმი თხოვნით მიმართვა. 

შარიათის კანონები, არეგულირებს მორწმუნის ცხოვრების ყველა ასპექტს, რელიგიურ,  საოჯახო  და მემკვიდრეობით  ურთიერთობებს, სამოქალაქო და სისხლის სამართალს საკითხებს. შარიათის კანონების თანახმად, ალლაჰის კრიტიკა ან უარყოფა  ისჯება სიკვდილით, ყურანის რომელიმე ნაწილის კრიტიკა ან უარყოფა  ისჯება სიკვდილით, იმის უარყოფა, რომ მუჰამედი იყო ღმერთის მოციქული, ისჯება სიკვდილით. 

შარიათის კანონების თანახმად, საოჯახო ურთიერთობებში მამაკაცს უფლება აქვს, სცემოს ცოლს დაუმორჩილებლობისთვის; ასევე, მამაკაცს შეუძლია ცალმხრივად გაშორდეს ცოლს, თუმცა, ქალს სჭირდება ქმრის თანხმობა გაშორებაზე; გაშორებული ცოლი კარგავს უფლებას,  აღზარდოს  საკუთარი ბავშვები გარკვეული ასაკის ზევით.

ასევე, შარიათის კანონების თანახმად, სასამართლოში ორი ქალის ჩვენება უდრის ერთი კაცის ჩვენებას;  მდედრობითი სქესის მემკვიდრეს გადაეცემა იმის ნახევარი ქონება, რაც მამრობითი სქესის მემკვიდრეს გადაეცემა. ქალს აკრძალული აქვს, ელაპარაკოს კაცს პირისპირ, თუკი ეს კაცი არ არის მისი ქმარი ან ნათესავი. მსმელები და აზარტული თამაშის მოყვარულნი ექვემდებარებიან გამათრახებას.

ამასთან, შარიათის კანონები პირდაპირ არ იმეორებს ყურანის დანაწესებს და ზოგიერთ შემთხვევაში განსხვავებულადაც კი აწესრიგებს ამა თუ იმ საკითხს. მაგალითად, ყურანი არ ითვალისწინებს სასჯელის სახით ქვებით ჩაქოლვის გამოყენებას, რასაც შარიათის კანონები მოიცავს, მსგავსი ტიპის დანაშაულებისათვის გათვალისწინებულია გაროზგვა. ასევე, ყურანის თანახმად,  ქალმა უნდა ატაროს ჰიჯაბი, რათა დაიფაროს თავი და სხეული, თუმცა შარიათის კანონებისგან განსხვავებით, ყურანი არ მიიჩნევს სავალდებულოდ  სახის დაფარვას და ამ მიზნით ფარანჯის  ტარებას. 

შარიათის კანონის ცნება არ წარმოადგენს ერთმნიშვნელოვანი, დადგენილი და გაწერილი კანონების ერთობლიობას, რომელიც ყველა მუსლიმური ქვეყნისათვის საერთოა. იგი ცვალებადია და დამოკიდებული ამა თუ იმ ქვეყნის კულტურულ და საზოგადოებრივ მახასიათებლებზე.


ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.