რას წერდა ივანე ჯავახიშვილი გეორგიევსკის ტრაქტატისა და რუსეთთან ურთიერთობის შესახებ

ბოლო დღეებია, არ წყდება დისკუსია 1783 წლის 24 ივლისს ციხესიმაგრე გეორგიევსკში რუსეთსა და გაერთიანებულ ქართლ-კახეთის სამეფოს შორის დადებული ტრაქტატისა და ერეკლე მეორის  შესახებ. ამ საკითხს ისტორიკოსმა, საზოგადო მოღვაწემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადამფუძნებელმა, ივანე ჯავახიშვილმა არაერთი ნაშრომი მიუძღვნა. 1919 წლით დათარიღებული მონოგრაფია „დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII საუკუნეში“ ქართულ ენაზე დაწერილი ერთ-ერთი პირველი ნაშრომია, რომელიც მე-18 საუკუნის საქართველოს ისტორიასა და რუსეთთან ურთიერთობას ეხება. ისტორიკოსი წინასიტყვაობაში აღნიშნავდა, რომ „აწინდელმა ქართველმა პოლიტიკოსმა ამ ჩვენს წარსულშიაც შეიძლება თანამედროვე მდგომარეობისთვისაც ბევრი რამე საგულისხმო და გამაფრთხილებელი ამოიკითხოს“.

          ივანე ჯავახიშვილი მონოგრაფიაში ყურადღებას ამახვილებს ვახტანგ მეექვსის ღვაწლზე, მიღწევებზე, სპარსეთსა და ოსმალეთს შორის გაყოფილ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოზე, რუსეთის იმპერატორ პეტრე პირველზე, 1722 წელს როგორ ჩართო მან საქართველო კონფლიქტებში და შემდეგ როგორ მიატოვა, როგორ დაუთმო აღმოსავლეთ საქართველო ოსმალეთს, როგორ გააფორმა მასთან ზავი, ვახტანგ მეფეს კი თავშესაფარზეც უარი უთხრა. მონოგრაფიაში ყურადღება გამახვილებულია, ასევე, თეიმურაზ მეორისა და ერეკლე მეორის მეფობის პერიოდზე. ნაშრომი სრულდება 1801 წლით – როდესაც რუსეთმა საქართველო საკუთარ გუბერნიად გამოაცხადა.

„როგორ ახერხებდა რუსეთი საქართველოს ისე მოჯადოებას, რომ იგი რამდენიმე მწარე გამოცდილების შემდგომაც მაინც „ქრისტესმოყვარე“ რუსეთის მფარველობის გულწრფელი მოიმედე იყო?“, წერს ივანე ჯავახიშვილი და აღნიშნავს „რუსეთი საქართველოს ისე უყურებდა, როგორც კარგს იარაღს, რომელიც საჭიროებისამებრ შეიძლებოდა მშვენივრად გამოეყენებინა თავის სასარგებლოდ. ეს აზრი თვით რუსეთის მთავრობას აქვს ცინიკური გულახდილობით გამოთქმული გრაფ ნ. პანინის პირით ერთს საიდუმლო მიწერილობაში, რომელიც მან სახელმძღვანელოდ საქართველოში მყოფ რუსეთის წარმომადგენელს, გენერალ ტოტლებენს გაუგზავნა: უნდა ეცადოთ საქმე საქართველოში ისე მოაწყოთ, რომ ყველაფერი ჩვენი „ხელმძღვანელობით ხდებოდეს“, თვით ქართველებს კი ისე ეგონოთ, ვითომც ისინი თავიანთ მთავრობის განკარგულებას ასრულებდნენ, თვით მთავრობაც დარწმუნებული იყოს, თითქოს ყველაფერი მისი სურვილისა და ნების თანახმად ხდებოდეს, ერთი სიტყვით, ყოველი ჩვენი წადილი განხორციელდეს, მაგრამ იმნაირად კი, რომ „სული აქაური (ე.ი. რუსული) იყოს, სხეული კი ქართულიო“.

ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ ქართველებს „შორიდან გაგონილი ჰქონდათ“ რუსეთის „მხურვალე სარწმუნოებრივი გრძნობა“ და ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ რუსეთი მათ ოსმალებსა და სპარსებთან ბრძოლაში ძლიერ დახმარებას გაუწევდა: „რუსეთის მთავრობას და პოლიტიკოსებს არ გამოჰპარვიათ ქართველთა იმგვარი პოლიტიკური გულუბრყვილობა. მთელი მათი პოლიტიკა საქართველოს მიმართ, როდესაც კი რუსეთის სამხედრო თვალსაზრისით ქართველთა ძალის გამოყენება ოსმალეთის, ან სპარსეთის წინააღმდეგ საჭიროდ მიაჩნდათ, სწორედ ქართველთა ამ სუსტ გრძნობაზე და გულუბრყვილობაზე იყო ხოლმე დამყარებული. „ქართველებს მხურვალე სარწმუნოებრივი გრძნობა აქვთ და ამაზეა დამოკიდებული მათი გულმოდგინება სრულიად რუსეთის კარისადმი და კეთილმოსურნეობა რუსი ხალხისადმიო“, ასე ამბობდნენ რუსეთის მთავრობის წარმომადგენელნი და ამ ქართველთა მხურვალე სარწმუნოებრივი გრძნობის საშუალებით ცდილობდნენ და ახერხებდნენ კიდეც ქართველების იმედად მოჯადოვებას, რომ რუსეთის პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად გამოეყენებინათ“.

მონოგრაფიაში ყურადღება გამახვილებულია 1783 წლის ხელშეკრულებამდე საქართველოსა და რუსეთის ურთიერთდამოკიდებულებაზე  როგორ მიატოვა 1770 წელს რუსეთის მხედრობის უფროსმა, ტოტლებენმა ერეკლე მეორე აწყურის ციხესთან და როგორ გაუფუჭდა მას სპარსებსა და ოსმალებთან ურთიერთობა, თუმცა ერეკლე მეორემ დიპლომატიური უნარების გამოყენებით კეთილმეზობლური ურთიერთობა დაამყარა და თავისი გავლენა გაზარდა „რუსეთის უპირობა და საქართველოს უმწეოდ მიტოვება მტრებთან ბრძოლის დროს ჩვენს ქვეყანას მარტო საერთაშორისო დამოკიდებულებას კი არ უფუჭებდა, მარტო მის გარეშე მტრებს კი არ ათამამებდა, არამედ შინაურ ცხოვრებაშიც არევ-დარევასა და სხვადასხვა პოლიტიკურ დასთა შორის ბრძოლას ამწვავებდა, მეფისა და მთავრობის პატივისცემისა და უფლების გაქარწყლებას ხალხის თვალში ხელს უწყობდა. ბევრნი ხედავდნენ, რომ მთავრობის მთელი პოლიტიკა საქართველოს უბედურების მეტს არას უმზადებდა და ამის გამო სპარსეთსა და ოსმალეთთან შეთანხმების მომხრენი დაუნდობლად ებრძოდნენ იმ წრეებს, რომელნიც რუსეთის მფარველობისა და მოკავშირეობის მომხრენი და მოთავენი იყვნენ. ეს შინაური უთანხმოება და ქიშპობა ძირს უთხრიდა ისედაც დაუსრულებელი ომებისა და მტრების შემოსევისგან დასუსტებულს სახელმწიფოს“.

