რა იცვლება საკლასო ოთახებში

ლიკა ზაკაშვილი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ე.წ. სქემა, რომელიც სასკოლო საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, უკვე 8 წელზე მეტია, არსებობს.

მისი დეკლარირებული მიზანი მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და სწავლების ხარისხის ამაღლებაა. რამდენად მიაღწია სქემამ დასახულ მიზნებს, უცნობია. 8 წლის თავზე უტყუარი მონაცემები, რომლებიც დაადასტურებდა პროგრამის დადებით გავლენას სწავლების ხარისხზე, არ გვაქვს.

ბოლო წლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პოლიტიკის კრიტიკა მატულობს. პედაგოგები ამბობენ, რომ აქტივობებს, რომელთაც სქემის მოთხოვნების დასაძლევად ასრულებენ, ხშირად ფორმალური ხასიათი აქვს.

კრიტიკა შეეხება მასწავლებლების სხვადასხვა კატეგორიად დაყოფის საკითხს და იმ აქტივობებს, რომელთა შესრულებაც სტატუსის ასამაღლებლად სჭირდებათ. ერთ-ერთი ასეთი საკითხია ტრენინგები. მასწავლებლები წუხან სავალდებულო ტრენინგების გამო, რომლებიც ხშირად არასამუშაო დღეებში ან შვებულების პერიოდში იმართება.

კრიტიკა ეხება შინაარსსაც. მასწავლებელთა მნიშვნელოვანი ნაწილის აზრით, ტრენინგების შინაარსი, რიგ შემთხვევაში, წინააღმდეგობრივია ან ეფუძნება მხოლოდ თეორიას და არ აქვს კავშირი რეალურ სასკოლო გარემოსთან.

„სავალდებულო ტრენინგებს თუ არ დავესწარი, რა მოხდება? არანაირი სურვილი არ მაქვს, შაბათ-კვირას რამდენიმე საათი ონლაინტრენინგს ვუსმინო! ორშაბათს შვილის დაბადების დღეა და იქნებ დაგვიტოვონ რამე წმინდა.“

„ახალი მარგალიტი, რვადღიანი გადაბმული ტრენინგი შუა ზაფხულში მასწავლებელთა სახლიდან საჩუქრად. აკადემიას გვამთავრებინებენ და ვერ ვხვდებით! (ჭადრაკის) დღეში ორი საათი. წინა წელს გავიარეთ და ახლა კიდევ. ნორმალურებს არ დაგვტოვებენ ეს ხალხი, რა ვქნათ რა გავაკეთოთ, ამ რეჟიმში ცხოვრება აღარ შეიძლება!“

„ტრენერები ხელფასს იღებენ და მასწავლებელს არაფერს ეკითხებიან, იქნებ უკვე დაგეგმა ვინმემ შვებულება და აღარ სცალია? სასწავლო წლის მანძილზეც შაბათ-კვირას ნიშნავენ ტრენინგს, არასდროს სცემენ პატივს სხვა ადამიანის დროს.“

სოციალურ ქსელებში მსგავსი შინაარსის არაერთ პოსტს ნახავთ. რატომ არსებობს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასთან მიმართებით უკმაყოფილება, რა სახის სისტემურ პრობლემაზე მიუთითებს ეს და რა ცვლილებებია გასატარებელი – ამ საკითხებზე „პუბლიკა“ პედაგოგებსა და განათლების მკვლევრებს ესაუბრა.

მაშინაც და ახლაც იგივე დავრჩი

ვეფხვია მანია ახალგაზრდა მასწავლებელია, 7-წლიანი სტაჟით. ის სკოლაში ხელოვნებას ასწავლის. ასწავლიდა როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში – როგორც რეგიონში, ისე დედაქალაქში.

პედაგოგობა საბაკალავრო განათლების დასრულების შემდეგ გადაწყვიტა. სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ „ჯარი ემუქრებოდა“. სოფლის სკოლაში მასწავლებლის ვაკანსია გამოჩნდა და ასე დაიწყო მისი პროფესიული ცხოვრება სასკოლო სისტემაში.

