რას უნდა ველოდოთ 2023 წელს მედიცინაში

დიმიტრი ლიპარტელიანი

სამედიცინო მეცნიერებისთვის 2023 წელი გამოწვევებით აღსავსე იქნება. ჩინეთში Zero-Covid პოლიტიკის შესუსტებამ ინფიცირების დრამატული ზრდა გამოიწვია. მიუხედავად პოტენციური საფრთხისა, დასავლეთში ბუსტერული ვაქცინაციის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად იკლო.

ამას გარდა, კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება გასული წლის მაისში დაწყებული მაიმუნის ყვითელას ეპიდაფეთქებაც, რომელიც ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკის რეგიონებს პირველად გასცდა. ეს ცალსახად მიანიშნებს, რომ 2023 წლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კვლავ ვირუსულ ინფექციებთან ბრძოლა იქნება. თუმცა, წარმატებული მასობრივი ვაქცინაციის კამპანიის წყალობით, პანდემიის ზოგადი დინამიკა შენელდა, რამაც მეცნიერებს საშუალება მისცა, რომ სხვა მიმართულებებში შეჩერებული კლინიკური კვლევები განეახლებინათ.

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ, რა სამედიცინო სიახლეებს უნდა ველოდოთ 2023 წელს.

  • საყურადღებო პათოგენთა მონიტორინგი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) პერიოდულად საყურადღებო პათოგენთა სიას აქვეყნებს, რათა დროული პრევენციული ღონისძიებებით სამომავლო ეპიდაფეთქებები თავიდან აიცილოს. მსგავსი სია პირველად 2017 წელს გამოქვეყნდა. მაშინ მთავარი აქცენტი ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულ ბაქტერიულ შტამებზე გაკეთდა. სხვათა შორის, აღნიშნულ საკითხს აქტუალობა ამ დრომდე არ დაუკარგავს.

ამჟამინდელ სიაში შემდეგი საყურადღებო დაავადებები და პათოგენებია: Covid-19, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, ებოლა, მარბურგის ცხელება, ლასას ცხელება, MERS-CoV (შუა აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი), SARS (მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი), ნიპასა და ჰენიპავირუსების მიერ გამოწვეული ინფექციები, რიფტის ველის ცხელება და ზიკას ვირუსი.

განახლებული სიის შესადგენად 300-მდე მეცნიერი 25-ზე მეტ ვირუსულ და ბაქტერიულ ოჯახს შეისწავლის, რათა პოტენციური გამომწვევები გამოიკვეთოს. შემდგომში, ეს სამომავლო სამეცნიერო კვლევებისა და ჯანდაცვის პოლიტიკისათვის გზამკვლევად იქცევა. პათოგენთა განახლებული სიის გამოქვეყნება 2023 წლის პირველ ნახევარშია მოსალოდნელი.

  • ახალი (და ძველი) ვაქცინების კვლევა

2021 წლის დეკემბერში მეცნიერებმა სუბ-საჰარული აფრიკის რეგიონის ქვეყნებში მცხოვრები აივ-ინფიცირებულები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევაში ჩართეს. 14 500 ადამიანი 8 ქვეყანაში გაბნეულ 50-ზე მეტ კლინიკაში ი-რნმ ვაქცინით (Moderna) იცრება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები გულდასმით აკვირდებიან.

კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ 2023 წელს ისინი საბოლოოდ გაიგებენ, როგორ იმუნიტეტს ტოვებს ვაქცინაცია იმუნოკომპრომეტირებულ ადამიანებში. ეს მათ დაეხმარება, ზუსტად განსაზღვრონ, რა სიხშირით უნდა ჩატარდეს ვაქცინაცია, რათა მწვავე Covid-19-ით საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაციის რისკები მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.

კორონავირუსის ვაქცინის გლობალურმა წარმატებამ ი-რნმ (ინფორმაციული რიბონუკლეინის მჟავა) ვაქცინების გამოყენების არეალის გაფართოებას მისცა ბიძგი. გერმანული BioNTech წელს გეგმავს, რომ მალარიის, ტუბერკულოზისა და გენიტალური ჰერპესის საწინააღმდეგო ვაქცინების კვლევა დაიწყოს. ისინი თავიანთ გამოცდილ პარტნიორ Pfizer-თან ერთად კორონავირუსისა და გრიპის კომბინირებული ვაქცინის შექმნას აპირებენ. მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება, რომ ადამიანები კორონავირუსისა და გრიპის რამდენიმე შტამის წინააღმდეგ ერთდროულად აიცრან.