1783 წლის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება: მისი წარმოშობის ისტორია

          „ამ თვალსაჩინო პოლიტიკური გამარჯვებისდა მიუხედავად, ერეკლე მეფეს საქართველოს ბედი და თავისი თავი მთლად უზრუნველყოფილად არ მიაჩნდა. მას განსაკუთრებით ოსმალეთის გავლენა აფიქრებდა დაღესტანზე და ის ტახტის მაძიებელიც, რომელიც რუსეთითგან ჩამოვიდა და სახელმწიფოს მყუდროების დარღვევას და გამეფებას ცდილობდა. თუმცა ამ ტახტის მაძიებლის წადილი უნაყოფო გამოდგა, მაგრამ რაკი ოსმალეთის მთავრობა თავის მიზნებისთვის დაღესტანს ფულის საშუალებით საქართველოს წინააღმდეგ ამხედრებდა ხოლმე და არც სპარსეთის შაჰი შეჰყურებდა ერეკლე მეფეს მოწყალეს თვალით, ამის გამო, მას მომავალი საკმაოდ უზრუნველყოფილად არ მიაჩნდა. ერეკლე მეფე გრძნობდა, რომ მტრებისგან თავდაცვისთვის საქართველოსათვის მუდმივი ჯარია აუცილებლად საჭირო. ამის შესანახად კი ფული მას საკმაო არ ჰქონდა. ქვეყნის მშვიდობიანი ცხოვრება ამ გაწეულ ხარჯს აინაზღაურებდა და მხოლოდ დროებითი დახმარება ესაჭიროებოდა.

ამ თავის გეგმის განსახორციელებლად მან ჯერ დასავლეთ ევროპას მიჰმართა თხოვნით. 1781 წელს ერეკლე მეფემ რომის იმპერატორს, იოსებ მეორეს წერილი მისწერა, რომელშიც სესხსა სთხოვდა საქართველოსა და ქრისტიანობის გადასარჩენად მტრებისაგან, მაგრამ მეფის ელჩი გზაში მოკვდა. ამის გამო, 1782 წელს ამგვარივე თხოვნა ხელმეორედ გაგზავნა და თანაც თავის მხრივ ჰპირდებოდა, რომ, თუ იმპერატორი სესხს მისცემდა. ოსმალეთის ომის დროს იმპერატორსა და გერმანიასთან საქართველო მთელი თავისი ძალ-ღონით თურქების წინააღმდეგ იმოქმედებდა. გამოურკვეველ მიზეზების გამო, მეფე ერეკლეს არც ამის პასუხი მოსვლია.

რუსეთს კი უკვე 1778 წლიდან მოყოლებული საიდუმლო გეგმა ჰქონდა სპარსეთის შესახებ და ამის სამზადისში იყო. ამ გეგმის ფარული მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ მას გადაწყვეტილი ჰქონდა კასპიის ზღვაში ასტრაბადის ყურეს პირდაპირ მდებარე კუნძული დაეჭირა და რუსთა ახალშენი, წინასწარ „მელიტრონისად“, ე.ი. ფუტკართ კუნძულად წოდებული, დაეარსებინა აქეთგან რუსეთის ვაჭრობის გასავრცელებლად თვით აღმოსავლეთ ინდოეთამდის. მწარე გამოცდილებამ რუსეთის მთავრობა დაარწმუნა, რომ სპარსეთში მარტო კასპიის ზღვითგან მტკიცედ ფეხის მოკიდება შეუძლებელი იყო. ამისთვის სხვა გზაც იყო საჭირო.

ერეკლე მეფესთან საქართველოში გერმანელი მოგზაური დოქტორი რაინეგსი ცხოვრობდა, რომელმაც, ვითარცა აღმოსავლეთში ნამყოფმა კაცმა, ადგილობრივი ენებიც კარგად იცოდა. სხვათა შორის, ქართულიც შეისწავლა და ერეკლე მეფესთან დაახლოებული იყო. რუსეთის სახელმწიფოს მხედართ-მთავარმა, ფელდმარშალმა, თავადმა პოტიომკინმა ეს რაინეგსი საქართველოთგან თავისთან დაიბარა და 1782 წლის შემოდგომას ისევ საქართველოშივე გამოისტუმრა, მაგრამ ახლა უკვე ვითარცა რუსეთის წარმომადგენელი ერეკლე მეფისა და სოლომონ მეფის წინაშე. მას საგანგებოდ დავალებული ჰქონდა, ერეკლე მეფისათვის ჩაეგონებინა, რომ მას რუსეთის თვითმპყრობელისაგან მფარველობა ეთხოვა ფორმალურად.