მალე მიხვდა, რომ პედაგოგობა მოსწონდა და ბავშვებისთვის სწავლება „მისი იდენტობა“ გახდა. ჩაერთო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში, ჩააბარა ორი გამოცდა: ერთი – საგნის კომპეტენციის დამადასტურებელი და მეორე – პროფესიული უნარები. გამოცდების ჩაბარების შემდეგ მიიღო უფროსი მასწავლებლის სტატუსი, შემდეგ კი ჩააბარა წამყვანი მასწავლებლის გამოცდაც.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას აკრიტიკებს და მიაჩნია, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის შესაფერისი გარემოს შესაქმნელად სახელმწიფომ:

  • უნდა გაზარდოს პედაგოგთა საბაზო ხელფასი;
  • იზრუნოს კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირებაზე;
  • აღჭურვოს პედაგოგები ადეკვატური სასწავლო რესურსით.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მასწავლებელთა საბაზო ხელფასი 500 ლარის ფარგლებშია და სტატუსების მიხედვით გათვალისწინებულია დანამატები. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მიხედვით ოთხი კატეგორიაა – პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი.

„მეც ჩავაბარე წამყვანის გამოცდა, მაგრამ ჩემთვის პრინციპული განსხვავება შინაგანად არ ყოფილა. როცა პრაქტიკოსი მასწავლებელი ვიყავი, როცა არაფერი არ მქონდა ჩაბარებული, მაშინაც იმავე ენთუზიაზმით, იმავე თვითგანვითარების მცდელობით ვიყავი დაკავებული, როგორც უფროსის სტატუსი რომ მომენიჭა. მაშინაც და ახლაც იგივე დავრჩი.“ – ამბობს ვეფხვია მანია.

მისივე თქმით, პედაგოგთა პროფესიული განვითარების ხელშესაწყობად აუცილებელია პედაგოგთა საბაზო ხელფასის ზრდა, კლასებში ბავშვების რაოდენობისა და სწავლების საათების შემცირება.

„თუნდაც კარგ ტრენინგსაც რომ დაესწრონ, მაგის გადააზრებისთვის, დამუშავებისთვის ფიზიკურად დრო არ რჩებათ. ჩვენ ვიცით, რომ სკოლებში უფრო მეტად ქალები მუშაობენ; მათ ემატებათ შინ შრომა, ბავშვები, სახლის საქმე. ეს ძალიან ართულებს მათ პროფესიულ ცხოვრებას. კლასში მოსწავლეების სიმცირე აუცილებელია – რაც არ უნდა გენიოსი მასწავლებელი იყოს, 30 ბავშვთან ურთიერთობა ძალიან რთულია, რა ინდივიდუალურ მიდგომაზეა საუბარი. კლასში, ალბათ, 15 ბავშვზე მეტი არ უნდა იყოს.“ – ამბობს ვეფხვია მანია.

მისი შეფასებით, სტატუსების იერარქია პედაგოგებს შორის აჩენს ხელოვნურ კონკურენციას. კონკურენციის გამო, პედაგოგები იზოლირებულები არიან ერთმანეთისგან, რაც გაერთიანებაში უშლით ხელს.

„სტატუსების იერარქიაც მაგას ემსახურება, რომ გვამყოფონ იზოლირებულები ერთმანეთისგან, ჩაგვაყენონ კონკურენციაში და პარალელურად ფურცლებზე მოგვიწოდონ კოლეგიალური თანამშრომლობისაკენ. როგორც ვიცი, ერთი პროფესიის ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხი ვართ დასაქმებულთა შორის, მაგრამ ყველაზე გაჩუმებული.

ამის მიზეზიც ეს სტატუსური იერარქიაა. მავნეა ეს სტატუსები, სწავლაშიც ხელს გვიშლის და შესაბამისად – სწავლებასა და თანამშრომლობაშიც. შეიძლება, ცოტა შეთქმულების თეორიასავით ჟღერდეს, მაგრამ ფაქტია, რომ მასწავლებლებს, როგორც ერთი პროფესიის ყველაზე მრავალრიცხოვან ხალხს დასაქმებულთა შორის, შეუძლიათ, თავიანთი გაერთიანებით დიდი გავლენა მოახდინონ სახელმწიფო პოლიტიკაზეც – შექმნან რეალური პროფკავშირი, დადონ გაფიცვა.

