რა ჩაწერა განაჩენში მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა | 11 პირის საქმე

პუბლიკა

აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 11 პირის საქმეზე დაცვის მხარეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის განაჩენის დასაბუთებული ნაწილი ჩაბარდა.

შეგახსენებთ, რომ გალუსტაშვილმა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლიდან სსკ-ის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა ან ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს – რაც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.

დაცვის მხარის ადვოკატები აღნიშნავდნენ, რომ 226-ე მუხლიც ორგანიზებული ჯგუფური დანაშაულია, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ მუხლით პირის დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში დადასტურებული უნდა იყოს ორგანიზებულად ჯგუფური დანაშაულის ჩადენის გარემოებები, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშული დანაშაულის შემადგენლობა უნდა გამორიცხულიყო.

9 თვის განმავლობაში დაცვის მხარის მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ ვერ მტკიცდება, ვინაიდან ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის ორგანიზებასა და ჯგუფურად მოქმედებას, შეკავშირებას ბარლადებულების მიერ.

„რომელ ორგანიზებაზეა საუბარი, მთვარი გამომძიებელი მოვიდა და თქვა, რომ ორგანიზება არ დასტურდებაო. ორგანიზება თუ არ დასტურდება, ორგანიზატორები არ ჰყავს და მაინც ორგანიზებული ჯგუფური მოქმედებაა, რავიცი… ასე თვალებში ნაცრის შეყრა სამართლის მიმართ მე პირველად ვნახე”, – ამბობდა ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი განაჩენის შემდეგ.

ორგანიზებისა და ჯგუფურობის ნაწილი – რას წერს გალუსტაშვილი

ნინო გალუსტაშვილი განაჩენში არაფერს ამბობს, არსებობდა თუ არა ამ განსახილველ შემთხვევაში ორგანიზებული ჯგუფური დანაშაული, ადგილი ჰქონდა თუ არა ბრალდებულების შეკავშირებასა და ა.შ. მოსამართლე წერს მხოლოდ იმას, აღნიშნულ ქმედებაში აქტიური მონაწილეობაც იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

„პირის ქმედების მითითებული მუხლით [გულისხმობს 226-ე მუხლს] მსჯავრდებისთვის აუცილებელია შემდეგი ნიშნების ერთობლივად არსებობა:

1) პირი ორგანიზებას უწევს ან ხელმძღვანელობს ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს და

2) ხსენებული ქმედება

  • ა) უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს;
  • ბ) დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან
  • გ) რამაც ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია.

დანაშაულის შემადგენლობის მეორე კომპონენტის სამივე ნაწილი ცალცალკე აღებულიც გამოიწვევს  სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

დანაშაულის ობიექტური მხარე ასევე გამოიხატება ზემოთ ჩამოთვლილ ქმედებაში აქტიური მონაწილეობით”, – ამბობს გალუსტაშვილი.

როგორც ის განაჩენში წერს, ჯგუფური მოქმედების ორგანიზება სახეზეა, როცა პირი შეკრებს ხალხს, მოუწოდებს პირებს ქმედების ჩადენისკენ, აძლევს მითითებებს და ა.შ. ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას შედეგად უნდა მოჰყვეს საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა. საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა შეიძლება გამოიხატოს ქუჩაში მოძრაობის შეფერხებაში, რაც შეიძლება გამოიხატოს ტრანსპორტის საწარმოს ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხებაში და ა.შ.

„ჯგუფური მოქმედება შეიძლება გამოიხატოს არა მარტო საზოგადოებრივი წარმომადგენლის წესრიგის უხეშ დარღვევაში, არამედ ხელისუფლების კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობაში. ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობის დროს კი არაა აუცილებელი ადგილი ჰქონდეს საზოგადოებრივი წესრიგის უხეშ დარღვევას.

ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობაში იგულისხმება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში რიგითი მონაწილეობა, მიუხედავად თითოეული მონაწილის მიერ განხორციელებული ქმედების მართლწინააღმდეგობის ხარისხისა – რამდენადაც მოცემული დანაშაულში მონაწილე თითოეული პირის ქმედება ერთობლიობაში ხელყოფს ამ მუხლით დაცულ სამართლებრივ სიკეთეს – საზოგადოებრივ წესრიგს.

სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივსა და მიზანს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. პირი შესაძლოა განაწყენებული იყოს ხელისუფლების რომელიმე ორგანოსა თუ კონკრეტული ორგანიზაციის თანამდებობის პირის საქმიანობაზე და სხვა. მიზანი შეიძლება იყოს ის, რომ აიძულონ ხელისუფლება ან კონკრეტული სახელმწიფო მოხელე, მიიღოს მათთვის სასურველი გადაწყვეტილება და ა.შ.

ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული გამოიხატება განზრახვაში. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ ისეთ ჯგუფურ მოქმედებას უკეთებს ორგანიზებას, რომელიც უხეშად დაარღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ასევე გაცნობიერებული აქვს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერ მოთხოვნას აშკარად არ ემორჩილება, აფერხებს ტრანსპორტის, საწარმო დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობას ან გაცნობიერებული აქვს, რომ აქტიურად მონაწილეობს ამ ქმედებაში და სურს ეს”, – წერს ის. 

სპონტანური მოქმედება?