მნიშვნელოვანი წინსვლაა დენგეს ცხელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ ინფექციური დაავადებებით მსოფლიოში ყოველწლიურად 100 მილიონი ადამიანი ავადდება. მართალია, სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია, მაგრამ მეცნიერები მისი საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად აქტიურად მუშაობდნენ. აქამდე ბაზარზე მხოლოდ Sanofi Pasteur-ის წარმოებული ვაქცინა, Dengvaxia, იყო ხელმისაწვდომი. თუმცა, იგი სრულიად უსაფრთხო მხოლოდ იმ ადამიანებისთვის იყო, ვისაც ეს ინფექცია წარსულში უკვე გადატანილი ჰქონდა.

ფარმაცევტულმა კომპანია Takeda-მ კლინიკური კვლევა რამდენიმე ქვეყანაში ჩაატარა და მიღებული შედეგები იმედისმომცემად გამოიყურება – მათი ვაქცინა Qdenga უსაფრთხოა და აუცილებელი არ არის, რომ აცრის მსურველს ინფექცია წარსულში აუცილებლად მოხდილი ჰქონდეს. Qdenga-მ ევროპაში გამოყენების ნებართვა 2022 წლის მიწურულს მოიპოვა.

  • გენური ინჟინერია გენეტიკური დაავადებების წინააღმდეგ

2023 წელს, შეიძლება, CRISPR გენურ ინჟინერიაზე დაფუძნებული თერაპიის კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენებას აუნთონ მწვანე შუქი. ამ ნოვატორულ მიდგომას სისხლის გენეტიკური დაავადებების, ბეტა-თალასემიისა და ნამგლისებრ-უჯრედოვანი ანემიის სამკურნალოდ გამოიყენებენ.

მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, სამუშაო მოდელი ასეთია: პაციენტის ორგანიზმიდან სისხლის წარმომქმნელ ღეროვან უჯრედებს იღებენ, CRISPR-Cas9 გენური მოდიფიკაციით გენეტიკურ დარღვევას გაასწორებენ და ცენტრალური ვენური კათეტერით ტრანსფუზიას ჩაატარებენ. კლინიკური კვლევებზე Vertex Pharmaceuticals და CRISPR Therapeutics მუშაობენ. კვლევა ერთდროულად რამდენიმე კლინიკაში მიმდინარეობს და მასში მწვავე ნამგლისებრ უჯრედოვანი ანემიის მქონე ადამიანები არიან ჩართულები. დადებით შედეგად ჩაითვლება, თუ კვლევის მონაწილეებს 12 თვის განმავლობაში მწვავე სისხლძარღვოვანი უკმარისობის ეპიზოდი არ დაუფიქსირდებათ. კლინიკური კვლევის პირველადი შედეგების ანალიზი იმედისმომცემად გამოიყურება. მწარმოებლები აშშ-ს საკვებისა და წამლის ადმინისტრაციას (FDA) მარტში მიმართავენ.

CRISPR-Cas9 გენური მოდიფიკაციით მეცნიერები კუნთოვანი დისტროფიის დამარცხებასაც ცდილობენ. ამ პათოლოგიისას დროთა განმავლობაში კუნთოვანი ქსოვილის შეუქცევადი განლევა ხდება, რისი მიზეზიც რეგენერაციაზე პასუხისმგებელი ღეროვანი უჯრედების გენეტიკური დაზიანებაა. რეალურად, კუნთოვანი დისტროფიები თავის თავში 50-მდე განსხვავებულ დაავადებას მოიაზრებს და ეს უკანასკნელნი ბავშვებისა თუ ახალგაზრდების ინვალიდიზაციის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია. თუმცა, გენური ინჟინერიის დახმარებით ამ პროცესში ჩარევა შესაძლებელი ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ღეროვან უჯრედში არსებული დაზიანების გასწორება შესაძლებელი იქნება, კუნთოვანი ქსოვილი აღდგენას კვლავ შეძლებს. კვლევის ავტორები შერჩეული პაციენტების მკურნალობას ამ წლის ივნისსა და ივლისში დაიწყებენ და თერაპიის ეფექტიანობაზე პირველადი პასუხები მათ რამდენიმე თვეში ექნებათ.

