რა პრობლემები შეუქმნა პანდემიამ კერძო ბაღებსა და მის აღმზრდელებს

კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, მარტიდან, ქვეყნის მასშტაბით, როგორც საჯარო, ისე კერძო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. კერძო ბაღების ხელმძღვანელებსა და აღმზრდელებს დღემდე არ აქვთ კონკრეტული პასუხი, როდიდან და რა პირობებით შეძლებენ საქმიანობის განახლებას. მათი თქმით, არსებული გაურკვევლობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, თუ რამდენად მოახერხებენ მომავალში კერძო ბაღები ფუნქციონირებას,- მათ მძიმე ტვირთად აწევთ ფინანსური ვალდებულებები, არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ მნიშვნელოვნად შეუმცირდეთ აღსაზრდელების რაოდენობა, ისევე როგორც დაკარგონ კვალაიფიციური ადამიანური რესურსი.

 

„ 11 წელია ბაღში აღმზრდელად ვმუშაობ. ბაღის აღმზრდელობა ჩემი პროფესიაა. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ამისთვის ვისწავლე ძალიან ბევრი, ძალიან სამწუხაროა რაც ხდება, ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ასეთი რამ მოხდებოდა. შესაძლოა სამსახური დავკარგო იმიტომ, რომ ჯერჯერობით არ ჩანს არანაირი პერსპექტივა, რომ სექტემბრიდან მაინც განვაახლებთ მუშაობას. აქამდე მოლოდინის რეჟიმში ვიყავით, რომ ზაფხულში მაინც გვეცოდინებოდა კონკრეტული რეგულაციების შესახებ, რომელთა დაცვითაც, გარკვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, დავიწყებდით მუშაობას, მაგრამ დღემდე არ ვიცით რა შეიძლება მოხდეს.

ჩემი ხელფასი ჩემი ოჯახისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო იყო. გასულ თვეში მთავრობის კომპენსაცია ავიღე, 200 ლარი, მაგრამ ეს თანხა მიზერულია იმისათვის, რომ ოჯახს თვიდან-თვემდე ეყოს. ასე თუ გაგრძელდა, სამსახურის გარეშე ვერ დავრჩები, რა თქმა უნდა, ალტერნატიული სამსახურის ძებნას დავიწყებ, სხვა გზას ვერ ვხედავ“,- შორენა ჩალიგავა, აღმზრდელი, „ვალდორფის ბაღი“, თბილისი

 

„ბაღში აღმზრდელად მუშაობის 14-წლიანი გამოცდილება მაქვს, მიმუშავია როგორც საჯარო, ისე კერძო ბაღებში. ჯერ კიდევ არ ვკარგავ იმედს, რომ რაიმე შეიცვლება, ზოგიერთმა ჩემმა კოლეგამ სხვა სამუშაო უკვე იპოვა და წავიდა. სექტემბერს დაველოდები და თუ არაფერი გადაწყდა, მეც სხვა სამუშაო უნდა ვიპოვო. სხვაგვარად არ გამოვა, 5-სულიანი ოჯახი მყავს, მცირეწლოვანი ბავშვიც. ოჯახში ჩემს გარდა მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს, მანაც იმიტომ შეინარჩუნა სამსახური რომ მედდაა. ჩემი შემოსავალი ჩვენი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი იყო. კომპენსაცია ავიღე, მაგრამ ეს თანხა დიდი ოჯახისთვის საკმარისი ვერ იქნება“,- ქეთი ჩიტორელიძე, აღმზრდელი, „ჩემი ბაღი“, ქუთაისი

 

„მარტში შევწყვიტეთ მუშაობა. ამ პერიოდის განმავლობაში ანაზრურებას ვერ ვიღებდით, ჩვენ დამოკიდებული ვართ მშობლებზე, თუ აღსაზრდელი არ გყავს, ბაღს შემოსავალი არ აქვს და აღმზრდელებსაც ვერ უხდის ანაზრაურებას. ორი შვილი მყავს, ჩემი ხელფასი ჩამთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო იყო. პანდემიის გამო ჩემმა ქმარმაც დაკარგა სამუშაო, კომპენსაციის სახით გასულ თვეში 200 ლარი მივიღეთ, მაგრამ როცა ორი ბავშვია ოჯახში ეს თანხა საკმარისი ვერ იქნება.

ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, ჩემი აღსაზრდელებიც და მიჭირს ამ ყველაფრის დატოვება, მაგრამ უკვე ვფიქრობ, რომ რაიმე ალტერნატიული ვიპოვო, ჯერჯერობით ვერაფერი ვნახე. არ გვაქვს არანაირი იმედი, რომ სექტემბრიდან მაინც რაიმე შეიცვლება“,- სალომე კობაიძე, აღმზრდელი, „ამერიკული საბავშვო ბაღი -გენიოსი“, თბილისი

 

კერძო ბაღების ასოციაციის მიერ შეგროვებული სტატისტიკური მონაცემებით, თბილისში ოფიციალურად რეგისტრირებული დაახლოებით სამოცი კერძო ბაღია.ზოგ მათგანს რამოდენიმე ფილიალი აქვს სხვადასხვა უბანში, ამ სექტორში დედაქალაქში დაახლოებით ორი ათასამდე ადამიანია დასაქმებული. ისინი საშუალოდ ათი ათას ბავშვს ემსახურებიან, რაც შესაბამისად სულ ცოტა 15 000 მშობელისთვის მნიშვნელოვანი სერვისია. კერძო საბავშვო ბაღები საქართველოს სხვა ქალაქებშიცაა: გორში, ქუთაისში, ბათუმში და საქართველოს ყველა კუთხეში. უფრო დეტალური სტატისტიკური მონაცემები საქართველოს მასშტაბით კერძო ბაღების შესახებ არ არსებობს.

„მწვანე ალუბალი“ ერთ-ერთია იმ კერძო ბაღებს შორის, რომელმაც მარტიდან მუშაობა შეწყვიტა. როგორც ბაღის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი თამუნა ბაქრაძე გვიყვება, ვინაიდან ბაღი სულ 2 წელია რაც არსებობს, დანაზოგის არქონის გამო, შენობის ქირის გადახდას ვეღარ გაწვდნენ და შენობა უკვე დაცალეს.

თავდაპირველად ონლაინ რეჟიმში განაგრძეს მუშაობა, ყველა აღმზრდელი, თავისი ჯგუფის ბავშვებს ყოველდღე, მშობლების დახმარებით, ონლაინ ერთვებოდა, მშობლები კი სიმბოლურ თანხას იხდიდნენ, ძირითადად იმ მოტივით, რომ აღმზრდელებს ხელფასი შენარჩუნებოდათ.

„მეორე მხრივ, თანამშრომლებთან დაკავშირებით ისიც პრობლემა იყო, რომ ბევრი ჩვენი თანამშრომელი ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია, რომლებიც ნათესავებთან ან ქირით ცხოვრობდნენ თბილისში, მათ მოუწიათ რაიონებში წასვლა, ზოგიერთ მათგანს რაიონში არ ჰქონდა შესაბამისი ტექნიკური რესურსი იმისათვის, რომ ონლაინ ჩართულიყვნენ ამ პროცესში, ამის გამო თანამშრომლების ეს ნაწილი, ისევე როგორც, მაგალითად, მზარეული ან დამლაგებელი აბსოლუტურად შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

მთავრობის დახმარება გარკვეულწილად შეღავათი იყო მათთვის, მაგრამ ეს დაახლოებით მესამედია იმ თანხის რა ხელფასიც ჰქონდათ და ყველა საჭიროებასაც ვერ გაწვდება. ამის გამო რაღაც ნაწილმა უკვე ძიძად იპოვა სამუშაო, ამბობენ რომ სექტემბრიდან დაგვიბრუნდებიან, მაგრამ ამასობაში ჩვენ ბავშვების კონტინგენტსაც ვკარგავთ“,- ამბობს თამუნა ბაქრაძე.