თანამშრომლობისთვის ხელის შესაშლელად კარგი მეთოდია დაშალე და იბატონე, კონკურენცია, იერარქია, რაც მუშაობს; ხშირად მასწავლებლები ამ იერარქიის გამო არ თანამშრომლობენ. ზოგი იმიტომ არის გაჩუმებული, რომ სტატუსი მიიღოს და ხელფასზე დანამატი გაუჩნდეს“ – ამბობს ვეფხვია მანია.

ამ სისტემით კმაყოფილი მე არავინ მინახავს.“

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაზე საუბრისას განათლების მკვლევარი, სიმონ ჯანაშია, ამბობს, რომ ცენტრალიზებულად გამართული ტრენინგები ხშირად ფორმალურ ხასიათს ატარებს და არ პასუხობს მასწავლებელთა საჭიროებებს.

„ამ სისტემას აქვს თავისი შინაგანი პრობლემები, რაც იწვევს რეაქციას მასწავლებლების მხრიდანაც და, პრინციპში, სისტემის მმართველებისგანაც. ამ სისტემით კმაყოფილი მე არავინ მინახავს. ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ ეს არის უნიფორმული. მაგალითად, კარიერის დასაწყისშია მასწავლებელი თუ უკვე გამოცდილი – ყველას მოეთხოვება ერთი და იმავე ტრენინგის გავლა. რაც გულისხმობს იმას, რომ ზოგიერთ მასწავლებელს, რომელსაც უკვე ნასწავლი აქვს რაღაც საკითხები, სთავაზობენ სატრენინგო კურსს იმავე საკითხებზე. ისმის კითხვა – რატომ არ სთავაზობს სახელმწიფო დივერსიფიცირებულ ტრენინგებს?

შეუძლებელია, ცენტრალიზებულმა ორგანომ მოიფიქროს, რა საჭიროებები არსებობს სხვადასხვა სკოლაში და შესთავაზოს იმდენი სხვადასხვანაირი კურსი, რამდენიც ამ სხვადასხვა საჭიროებას მოერგება.“ – ამბობს სიკო ჯანაშია და იხსენებს ტრენინგების დეცენტრალიზაციის მცდელობას, ე.წ. ვაუჩერულ სისტემას. მასწავლებელს ეძლეოდა თანხა, რომელსაც ანაღდებდა სხვადასხვა სატრენინგო პროვაიდერთან და ირჩევდა მისთვის მოსაწონს.

„მიზეზი, რატომაც გაუქმდა ეს სისტემა იყო ის, რომ ასეთი სისტემა ძვირია; უფრო იაფია, ერთმა ორგანიზაციამ აიღოს თავის თავზე ტრენინგის გამართვა. მეორე მხრივ, როცა მასწავლებელი უკმაყოფილო იყო, ტრენინგში დამნაშავე სახელმწიფო გამოდიოდა; ახლა ეს უკმაყოფილება შემცირებულია – სახელმწიფო უტარებს მასწავლებელს ტრენინგს. მასწავლებელი თავს გრძნობს იერარქიულ სისტემაში, სადაც სახელმწიფო წყვეტს მის ბედს, დააწინაურებენ თუ არა კარიერულ სქემაში და ასეთ პირობებში არც უღირს ხმამაღალი კრიტიკა; ურჩევნია, ეს ხარკი ჩააბაროს სახელმწიფოს – გაიაროს ისეთი ტრენინგი, რომელიც შეიძლება არც სჭირდებოდეს, მაგრამ სარგებელი მიიღოს, კარიერული კიბის ფარგლებში დაწინაურების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ხარისხის შეფასება მომხმარებლის მხრიდან არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, მასწავლებელთა ორგანიზაციები საჯაროდ არ აკრიტიკებენ ამ სისტემას“. – ამბობს სიკო ჯანაშია.