  • ალცჰაიმერის სამკურნალო მედიკამენტის კვლევა, ანუ გოდოს მოლოდინში

ალცჰაიმერის კვლევის შედეგები ყოველთვის წამყვანი გამოცემების პირველ გვერდებზე ხვდება. სავარაუდოდ, გამონაკლისი არც 2023 წელი იქნება. იაპონური ფარმაცევტული კომპანიის Eisai-სა და ამერიკული Biogen-ის კოლაბორაციით შექმნილი მედიკამენტი, ლეკანემაბი, აკადემიური საზოგადოების ყურადღების ცენტრში გასულ წელს მოექცა. პრეპარატი მონოკლონურ ანტისხეულს წარმოადგენს და მისი მთავარი ამოცანა ამილოიდურ ფოლაქებთან ბრძოლაა. ეს უკანასკნელი ნერვულ ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლის პროცესში ერევა, რაც საბოლოოდ უჯრედებს შორის კავშირს არღვევს და დემენციის განვითარებას იწვევს.

კლინიკური კვლევის მეორე ეტაპის შედეგებით კმაყოფილმა მწარმოებლებმა პრესრელიზში განაცხადეს, რომ საქმე ნამდვილ სამეცნიერო გარღვევასთან გვქონდა. მათ ენთუზიაზმს სკეპტიციზმის ცივი წყალი გადაასხა ზოგიერთმა მეცნიერმა, რომელთაც საპასუხო პუბლიკაციაში აღნიშნეს, რომ დაავადებით გამოწვეული კოგნიტიური ფუნქციების დარღვევის 27%-ით შენელება შენელება ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ არა სამეცნიერო გარღვევა. ამას გარდა, საყურადღებოა, რომ კლინიკური კვლევის მესამე ეტაპზე ჩართული 3 ადამიანი თავის ტვინში განვითარებული სისხლჩაქცევით მოკვდა, რამაც მაშინვე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კითხვები გააჩინა.

მკვლევრები ფიქრობენ, რომ სისხლდენის მიზეზი შეიძლება ამილოიდთან დაკავშირებული იმიჯინგის დარღვევა (ARIA) იყო. ასეთ დროს ანტისხეულებმა შეიძლება თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვი მექანიკურად, ამილოიდურ ფოლაქებზე თავის დასხმის დროს დაასუსტონ. შედეგად სისხლდენის განვითარებაა მოსალოდნელი. ამის გარდა, კვლევაში ჩართული ყველა პაციენტი ანტიკოაგულანტს (სისხლის შედედების საწინააღმდეგო მედიკამენტი) იღებდა, რამაც, შეიძლება, სისხლდენა გააუარესა. აკადემიურ წრეებში Biogen-ის კვლევებს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან – კომპანია ხმამაღალ განცხადებებში აქამდეც ყოფილა შემჩნეული, მაგრამ რაც მთავარია, მათ და FDA-ს ტოქსიკური ურთიერთობა აქვთ.

აშშ-ის კონგრესის მიერ ადუკანუმაბზე (Biogen-ის წარმოებული მონოკლონური ანტისხეული, რომელიც ალცჰაიმერის სამკურნალოდ იყო გათვლილი) ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მარეგულირებლის პროტოკოლში აღმოჩენილი შეცდომები ფარმაკოლოგიური კომპანიის მიერ ეფექტიანობის შესახებ მოწოდებულ ინფორმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა. მიუხედავად ამისა, არცერთ მხარეს რაიმე სახის ჯარიმა არ დაჰკისრებია.

ამ ყველაფრის ფონზე, FDA-მ ლეკანემაბს რამდენიმე დღის წინ, დაჩქარებული წესით ავტორიზაცია მიანიჭა. ზოგიერთი მეცნიერი სახელმწიფო მარეგულირებელს ამ გადაწყვეტილებას არ უწონებს და მას ნაჩქარევად მიიჩნევს.

  • ავთვისებიან სიმსივნეებთან ბრძოლის ახალი ფრონტი

2023 წელს მნიშვნელოვანი წინსვლაა მოსალოდნელი ონკოლოგიურ კვლევებში. ერთ-ერთი ასეთია პლატინისადმი რეზისტენტული საკვერცხის კიბოს სამკურნალო მედიკამენტის, მირვეტუქსიმაბ-სორავტასინის კლინიკური კვლევა. საკვერცხის კიბოს დიაგნოზის დროს ქიმიოთერაპია პლატინის შემცველი პრეპარატის გადასხმას გულისხმობს, თუმცა პაციენტთა ნაწილი მის მიმართ რეზისტენტულობას ავლენს. შესაბამისად, ამ ახალი მედიკამენტით მათი მკურნალობის ალტერნატივა ჩნდება.