            ამ დროს პატარა საქართველო და მისი გმირი, ნიჭიერი მეფე განმარტოებული და განათლებულ ქვეყნიერებას ყოველ მხრივ მოწყვეტილი იყო. საქართველოს მთავრობა დარწმუნდა, რომ ამაო იყო ყოველივე მისი ცდა ევროპის სახელმწიფოებამდის ხმის მისაწვდენად. რომ მოზღვავებულ მტრების წინააღმდეგ იქითგან დახმარების მოლოდინი ტყუილი ოცნება იქმნებოდა. ასეთს გარემოებაში ერეკლე მეფე და საქართველოს მთავრობა რაინეგსის რჩევას, რომელიც, როგორ ახლა ირკვევა, თვით რუსეთის მთავრობის მიერ დავალებული საიდუმლო მინდობილობა ყოფილა, რასაკვირველია, სიამოვნებით შეიწყნარებდა. რუსეთის მეტი მომშველებელი მაშინ მათ აღარავინ ეგულებოდათ და ისევ ამ ძლიერს ჩრდილოეთის სახელმწფოს მიმართეს.

ოფიციალური თხოვნა გაიგზავნა რუსეთში.

რუსეთის მთავრობას ძალიან იამა ეს ამბავი. ეკატერინე მეორეც ამ საქმისგან რუსეთისთვის დიდს სარგებლობას მოელოდა. 24 ივლისს 1783 წელს აღმოსავლეთ საქართველოს და რუსეთის წარმომადგენლებმა ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს“.

 

1783 წლის ხელშეკრულების შედეგი

„1783 წლის ხელშეკრულებას საქართველოსთვის არა მოუტანია რა. ზიანი კი აუარებელი. პოლიტიკური მდგომარეობა გაუმჯობესების მაგიერ საშინლად გაუარესდა. ხმა ამ ხელშეკრულებას და რუსეთის სახელმწიფოს მფარველობას დიდი ჰქონდა. საქმით კი ძალიან მცირე იყო ის დახმარება, რომელიც რუსეთის მხრით საქართველოს აღმოეჩინა. ხელშეკრულების თანახმად, საქართველოში 2 ბატალიონი რუსის ჯარი მოვიდა. სამაგიეროდ შეექმნათ „შიშნეულობა მხედრობისა გამო რუსეთისა“ ადერბეჯანის ხანებს, რომელთაც წინათ, როგორც აღნიშნული იყო, მეფე ერეკლესთან კარგი განწყობილება. მათ საღი ალღოთი იგრძნეს, რომ საქმე მარტო საქართველოს მფარველობით არ გათავდებოდა და ამას აუცილებლად მოჰყვებოდა მათი „დაპყრობა ძალითა როსიისმხედრობისათა“. ამ მოსალოდნელი განსაცდელის წინაშე ადერბეჯანის ხანებმა ერთმანეთის მტრობა დაივიწყეს და შეექმნათ ერთიერთმანეთისადმი დაფარვით „დინ-თასლობისა თანხმობა“.

არაფრად მოეწონა საქართველოს რუსეთთან დაკავშირება ოსმალებს და ახალციხის ფაშას სულეიმანსაც. წინათ მასაც ერეკლე მეფესთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, 1783 წ. ხელშეკრულებამ ისიც დააფრთხო და საქართველოს მეფის მტრად აქცია. ოსმალეთმა თავის ჩვეულებრივს ხერხს მიჰმართა და ფულით დაღესტანიც აამხედრა საქართველოს წინააღმდეგ. „სულეიმან ფაშამ მოუწოდა დაღესტნის, ხუნძახის ბარონს“, და ისიც 30 000 ჯარით კახეთს შემოესია.