თამუნა ბაქრაძე გვეუბნება, რომ პირველ რიგში კერძო ბაღებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იცოდნენ თუ რა კონკრეტული რეგულაციების დაცვა მოუწევთ იმისათვის, რომ მუშაობა შეძლონ. მისი თქმით, კერძო ბაღების ასოციაციამ, რომელშიც პანდემიის პირობებში კერძო ბაღები გაერთიანდნენ, ძალიან ბევრი წერილი გააგზავნეს სხვადასხვა უწყებაში, პასუხი იყო მხოლოდ ერთი, რომ მათი მუშაობა რეკომენდირებული არ არის. ბოლოს ბიზნესომბუდსმენს შეხვდნენ და მიიღეს ინფორმაცია, რომ დაწყებულია მუშაობა ბაღებისთვის განკუთვნილ რეკომენდაციებზე, რეკომენდაციების გამოქვეყნებას კერძო ბაღების ხელმძღვანელები დღემდე ელოდებიან.

„ახლა მთავრობის ჯერია, თუკი სექტემბრიდან დაშვებული იქნება ჩვენი მუშაობა, რაც შეიძლება მალე უნდა გავეცნოთ სტანდარტს, რომ გავითვალისწინოთ. პირველ რიგში ამ სტანდარტის გათვალისწინებით თავიდან უნდა დავთვალოთ, გვიღირს თუ არა საერთოდ მუშაობის განახლება, როგორი შენობა უნდა ვიქირავოთ, რა უნდა ღირდეს ბაღი და ა.შ.

ეს არის ძალიან პატარა ბიზნესი, რომელიც არანაირ მოგებას არ ტოვებს და ძირითადად, საკუთარი თავის შენახვას ახერხებს. მოგება რჩება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ბევრი ფილიალი აქვს და ეს მოგებაც ისევ ორგანიზაციის განვითარებას ხმარდება. კერძო ბაღებს ხსნიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან უყვართ ეს საქმე და არც აქვთ დიდი ფინანსური მოგების მოლოდინი. ის რაც ახლა ხდება, ამ საქმიანობისთვის დამანგრეველია.“

„ჩემი ბაღი“ ერთ-ერთი დიდკონტიგენტიანი კერძო ბაღია ქუთაისში, სადაც 80-100 აღსაზრდელი ჰყავდათ. საერთო ჯამში, ბაღში 12 ადამიანი იყო დასაქმებული. როგორც ბაღის ხელმძღვანელი ხათუნა ჟორჟოლიანი გვეუბნება, იმის გამო, რომ მომავალში მათი ფუნქციონირების საკითხი გაურკვეველია, რამდენიმე თანამშრომელმა უკვე დატოვა სამსახური, აღსაზრდელების მშობლების ნაწილმა კი ბაღთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

„ნაკლებსავარაუდოა, რომ ის ადამიანები რომლებმაც სხვაგან დაიწყეს მუშაობა ისევ აქ დაბრუნდნენ. ბავშვების რაოდენობა პრობლემაა იმიტომ, რომ ქალაქში რამდენიმე კერძო ბაღმა უკვე დაიწყო ფუნქციონირება. რატომ არის მათთვის მუშაობა შესაძლებელი და ჩვენთვის არა, პასუხი ვერ მივიღე. მშობლები მირეკავენ და მეუბნებიან, რომ იქ გადავიდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშაა, საერთოდ გავისხნებით თუ არა.

ხუთი ასაკობრივი ჯგუფი მყავდა, სექტემბერშიც რომ დავიწყოთ მუშაობა, მეეჭვება 3 ჯგუფზე მეტი გავხსნა, უკვე საკმარისი თანამშრომლები აღარ მყავს. არ ვიცი რა ვქნა, ქალაქის მერიაში ვიყავი, ბაღების გაერთიანებაშიც, პასუხი ერთია, რომ ჩვენ, კერძო ბაღები მათ დაქვემდებარებაში არ ვართ და შესაბამისად პასუხიც არ აქვთ“,- ამბობს ხათუნა ჟორჟოლიანი.

მუშაობის შეჩერების გამო წარმოქმნილ პრობლემებზე გვესაუბრა „ვალდორფის ბაღის“ საქმეთა მმართველი მაია ღვინჯილია. ბაღის ორ ფილიალში სულ 150 აღსაზრდელი ირიცხებოდა, საერთო ჯამში კი 33 ადამიანი მუშაობდა.