აღნიშნულმა მედიკამენტმა გასული წლის ნოემბერში FDA-ს დაჩქარებული ავტორიზაცია უკვე მოიპოვა. მედიკამენტი ანტისხეული-წამლის კონიუგატს წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მონოკლონური ანტისხეული მედიკამენტთან ქიმიურად არის დაკავშირებული. მსგავსი ტიპის თერაპიული საშუალებები ავთვისებიანი სიმსივნეების (მაგ. საშვილოსნოს ყელის კიბოს) სამკურნალოდ უკვე გამოიყენება, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა მას საკვერცხის კიბოს წინააღმდეგ მიმართავენ. კლინიკური კვლევის პირველადი მონაცემები დამაიმედებლად გამოიყურება. იმისათვის, რომ მედიკამენტმა FDA-საგან სტანდარტული სახის ავტორიზაცია მოიპოვოს, მისი უსაფრთხოების შესახებ კვლევის ჩატარებაა საჭირო. 2023 წლის დასაწყისში სწორედ ამ კვლევის შედეგების გამოქვეყნება იგეგმება.

მნიშვნელოვანი ძვრებია მოსალოდნელი კიბოს მეტასტაზირების თეორიის გადააზრებაშიც. შვეიცარიელ მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ კიბოს მოთესვაში მოცირკულირე კიბოს უჯრედები (CTC) კლასტერები შეიძლება თამაშობდნენ მთავარ როლს. ეს უკანასკნელნი კიბოს მულტიუჯრედულ აგრეგატებს წარმოადგენენ, რომლებიც ძირითად სიმსივნურ წარმონაქმნს გამოეყოფიან და სისხლის მიმოქცევის სისტემაში იწყებენ გადაადგილებას. საბოლოოდ, აღნიშნულ პროცესს კიბოს მეტასტაზირებამდე მივყავართ. აქამდე მიიჩნეოდა, რომ მეტასტაზირებისას ძირითადი კიბოდან მხოლოდ ერთი უჯრედის გატყორცნაც კი იყო საკმარისი. აღნიშნული აღმოჩენის ავტორებმა ასევე დაადგინეს, რომ გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტი, დიგოქსინი, შეიძლება, CTC-ს კლასტერებს შლიდეს და ამგვარად კიბოს მეტასტაზირებას უშლიდეს ხელს. ამ დასკვნამდე მეცნიერები პრეკლინიკურ ეტაპზე, ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით მივიდნენ. ამჯერად ისინი კლინიკური კვლევის პირველ ეტაპზე არიან და თავიანთი თეორიის მართებულობის შესწავლას ადამიანებზე გეგმავენ. თავისი არსით ეს ძალიან მნიშვნელოვანი კვლევაა, რადგანაც ავთვისებიანი სიმსივნეების დროს დაავადებულთა 90%-ზე მეტი სწორედ მეტასტაზირების შემდეგ იღუპება.

2023 წელი მნიშვნელოვანი იქნება საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი პაპილომა ვირუსის ვაქცინაციის კვლევისთვისაც. 15 წლის წინ მეცნიერებმა გოგონების პრევენციული ვაქცინაციის რეკომენდაცია გასცეს და ეს პრაქტიკა დღემდე უამრავ ქვეყანაში აქტიურად გრძელდება. მაშინ აცრილი ეს გოგონები ახლა უკვე საშვილოსნოს ყელის სკრინინგულ ასაკში არიან. სწორედ ამიტომ, წელს პირველი პოპულაციური კვლევა დაიწყება, რომელიც შეამოწმებს, თუ რამდენად ეფექტიანი იყო მასობრივი ვაქცინაცია. ამასთან ერთად, მოქმედებაში გამოიცდება პაპილომა ვირუსის ტესტირების განახლებული პლატფორმაც. კლინიკური კვლევა ერთდროულად რამდენიმე ქვეყანას მოიცავს.

  • ფსიქოდელიკები: რეკრეაციული ნარკოტიკების თერაპიული ეფექტები

ბოლო რამდენიმე წელია, რაც ფსიქიატრიული საზოგადოების ყურადღება ფსიქოდელიკებისკენ არის მიპყრობილი. ეს რეკრეაციული ნარკოტიკები მეცნიერთა ყურადღებას შავ ბაზარზე გამოჩენის დღიდან იქცევდა, მაგრამ მათი კლინიკური კვლევა წარმოუდგენლად გართულებული იყო. ბოლო წლებში ეს დინამიკა შეიცვალა. ამის შედეგია, რომ 2019 წელს FDA-მ დეპრესიის სამკურნალოდ ესკეტამინი დაამტკიცა. აღნიშნული პრეპარატი ნარკოტიკულ საშუალება კეტამინს შეიცავს. ეს უკანასკნელი მკაცრი კონტროლის ქვეშ, მხოლოდ სპეციალურ კლინიკებში ინიშნება და ისიც მხოლოდ ისეთ პაციენტებთან, რომელთა თერაპიაშიაც სხვა მედიკამენტებმა ვერაფერი გააწყვეს.