ხშირად ასეთ რაღაცასაც კი ამბობენ, რომ სულ არაფრის კეთებას ტრენინგის გამართვა მაინც ხომ ჯობია.“

შეკითხვაზე, არსებობს თუ არა არსებული პროგრამების ეფექტიანობის შეფასების სისტემა და როგორ უნდა გაიზომოს, ცვლის თუ არა პროფესიული მომზადების პროგრამები მასწავლებელთა საკლასო პრაქტიკას, გვპასუხობს:

„ზოგადად, ასეთი მასობრივი ტრენინგები ისედაც ცნობილია, რომ არ არის ეფექტიანი. მასწავლებელი თეორიულად რაღაცას სწავლობს, შეიძლება, პრაქტიკული სავარჯიშოც ჰქონდეს თეორიულ კურსს, მაგრამ რამდენად ინერგება, რამდენად არის ბუნებრივი მასწავლებლებისთვის, რომ გაითვალისწინონ ის საკითხები და გამოიყენო, პრაქტიკაში, ეს არანაირად არ მოწმდება და არც ჩაფიქრებულია, რომ გაჰყვნენ მასწავლებელს და დაეხმარონ სამუშაო პირობებში იმისათვის, რომ განვითარდეს.

ეს თავს მოხვეული სტრუქტურები უკეთესად აქვთ შესწავლილი მასწავლებლებს და უამრავი სტრატეგიაც აქვთ, საპასუხოდ. მაგალითად, როცა სახელმწიფო უტარებს ტრენინგებს, ისინი თიშავენ კამერებს – ეთვლებათ, რომ ესწრებიან, სინამდვილეში სახლის საქმეებით არიან დაკავებულები. ესეც ერთგვარი სტრატეგიაა, როგორ პასუხობს მასწავლებელი ვალდებულებას, რომელიც მისთვის შეიძლება იყოს ტვირთი“. – ამბობს სიმონ ჯანაშია.

მისივე თქმით, ნორმალურ ვითარებაში მსგავსი პროგრამების დანერგვას წინ უსწრებს ექსპერიმენტი, შემდეგ პილოტირება, რომელმაც უნდა დაადგინოს, რამდენად ეფექტიანია ესა თუ ის პროგრამა.

„ეს არის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ნორმალურ ვითარებაში ასე ინერგება – ჯერ აიღებენ რაღაც გადაწყვეტილებას, მაგალითად ჩავუტაროთ მასწავლებელს ტრენინგი, რომ გაუმჯობესდეს მოსწავლეთა შედეგები კრიტიკული ანალიზის მიმართულებით. შემდეგ იმისათვის, რომ ნახონ, მართლა მუშაობს თუ არა ეს, უნდა დადგან ექსპერიმენტი. ექსპერიმენტი გულისხმობს იმას, რომ გყავს მასწავლებელი, რომელიც არ გადის ასეთ პროგრამას და გყავს ისეთებიც, რომლებიც გადიან და მერე ნახულობ, სინამდვილეში, რა ხდება და რა ცვლილებებს იწვევს ეს პროგრამები მათ საკლასო პრაქტიკაში.

უნდა ჩატარდეს ექსპერიმენტი, იყოს პილოტირება სისტემის და ამ პილოტირებამ უნდა თქვას, რამდენად ეფექტიანია. ჩვენთან მსგავსი პროგრამები ისე ინერგება, თითქოს წინასწარ არის ცნობილი, რომ რაღაც შედეგი ექნება. ხშირად გადაწყვეტილების მიმღებ პირებს რომ ელაპარაკები, ასეთ რაღაცასაც კი ამბობენ, რომ სულ არაფრის კეთებას, ტრენინგის გამართვა მაინც ხომ ჯობია, ვინმე მაინც ხომ ისწავლის, ვიღაცებმა კარგი შედეგები გვაჩვენეს – კონფერენციაზე გამოვიდნენ მასწავლებლები, საინტერესო რაღაცები წარადგინეს, მაგრამ ეს არის ილუზია.

ვენ არ ვიცით, რეალურად, იმ ფულის საპირწონედ, რაც იხარჯება, რა მასშტაბის ეფექტი გვაქვს. ასეთი ექსპერიმენტული გაზომვის გარეშე, პრაქტიკულად, შეუძლებელია გაგება, მართლა აქვს თუ არა შედეგი.“ – ამბობს სიმონ ჯანაშია.

