მომდევნო სასწავლო წლიდან ახალი დოკუმენტი მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი უნდა ამოქმედდეს. „პუბლიკა“ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს, მანანა რატიანს იმ ძირითადი საკითხების შესახებ ესაუბრა, რომლებიც მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესს სქემის არსებული დოკუმენტისგან განასხვავებს.
მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა 2015 წლიდან ამოქმედდა და მან განსაზღვრა მასწავლებლის 4 სტატუსი – პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი; ასევე – ამ სტატუსების შენარჩუნებისა და კარიერული წინსვლისთვის შემდეგ საფეხურზე გადასვლის გზები. ამ დროის განმავლობაში სქემაში რამდენჯერმე შევიდა გარკვეული ცვლილება. გასული წლის გაზაფხულზე კი ითქვა, რომ არსებული ფორმით სქემამ „თავი ამოწურა“ და შეიქმნებოდა ახალი დოკუმენტი, რომელიც მასწავლებლის საქმიანობას არსებული გამოცდილებისა და გამოწვევების გათვალისწინებით დაარეგულირებდა.
„მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი“ მხოლოდ სამი სტატუსის მქონე პედაგოგს მოიაზრებს – უფროსი, წამყვანი, მენტორი და მათ კარიერულ წინსვლას/პროფესიულ განვითარებას დაარეგულირებს.
მომავალი სასწავლო წლიდან სისტემაში აღარ უნდა იყვნენ პირველი საფეხურის – პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგები. შესაბამისად, ისეთი მასწავლებლები, რომლებსაც კომპეტენცია გამოცდით არ აქვთ დადასტურებული.
დღეს სისტემაში 12 255 პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგი ასწავლის. ისინი მომავალი სასწავლო წლიდან პროფესიაში დარჩენას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ სტატუსს აიმაღლებენ. ამისათვის კი მათ მოქმედი რეგულაციების შესაბამისად 19 კრედიტი უნდა დააგროვონ. კრედიტების დაგროვება მხოლოდ გარე მექანიზმებით იქნება შესაძლებელი – ზაფხულში ჩატარდება როგორც საგნის, ასევე პროფესიული უნარების გამოცდები. გაზაფხულიდან კი მათ მასწავლებლის სახლი 5 კრედიტის ფარგლებში ტრენინგებს შესთავაზებს.
მომავალში წამყვანისა და მენტორი პედაგოგის სტატუსის მიღება შესაძლებელი იქნება გარე მექანიზმით – გამოცდით. აღნიშნული გამოცდა მიმდინარე სასწავლო წელს არ ჩატარდება.
„შიდა მექანიზმებით წინსვლას თავისი დადებითი მხარე ჰქონდა. სკოლისადმი ძალიან დიდი ნდობა იყო გამოცხადებული. თუმცა ამ ეტაპზე გვგონია, რომ ბევრ შემთხვევაში ბევრად უფრო ლოიალური იყო სკოლა. მესმის, რომ არიან თანამშრომლები, კოლეგები, ნათესავები და ა.შ. მაგრამ სკოლამ შეიძლება საჭიროზე მეტად ისარგებლა ამ შესაძლებლობით და სტატუსის ასამაღლებლად წარადგინა პედაგოგები, რომლებიც მას შეიძლება დიდად არ იმსახურებდნენ.
ამ შემთხვევაში უკვე იქნება გარე მექანიზმი და შესაბამისად, ჩვენ ზუსტად ვიქნებით დარწმუნებული, რომ მასწავლებელი რომელიც გახდება წამყვანი, მენტორი, ის აუცულებლად იქნება ხარისხის ნიშნის მატარებელი. სკოლას მოეხსნება შიდა შეფასების ტვირთი, შიდა შეფასების ჯგუფი, იმიტომ, რომ ეს ნამდვილად ტვირთი იყო სკოლებისთვის. მათ ძალიან გაუჭირდათ ობიექტური შეფასება“, – განმარტავს მანანა რატიანი.
შეფასების გარე მექანიზმები გამოცდისა და გარე დაკვირვების სახით აქამდეც არსებობდა. მანანა რატიანი განმარტავს, რომ ახალი წესის მიხედვით შეფასების მექანიზმი იქნება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული. უფრო კონკრეტულად კი, თეორიული ნაწილის შესაფასებლად ჩატარდება გამოცდა, თუმცა გამოცდა არ იქნება იმავე ფორმატისა და შინაარსის, როგორიც აქამდე იყო. უახლოეს მომავალში დამტკიცდება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, რომელშიც დეტალურად იქნება ასახული ის კომპეტენციები და ვალდებულებები, რომლებიც უნდა გააჩნდეს წამყვან და მენტორ მასწავლებელს. გამოცდა სწორედ ამ ახალი სტანდარტის მიხედვით გაწერილ კომპეტენციებზე იქნება მორგებული.