4 მარტიდან სხვა კერძო ბაღების მსგავსად, მათაც მუშაობა შეწყვიტეს. პრობლემებიც მას შემდეგ დაიწყო. პირველ რიგში პრობლემები გაჩნდა ბაღის შენობების იჯარასთან დაკავშირებით. შემოსავლების არქონის გამო ბაღი იჯარას ვერ იხდის. ერთი შენობა იურიდიული პირის საკუთრებაა და მოცდის პერიოდი მისცათ, მაგრამ მეორე შენობა კერძო პირის საკუთრებაა, რომლისთვისაც თავის მხრივ შენობის ქირა შემოსავლის წყარო იყო და ახლა იძულებულია სახლი გააქირავოს. იმისათვის, რომ ეს შენობა ბავშვებისთვის სათანადოდ ადაპტირებული გამხდარიყო,  ბაღმა 50 000 ლარის სესხი აიღო, სესხი ჯერ კიდევ დაფარული არ არის. მაია ღვინჯილია ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუკი შენობა გაქირავდება და მათ გადასვლა მოუწევთ, იქ ჩადებული შრომა და ინვესტიცია „წყალში ჩაეყრებათ“.

„არანაირი მოლოდინი არ გვაქვს. არ დარჩენილა უწყება, ვისაც  არ მივმართეთ, ჯანდაცის სამინისტრო, ეკონომიკის, სამინისტრო, ბიზნესომბუდსმენი, პრემიერის სახელზე პეტიცია გავაგზავნეთ, მედიაში გავავრცელეთ ჩვენი პრობლემების შესახებ, თუმცა არანაირი კონკრეტული პასუხი.  ერთადერთი პასუხი იყო ჯანდაცვის სამინისტროდან, რომ არ არის მიზანშეწონილი ჩვენი საქმიანობა, მაგრამ რატომ არ არის მიზანშეწონილი, ან როდის იქნება, რა გველოდება, რა გვემუქრება, ამ კითხვებზე პასუხი დღემდე არ გვაქვს.

ფაქტობრივად ჩვენი ბიზნესი არის ჩავარდნილი, განწირულები ვართ, იმიტომ რომ ბავშვებიც მიდიან; თანამშრომლებს ჯერჯერობით ვერ ვკარგავთ, იმიტომ რომ ჯერ სხვა სამუშაო ადგილი არ არის, რომ დასაქმდნენ, თუმცა ყველას ძალიან უნდა, რომ სამუშაო იპოვონ; შენობასაც ვკარგავთ, ფაქტობრივად ყველა მხრიდან წნეხის ქვეშ ვართ“,- ამბობს მაია ღვინჯილია.

ის ასევე ყურადღებას ამახვილებს პროფესიონალ კადრებზე და ამბობს, რომ „ვალდორფის ბაღის“ აღმზრდელები სპეციფიკური პედაგოგიკის შესაბამისად არიან მომზადებულნი და იმ შემთხვევაში თუკი ისინი სხვა სამუშაოს იპოვნიან, ბაღი მნიშვნელოვანი ადამიანური რესურსის გარეშე დარჩება და მუშაობის საშუალებაც რომ მიეცეთ, კომპეტენტური თანამშრომლების გარეშე ამას მოკლე ხანში ვერ შეძლებენ.

„პუბლიკას“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ კერძო ბაღები მუშაობის განახლებას სექტემბერში შეძლებენ, ისევე, როგორც სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები. ბაღების სააგენტოში კი ამბობენ, რომ კერძო ბაღებთან მათ შეხება არ აქვთ, რადგან კომერციული ორგანიზაციები არიან და მათი რეგულირების ქვეშ ვერ ექცევიან. როგორც წესი, კერძო ბაღები შპს-ის ფორმითაა დაფუძნებული და მათი კონტროლი და რეგულირებაც ისე ხდება, როგორც ყველა ბიზნესის.

____________________________________________________________

გამოცემულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.