რამ გამოიწვია მეღვინეობის დაღმასვლა გურიაში?

ვახუშტი მენაბდე

მოსაზრებას, რომ გურულებს ღვინო არ გვაქვს, პასუხი სჭირდება. ეს პასუხი ვერ იქნება მხოლოდ იმის აღნიშვნა, რომ გურიაში 60-ზე მეტი ყურძნის ადგილობრივი ჯიშია აღრიცხული. ვერც ის, რომ ამ ჯიშებიდან ხშირად მაღალი ხარისხის ღვინო შეგვიძლია მივიღოთ. არც ჩხავერის სახელგანთქმულობაა საკმარისი და არც საკმიელას პერსპექტივები. საქმეში უფრო ძირეულად უნდა ჩავიხედოთ.

რამ გამოიწვია, რომ ერთ დროს ღვინით მდიდარი მხარე, დღეს იზაბელასა და სხვა ჰიბრიდული ჯიშების იმედადაა, მათგან დამაკმაყოფილებელი ხარისხის ღვინის დაყენება კი პრაქტიკულად შეუძლებელია?

პასუხის გასაცემად რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ, რომლებიც გურიაში მეღვინეობის დეგრადაციის მიზეზი გახდა.

მე-19 საუკუნის შუა წლებიდან ზღვისპირეთში ჩნდება ნაცარი, ის 1860 წლისთვის სამივე რეგიონში ვრცელდება და განსაკუთრებით აბორიგენული ჯიშის მაღლარ ვენახებს აზარალებს. იმ დროისთვის ამგვარი ნარგავის წამლობა დიდ სირთულეებს უკავშირდება და, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

ნაცრის გავრცელებით დასრულდა მევენახეობის ეს მიმართულება. ამან გურულ მეღვინეობას დიდი დარტყმა მიაყენა, რადგან ჩვენს მხარეში მე-19 საუკუნის შუა წლებისთვის მხოლოდ ასეთი ვენახები ჰქონდათ (საუკუნის ბოლოს დაბლარის რაოდენობა გურიაში 25 ჰა არ აღემატებოდა). ნაცარმა ისე დაასუსტა ვაზი, რომ 1870 წლისთვის 1 ჰაზე 300 კგ.-მდე ყურძენი თუ მოჰყავდათ.

1890 წლისთვის გურიაში ჩნდება ჭრაქი და ფილოქსერა, რომელთაც მინიმუმადე დაჰყავთ ნაცრისგან მიყენებულ ზიანს გადარჩენილი ადგილობრივი მევენახეობა. 1895 წლისთვის გურიაში მაღლარ ვენახს 3 220 ჰამდე ფართობი ეჭირა (1875 წლისთვის კი საერთო ფართობი 4 914 ჰას აღწევდა), აქედან კი ერმილე ნაკაშიძის მონაცემებით 50% უკვე იზაბელა იყო, რომელიც უკეთ უმკლავდებოდა ახალ დაავადებებს (1 ჰაზე დაახლოებით 1.5 . მოდიოდა). თუ ჩავთვლით, რომ 1875 წელს ჰიბრიდული ჯიშები გურიაში ჯერ კიდევ არ იყო ფართოდ გავრცელებული, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 20 წლის შემდეგ, 1895 წლისთვის ადგილობრივი ჯიშისგან გაშენებული ვენახების დაახლოებით 65% უკვე აღარ არსებობდა.

კიდევ ორი ათეული წლის შემდეგ, 1913 წლისთვის გურიაში ვენახების საერთო ფართობი 4 547 ჰამდე გაიზარდა და თითქმის ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. თუმცა გასაგებია, რომ ამ დროისთვის წამყვანი ადგილი იზაბელას უჭირავს, ზემოთ ნახსენებ მიზეზთა გამო.

მალევე ვაზის ადგილობრივ ჯიშებზე დაფუძნებულ გურულ მევენახეობას საბოლოო დარტყმას ფილოქსერა აყენებს, რომელმაც მე-20 საუკუნის დასაწყისში დიდი საფრთხე შეუქმნა მთლიანად ქართულ მევენახეობას და რომლის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი როლი შეასრულა საქარის სანერგემ. ამ დაწესებულებამ შემოიტანა და გაავრცელა ამერიკულ საძირეზე მყნობის ტექნოლოგია. ეს იყო ერთადერთი ეფექტიანი მეთოდი ფილოქსერას წინააღმდეგ. თუმცა მალე პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. მობილიზაციის გამო გლეხური მეურნეობებში მუშახელის, ტექნიკისა და წამლის მწვავე ნაკლებობამ კიდევ რამდენიმე სხვა ფაქტორმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქართულ მევენახეობაზე.

