რას ჰყვებიან ილიჩოვა და მელაშვილი რუკის შესახებ, რომლის გამოუყენებლობაშიც ედებათ ბრალი

დავით გარეჯის საკითხზე სადელიმიტიაციო კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებების ბრალდებით 7 ოქტომბერს დააკავა.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა ჩვენი სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულებმა არ გამოიყენეს ერთ-ერთი რუკა, რომელიც საქართველოს ინტერესებში შედიოდა. უწყებას მტკიცებულებად მოჰყავს 1:200 000-იანი მასშტაბის რუკა, რომელზე დაყრდნობითაც, გამოძიების მტკიცებით, შეძლებდნენ ისეთი ალბომის შექმნას, სადაც „დატანილი იქნებოდა საქართველოს ისტორიული საზღვარი“. პროკურატურის განცხადებით, ამ რუკის მიხედვით სხვაობა საქართველოს საზიანოდ 3500-მდე ჰა ფართობს შეადგენს. ხოლო საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, რუკაზე, რომელიც კომისიის ყოფილმა წევრებმა არ გამოიყენეს, დავით გარეჯის კომპლექსის სადავო ნაწილი საქართველოს საზღვრებშია წარმოდგენილი.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ. 8 ოქტომბერს, სასამართლოს სხდომაზე, როცა ბრალდებულთა აღკვეთის ღონისძიებას განიხილავდნენ, ილიჩოვამ ისაუბრა იმ რუკის საფუძვლიანობაზე, რომელსაც პროკურატურა ეყრდნობა.

დაკავებამდე ამ რუკის შესახებ საუბრობდა ივერი მელაშვილიც, რომელიც ასევე ჰყვება, რატომ იყენებდნენ ან არ იყენებდნენ კონკრეტულ რუკებს.

რას ჰყვებიან ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი რუკის შესახებ, რომლის გამოუყენებლობისთვისაც ედებათ ბრალი

ივერი მელაშვილის თქმით, საქართველო აზერბაიჯანთან საზღვრების დადგენის პროცესში ხელმძღვანელობდა 1938 წელს ხელმოწერილი, ოღონდ 1:500 000 მასშტაბის რუკით. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ 1938 წელს სამხრეთ კავკასიის ქვეყნები შეთანხმდნენ ადმინისტრაციულ საზღვრებზე, რომლებსაც ამ რუკის მიხედვით სამივე რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მოაწერა ხელი. ეს ხელმოწერები გახდა მიზეზი, რომ ეს რუკა ცნობილიყო სამართლებრივ აქტად და შესაბამისად, ერთ-ერთ მთავარ დოკუმენტად საზღვრების დადგენის პროცესში.

ხოლო, რაც შეეხება პროკურატურის მიერ დასახელებულ 1:200 000-იანი მასშტაბის რუკას, ივერი მელაშვილის თქმით, მათ მიიჩნიეს, რომ ამ რუკას დელიმიტაციის პროცესში ვერ გამოიყენებდნენ.

„ეს არის სულ სხვა რუკა, ეს არ არის შეთანხმების ნაწილი. ეს არის უბრალოდ 1936-37 წლებში გამოცემული რუკა, რომელიც 1933-1937 წლებში საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ტერიტორიის შესახებ გამოცემული რუკების ნაწილი იყო. საქართველოს ეს რუკა 1:200 000 მასშტაბით მეექვსე კარტოგრაფიულმა ფაბრიკამ გამოსცა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მინდა, რომ ნათელი მოეფინოს ამ საკითხს. არ მინდა, რომ მოხდეს აღრევა – არსებობს ეს რუკა და არსებობს 1938 წლის შეთანხმება თავისი შესაბამისი რუკით. ის რუკაც შეიძლება იყოს მანამდე გამოცემული, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან 1938 წელს სწორედ მასზე გაკეთდა ხელმოწერები. სხვაობა ამ და იმ რუკას შორის არის მასშტაბშიც და შინაარსშიც“, – ჰყვება ივერი მელაშვილი.

სადელიმიტაციო კომისიის ყოფილი წევრის თქმით, ის რუკა, რომელიც ახლა გამოჩნდა, მათთვის „აღმოჩენა“ არ ყოფილა. 1936-37 წლებში გამოცემულ რუკას მესაზღვრეებმა ჯერ კიდევ 1996-1997 წლებში მიაკვლიეს. თუმცა, მას შემდეგ, რაც ანალიზი ჩაუტარდა, მას აღმოაჩნდა ცდომილებები. მელაშვილი განმარტავს, რომ რუკის შედგენისას გამოყენებული იყო მიუფლინგის საკოორდინატო სიბრტყე, რომელიც ზუსტი არაა.