მას შემდეგ, რაც პედაგოგი ჩააბარებს სასურველი სტატუსის (წამყვანი/მენტორი) გამოცდას, ერთი სემესტრის განმავლობაში გაივლის პრაქტიკულ დაკვირვებას. მანანა რატიანი ამბობს, რომ ამ მეთოდით მათი პრაქტიკა „360 გრადუსით იქნება შესწავლილი“.
ცვლილება არის ისიც, რომ წამყვანისა და მენტორის გამოცდაზე პედაგოგი ვერ გავა, თუ მას საგნობრივ გამოცდაში მიღებული აქვს მხოლოდ 1 და 4 კრედიტი. მას ხელახლა დასჭირდება გამოცდაზე გასვლა, რათა საგნობრივი კომპეტენცია დაადასტუროს (გამოცდაზე მიიღოს მინიმუმ 50% ანუ 7 კრედიტი). მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს, ჩააბაროს წამყვანის ან მენტორის გამოცდა: „თამასა ბევრად მაღალი იქნება, ვიდრე დღესაა, იმიტომ რომ არ შეიძლება მასწავლებელი იყოს მენტორი ან წამყვანი, რომელსაც საგნის გამოცდაში მხოლოდ 1 კრედიტი აქვს მოპოვებული“, – ამბობს მანანა რატიანი.
დღესდღეობით სისტემაში სულ 37 902 უფროსის, 2906 წამყვანისა და 260 მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგია.
მანანა რატიანი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ მნიშვნელოვანია, სკოლა აქტიურად იყოს ჩაბმული მასწავლებლის პროფესიული განვითარების საჭიროებების დადგენაში. ამ საჭიროებების იდენტიფიცირების მერე კი უნდა არსებობდეს პროფესიული განვითარების მრავალფეროვანი შესაძლებლობები, რომლებიც არ იქნება საბაზისო ტრენინგებზე (სასწავლო პროცესის დაგეგმვა, მართვა, შეფასება), ორიენტირებული, არამედ იქნება უკვე კვალიფიციური მასწავლებლის კონკრეტული საჭიროების დაკმაყოფილებისკენ მიმართული.
„შესაძლოა პედაგოგი საბაზისო საკვალიფიკაციო მოთხოვნას აკმაყოფილებდეს, მაგრამ მას შესაძლოა განვითარება სჭირდებოდეს კონკრეტული მიმართულებით, მაგალითად, სჭირდებოდეს სასწავლო პროცესში კვლევითი კომპონენტის განვითარება, ან – პროექტზე დაფუძნებული სწავლების განვითარება. სკოლა ამ მიმართულებით დაეხმარება პედაგოგს, სისტემაში შემოვლენ სხვა სერვისის მიმწოდებლებიც, რომლებიც ამ სხვადსხვა საჭიროებაზე მორგებულ პროფესიულ განვითარებას შესთავაზებენ პედაგოგებს“, – ამბობს მანანა რატიანი.
რაც შეეხება დამწყები პედაგოგებისთვის პროფესიაში შესვლის გზებს, მანანა რატიანის განმარტებით, ამ ეტაპზე ამ მიმართულებით ძირეულ ცვლილებებზე საუბარი არ არის.
„საბოლოო ჯამში ადამიანი, რომელიც შედის სკოლაში, უნდა იყოს კვალიფიციური, იმიტომ, რომ არაკვალიფიციური კადრების შედინებამ სკოლებში არაერთი პრობლემა გამოიწვია, რომლებზე მუშაობაც შემდგომში უკვე ძალიან რთულია. ამიტომ მგონია, რომ შესვლის ფილტვრასაც საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მონდომებული ახალგაზრდები დავბლოკოთ. ზაფხულში ბევრი ახალი კადრი შევიდა სკოლაში და ამან უკვე ადგილზე გამოასწორა სიტუაცია. თუმცა რამდენად დაუჭირა მათ სკოლამ მხარი, რა პრობლემები შეექმნათ, ეს ცალკე კვლევის საკითხია. ახალბედა მასწავლებლების მხარდაჭერაზე უნდა ვიმუშაოთ.
სექტემბრიდან მათ განსხვავებული ტიპის მხარდაჭერას შევთავაზებთ – არის დისტანციური პროფესიული განვითარება და ალბათ გარკვეულწილად მათთან პირისპირ მუშაობაც არის საჭირო. სკოლებსაც ამ მიმართულებით შევთავაზებთ გარკვეული ტიპის მხარდაჭერას, რათა საჭიროების შემთხვევაში ადგილზე დაეხმარონ დამწყებ მასწავლებლებს, რომ მათ დაძლიონ პროფესიაში შესვლის სირთულეები და მოკლე დროში არ დატოვონ სკოლა“.
მასწავლებლის რეგულირების წესის დოკუმენტი მასწავლებლის სახლმა სამინისტროს უკვე წარუდგინა. მანამდე, სანამ წესი დამტკიცდება და ძალაში ახალი რეგულაციები შევა, საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები. ახალი სასწავლო წლისთვის ეს პროცესი უნდა დასრულდეს, თუმცა ზუსტი ვადები, როდის განიხილავს პარლამენტი შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს, ჯერჯერობით უცნობია.