თვით ერეკლე მეფეს უერთგულესი ყმად-ნაფიცი და მეგობარი შუშის ხანიც კი რუსების მიმართ შიშით საქართველოს მეფეს განუდგა და გადაემტერა. მისი ჩაგონებით განჯელებმა ერეკლე მეფის მიერ დანიშნული განჯის გამგე გამოაძევეს. ყაზახისა, შამშადილისა და შამქორის ელებიც. რომელთაგან საქართველოს 6 000-მდე საუკეთესო ცხენოსანი მებრძოლი ემატებოდა ხოლმე, ამავე პოლიტიკური მიზეზის გამო შუშის ხანს მიემხრნენ და მტრობა დაიწყეს.

დაღესტნელების შემოსევა რომ უკუექცია, ერეკლე მეფემ სექტ. 1787 წ. ქართული და რუსული მხედრობითურთ განჯის წინააღმდეგ გაილაშქრა. სრული გამარჯვება იყო მოსალოდნელი, რომელსაც ერეკლე მეფის წინანდელი სახელი უნდა აღედგინა. მაგრამ სრულებით მოულოდნელად რუსის ჯარის უფროსს, მინისტრ-რეზინდენტ ბურნაშევს პოტიომკინისაგან საქართველოთგან დაბრუნების შესახებ ბრძანება მოუვიდა. მან განუცხადა მეფეს, რომ „დღესვე უნდა გავბრუნდეო“ და რამდენი არ სთხოვა ერეკლემ, რომ ლაშქრობის დამთავრებამდის მაინც მოეცადა, არ დარჩა: საჩქაროდ აიყარა და გამობრუნდა ტფილისისაკენ, ხოლო იქითგან რუსეთში გაემგზავრა მთელი ჯარით.

            1783 წ-ის ხელშეკრულების წყალობით საქართველო გაძლიერების და გარეშე მტრებისგან უზრუნველყოფის მაგიერ სამის მხრით მტრებით შემორტყმული გახდა და განუწყვეტლივ საომარ განწყობილებაში ჩავარდა იმ თავის მეზობლებთანაც, რომელნიც წინათ მისი ერთგული მოკავშირენი იყვნენ. თვით ერეკლე მეფეც და მმართველი წრეები ხედავდნენ, რომ ამ პოლიტიკური ნაბიჯის გამოისობით საქართველო ისეთ საშინელს განსაცდელში ჩავარდა, რომლის მსგავსში შაჰაბაზის შემდგომ არ ყოფილა.

ოსმალეთმა ახალციხის ფაშის პირით ერეკლე მეფეს შემოუთვალა, რომ ოღონდ ის რუსეთს ჩამოჰშორებოდა და რუსის ჯარი საქართველოთგან გაესტუმრებინა და არამც თუ წინანდელი კეთილმეზობლური დამოკიდებულება საქართველოსთან აღდგენილი იქმნებოდა, არამედ გაცილებით უფრო მეტს სარგებლობასაც ჰპირდებოდა. ერეკლე მეფემ უარი შეუთვალა. ამის გამო 1786 წ. თურქები ფოთისა და ბათუმის გამგეობას შეუდგნენ. 12000 დაღესტნელიც საქართველოს წინააღმდეგ იყო მათ მიერ ნაქირავები.

ერეკლე მეფე რწმუნდებოდა, რომ რუსეთის დახმარება და მფარველობა იმდენად მცირედი (სულ 1800 ჯარისკაცი) იყო, ის ვერაფერს უშველიდა. ამიტომ ქვეყანა რომ მოსალოდნელი შემოსევისა და ოსმალეთის გულისწყრომისგან ეხსნა, იძულებული იყო, ახალციხის ფაშისათვის დაზავების პირობად აღეთქვა, რომ ის მეტს რუსის ჯარს საქართველოში აღარ შემოიყვანდა. მაგრამ ოსმალეთმა ეს საკმარისად არ დაინახა და ამ დაპირების ასრულების საწინდრად 12 საუკეთესო თავადთა საგვარეულოთგან ორი წარმომადგენელი ამანათად მოითხოვა. ერეკლე მეფე იმდენად უმწეო მდგომარეობაში იყო, რომ იძულებული გახდა 1787 წ. ივნისში ეს მძიმე და დამამცირებელი მოთხოვნილება აესრულებინა.