„თვითონ ამ სისტემას, მიუფლინგის სისტემას აქვს ცდომილებები შემდგომ პერიოდში გამოცემულ რუკებთან მიმართებით და ეს რუკა არ გამოდგა. ახლა გვაქვს ამის შესაძლებლობა, და თუ შევადარებთ მას სხვა რუკებს, დავრწმუნებდით, რომ ერთი და იგივე ელემენტი, როგორიცაა, მაგალითად, გეოდეზიური პუნქტი ან რკინიგზა, ხიდი ან კვეთა რკინიგზისა და გზის, ან ხევი, ხრამი თუ მდინარე ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ცდომილება, როგორც წესი, არის 240-320 მეტრი.

ამის არგუმენტად და მით უმეტეს მთავარ არგუმენტად წარდგენით ვერაფერს მივაღწევდით. იმიტომ, რომ მეორე მხარეც მარტივად ჩაუტარებდა ექსპერტიზას და აღმოვჩნდებოდით ძალიან უხერხულ სიტუაციაში“, – თქვა ივერი მელაშვილმა.

https://www.facebook.com/1097681207089811/videos/757127588352893

ნატალია ილიჩოვა სასამართლოს სხდომაზე ჰყვება, რომ პოროკურატურის მიერ დასახელებული რუკის გამოყენება გარეჯთან მიმართებაში საქართველოს არამარტო უხერხულობას შეუქმნიდა, არამედ უფრო წამგებიან პოზიციაშიც ჩააყენებდა.

„ეს არის 1936 წლის რუკა. ამ რუკის თანახმად ჩვენ გადავდივართ 1929 წლის ხელშეკრულების სამართლებრივ ველში. ამ ხელშეკრულებაში კი პირდაპირ, არამარტო რუკით, არამედ სიტყვიერადაც არის ჩაწერილი, რომ საზღვარი გადის ჩიჩხიტურის კოშკზე და იქ დგას ტრიანგულაციის პუნქტი „უდაბნო“. ამ შემთხვევაში ჩვენ დავით გარეჯის ნაწილს ვკარგავთ“, – ამბობს ნატალია ილიჩოვა.

ილიჩოვა ამბობს, რომ საზღვრების დადგენის პროცესში, მხოლოდ 1938 წლის შეთანხმებული რუკით არ უხელმძღვანელიათ. მისი თქმით, საბჭოთა პერიოდში, მომდევნო წლებში გამოშვებული რუკები უკეთესი იყო, უფრო ზუსტად შეეძლოთ, დაედგინათ საზღვარი. ამიტომ 1938 წლის შეთანხმებულ რუკასთან ერთად მას იყენებდნენ და არა ძველ რუკას, რომელსაც ცდომილებები ჰქონდა. ამასთან, საზღვრის დადგენისთვის იყენებდნენ სხვადასხვა დოკუმენტს და თანამედროვე ტექნოლოგიებსაც.

„ახლა 21-ე საუკუნეა, ძალიან განვითარებულია ტექნოლოგიები. დღეს ჩვენ უკვე ვიყენებთ სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამა Giz-ს და მისი მეშვეობით რუკაზე წერტილის უფრო ზუსტად განსაზღვრა შეგვიძლია. ხოლო მაშინ, როცა ეს რუკები დგებოდა, ეს ხდებოდა არა ტექნოლოგიების გამოყენებით, არამედ ხელით. შესაბამისად, ძველი რუკები ნაკლებად ზუსტია.

ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს რუკები საერთოდ არ უნდა იქნას გამოყენებული და არის წუნიანი. თუმცა, ეს რუკა არ არის სრულყოფილი. არ არის რელევანტური და რუკა, რომლითაც შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ“, – დასძენს კომისიის ყოფილი წევრი.

ივერი მელაშვილი დაკავებამდე ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში იმასაც იხსენებს, რომ იმ პირებმა, რომლებმაც ახლა რუკის საკითხი წამოსწია, მათ შორის, დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარმა, რუკის არსებობაზე წლებია იციან. თუმცა, მათ თავის დროზე განუმარტეს, რატომ არ შეიძლებოდა ამ რუკის გამოყენება.

„ინახებოდა იქ [მესაზღვრეებთან] და თუ არ ვცდები, ადმინისტრაციული დეპარტამენტის ყოფილმა დირექტორმა აიჩემა, რომ ვიღაცას აინტერესებს და უნდა მივცეო. ზუსტად არ ვიცი, ვის უნდოდა, ბერი კირიონი იყო თუ თავდაცვის სამინისტროდან ხორბალაძე. არც დავინტერესებულვარ და არც თავად უთქვამთ.