ყველაზე მეტად გურია დაზარალდა. 1913-1917 წლებში შიგნი კახეთმა დაკარგა ვენახების 19%, ქართლმა და გარე კახეთმა – 25%; ლეჩხუმმა – 70%, გურიამ კი – 92% (მხოლოდ იმერეთი იყო გამონაკლისი, აქ ვენახების საერთო ფართობი, საქარის მეურნეობის დამსახურებით, გაიზარდა 19%-ით). 1917 წელისთვის გურიაში 371 ჰა ვენახი იყო შემორჩენილი და, სავარაუდოდ, უკვე მასში ადგილობრივი ჯიშების წილი არსებითად უმნიშვნელო იყო.

1940 წლისთვის საერთო სიტუაცია შედარებით გაუმჯობესდა და გურიაში ვენახის საერთო ფართობმა 3 934 ჰა მიაღწია (აქედან დაბლარი 839 ჰა), თუმცა, 1959 წლისთვის ისევ შემცირდა და 1 015 ჰა მიაღწია. საგულისხმოა, რომ გურიაში, იმერეთსა და სამეგრელოში, მხოლოდ ამ სამ რეგიონში საქართველოს მასშტაბით, საკარმიდამო ნაკვეთებში არსებული ვენახები აღემატებოდა საბჭოთა მეურნეობებსა და კოლმეურნებებში ერთად აღებული ვენახების რაოდენობას. გურიაში მათი წილი 51.72% იყო; იმერეთში – 56.39%; სამეგრელოში კი – 57.55%. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ დროისთვის საკარმიდამო ნაკვეთებში უმნიშვნელო რაოდენობა უჭირავს ადგილობრივ ჯიშებს და ისინი მხოლოდ სახელმწიფო მეურნეობებშია დაცული. დასავლეთ საქართველოში სახელმწიფო მეურნეობებში ვაზის მიმართ ნაკლები ინტერესი აიხსნება სუბტროპიკულ კულტურებზე აქცენტით.

გავრცელებული აზრის საპირისპიროდ, ეს მონაცემები მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ ვაზის აბორიგენული ჯიშების გაქრობა გურიაში არც მათგან მიღებული ღვინის დაბალი ხარისხით და არც გურული გლეხის ფუქსავატობით არ აიხსნება. ამაში წვლილი, ერთი მხრივ, დაავადებებმა, მეორე მხრივ, შემთხვევითობამ და, მესამე მხრივ, სახელმწიფო პოლიტიკამ შეიტანა.

ნაცარი, ჭრაქი და ფილოქსერა მაშინ დაატყდა თავს გურულ მეღვინეობას (რომელიც მაღლარის გამო ყველაზე მოწყვლადი იყო), როცა გურულ გლეხს ყველაზე ნაკლებად ეცალა სოფლის მეურნეობისთვის. მე-19 საუკუნის 70-იან წლებში აქ რუსეთოსმალეთის ფრონტის ხაზი გადიოდა; 80-იან წლებში, ფირალობის გამო, ლამის საომარი მდგომარეობა იყო მხარეში; მე-20 საუკუნის დასაწყისში გურიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა; აჯანყების ჩახშობიდან რამდენიმე წელიწადში კი პირველი მსოფლიო ომი დაიწყო; მალე ამიერკავკასიის სეიმი, შემდეგ კი პირველი რესპუბლიკა შეიქმნა, რასაც გამუდმებული ომები ახლდა თან.

მთელი ამ დროის განმავლობაში მუშახელი, რომელიც მეურნეობას უნდა გაძღოლოდა საბრძოლო მოქმედებებში იყო ჩართული, ამან ვაზის ადგილობრივი ჯიშების გადაშენება და შედარებით გამძლე ჰიბრიდების გავრცელებას შეუწყო ხელი. საბოლოო არჩევანი საბჭოთა ხელისუფლების დროს გაკეთდა, როცა გურიაში ვაზის ნაცვლად აქცენტი სუბტროპიკულ კულტურებზე გააკეთეს.

მიუხედავად ამისა, 1960 წლისთვის გურია ვენახის განვითარების პოტენციური შესაძლებლობებით საქართველოში მესამე ადგილზე იყო (541.9%-ით ზრდის შესაძლებლობით). თანაც, ეს ისე იყო დათვლილი რომ ვაზს ჩაისა და ციტრუსისთვის მეტოქეობა არ გაეწია.