ამ ყოველივეს კვალდაკვალ, შეიძლება, 2023 წელს FDA-მ MDMA (კლუბური ნარკოტიკი „ექსტაზი”) პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD) სამკურნალო საშუალებად დაარეგისტრიროს. აღნიშნულ საკითხზე კლინიკური კვლევა 2001 წელს დაიწყო, თუმცა, დასკვნით, მესამე ეტაპამდე მისვლა მხოლოდ 2018 წელს მოხერხდა. ამის მიზეზი MDMA-ზე არსებული მკაცრი სახელმწიფო კონტროლი და ფინანსური პრობლემები იყო. ახალი მედიკამენტის ბაზარზე გამოჩენისთვის ფარმაცევტული კომპანია საშუალოდ $985 მილიონს ხარჯავს და როცა საქმე ნარკოტიკულ საშუალებას ეხება, ეს სახელმწიფო სტრუქტურებთან ბიუროკრატიულ ურთიერთობას ჯოჯოხეთურად უსიამოვნოს ხდის.

მიუხედავად სირთულეებისა, კვლევა დასკვნით ეტაპამდე მივიდა და შედეგები ძალიან იმედისმომცემი აღმოჩნდა – პაციენტთა 67% კლინიკური კვლევის ბოლოს PTSD-ს სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებში აღარ ჯდებოდა. ამის გარდა, 21% აღნიშნავდა, რომ მისი შფოთვა, დეპრესია და სხვა თანმხლები მენტალური პრობლემები მნიშვნელოვნად იყო გაუმჯობესებული. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ MDMA შეიძლება დეპრესიის, შფოთვის, კვებითი ქცევების დარღვევების, ალკოჰოლიზმისა და ნარკოდამოკიდებულების სამკურნალოდაც გამოიკვლიონ.

ასევე ყურადღების ქვეშ მოექცნენ ფსილოციბინის სოკოებიც, რომელთა პოტენციალსაც დეპრესიის წინააღმდეგ მკურნალობაში იკვლევენ. მენტალურ ჯანმრთელობაზე მომუშავე კომპანიის COMPASS Pathways კლინიკური კვლევა პირველი იქნება, რომელიც 2023 წელს დასკვნით, მესამე ეტაპზე გადავა. ისინი მედიკამენტების მიმართ რეზისტენტული დეპრესიის სამკურნალო ალტერნატიულ საშუალებებს ეძებენ და როგორც ამას მეორე ეტაპის კვლევის შედეგების ანალიზი აჩვენებს, ფსილოციბინის სოკოებს ერთჯერადი მიღებისას ხელშესახები ეფექტი აქვს.

კვლევის ავტორებმა შედეგები გასული წლის მაისში, ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის ყოველწლიურ ყრილობაზე გაასაჯაროვეს. დასკვნითი ეტაპის შემდეგ ხანგრძლივი მონიტორინგი იგეგმება, რაც მკვლევრებს საშუალებას მისცემს, ფსილოციბინის სოკოს სამკურნალო ეფექტების შესახებ უფრო სრულყოფილი წარმოდგენა შეიქმნან.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერთა ნაწილი ფსიქოდელიკების შესახებ დატრიალებულ საინფორმაციო აურზაურს კრიტიკულად აფასებს. ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული საშუალებები პანაცეას არ წარმოადგენენ და საზოგადოების მოლოდინი ძალიან გადაჭარბებულია. ფსიქოდელიურ საშუალებებზე ჩატარებული კლინიკური კვლევების ავტორები აღნიშნავენ, რომ მიღებული შედეგების ანალიზში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რადგანაც საქმე მაინც რეკრეაციულ ნარკოტიკებს ეხება.

მეცნიერები ცალსახად და ხაზგასმით მიუთითებენ, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევები შესაბამისი სპეციალისტების კონსულტაციებითა და ნარკოტიკული საშუალებების ხარისხის მაქსიმალური კონტროლით გამოირჩევა. შესაბამისად, კვლევის წინასწარმა შედეგებმა ადამიანებს გაურკვეველი წარმომავლობის რეკრეაციული ნარკოტიკებით თვითმკურნალობისკენ არ უნდა უბიძგოს.