ასე მოხვდა ეს რუკა ამ ხალხთან, მე დავარქმევდი მათ განსხავავებული აზრის მატარებლებს. მოხვდა მათთან, მათაც ჩაატარეს რაღაც ანალიზი, მარტივად დაადეს ერთი მეორეს და ყოველგვარი სხვა ანალიზის გარეშე იფიქრეს, რომ ამ რუკის მიხედვით შეიძლებოდა მეორე მხარესთან დავა. თქვეს, რაღაც ტერიტორიას მოვიგებთ, მოგებული დავრჩებით განსაკუთრებით დავით გარეჯთან მიმართებით და რატომ არ იყო გამოყენებული ეს რუკაო.

ასე რომ, ეს თემა ახალი არ არის, ამ რუკის გადაცემა მოხდა დაახლოებით 2013 წელს. ხოლო 2014 წელს ამ ხალხმა წამოსწია რუკის საკითხი. წამოსწიეს სერიოზულად, თავიანთი ბრალდებებით. მათ პირველივე შეხვედრაზე განემარტათ, რატომ არ შეიძლებოდა ამ რუკის გამოყენება. განემარტათ, რომ ჯერ ერთი სამართლებრივ მასალას არ შეესაბამებოდა და მეორეც – ეს რუკა რომ სხვა რუკას დაადო, მარტივად დაინახავ სხვაობას“, – იხსენებს ივერი მელაშვილი.

ივერი მელაშვილის თქმით, რეალურად აზერბაიჯანისთვის არც ტერიტორიების გადაცემა მომხდარა, სამართლებრივად საქართველოს და აზერბაიჯანს დადგენილი საზღვრები არ აქვთ. ხოლო მთელ რიგ მონაკვეთებში, მათ შორის, დავით გარეჯის არეალში, საზღვარი საერთოდ არ შეთანხმებულა.

„საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დაახლოებით 66% შეთანხმებულია, ოღონდ ეს გაკეთებულია კომისიების დონეზე. სახელმწიფოებს შორის შეთანხმება სხვა თემაა, ეს რთული სამართლებრივი პროცედურაა. უფლებამოსილმა პირებმა ხელი უნდა მოაწერონ, ასევე საჭიროა პარლამენტების მიერ რატიფიცირება და კიდევ სხვა დეტალების მოგვარება როგორც ჩვენი, ასევე აზერბაიჯანის კანონმდებლობის შესაბამისად.

ამ 66%-ში არ შედის დავით გარეჯის ქედი, რის გამოც პროკურატურაში დამიბარეს. ეს მონაკვეთი შეუთანხმებელია კომისიებს შორისაც, იმიტომ, რომ განსხვავებული პოზიციები გვაქვს“, – ამბობდა ივერი მელაშვილი დაკავებამდე „რადიო თავისუფლებასთან“ .

ივერი მელაშვილი დასძენს, რომ პროკურატურის მიერ ამოღებულ მასალებში არის ალბომები, სადაც მას მოქმედი საზღვრისგან განსხვავებული ჩანიშვნები აქვს, სწორედ იმ მიზნით, რომ საქართველოსთვის სასარგებლო პოზიციები წამოეყენებინა.

დავით გარეჯის საკითხი კიდევ ერთხელ თბილისში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობის შემდეგ გააქტიურდა. აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთად თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თქვა, რომ მოძიებულია „დამატებითი მასალები, კარტოგრაფიული და ასევე ახალი დოკუმენტები“, რომელთა საფუძველზეც შესაძლოა გადაიხედოს 2006-2007 წლებში გაფორმებული შეთანხმება. თუმცა, ზალკალიანს არც ის დაუკონკრეტებია, რა შეთანხმებაზე საუბრობდა და არც ახალი დოკუმენტების შესახებ მოუწოდებია მეტი დეტალი.

30 სექტემბერს კი პროკურატურამ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთების შეთანხმებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ცნობით, ისინი სამთავრობო კომისიის ცალკეული ექსპერტების ქმედებების კანონიერებას შეისწავლიდნენ.

გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ივერი მელაშვილის სახლსა და ოფისში ჩხრეკა ჩატარდა, 7 ოქტომბრიდან კი ის და ილიჩოვა დაკავებული არიან. მოსამართლემ 8 ოქტომბერს პროკურატურის შუამდგმლობა გაიზიარა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.