რას „გვიგალობს“ მაყვლის ბარდზე შაშვი?

ფასიანი განთავსება

ლიტერატურული პრემიის „საბას” წლევანდელი გამარჯვებული წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში თამთა მელაშვილის „შაშვი შაშვი მაყვალი“ მართლაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექსტია, რაც ბოლო დროს ქართულ ლიტერატურაში დაიწერა.

ამ არაორდინალურმა რომანმა გამოქვეყნებისათანავე მიიქცია მკითხველისა და სპეციალისტების ყურადღება და აზრიც თავიდანვე გაიყო ორად: ერთ ნაწილს უპირობოდ მოსწონს და აღიარებს, მეორე ნაწილი კი კრიტიკულად არის განწყობილი, თუმცა ასეთი უჩვეულო ინტერესი უკვე თავისთავად მოწმობს, რომ „შაშვი შაშვი მაყვალი“ არ არის ჩვეულებრივი ტექსტი და რაკი მკითხველს ასე აღელვებს, ეს მღელვარებაც კარგად გვიდასტურებს, რომ რომანი აქტუალურია დღევანდელი საქართველოსათვის. 

ამ აქტუალურობას განაპირობებს ბევრი ისეთი თემა თუ საკითხი, რაც ან საერთოდ ტაბუირებული იყო ქართულ სინამდვილეში ანდა ამაზე აქამდე არავის მოსვლია თავში აზრად ასე პირდაპირ და უცერემონიოდ ლაპარაკი. 

საქართველოს ერთ-ერთ დასავლეთ პროვინციაში მცხოვრები შუახანს მიტანებული ქალის უცაბედად თავსდამტყდარი თავგადასავალი, რომელიც ჩვენამდე თითქმის კინოკადრების სიზუსტით მოაქვს მწერალს, იმდენ მნიშვნელოვან პრობლემას წამოჭრის, ისე გვანახებს დღევანდელი ჩვენი საზოგადოების სახეს, რომ საბოლოოდ ვხვდებით: ეს ყველაფერი მხოლოდ რომანის გმირის, ეთეროს ამბავი სულაც არ არის და მთელ ამ ნარატივში საერთოდ შეიძლება ვიგულისხმოთ ქალი დღევანდელი ქართული ყოფის ყველა სოციალურ განზომილებაში. 

რომანის მთავარი კონფლიქტიც მარტოხელა ქალისა და გარშემომყოფების ხილული თუ უხილავი დაპირისპირებებია, რაც სათავეს იღებს ჩვენი ცხოვრების, საქართველოს დღევანდელობის უკიდურესად ანტიფემინური და ანტიჰუმანური ხასიათიდან, უფრო სწორად მთელი იმ აუტანელი და დრომოჭმული „ფილოსოფიიდან“, რომელიც ქალის ადგილს სამზარეულოს გარდა ვერსად ხედავს და ქალის მთელი ფუნქციებიდან მხოლოდ მის რეპროდუქციულ ფუნქციას აღიარებს, ოღონდ ამასაც იმ შემთხვევაში, თუკი შთამომავლობა „კანონიერად“ ანუ ისტორიულად ჩამოყალიბებული სოციალური მიმართებების შედეგად იქნება გაჩენილი. 

თამთა მელაშვილის რომანის სამიზნე  უპირველესად სწორედ ეს „კანონებია“, რომელიც ადამიანში შლის ყველაფერს ადამიანურს და სექსუალურ ინსტინქტებსაც კი უქვემდებარებს საზოგადოებრივ მორალს, რათა ამისი მეშვეობით მართოს და აკონტროლოს თითოეული ადამიანი. 

ამ კანონების პირისპირ კი დგას ცოცხალი, სიცოცხლის სიყვარულითა და მადლიერებით აღსავსე ჯანმრთელი ქალი, ვისაც შეუძლია ყველა თავსმოხვეულ წესს გადააბიჯოს თავისი ბედნიერების და საკუთარი იდენტობის დასაცავად. 

აქ წარმოდგენილი კონფლიქტის სირთულე და მრავალშრიანობა განაპირობებს ტექსტის უჩვეულოდ ენერგიულ მდინარებას. ერთმანეთს მართლაც კალეიდოსკოპური სიჭრელით ენაცვლება განწყობილებები და მოტივები, მოვლენები და ამ მოვლენათა ლიტერატურული შეფასებები. 

