როგორ შეძლებენ პრაქტიკოსი პედაგოგები კარიერულ წინსვლას

სალომე გორგოძე

დღესდღეობით სკოლებში 12 255 პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგი ასწავლის. ისინი მომავალი სასწავლო წლიდან პროფესიაში დარჩენას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ სტატუსს აიმაღლებენ. კერძოდ, მოქმედი რეგულაციით, იმისათვის, რომ პრაქტიკოსი პედაგოგი კარიერულად მომდევნო საფეხურზე გადავიდეს და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღოს, მან 19 კრედიტქულა უნდა დააგროვოს.

მომდევნო სასწავლო წლიდან მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემას „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი“ ჩაანაცვლებს. აღნიშნული წესი მასწავლებლის კარიერულ საფეხურებზე პრაქტიკოს პედაგოგს აღარ მოიაზრებს. მანამდე კი, სანამ ახალი რეგულირების წესი ამოქმედდება, თუ პრაქტიკოსი პედაგოგი პროფესიაში დარჩენას ისურვებს, კრედიტების დაგროვება მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, კრედიტების დაგროვების სისტემით მოუწევს.

უფრო კონკრეტულად, რა გზებით შეძლებენ დარჩენილ ვადაში პრაქტიკოსი პედაგოგები სტატუსის შეცვლას, „პუბლიკა“ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს, მანანა რატიანს ესაუბრა.

ვინაიდან სკოლებში, ე.წ. შიდა შეფასების ჯგუფი უქმდება, რომელიც აქამდე მოქმედი რეგულაციით, მასწავლებლის მიერ განხორციელებულ შიდა აქტივობებს აფასებდა და ამაში მათ შესაბამის კრედიტებს ანიჭებდა, პრაქტიკოსებისთვის კრედიტების შეგროვება მხოლოდ გარე მექანიზმებით იქნება შესაძლებელი, კერძოდ, გამოცდით და ტრენინგებით.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღესდღეობით 5 906 პედაგოგს არ აქვს ჩაბარებული არცერთი გამოცდა. მხოლოდ საგნის გამოცდა ჩაბარებული აქვს 2 679 პედაგოგს. მხოლოდ პროფესიული უნარების გამოცდა ჩაბარებული აქვს 2 251 პედაგოგს. 611 პედაგოგს კი ორივე გამოცდა ჩაბარებული აქვს, თუმცა სტატუსის შესაცვლელად 5 კრედიტზე ნაკლები სჭირდება.

იმისათვის, რომ დარჩენილ ვადაში პრაქტიკოსმა პედაგოგებმა კრედიტების დაგროვება შეძლონ, ზაფხულში ჩატარდება როგორც საგნის, ასევე პროფესიული უნარების გამოცდები. გაზაფხულიდან კი მათ მასწავლებლის სახლი 5 კრედიტის ფარგლებში ტრენინგებს შესთავაზებს. ტრენინგებზე რეგისტრაცია, სავარაუდოდ, მომდევნო კვირიდან გამოცხადდება. შესაბამისად, პრაქტიკოს მასწავლებელს კრედიტების შესაგროვებლად შეეძლება გამოცდის ჩაბარება,  ტრენინგების გავლა, ან კომბინირებულად – გამოცდის ჩაბარება და ტრენინგის გავლა, იმ საჭიროებიდან გამომდინარე, თუ რამდენი კრედიტი სჭირდება.

მანანა რატიანი განმარტავს, რომ ტრენინგებს სახელმწიფო სრულად დააფინანსებს და 5 კრედიტის ფარგლებში 5 დამოუკიდებელი ტრენინგი ჩატარდება. ტრენინგები ჩატარდება როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული უნარების მიმართულებით.

„პრაქტიკოს პედაგოგებს, რომლებსაც არცერთი გამოცდა არ აქვთ ჩაბარებული, ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ მიზეზი შესაბამისი კომპეტენციის არქონაა. ამათ შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც გარკვეული მიზეზი ჰქონდათ ამისთვის – შესაძლოა საჭიროდ არ თვლიდნენ, ან არსებულ რეგულაციებს ეწინააღმდეგებოდნენ ან ბოლო წამამდე იცდიდნენ. ამ ადამიანებმა ახლა იციან, რომ სექტემბრიდან მათ არ განუახლდებათ კონტრაქტი იმ შემთხვევაში, თუ სტატუსს არ შეიცვლიან. 2015 წლიდან (მას შემდეგ, რაც სქემა ამოქმედდა) დღემდე საკმაოდ დიდი დროა გასული საიმისოდ, რომ მასწავლებლებმა კვალიფიკაცია აიმაღლონ.

ჩვენი მოსწავლეები იმსახურებენ, რომ ყველა მასწავლებელს, რომლებიც მათ სკოლაში ასწავლის, კვალიფიკაცია დადასტურებული ჰქონდეს. მაგრამ, თუ ვერ დაადასტურებს ამ კომპეტენციას, რეგულირებით განსაზღვრულ კრედიტებს ვერ შეაგროვებს და ვერ გადავა შემდეგ საფეხურზე, სკოლა მათ კონტრაქტს აღარ გაუგრძელებს და მათ ადგილზე ვაკანსიას გამოაცხადებს“, – განმარტავს მანანა რატიანი.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სკოლა გამოცხადებულ ვაკანსიაზე ვერ იპოვის კომპეტენტურ კადრს? მანანა რატიანი განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში პროფესიონალი კადრებით სკოლას მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს და მაგალითად მოჰყავს ცენტრის რამდენიმე პროგრამა, – „მაძიებელი მასწავლებლები“, „ასწავლე საქართველოში“ და დისტანციური სწავლების პროგრამა.