რუსეთმა თავისი ჯარი საქართველოთგან იმიტომ გაიყვანა, რომ იძულებული იყო, ოსმალეთთან ომში ჩაბმულიყო. ერთ-ერთ მიზეზად, რომელმაც ოსმალეთი რუსეთის მტრად აქცია და ომი გამოიწვია, რუსეთის საქართველოში მფარველის სახით შემოსვლა იყო. 15 ივლისს, 1787 წელს ოსმალეთმა რუსეთის დესპანს გადაჭრით მოსთხოვა, რომ მას საქართველოსთვის თავი დაენებებინა და ამ ქვეყნისა და სახელმწიფოს საქმეებში აღარ გარეულიყო. მალე ოსმალეთმა რუსეთის წინააღმდეგ მტრული მოქმედება დაიწყო კიდეც, ხოლო 7 ენ. 1787 წ. რუსეთმაც ოსმალეთს ომი გამოუცხადა.

ასეთ პირობებში იმ მცირედ ჯარის გაყვანის მაგიერ, რუსეთისგან, ვითარცა მფარველის მხრივ, სრულებით ბუნებრივი იყო საქართველოსთვის უფრო მეტი ჯარის მოშველება იმიტომ, რომ რაკი უთანხმოების ერთ-ერთ მიზეზად საქართველო ითვლებოდა, ოსმალეთის მხრით ამ ქვეყნის წინააღმდეგ მტრული მოქმედება თავისთავად მოსალოდნელი იყო. მაგრამ რუსეთის სამხედრო შტაბმა სამოქმედო გეგმა ისე შეადგინა, რომ ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლა ამ მხრითგან განზრახული არ იყო. ამიტომ რუსეთის მთავრობამ საქართველო მიატოვა და გადასწყვიტა, რომ საქართველოსთვის უკეთესი იქნებოდა თავის ძალით და წინანდელ მშვიდობიანი კავშირის აღდგენით თავისი თავი ამ ომის დროს ოსმალეთისგან უზრუნველ ეყო. ასე უცნაურად, სხვა არა იყოს რა, მსჯელობდა საქართველოს „მფარველი“ რუსეთის სახელმწიფოს მთავრობა, რომლის თაოსნობითაც, როგორც ვიცით, დადებული იყო 1783 წლის ხელშეკრულება ეგოდენ მშვენიერ საზეიმო აღთქმებით აღსავსე.

რუსეთის მთავარსარდალმა და ფელდმარშალმა თავად პატიომკინმა კიდევ იმდენი ურცხვობა გამოიჩინა, რომ 1788 წელს ასე უმწეოდ მიტოვებულს საქართველოს მეფესა ერეკლე მეორეს აქეზებდა, რომ მას სოლომონ მეფესთან შეთანხმებით ოსმალთა წინააღმდეგ ემოქმედა. მაგრამ მეფის გული მწუხარებისა და წყრომისა ცეცხლით იყო მოცული და მწარე გამოცდილებამ მას უკვე საკმაოდ თვალი აუხილა, რომ ასეთ უცნაურ რჩევისათვის ყური ეთხოვებინა“.

            ივანე ჯავახიშვილი მონოგრაფიის ერთ-ერთ შემაჯამებელ თავში წერს: „ერეკლე მეფე ღრმად მოხუცებული მოუსვენარ ცხოვრებისა და თავდატეხილი უბედურებისაგან დაავადებული გულის ტკივილით შეჰყურებდა, როგორ ინგრეოდა ის პოლიტიკური და სამხედრო სიძლიერე, ქონებრივი კეთილდღეობაც, რომელიც მის მამის თეიმურაზ მეორისა და მის პირად დაუღალავ შრომითა და გამჭრიახობით იყო მოპოვებული. მის სიბერის დღენი ეგების იმ მწარე გრძნობით იყო მოწამლული, რომ ამის ბრალი მის პირადს პოლიტიკურს გულუბრყვილობას და რუსეთის მთავრობისადმი განუსაზღვრელ ნდობასაც ედებოდა“.