დაცვის მხარე დასკვნით სიტყვებში ამბობდა იმასაც, რომ ბრალდებულების მოქმედება უნდა შეფასდეს სპონტანურად და არა ორგანიზებულად. მათი განმარტებით, თუ არ დადასტურდება მონაწილე პირთა მიმართ, ერთმანეთთან კავშირი, ნაცნობობა, განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებული ხასიათი, ანდა მათ მიერ აღნიშნული ქმედებების ვინმეს მითითების შესრულების ფაქტი, სასამართლომ უნდა გამოიტანოს გამამართლებელი გადაწყვეტილება. თუ პირები მოქმედებდნენ სპონტანტურად, ჯგუფურად, კონკრეტულ დროს სიტუაციიდან გამომდინარე, სასამართლო პრაქტიკის თანახმად, აღნიშნული გამორიცხავს ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობას”.

მოსამართლემ ასევე გამორიცხა დაცვის მხარის არგუმენტი, რომ ბრალდებულების მოქმედება იყო სპონტანური:

„პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დაწყებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ აქციის მონაწილეების ნაწილი აშკარად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, იგინებოდნენ, ისროდნენ სხვადასხვა საგნებს და აწყობდნენ ბარიკადებს, ასევე აზიანებდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ინფრასტრუქტურას. ამასთან, აგრესიულად განწყობილი აქციის მონაწილეების მხრიდან ადგილი არ ჰქონია სპონტანურ ქმედებებს, გამოკვლეული მტკიცებულებებით აშკარაა, რომ აქციის მონაწილეების ნაწილი, მათ შორის ბრალდებულები რუსთაველის გამზირზე და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე თითქმის ერთდროულად, მიზანმიმართულად იწყებდა ლანძღვა – გინებას, ორგანიზებულად აგროვებდნენ სხვადასხვა ნივთებს, ერთდროულად იწყებდნენ სროლას და ეხმარებოდნენ ერთმანეთს ბარიკადების მოწყობაში. სასამართლოს წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად დადგენილად მიაჩნია, რომ აგრესიულად განწყობილი აქციის მონაწილეები, მათ შორის ბრალდებულები იღებდნენ აქტიურ მონაწილეობას ჯგუფურ მოქმედებებში, რომელიც მიმართული იყო საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისკენ”, – ვკითხულობთ განაჩენში. 

ნინო გალუსტაშვილი თავადაც წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრალის გადაკვალიფიცირება მოხდა, ანუ ქმედების სამართლებრივი შეფასება შეიცვალა, ის არსებითად არ განსხვავდება თავდაპირველად წარდგენილი ბრალისგან.

„აღნიშნული არ წარმოადგენს თვისობრივად განსხვავებულ ან ისეთი დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდებას, რაც არსებითად განსხვავდება წარდგენილი ბრალდებისაგან და განჭვრეტადი არ შეიძლება ყოფილიყო დაცვის მხარისათვის. მიმართ წარდგენილი ბრალდების გადაკვალიფიცირება ხდება იმავე თავით გათვალისწინებულ დანაშაულზე… [] კვალიფიკაციის მსგავსი სახით შეცვლა დაცვის მხარისთვის არის მოსალოდნელი და განჭვრეტადი და არ არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ, ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლებას. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო არ სცდება წარდგენილი ბრალდების თვისობრივ და არსებით შინაარსს”, – წერს გალუსტაშვილი. 

დრო, საგანი, ჰაბიტოსკოპია

განაჩენის ძირითად ნაწილში მოსამართლე მიმოიხილავს სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა (დაზარალებულად მიჩნეულების) ჩვენებებს, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებს, საქმეზე დამაგრებულ ვიდეოებს და უტყუარად დადგენილად მიაჩნია ბრალდებულების მიერ განხორციელებული ქმედების დრო (რიცხვი, თვე და წელი).

რაც შეეხება ჰაბიტოსკოპიურ დასკვლებს, მოსამართლე აქაც წერს, რომ ექსპერტის დასკვნებში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ არსებობს.

„ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნების და ექსპერტების [] ჩვენებების ანალიზის შედეგად დადასტურდა, რომ პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე ჩატარებულ იქნა კვლევები შესაძლო მონტაჟის და რედაქტირების დადგენის მიზნით და დადგინდა, რომ არცერთ შემთხვევაში პიროვნების იერსახის გამოსახულებას მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნებოდა…

…აქვე, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს გურამ მირცხულავას და ჯანო არჩაიას დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაზე და ექსპერტის ჩვენებაზე. ექსპერტმა მარიკა ტოკლიკიშვილმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაკითხვისას აღნიშნა, რომ ვიდეოჩანაწერი სადაც ასახულია გურამ მირცხულავა წარმოადგენს ორი განსხვავებული ვიდეოფრაგმენტის შეერთებას.

სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზა არ გამორიცხავს ბრალდების მხარის ექსპერტების ჩვენებებს ვიდეოჩანაწერების შეერთებასთან დაკავშირებით. სასამართლო უთითებს, რომ როგორც დაცვის ისევე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზები არის კატეგორიული, საქმეში არ მოიპოვება- რაიმე სხვა მტკიცებულება, რაც სასამართლოს დაცვის ან ბრალდების მხარის დასკვნის უპირობოდ გაზიარების ან არ გაზიარების საფუძველს მისცემდა”, – წერია განაჩენში. 

გალუსტაშვილი მიიჩნებს, რომ ბრალდებულების მიერ ჩადენილია ჯგუფურ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობა, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.

„გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დგინდება, რომ რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2024 წლის 28 ნოემბრიდან – 3 დეკემბრამდე დროის შუალედში ჯგუფურ მოქმედებში მონაწილე პირები ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ირაკლი ქერაშვილი, სერგეი კუხარჩუკი, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა დაბუა, გურამ მირცხულავა, გიორგი ტერიშვილი, რევაზ კიკნაძე და ვალერი თეთრაშვილი ისროდნენ სხვადასხვა ნივთებს, რითაც უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს”, – წერს ის.