განვითარება სკოლის ბაზაზე უნდა ხდებოდეს

„უკეთესი მეთოდია, როცა სკოლის ბაზაზე ხდება განვითარება; როცა მასწავლებელს ჰყავს დამხმარე კოლეგა; როცა ეს ურთიერთობა არ არის იერარქიული; როცა ზემდგომი მისი ბედით მოთამაშე ორგანიზაცია კი არ არის, არამედ ეს არის პროფესიონალი, რომელიც თვითონაც ასწავლის, შეუძლია, გაუზიაროს თავისი გამოცდილება და აქვს თეორიული ცოდნა და რომელსაც შეუძლია, ურჩიოს, დააკვირდეს, რას აკეთებს გაკვეთილზე მასწავლებელი, რა შეიძლება გამოასწოროს.“ – ამბობს სიკო ჯანაშია.

მისივე თქმით, სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ხელშემწყობი პროექტები, ფაქტობრივად, არ ხორციელდება.

„ასეთი სისტემების აგება, ფაქტობრივად, არ ხდება. არის გამონაკლისები. ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში სცადეს ქოუჩინგის სისტემის დანერგვა, ისიც ეპიზოდური. იქაც პერიოდულობით მოდის ვიღაც ადამიანი და ვითომ ეხმარება უკვე სკოლის ფარგლებში, მაგრამ თვითონ სკოლის შიგნით რომ ხდებოდეს განვითარება, ეს არის მინიმალური და თუ არის, ისიც ფორმალური ხდება, რადგან ისიც გარედან არის მოთხოვნილი, მაგალითად – საჩვენებელი გაკვეთილების ჩატარება ან შეფასება მასწავლებლის გაკვეთილზე დასწრებით. ესეც კეთდება არა იმიტომ, რომ მასწავლებელი განვითარდეს, არამედ იმისათვის, რომ მასწავლებელმა დაადასტუროს რაღაც, რაც მოუმატებს ხელფასს და წინ წაწევს კარიერაში. ასეთ ვითარებაში უკვე ფორმალობა ხდება, ვინაიდან შინაგანი ინტერესით კი არ არის გამოწვეული, მასწავლებელი კი არ ითხოვს მოდი, დამეხმარეთ, არამედ ეს არის ადმინისტრაციული წესით თავს მოხვეული საქმიანობა, რომელიც საბოლოო ჯამში სასარგებლოა სხვა მიზნებისთვის და არა პროფესიული განვითარებისთვის.“

სამინისტროს პასუხი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის შექმნილ ტრენინგებთან დაკავშირებულ კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხის მისაღებად მასწავლებლის სახლთან კომუნიკაცია არაერთგზის ვცადეთ.

ამ დრომდე ცენტრთან კომუნიკაცია ვერ შედგა. საგულისხმოა, რომ წინა კვირას გადაცემა „იმედის კვირაში“ განათლების მინისტრმა განათლების სისტემაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ისაუბრა. ერთ-ერთი სიახლე, რომელზეც მინისტრმა გაამახვილა ყურადღება, მასწავლებელთა ტრენინგებს შეეხება.

„გვინდა, ფილოსოფიურად შევცვალოთ ერთი მიდგომა. სახელმწიფო მასწავლებლებს აქამდე სთავაზობდა სხვადასხვა ტრენინგმოდულს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს, რომელსაც სამინისტროში გადაწყვეტდნენ, რომ მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მინიმალური იყო მასწავლებლების ჩართულობა და იმის კითხვა, – თქვენთვის რა უფრო სასურველი იქნება. შესაძლოა, თქვენ საგნობრივი კვალიფიკაცია კარგი გაქვთ და უფრო მეთოდიკაში გნებავთ გადამზადება და უნარების გაძლიერება… აი, ამის ცვლილება მიდის ახლა ფილოსოფიურად სამინისტროში, რომ მასწავლებელი კვალიფიკაციის ამაღლებაში გავხადოთ მთავარი აქტორი და ის თავად იყოს დამკვეთი სახელმწიფოსთვის, თუ რა უნდა მას.“ – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.