თუ თქვენ საინფორმაციო საშუალებებიდან უფრო და უფრო ხშირად გესმით ძლიერი წვიმების, დატბორვების, წყალდიდობების, ღვარცოფების, მეწყრების, ცუნამების, ქარიშხლების გაძლიერებისა და გახშირების შესახებ, უნდა იცოდეთ, რომ საკითხი კლიმატის ცვლილებას ეხება.
კლიმატის ცვლილება თანამედროვე მსოფლიოს ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, რომლის ძირითადი მიზეზები, ბუნებრივ მოვლენებთან ერთად,ადამიანის საწარმოო საქმიანობაცაა.
კლიმატის ცვლილება ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში კიდევ უფრო აქტუალური გარემოსდაცვითი პრობლემა გახდა. იგი გლობალური დათბობის პირდაპირი შედეგია, რომლის წარმოქმნაში ადამიანების საქმიანობას დიდი როლი აქვს. მაგალითად, სათბურის აირების ემისია სითბურ ეფექტს ქმნის, რის შედეგადაც ტემპერატურა იზრდება.
კავკასიის რეგიონულმა გარემოსდაცვითმა, ცენტრმა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ჩაატარა კვლევა იმის თაობაზე, თუ რა ინფორმაციას ფლობს საქართველოს მოსახლეობა კლიმატის ცვლილების შესახებ.
-
საქართველოს მოსახლეობის აზრით, გლობალური დათბობა და გვალვები (96.11%), ბუნებრივი კატასტროფები (92.84%), მყინვარების დნობა და ოკეანეებში ყინულის ფენების შემცირება (91.83%) კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს წარმოადგენს.
-
გამოკითხულთა 86.7%-მა იცის, რომ ენერგოეფექტურობის ზომების გატარების შედეგად მისი ხარჯები შემცირდება, ხოლო 7.9% თვლის, რომ ენერგოეფექტურობის ზომების გატარების შედეგად მისი ხარჯები არ შეიცვლება.
„კლიმატის ცვლილება საქართველოშიც ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რასაც ახლო პერიოდში ჩატარებული კვლევაც ადასტურებს,” – გვეუბნება სოფო ახობაძე, კავკასიის გარემოსდაცვითი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.
ის გვიყვება, რომ კლიმატის ცვლილება გამოწვევაა ეკონომიკისთვის და თითოეული ადამიანის კეთილდღეობისთვის. “აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ თავად ადამიანის ჯანმრთელობას, მის სიცოცხლესაც კი უქმნის საფრთხეს”.
“გახშირებულია წყალდიდობები, წყალმოვარდნები და სხვა სტიქიური მოვლენები. გავიხსენოთ თუნდაც ჩვენს უახლოეს ისტორიაში 2015 წლის 13 ივნისი. კლიმატის ცვლილებას პირდაპირ აქვს ზეგავლენა და ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანისთვის”. – ამბობს ახობაძე.
მისი თქმით, ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტები, ინვესტიციების მოზიდვა, ხოლო ყველა ის პროექტი, რომელიც დღეს ქვეყანაში იგეგმება თუ ხორციელდება, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ რისკებს უნდა ითვალისწინებდეს.
ახობაძე ამბობს, რომ მათი ორგანიზაცია კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის კუთხით ბევრ ინიციატივას ახორციელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათი გამოცდილებიდან გამომდინარე, ფერმერებისთვის კლიმატის ცვლილება ყველაზე დიდი გამოწვევაა, დაწყებული აგროვადების ცვლილებებიდან, გახშირებული გვალვებიდან, ჭარბნალექიანობიდან, ადრეული წაყინვებიდან და ა.შ., რაც ხშირად დამანგრეველია სოფლის მეურნეობისთვის და განსაკუთრებით მცირე ფერმერებისთვის.
როგორც კავკასიის გარემოსდაცვითი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გვეუბნება, პრობლემა აქტუალური და მწვავე გახდა განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ, როდესაც ყველამ დაინახა, რომ ადვილი არ არის ბუნებრივ მოვლენებთან გამკლავება და საკვების უსაფრთხოების საკითხის უგულვებელყოფა შეუძლებელია.
„პარიზის შეთანხმებით შეიცვალა მსოფლიოს დამოკიდებულება კლიმატის ცვლილებისადმი. თუ კი მანამდე საქართველოს არ ჰქონდა ნაკისრი არანაირი ვალდებულება და მხოლოდ მის კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული რას მოიმოქმედებდა კლიმატის ცვლილების პრობლემის გადასაწყვეტად, ახლა მთელი მსოფლიო შეთანხმდა, რომ ყველა ქვეყანა ეროვნულ დონეზე განსაზღვრავდა გარკვეულ წვლილს და ყველას ექნებოდა გარკვეული მიზანი–მაჩვენებელი, თუ რას მოიმოქმედებდა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ,” – გვითხრა სოფო ახობაძემ.
2021 წლის 8 აპრილს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა. ეს არის სტრატეგიული ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც მოიცავს სათბურის აირების ემისიების შემცირების სახელმწიფო პოლიტიკასა და დეტალურ ღონისძიებებს ისეთი სექტორების მიხედვით, როგორებიცაა: ენერგიის გენერაცია და გადაცემა, შენობები, სოფლის მეურნეობა და ტრანსპორტი.
კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმა 3 ძირითად მიზანს ისახავს:
-
ენერგიის გენერაციასა და გადაცემის სექტორში სათბურის აირების შემცირება 15%-ით 2030 წლისთვის.
-
ტრანსპორტის სექტორში სათბურის აირების შემცირება 15%-ით 2030 წლისთვის.
-
შენობების სექტორში დაბალნახშირბადიანი მიდგომების ხელშეწყობა.
გეგმა ასევე ისახავს მიზნად 2030 წლისთვის ტყეების მიერ ნახშირბადის შთანთქმის შესაძლებლობის გაზრდას 10%-ით.
***
როგორც კვლევის შედეგების მიხედვით ვნახეთ, კლიმატის ცვლილების თაობაზე საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე საშუალოზე მაღალია. მიუხედავად ამისა, ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგში ეს საკითხი განსაკუთრებულად წინ წამოწეული არ არის.
საყურადღებოა, რომ პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამები ძალიან მსუბუქად ან თითქმის არ განიხილავენ კლიმატური ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების გათვალისწინებას სახელმწიფოს განვითარების დღის წესრიგში. იმედია, ამ საკითხს მომავალში უფრო მეტი ყურადღება მიექცევა
ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ეხმარება საქართველოს კლიმატის ცვლილების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და კანონმდებლობის გაუმჯობესებაში და ასევე პარიზის შეთანხმებით და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.