ამ თვალსაზრისით, თამთა მელაშვილის რომანი უაღრესად კინემატოგრაფიული ტექსტია, რომელშიც არამხოლოდ იკითხება, არამედ მკაფიოდ ჩანს ყველა პერსონაჟი. ჯერ მარტო რომანის პირველივე „კადრი“ რად ღირს, როცა მაყვლის საკრეფად დილაბნელზე წასული ეთერო ლამის უფსკრულში ჩაიჩეხება და მხოლოდ მაყვლის ბარდის სუსტად მოქანავე კაუჭი აბრუნებს სიცოცხლისკენ. 

არსებითად ეს ეპიზოდი გვიხსნის მთელი წიგნის შინაარსსაც, ეს ეპიზოდი გვამზადებს იმ დიდი ამბისათვის, რომლის კიდეებზეც სწორედ ასევე ქანაობს  რომანის პერსონაჟი და საბოლოოდ იქნებ ასეთი მყიფე – მაყვლის ბარის ღეროებივით ეკლიანი და მყიფე იმედები აკავებენ იმისაგან, რომ აქვე, ჩვენ თვალწინ არ ჩაიჩეხოს ცხოვრების უფსკრულში. 

მთელი ეს ემოციური ბარბაცი და გულისფრიალი, რაც მკითხველს თამთა მელაშვილის რომანის კითხვისას მოუშორებლად მიჰყვება, წიგნს ძალიან დიდი ვნებითა და ინტერესით საკითხავად აქცევს. 

ეს ამბის დრამატულობის გარდა შეპირობებულია იმითაც, რომ თამთა მელაშვილი ნარატივის ნამდვილ ოსტატად გვევლინება; თხრობის მდინარების უდახვეწილეს მარეგულირებლად, რომელსაც შეუძლია თავის ნებაზე ათამაშოს ტექსტის რიტმი ისე, რომ მკითხველმა ამ ოსტატობის ნიუანსები ვერც შენიშნოს, ბუნებრივად აჰყვეს თხზულების მდინარებას და დაკარგული თავი მხოლოდ ამ რიტმში, ამ საოცარ პროფესიულ თავდავიწყებაში იპოვოს. 

განსაკუთრებულია თამთა მელაშვილის ენაც. რომანს პერსონაჟი გვიყვება. ამიტომაც, ცხადია, რომ მისი ენა ვერ იქნება აკადემიური. მთელი ტექსტი ერთი ვრცელი მონოლოგია, სადაც ავტორისეული რემარკაც კი არსად ჩაიჭრება. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში, თავისთავად ძალიან რისკავს ყველა მწერალი, რადგან არაფერი შეიძლება იყოს ცუდად დაწერილ ან სცენიდან ცუდად წაკითხულ მონოლოგზე უფრო მოსაწყენი. 

თამთა მელაშვილმაც გარისკა და ამ რისკმა გაამართლა რამდენიმე ჭკვიანურად მოფიქრებული წინასწარი გათვლის მეოხებით. 

უპირველსად იმით, რომ მწერალი, მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოების გეოგრაფიას შეფარულად აკონკრეტებს, გმირის მეტყველებისას არ იფარგლება ქართული ენის ერთი კონკრეტული დიალექტით. რომანში უფრო კოინესთან (საერთო სახალხო ენა) გვაქვს საქმე, რომელშიც თავს იყრის ქართული ყოველდღიური მეტყველების მრავალი ნიუანსი, ოღონდ ეს ნიუანსები ისეა გადანაწილებული, რომ ერთი-ორი ადგილის გარდა, ყველგან ყველაფერი თავის ადგილას ზის და მკითხველს მოტყუებულობის განცდას არ უტოვებს. ყველაფერი ბუნებრივად ჟღერს, ნამდვილი, გამართული ხმიანობით. 

თამთა მელაშვილის ფრაზა უკიდურესად დატვირთულია, მაგრამ არა – გადატვირთული, მის ტექსტში სიტყვები ისე ემეზობლებიან ერთმანეთს, რომ სწორედ ამ მეზობლობის მიხედვით გათვალისწინებულია ყველა სიტყვის ემოციური და სემანტიკური ველები და ამ ველთა ურთიერთქმედება მხატვრული ეფექტისთვის.

ამიტომაც გვგონია, რომ საბას წლევანდელმა ჟიურიმ, რომელსაც სწორედ რომანის ჟანრში ჰქონდა უაღრესად მრავალფეროვანი არჩევანი, იმიტომ, რომ შორთლისტში წარმოდგენილი ყველა რომანი იმსახურებდა გამარჯვებას, მაინც თამთა მელაშვილის „შაშვი შაშვი მაყვალის“ გამორჩევით, გააკეთა პრინციპული და სწორი არჩევანი.