რატიანი განმარტავს, რომ მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც საგნის გამოცდა ჩაბარებული აქვს და პარალელურად პედაგოგის მომზადების 60-კრედიტიან საუნივერსიტეტო პროგრამას გადის, შეუძლია დასაქმდეს სკოლაში მაძიებლად და სკოლის ბაზაზევე პროფესიულად განვითარდეს. გარდა ამისა, სკოლებს პროფესიონალი კადრების დეფიციტის შემთხვევაში პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ დაეხმარება. ასევე რატიანი ამბობს, რომ დისტანციური სწავლების პროგრამის პედაგოგები, შეიძლება მნიშვნელოვანი რესურსი იყოს იმ სკოლებისთვის, რომლებშიც პროფესიონალი კადრების აყვანა გაუჭირდებათ.

„დისტანციური სწავლების პროგრამა თითქმის 40 სკოლაში უკვე წარმატებით ხორციელდება. ჩვენ გადავამზადეთ ბევრად მეტი მასწავლებელი დისტანციური სწავლებისთვის, იმიტომ, რომ საჭიროების შემთხვევაში, სასწრაფოდ მოხდეს მათი ჩართვა. მგონია რომ ბევრ შემთხვევაში ეს შეიძლება აღმოჩნდეს კარგი ალტერნატივა, ჩაანაცვლო არაკვალიფიციური მასწავლებელი.

ალტერნატივები არის უკვე კარგად გამოცდილი და შესაბამისად, უკვე სექტემბერში ეს პრობლემა სკოლებში ნაკლებად უნდა შეიქმნას. ასევე პედაგოგების ისეთ დიდ გადინებას, როგორიც პენსიონერ მასწავლებლებთან მიმართებით მოხდა, აღარ ველოდებით. პრაქტიკოს მასწავლებლებსაც ყველანაირად მხარს ვუჭერთ, ვთავაზობთ განვითარების შესაძლებლობას, იმისათვის, რომ სტატუსი აიმაღლონ. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია მათ მონდომებაზე, რომ დარჩენილ ვადაში კვალიფიკაცია აიმაღლონ“, – ამბობს მანანა რატიანი.

მანანა რატიანი ყურადღებას ამახვილებს არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორების პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგებზეც და ამბობს, რომ მათთან მიმართებით გარკვეული გამონაკლისები იქნება.

რატიანი ამის მიზეზად განმარტავს, რომ არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორების მასწავლებლებს წლების განმავლობაში არ ჰქონდათ პროფესიული განვითარების ისეთივე შესაძლებლობები, როგორიც ქართულენოვან პედაგოგებს.

„ახალი წესი დეტალურად განსაზღვრავს მათთვის კარიერული წინსვლის დეტალებს, თუმცა მანამდე შეუძლიათ არსებულ რეგულაციას გაჰყვნენ, მაგალითად, ზაფხულშივე გავიდნენ გამოცდაზე, მით უმეტეს საგნობრივი გამოცდა ნათარგმნია. თუმცა, კატეგორია, რომელიც სექტემბრამდე სტატუსს ვერ აიმაღლებს, მათთვის ვადა გახანგრძლივდება, რადგან არ შეიძლება არათანაბარ პირობებში ჩავაყენოთ მასწავლებლები – ერთი მხრივ, ისინი, რომლებსაც წლების განმავლობაში არაერთი პროფესიული განვითარების გზა შევთავაზეთ, არაერთი მათზე მორგებული პროგრამა შევქმენით და, მეორე მხრივ, არაქართულენოვანი სკოლის პედაგოგები, რომლებსაც ეს შესაძლებლობები ლიმიტირებული ჰქონდათ“,- ამბობს მანანა რატიანი.

პროფესიული განვითარების რა გზები იქნება შეთავაზებული მათთვის ახალი რეგულირების წესის მიხედვით? რატიანი განმარტავს, რომ გარდა სტანდარტულად, ყველა მასწავლებლისთვის გათვალისწინებული გზებისა, არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგებისთვის იქნება სპეციალური ტრენინგები, როგორც საგანზე, ასევე გაკვეთილის დაგეგმვა-მართვა-შეფასებაზე ორიენტირებული. მეორე მხრივ, მათ შესთავაზებენ სახელწიფო ენის კურსებს, რაც მათთვის მეტი პროგრამით სარგებლობის ახალ შესაძლებლობას გააჩენ. ეს კი ენის არცოდნის გამო წლების განმავლობაში მათთვის ხელმისაწვდომი არ იყო.

მასწავლებლის რეგულირების წესის დოკუმენტი მასწავლებლის სახლმა სამინისტროს უკვე წარუდგინა. მანამდე, სანამ წესი დამტკიცდება და ძალაში ახალი რეგულაციები შევა, საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო. ახალი სასწავლო წლისთვის ეს პროცესი უნდა დასრულდეს, თუმცა ზუსტი ვადები, თუ როდის განიხილავს პარლამენტი  შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს, ჯერჯერობით უცნობია.